მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
პარასკევი, 19.04.2024, 03:23
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 8 » ამბავი პერეგრინის აღსასრულისა - (ლუკიანე სამოსატელი )
22:18
ამბავი პერეგრინის აღსასრულისა - (ლუკიანე სამოსატელი )

  1. ლუკიანე ბედნიერებას უსურვებს კრონიოსს (2). ბედკრულმა პერეგრინმა, ან როგორც თვითონ ეძახდა კმაყოფილებით საკუთარ თავს, პროტევსმა, ცხადია, იგივე განიცადა, რაც ჰომეროსის პროტევსმა. სახელის მოსახვეჭად ის ცდილობდა ყველაფერი ყოფილიყო, ათასნაირ სახეს იღებდა, სანამ ბოლოს და ბოლოს ცეცხლად არ იქცა. აი, როგორ იყო დიდების წყურვილით შეპყრობილი. ახლა კი ეს ღრმადპატივსაცემი პიროვნება ემპედოკლეს მსგავსად ნახშირად იქცა. იმ განსხვავებით, რომ ემპედოკლე შეეცადა ეს საქმე მალულად (3) მოემოქმედებინა და მალულად გადაშვებულიყო კრატერში. ამ კეთილშობილმა კი ხელსაყრელი დრო იხელთა, როცა ელინთა თავყრილობაზე ყველაზე ბევრი ხალხი იყო, სწორედ მაშინ გააჩაღა ვეებერთელა კოცონი და ამდენი მოწმის თანდასწრებით ჩახტა შიგ. ამას გარდა, ამ თავხედურ გადაწყვეტილებამდე არც თუ მრავალი დღით ადრე, ის ელინთა წინაშე შესაფერისი სიტყვითაც (4) წარსდგა.
  2. აი, გხედავ კიდეც, კრონიოს, რამდენს იცინი ბერიკაცის სიბრიყვეზე. უფრო მეტიც, მგონი, შენი გაოცების შეძახილებიც მესმის, რასაც ჩვეულებრივ ამბობ ხოლმე: "რა სიბრიყვეა”, "რა პატივმოყვარეობაა" და სხვა ამისთანანი, რაც ამგვარ შემთხვევებში აღმოგვხდება ხოლმე. შენ, რა თქმა უნდა, ამ ადგილიდან შორსა ხარ და უსაფრთხოდ, მე კი ცეცხლთან გახლდი, მანამდე კი უამრავ მსმენელს სიტყვით მივმართე. იმათგან ზოგს, ბერიკაცის ქმედებით აღტაცებულს, არ მოეწონა ჩემი ნათქვამი. სხვათა შორის, ისეთნიც იყვნენ, ვინც დასცინოდა მას. მაგრამ კინიკოსებს ცოტაღა დააკლდათ, რომ დავეგლიჯე ისე, როგორც დაგლიჯეს ძაღლებმა აქტეონი, ხოლო მენადებმა -აქტეონის ნათესავი პენთევსი.
  3. ამ დრამის მოქმედებათა მსვლელობა ასეთი იყო: მის შემოქმედს კი, რა კაციც იყო, იცნობ შენ და იცი, რამდენი ტრაგედიაც წარმოადგინა თავის სიცოცხლეში. ასე რომ, თვით სოფოკლე და ესქილეც კი ჩამოიტოვა უკან. მე კი ჩავედი თუ არა ელიდაში (5), გიმნასიონის ახლო-მახლო უსაქმოდ დავყიალებდი და თან ვიღაც კინიკოსს ვუსმენდი, რომელიც გზაჯვარედინიდან (6) მაღალი და ბოხი ხმით ყველასთვის ნაცნობ საკითხებზე საუბრობდა და ამავე დროს, მსმენელთ სიქველისაკენ მოუწოდებდა და ამუნათებდა კიდეც მათ. ამის შემდეგ მისი ყვირილი ჰროტევსის ქებით დამთავრდა. მე კი შევეცდები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მეხსიერებაში ადვიდგინო ის ამბები და გიამბო, რაც მაშინ ითქვა: შენ კი წარმოიდგინე ყველაფერი ცხადად, რადგან ხშირად მდგარხარ მათ გვერდით, როცა ისინი ყვირიან ხოლმე.
  4. კინიკოსი ამბობდა: "ვიღაცას ჰყოფნის თავხედობა პროტევსს პატივმოყვარე უწოდოს! ჰოი, დედამიწავ და მზეო, ჰოი, მდინარეებო და ზღვებო და შენც, ჩვენო ჰერაკლევ! პროტევსი ხომ ისაა, ვინც სირიაში ციხეში იჯდა, ვინც მშობლიურ ქალაქს ხუთი ათასი ტალანტი (7) უბოძა, ვინც გააძევეს რომიდან, ვინც მზეზე უნათლესია და ვისაც თვით ოლიმპოს მპყრობელთანაც შეუძლია გაჯიბრება! სიცოცხლესთან განშორება ცეცხლის მეშვეობით განიზრახა მან, რასაც ზოგნი მის პატივმოყვარეობას მიაწერენ. განა ჰერაკლეც (8) ასე არ მოიქცა? განა ცეცხლისაგან არ ივნენ ასკლეპიოსი და დიონისე? განა ვულკანის კრატერში არ აღესრულა ემპედოკლე?"
