მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 12.12.2017, 05:23
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 149

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » ივნისი » 5 » 10 სექტემბერი - (რაშად მეჯითი)
12:56
10 სექტემბერი - (რაშად მეჯითი)

ჰოსპიტლიდან გამოვიდა და ძველი „06" ჟიგულისაკენ გაემართა.თხუთმეტი წლის წინ შეიძინა , ოთხმოცდა ექვსში, საბჭოთა პერიოდში ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა, ისიც ჩაეწერა რიგში და იყიდა. კარები გამოაღო , ჩაჯდა, წინა სავარძლებს შორის მოთავსებული დაფა ,ზედ რომ ტაქსი ეწერა, მარცხენა ხელით ავტომობილს ზემოთ მიამაგრა.
ჰოსპიტალში ქირურგის სანახავად იყო მისული. შუათანა ქალიშვილს ოპერაცია სჭირდებოდა.მანამდე კი მრავალ ექიმს შეხვდა.ყველამ ერთი და იგივე უთხრა, ხარჯი 300 დოლარზე ნაკლები არ იქნებაო.სამხედრო ქირურგი კი ბოლოს ერთმა, ძველმა ნაცნობმა ურჩია.„ის თავისი საქმის ოსტატია,თანაც ხარბი არაა".
მართლაც საუბარი კარგად წარიმართა.150–ზე შეთანხმდნენ, 50 დოლარი კი დამხმარეებზე დაიხარჯებოდა. 150 უკვე ჰქონდა. მას შემდეგ რაც ექიმებმა იგი ოპერაციის აუცილებლობაში დაარწმუნეს, ბავშვებს ლუკმა–პურს აკლებდა და როგორღაც მანეთ– მანეთ შეაგროვა.ახლა კი 50 დოლარი უკლდა. ფიქრობდა იქნებ ნაცნობ მეგობრებისაგან ესესხა და როგორმე 200 გაეხადა.„დაწყევლილი დროა,ვინმესგან ვალის აღებისასაც ოფლში იწურები – გულმართალსა და ჯომარდს ფული არ აქვს ,ფულიანს კი გული".
„ნარიმანოვის " მეტროსთან რომ მივიდა, გაიფიქრა, იქნებ სახლში შეევლო და ცოლი გაეხარებინა.მაგრამ შეამჩნია რომ , გაჩერებაზე რომელზეც თვითონ ჩერდებოდა და კლიენტებს ელოდა, სხვა ტაქსი არ იყო, გადაიფიქრა. შვიდ წელიწადზე მეტი იყო , რაც ეს გაჩერება მის სამუშაო ადგილად იყო ქცეული. ქუჩის ბოლოში მდებარე ქარხანა, სადაც ჩვიდმეტი წელი იმუშავა და ჯილდოს–ჯილდოზე იღებდა,ნელი–ნელ ამცირებდა თავის ნაწარმს, ბოლოს კი ყველას თვალწინ მოუკეტა კარები და ბოქლომი დაიდო. რამდენიმე თვე სამუშაოს ეძებდა. ყველა იმედი რომ გადაეწურა და მეზობელი ისლამის რჩევით საჭეს მიუჯდა, თავისი ჟიგული ტაქსად აქცია, ცოლ–შვილს მშიერს არ ტოვებდა. ისლამი ერთ დროს ცნობილ კულტ საქონლის სავაჭრო ბაზაში მუშაობდა.შეძლებულად ცხოვრობდა. მეზობლებსაც ხელს უმართავდა, ვისაც რა დასჭირდებოდა, საწყობიდან მოჰქონდა, თავის ფასში .ბაზის დახურვის შემდეგ, ისლამმა ბედი ვაჭრობაში სცადა,მაგრამ არ გაუმართლა, ვალებში ჩავარდა, რის ვაი– ვაგლახით გადაიხადა.მას შემდეგ ოჯახის სარჩენ ფულს ტაქსაობით შოულობდა.
თავიდან ცივად უარყო ისლამის წინადადება, შემდეგ კი იძულებული იყო დათანხმებულიყო. თავიდან ძალიან ეჩოთირებოდა, ნაცნობ მეგობრებს ხვდებოდა, ანდა მას იცნობდნენ. ფულის აღება ეთაკილებოდა.ერთხელ უნამუსო კლიენტი შუა გზაზეც კი ჩამოსვა და სახლში დაბრუნდა, მაგრამ მეუღლისა და შვილების განცვიფრებულ, კითხვის ნიშნით განმსჭვალულ მზერას ვერ გაუძლო და ისევ საჭეს მიუჯდა. უთქვამთ, „დრო ყველაფრის მკურნალიაო" და ისიც შეეჩვია თავის ახალ მდგომარეობას, კლიენტებს, სამუშაოზე ახალ მეგობრებს. მათ შორის ყოფილი რაიკომის თანამშრომლები, ინჟინრები, ექიმები იყვნენ.
...... ავტომობილის მინაზე კაკუნმა ფიქრებს მოსწყვიტა. უცხოელები იყვნენ. მსუქანი, დაბალი მამაკაცი და საშუალო ტანის გამხდარი ქალი. ხელში რამდენიმე სავსე პაკეტი ეჭირათ.„პლიზ ,პლიზ " თქვა ქალმა და უკანა, მარჯვენა კარი გამოაღო. ქალი შეეცადა მიეხვედრა, რომ ქალაქისკენ მიდიოდნენ.მეტროს შემოუარა და „მოსკოვის" პროსპექტზე გავიდა.სარკეში შეამჩნია ,რომ კაცი იღეჭებოდა ,გაიფიქრა „ესენიც ბევრს ჭამენ".პაკეტში ქექვის შემდეგ, ამერიკელმა ფახლავა ამოიღო და ყლაპვა დაიწყო, თითქმის დაუღეჭავად.
ქალის ჩვენებით შემოუარა პატარა ერთსართულიან სახლებს და ახლად აშენებული , მაღალი ბინის წინ გააჩერა მანქანა. ქალმა ხელში მომარჯვებული ათი ათასიანი გაუწოდა და მადლობა გადაუხადა. ჩამოვიდა და კარები გამოაღო. კაცი ისევ იცოხნებოდა. პაკეტები და თავისი თავი რის ვაი –ვაგლახით გამოათრია მანქნიდან, შემდეგ ქალიც ჩამოვიდა. „სანკიუ" –თქვეს და ბინის შესასვლელისაკენ გაემართნენ. მანქანაში ჩაჯდა და სახლისაკენ გასწია.
ერთ სართულიან პატარა ბინაში ცხოვრობდნენ. მამამ, მისი დაოჯახებიდან ორი თვის შემდეგ საქონელი გაყიდა და შვიდი ათას მანეთად უყიდა ბინა ქალაქში. ორ ოთახიანი იყო, პატარა სამზარეულოთი, ეზოში კი მანქანა ძლივს ეტეოდა.შემდეგ, თვითონ ეზოს შესასვლელში ვიწრო აბანო და ტუალეტი მიაშენა. ქარხანაში ბინის რიგში იდგა. ერთხელ ერთ ოთახიანი ბინაც შესთავაზეს. იუარა. სამი ბავშვით ერთ ოთახიანში როგორ იცხოვრებდა. „ცოტასაც მოვითმენ და სამ ოთახიანს ავიღებ". ამ თმენა – თმენაში საბჭოთა წყობილებაც დაიშალა, ქარხანა დაიხურა, ბინის რიგები კი არქივს ჩაბარდა.(რომ იხსენებდა, თავს იმტყუნებდა, ის ერთ ოთახიან მინც ამეღოო).
ჭიშკარს რომ მიუახლოვდა დააპიპინა,ცოლი გამოვიდა და გაუღო. წესისამებრ, შუადღით მანქანა ეზოში არ შეყავდა. ახლა კი უნდოდა პურის ჭამის შემდეგ, ცოტა წაეძინა.ცოლმა ჭიშკარი მიხურა . თვალს არ აშორებდა.
სამხედრო ქირურგთან შეხვედრის შესახებ ცოლს მოუყვა.სახე გაუნათდა.სამზარეულოში ისაუზმა და უკანა ოთახში გავიდა. ოთახის პატარა ფანჯარა მეზობლის ეზოს უყურებდა. ჭურჭლის რეცხვის ხმა , წყლის შხუილი, ბავშვების ჟრიამული , ხშირად ძილის საშუალებას არ აძლევდა. დღეს კი რატომღაც, სიწყნარე იყო. იქნებ ცოლმა სთხოვათ. მეზობლებმა იცოდნენ მისი მეუღლის ღვთიური ნიჭის შესახებ.
წინათ, ცოლი ქარხნის საბავშო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. საბჭოთა პერიოდში, საბავშო ბაღში წიგნები მხოლოდ ლენინის შესახებ იყო. საბჭოთა წყობის დაშლის წინ, ირანიდან ვიღაცას ჩამოეტანა კირილიცას შრიფტით დაწერილი რელიგიური წიგნები და რამდენიმე ნუსხაც საბავშო ბაღისათვის ეჩუქებინა. ქარხნის დახურვისთანავე ბაღის კარებიც გამოკეტეს, მეუღლემაც აიღო და რამდენიმე წიგნი სახლში წამოიღო. საკვირველი იყო მეუღლის საათობით ჯდომა და ამ წიგნების კითხვა. ზოგჯერ ჩამოუჯდებოდა და ღვთის მოციქულ მუხამედზე და ყურანზე ესაუბრებოდა . ურწმუნოთა სამუდამო სამყოფელი რომ ჯოჯოხეთი იქნებოდა, მასში შიშის იწვევდა. ასეთ დროს, რატომღაც პარტიის ბილეთი ახსენდებოდა, რომელიც მეუღლის მიერ მზითვად მოტანილ სუნდუკში ჰქონდა შენახული. თორმეტი წლის განმავლობაში კომუნისტური პარტიის წევრი იყო, ყოველ თვეს გარკვეული თანხა ირიცხებოდა მისი ხელფასიდან პარტიის ბიუჯეტში. მაგრამ იმ სისხლიანი ოცი იანვრის შემდეგ, როცა რუსეთის ჯარი ბაქოში შემოვიდა და მშვიდობიანი ხალხი დახოცა, მანაც სხვებივით გადაწყვიტა პარტიის ბილეთის გადაგდება, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან დამნაშავედ პარტიას კი არა გორბაჩოვს თვლიდა. ფიქრობდა გორბაჩოვს, რომ ნდომოდა სომხებს თავის დროზე მიუჩენდა ადგილს და სისხლიც არ დაიღვრებოდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ელცინის გადაწყვეტილებით პარტიამ მოღვაწეობა შეწყვიტა. კვლავ არ გადააგდო პარტიის ბილეთი. კომუნისტების დაბრუნებას იმედოვნებდა, როგორ შეიძლებოდა ამხელა სახელმწიფო, ასე თვალსა და ხელს შუა დაშლილიყო. წინათ ცოლის რელიგიისადმი ინტერესაც წარმავლად მიიჩნევდა, მაგრამ წიგნებმა ნელი– ნელ მატება იწყო. ახლა მეუღლე სახლშიც თავსაფრით დადიოდა. ზოგჯერ ის მეზობლის ქალებსაც ხედავდა თავიაანთთან. შემდეგ მისთვის უცნობი ქალებიც გამოჩნდნენ. ერთ დღეს, მეუღლე ყველაფერში გამოუტყდა, მოუყვა თუ როგორ დაესიზმრა თეთრ სამოსიანი მოხუცი და მას მბრწყინავი თასიდან რაღაც სასმელი შესთავაზა, დილით გაღვიძებისას, მან თავის თავში რაღაც არა ჩვეულებრივი ძალა იგრძნო. მან, მეუღლის უცნაური ცვლილებები უფულობის, უმუშევრობისა და სიღარიბის შედეგივით ახსნა.თავიდან მეუღლეს მაგრად გაუბრაზდა, დააბარა რომ არავის ცხოვრებაში არ ჩაერიოს, ოჯახში უცხო ვინმე არ შემოიყვანოს.
ერთხელ, ისლამმა იგი საჩაიეში მიიპატიჟა. მეშედში წასვლის შემდეგ ისლამმა სმას თავი მიანება, თითქოს უფრო დინჯი და ჭკუადამჯდარი გახდა. მეჩეთში ხშირად დადიოდა. მოკლე წვერიც მოუშვა. წინანდელი ჭამა– სმის მოყვარე , ხუმარა ისლამისაგან კვალიც არ იყო დარჩენილი. ისლამი, გულითა და სულით ცდილობდა დაერწმუნებინა , რომ ასეთი ღვთაებრივი ნიჭი ყველას ხვედრი არ იყო . ღმერთი ამ ნიჭით თავის საყვარელ და გულმართალ მსახურებს აჯილდოებდა. „სულ რომ არაფერი მეზობლები მაინც მიიღოს,იმედის სხივი გაუბრწყინოს მათ, ღმერთსაც ესიამოვნება". ისლამი მას თანხმობას სთხოვდა. მასაც მოუწოდებდა ღვთის გზაზე ევლო, „სმას თავი დაანებე, შეასრულე ღვთის მცნებები, პარტბილეთი გადააგდე, ნუ ინახავ სახლში ღმერთის წინააღმდეგ მიმართულ საგანს".
როგორ არ შეეცადა ისლამი მის დათანხმებას, მაგრამ მაინც ვერ შეძლო. რამდენიმე დღის შემდეგ კი თავადაც დარწმუნდა , რომ მის ცოლს რაღაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გააჩნდა. ერთხელ მეუღლე სიზმარს მოუყვა და უთხრა, შუათანა გოგო ავად გახდებოდა. მართლაც ორი კვირა არ გასულა მას შემდეგ, რომ გოგო ექიმთან წასაყვანი გაუხდათ. გოგონა დღითი–დღე სუსტდებოდა, პურსაც არ ჭამდა. ექიმებმა უთხრეს: „ ბავშვს ერთი თირკმელი არ უვარგა და სასწრაფოდ ოპერაციას საჭიროებს". სხვებმაც იგივე დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა მეუღლის არაჩვეულებრივი უნარი დაეჯერებინა, მისადმი ცოტა შიშის გრძნობაც კი გაუჩნდა.
........თვალი გაახილა თუ არა შეამჩნია ,რომ მეუღლე რაღაცას ეძებდა კარადაში.
–კარგად გამოიძინე, არაა?
ხუთი საათი ხდებოდა. ხელ– პირი დაიბანა ოთახში დაბრუნდა.მაგიდაზე ჭიქა ჩაი დახვდა,გვერდით კი ყვითელი ფერის ხელჩანთა.
–ეს რაა?
–გოგოებმა მანქანაში იპოვეს.
–გახსენით?
–გახსნეს , შიგ ჩაიხედეს, მე კი წავართვი და აქ დავდე.
სუნკის თვალიერება დაიწყო, მეუღლე გვერდით უდგა და უყურებდა. გოგოები კი ოთახის შემოსასვლელში ერთი მეორის მიყოლებით ჩამომდგარიყვნენ და ცნობისმოყვარეობით მისჩერებოდნენ ხელჩანთიდან ამოყრილ საგნებს. შუათანამ გაიღიმა. სავარცხელი, საკრედიტო ბარათი.... ჩვიდმეტი ცალი , ახალთ– ახალი ას დოლარიანი, ორი ორმოცდაათ ათასიანი, რამდენიმე ათი ათასიანი და ათასიანები.
თვალწინ მსუქანი ამერიკელის მოძრავი ლოყები წარმოუდგა.
–წეღან უცხოელი ცოლ ქმარი მივიყვანე, მათი იქნება. ვიცი, სადაც ცხოვრობენ.
გოგოები კარებს დაშორდნენ.ცოლმა მაგიდაზე მდგარი ჭიქა ხელში აიღო და თქვა:–გაცივებულა, ცხელს მოგიტან.
სპეის–ის არხზე ახალ ამბებს გადმოსცემდნენ. ანონსი ბაქოში ჩამოსული ყარაბაღის სომხებით დაიწყეს. ხვალ, თერთმეტ სექტემბერს ისინი უკან დაბრუნდებოდნენ. ყარაბაღის თავისუფლების ორგანიზაციამ მათი ჩამოსვლის წინააღმდეგ საპრტესტო აქცია მოაწყო,ოპოზიციამ წინასწარ განაცხადა თანხმობა მათთან შეხვედრაზე, მაგრამ შეხვედრის დრო რომ დადგა, მათგან ზოგიერთებმა შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
ჩაი დალია, ხელჩანთა აიღო და გავიდა. ჭიშკარი გააღო და მანქანაში ჩაჯდა. მანქანა ეზოს გარეთ გააჩერა, ჩამოვიდა რათა ჭიშკარი მიეხურა. ცოლი ეზოში იყო– ჭიშკრის ერთი მხარე მიხურა და ქმრის გასაგონად თითქოსდა თავისთვის ჩაიბურტყუნა:„კარგ ხალხს არ გვანან". მეუღლის ყინულივით ცივმა სიტყვებმა, თითქოს მახვილივით გაუარა და წეღანდელს აქეთია მის ორგანიზმს დაუფლებულ ნეტარ სითბოს შეერია. თუ რა იყო ეს სითბო იმასაც ახლა მიხვდა, გულის სიღრმეში ფიქრობდა, რომ ის მსუქანი კაცი არა, ის არ გაიმეტებს, მაგრამ სუსტი ქალი სიხარულით იმ ჩვიდმეტი ას დოლარიანიდან ერთს გამოაცურებს და მისცემს ხელჩანთის დაბრუნებისათვის, ის კი დილით ადრე გაიქცევა სამხედრო ქირურგთან, ბეს მისცემს. ახლა კი ცოლის ასეთი მსუსხავი სიტყვების შემდეგ, თითქოს ის ნეტარი სითბო მთლად გადაეწურა, თავში ძლიერი ტკივილი იგრძნო.
ავტომობილი მეტროს მახლობლად გააჩერა.გაჩერებაზე, სულ სამი მანქანა იყო. ჩვეულებისამებრ, მგზავრთა ლოდინის დროს, შოფრები კარებებს ღიად ტოვებდნენ , სალონი ძლიერ რომ არ გაცხელებულიყო, თვითონ კი მახლობელი ხის ქვეშ ჩამოდგებოდნენ და საუბრობდნენ. აქიფი და „ექიმი"მისი დანახვისთანავე წამოვიდნენ.
– ორი უცხოელი იყო –თქვა აქიფმა –მე მგონი შენ გეძებდნენ, სავიზიტო ბარათიც დატოვეს. თარჯიმანიც ყავდათ. თქვეს, რომ წეღან აქ წითელ ჟიგულში ჩამსხდარან, ქალის ხელჩანთა მანქანაში დარჩენილა, თქვეს , რომ შოფერი ტანდაბალი, შავულვაშებიანი მამაკაცი ყოფილა. მივხვდით, რომ ეს შენ იქნებოდი. ხელჩანთაში რამე მაინცაა?
– პასუხის გაცემა ვერ მოასწრო , რომ „ექიმმა" დააყოლა:–რომ არ ყოფილიყო იმხელა კაცი აქ ხომ არ მოვიდოდა! ყოველი წვრილმანისათვის ამერიკელი თავს არ შეიწუხებს. ალბათ ჩანთაში ათასი დოლარი მაინცაა. სულ რომ არაფერი შენც ერთ ასიანს გაჩუქებენ. ასე, რომ არ იძუნწო ჩვენც გაგვიმასპინძლდი.
– ხელჩანთა მანქანაშია, ახლავე წაუღებ და დაუბრუნებ. ათასზე მეტია.
აქიფმა სავიზიტო ბარათი გაუწოდა.
–ვიცი მისამართი – თქვა, მაგრამ ბარათიც გამოართვა . ინგლისურად ეწერა. სიტყვა „ჯიმი" ადვილად წაიკითხა, გვარს კი ვერაფერი ვერ გაუგო. სავიზიტო ბარათის უკან სქემაც იყო მოხაზული, ისარი მეთერთმეტე სართულს უჩვენებდა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
–არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენც უნდა გაგვიმასპინძლდე!
იცოდა, ასე უბრალოდ არ შეეშვებოდნენ ,უთხრა:– არხეინად იყავით თუ ასიანი მომცეს ,აუცილებლად გაგიმასპინძლდებით.
ჩაჯდა მანქანაში და მეტროსადგურ „ბაქისოვეთ"–ისაკენ გასწია. შემოუარა ერთ სართულიან ბინებს და წეღანდელი მაღალი ბინის წინ შეაჩერა მანქანა. ბინის შესასვლელში სავიზიტო ბარათი უჩვენა. შავ ფორმაში გამოწყობილმა, ტანმაღალმა ზედამხედველმა თვალი შეავლო ბარათს და თავის ოთახში ავიდა, ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკა და მას მოუბრუნდა: –„ლიფტით მეთერთმეტე სართულზე ადით, გელოდებიან". მანქნიდან ხელჩანთა აიღო და მაღლა ავიდა.
დერეფანში ერთ–ერთი კარები ნახევრად ღიად იყო, შიგნიდან ხმა ისმოდა. კარს მიუახლოვდა და ცოტათი კიდევ შეაღო .წეღანდელმა მსუქანმა კაცმა მისი დანახვისთანავე „პლიზ, პლიზ" თქვა და ხვეულ ბეწვიანი ძაღლის ფერებით, ხელში რომ ეჭირა , დერეფნის მეორე მხარეს წავიდა. სიჩუმე ჩამოწვა. რამდენიმე წუთის შემდეგ იმ კარებში, სადაც კაცი გაუჩინარდა ის სუსტი ქალი გამოჩნდა, ისიც მას მიუახლოვდა. ჩანთა გაუწოდა. გამოართვა, გახსნა და შიგ შეათვალიერა, შემდეგ დოლარები ამოიღო და გადათვალა. „სწორია"–თქვა მან და დაამატა– „ჯიმი ძაღლს ყიდულობს".
შემდეგ ფულები ჩანთაში ჩადო და ხელი გაუწოდა:–გმადლობ, მე ცალიან მადლობელი ვარ!
კვლავ გამოჩნდა მსუქანი, ძაღლით ხელში,მისკენ გამოიხედა, გაუღიმა და ოთახში შევიდა. ყბებს კვლავ შეუჩერებლად ამოძრავებდა. თითქოს მთელი ორგანიზმი დაუბუჟდა, ხელი შეუშვა ქალის სუსტ , დანაოჭებულ ხელებს და კარებში გავიდა. ლიფტის ღილაკს დააჭირა. თვალწინ მეუღლის სახე წარმოუდგა, შემდეგ კი შუათანა გოგო, შემდეგ,ხის ქვეშ მოსაუბრე ნაცნობი შოფრები გაიხსენა, გაიფიქრა, არ უნდა მიეცა, ვინ დაუმტკიცებდა , რომ მის მანქანაში იყო დარჩენილი. წეღანდელს აქეთია,ეს პირველად გაიფიქრა და იმ წამს ტანში გააჟრჟოლა.
ლიფტის კარი გაიღო,იქიდან პატარა ძაღლი გამოვარდა ყეფით, შემდეგ კი მიუახლოვდა და ფეხების ყნოსვა დაუწყო. შეკრთა, – ნუ გეშინიათ– ღიმილით თქვა ბიჭმა, რომელსაც ძაღლის ყელს გამობმული წვრილი ჯაჭვი ეჭირა. ზედ შემოსასვლელზე „ჯიპი" იყო გაჩერებული, კარებიდან ძლივს გამოძვრა. ჩაჯდა მანქანაში და ქალაქის ცენტრისაკენ გასწია.
„ისინი ჩვენ ხეირს არ მოგვცემენ". უკანასკნელ წლებში პოლიტიკურ საუბრებში ხშირად ერეოდა და ყოველთვის , აზრშეუცვლელად უჭერდა მხარს საბჭოთა ხელისუფლებას, რუსებზე აუგს არავის ათქმევინებდა. ამერიკელებს კი მხოლოდ ჩვენი ნავთი რომ უნდოდათ და მხოლოდ თავიაანთ მოგებაზე რომ ფიქრობდნენ, ამის დასამტკიცებლად კი ტყავიდან– ქერქიდან ძვრებოდა და მაგალითი მაგალითი მაგალითზე მოყავდა. ახლა კი თავის ცხოვრებაში პირველად შემხვედრმა ამერიკელმა გუმანი უფრო გაუმართლა და დაარწმუნა თავის ჭეშმარიტებაში. მეგობრებთან შეხვედრა, საუბარი და გულის დაცლა მოუნდა. მეტროსკენ შეუხვია, „ ხო, ხის ქვეშ არიან".
სიხარულით ფეხზე წამოცვივდნენ .–„ყველაფერი რიგზეაა? მოგცეს რამე?–ჰკითხა აქიფმა.
–ხო ასი მომცეს. 
– მაშინ წავსულვართ საქეიფოდ?– ეს კი „ექიმმა" მიაყოლა.
– მანქანას სახლში მივიყვან და წავიდეთ.
– შენ მგონი სმის საღერღელი გაქვს აშლილი?– უთხრა აქიფმა.
მანქანა ჭიშკართან გააჩერა. ეზოში შეყვანის ხალისი არ ჰქონდა. შესვლისთანავე ცოლმა ჰკითხა:–„რა ქენი?" – შენი ნათქვამი გამართლდა. ისე უპასუხა, რომ სახეში არც შეუხედავს.
ფეხებზე გაიხადა და პირდაპირ საძინებელ ოთახში შევიდა.კარადა გამოაღო და იქიდან გაზეთში გახვეული ფულები გამოიღო,გადათვალა და ათი ცალი ათი ათასიანი ჯიბეში ჩაიდო. დანარჩენი კვლავ გაზეთში გაახვია და უწინდელ ადგილზე გადამალა.
მეუღლემ ნახა რომ ფეხებზე იცმევდა, ჰკითხა:
–კვლავ მიდიხარ?
– მგონი, გვიან დავბრუნდები. ბიჭებს უნდა გავუმასპინძლდე. ცოლმა ბრაზი ძლივს შეიკავა, სახეზე კი ნათლად გამოეხატა სათქმელი.
აქიფი კართან ელოდებოდა. მის მანქანაში ჩაჯდა.
–მანქნით მოდიხარ?
– დალევას არ ვაპირებ. „ექიმთან" ერთად დალევ. 
ისინი ერთ პატარა კაფეს ესტუმრნენ, სადაც ზოგჯერ შემოივლიდნენ ხოლმე. გარეთ მაგიდები თავისუფალი იყო. ჩამოსხდნენ და მწვადი შეუკვეთეს. ათი წუთი არც იყო გასული , რომ „ექიმიც" მოვიდა. ვაგიფი პედიატრი იყო, ამიტომაც მას „ექიმს" ეძახდნენ. სამედიცინოს დამთავრების შემდეგ ერთი– ორი წელი ექიმად იმუშავა, რომ ნახა შემოსავალი ცოტა იყო, მანაც ვაჭრობა დაიწყო. ერთი– ორჯერ, თვითმფრინავით საზღვარგარეთაც იყო, საქონელი შემოიტანა, მანაც იზარალა ისლამივით და ხალტურაზე გადავიდა.
აქიფმა კი უნივერსიტეტში ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრა. ერთ დროს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში მუშაობდა. საბჭოთა წყობილების დაშლის დროს დისერტაციის დასაცავად ემზადებოდა. შემდეგ, დროის მოთხოვნით მეცნიერება გადაივიწყა და ხუთი წელი იქნებოდა რაც, ისიც სხვებივით პურის ფულს თავისი ავტომობილით შოულობდა.
პირველი ჭიქით ავადმყოფი შვილი და ოჯახი უდღეგრძელეს, შემდეგ ვინც არ სვამდა – აქიფის, შემდეგ კი „ექიმის" სადღეგრძელო შესვეს .არაყი ძირში იყო დარჩენილი. სადღეგრძელოს თქმა მოისურვა
– მინდა ჩვენი და ჩვენი ხალხის სადღეგრძელო შევსვათ. მე ყოველთვის მითქვია, რომ ამერიკა ჩვენ სარგებელს არ მოგვიტანს. მე, დღეს ამ სიტყვების სისწორეში ერთხელ კიდევ დავრწმუნდი. ვინც არ უნდა ყოფილიყო , იმ ათას შვიდას დოლარს ასს ააცლიდა და მომცემდა, მათ, კი ერთი შირვანიც (ათი ათასი მანეთი) არ გამომიწოდეს. თანაც ისე მიყურებდნენ თითქოს მაგათი მამა –პაპის ვალი მქონოდეს. რუსი რომ ყოფილიყო მომცემდა, გერმანელიც მომცემდა, – ცოტა ხანს გაჩუმდა, ხელით ჭიქას მოუჭირა და თქვა – სომეხიც კი მომცემდა, მაგრამ მაერიკელმა არ მომცა.
„ექიმმა" და აქიფმა ერთმანეთს გაკვირვებით შეხედეს, შემდეგ კი მაგიდაზე გაცივებულ მწვადებს გადახედეს. ის კი განაგრძობდა:
– ნუ გამამტყუნებთ ,ძმებო! მე სიტყვის კაცი ვარ და ამიტომ გაგიმასპინძლდით. ღმერთი დამეხმარება, მე ვიშოვი ჩემი შვილის საოპერაციო ფულს. ზოგჯერ ჩემს თავს ვეუბნებოდი, ერთი ამერიკელიც არ გინახავს ცხოვრებაში, რა იცი რა ხალხია? დღეს კი ვნახე და დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი. ამათ, საბჭოთა კავშირი – ასეთი მშვენიერი სახელმწიფო დაანგრიეს, ჩვენ ერთმანეთს გადაგვკიდეს, უმუშევრად დაგვტოვეს, მონად გვაქციეს, თავიაანთი მოგებისათვის მოდიან, მიაქვთ ჩვენი ნავთი, ჩვენ კი ადამიანადაც არ გვთვლიან.ყარა – ბაღი მინც დაებრუნებინათ. მალაი ერთი არაყი კიდევ მოიტანე.
აქიფი წამოიწია, რაღაცის თქმა უნდოდა.
– შეეშვი, დღეს მინდა გულითა და სულით დავლიოთ.
.....კაფედან გამოსვლისას პირველი საათი სრულდებოდა. აქიფს ჯერ ის უნდა მიეყვანა, შემდეგ„ ექიმი".ჭიშკართან შეჩერდნენ. მანქნიდან არ გადმოდიოდა, წეღანდელ სიტყვებს კვლევ იმეორებდა, ამერიკელებს ლანძღავდა. აქიფმა მოახერხა როგორღაც მისი მანქნიდან გადმოყვანა.
– იქნებ მე შემეყვანა შენი მანქანა ეზოში? – თქვა აქიფმა და ჭიშკართან გაჩერებულ მანქანაზე მიუთითა. არ დათანხმდა. ჯიბეებში გასაღებს დაუწყო ძებნა, ვერ იპოვნა. ეზოში შევიდა. მეუღლეს ხმაურზე გაღვიძებოდა და გარეთ გამოსულიყო.
– მანქანას არ შევიყვან, გაუშვი გარეთ დარჩეს. თქვა წყვეტილ წყვეტილ.
ცოლს უნდოდა ეთქვა,რომ გარეთ ვინმემ რაღაც არ გაუფუჭოსო. უკანასკნელ დროს ქურდობამაც იმატა, მანქნის წინა შუშებსა და ბორბლებს იპარავდნენ. მაგრამ,რომ ნახა თუ როგორი ბორძიკით შევიდა ოთახში და გაუხდელად წამოწვა საწოლზე, არაფერი უთხრა.
– არ ინერვიულო , ყველაფერი კარგად იქნება,– თქვა, მაგრამ მას უკვე ჩასძინებოდა.
დილით, თავის ტკივილით გაიღვიძა. ცოლი, მის პირდაპირ იჯდა საწოლზე.
–ცუდი სიზმარი ვნახე. მაღალი ბინები იწოდნენ.
–მანქანას გახედე?
–გავხედე, ადგილზეა.
– გოგო როგორაა?
– კარგათ არის . რაღაც მოხდება, ძალიან მეშინია. ღმერთს გაფიცებ აღარ დალიო, დაანებე თავი ამ ოხერს.
– დავანებებ, სიტყვას გაძლევ. ავდგები და მეჩეთში წავალ, მოვინანიებ – თქვა და საბანი თავზე წაიფარა.


კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 500 | დაამატა: varse9788 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2017