  5. თქვა თუ არა ეს თეაგინემ (9) - ასე ერქვა იმ მჭახეხმიანს, - მე ვკითხე შემოკრბალთაგან ვიღაცას, რას მიანიშნებდა ცეცხლის ხსენება, ან პროტევსის ჰერაკლესა და ემპედოკლესთან დაკავშირება, მან კი არცთუ დიდი ხნის შემდეგ მომიგო: "პროტევსი მალე დაიწვავს თავს ოლიმპიაში" (10). "როგორ" - წამოვიძახე მე - "რისი გულისთვის'?" (11) მაშინ ის შეეცადა, ყოველივე მოეთხრო ჩემთვის, მაგრამ კინიკოსი ისე გაჰკიოდა, რომ შეუძლებელი იყო სხვისთვისაც დაგეგდო ყური. ამიტომ კვლავ მისი მოსმენა მიწევდა. თეაგინე კი განსაცვიფრებელ და გადაჭარბებულ ამბებს აფრქვევდა ჰროტევსის მისამართით. მას ვერც სინოპელი (12.) შეედრება, ვერც მისი მასწავლებელი ანტისთენე და ვერც სოკრატე, ზევსიც კი გაიწვია პროტევსმა პაექრობაშიო, თუმცა, ბოლოს კი მოიფიქრა როგორღაც, ზევსი მის თანასწორად ეღიარებინა და ამით დაასრულა თავისი სიტყვა.
  6. "ცხოვრებამ - ამბობდა იგი - ორი საუკეთესო ქმნილება იხილა: ოლიმპიელი ზევსი და პროტევსი. ისინი ხელოვანებმა შექმნეს. ერთი - ფიდიასმა (13), მეორე კი - ბუნებამ. ჰოდა, ახლა ეს ქმნილება ცეცხლის მეშვეობით განეშორება (14) ადამიანებს, ღმერთებამდე აღიწევა და გვყრის ჩვენ ობლად". როცა მან, პირზედოფლგადმომდინარემ, ეს ყოველივე აღმოთქვა, სხვათა დასანახად თავ-პირის ხოკვა დაიწყო, თმაზეც იტაცა ხელი, მაგრამ ამავე დროს ფრთხილობდა მართლაც არ ამოეგლიჯა ისინი. ბოლოს, როგორც იქნა, ვიღაც კინიკოსებმა გაიყვანეს იგი და ცდილობდნენ მოტირალისთვის დარდი შეემსუბუქებინათ.
  7. თეაგინეს შემდეგ მყისვე, ხალხს დაშლა რომ არ აცადა ისე, შემაღლებულ ადგილას სხვა ორატორი ავიდა. მას უნდოდა შესაწირი ზედაშე დაექცია საკურთხეველზე, რომელზეც ჯერ კიდევ მისი წინამორბედის მსხვერპლი ინავლებოდა. ორატორმა ჯერ ბევრი იცინა, ცხადად ჩანდა, მთელი სულითა და გულით რომ იცინოდა, შემდეგ კი ამდაგვარად დაიწყო: "ვინაიდან წყეულმა თეაგინემ თავისი ბილწი სიტყვა ჰერაკლიტეს ცრემლებით დაასრულა, მე ისღა დამრჩენია, დემოკრიტეს სიცილით დავიწყო" (15). ამის შემდეგ მან კიდევ იმდენი იხარხარა, რომ ბევრი ჩვენგანიც აიყოლია.
  8. შემდეგ კი ორატორმა, დამშვიდდა თუ არა, განაგრძო: "მოქალაქენო, განა შეიძლება სხვანაირად მოიქცე, როცა ესოდენ სასაცილო ამბებს ისმენ, როცა ხედავ ხანდაზმულნი მხოლოდ და მხოლოდ საძაგელი დიდებისთვის ლამის ყირაზე როგორ გადადიან ყველას წინაშე? რათა გაიგოთ ხელოვნების როგორ ქმნილებას სურს თვითდაწვა, მე მომისმინეთ, კაცს, რომელიც თავიდანვე თვალყურს მიადევნებდა პროტევსის აზრთა მდინარებას და მის ცხოვრებასაც კვალში ედგა. ზოგი რამ მე მისივე თანამოქალაქეებისაგან შევიტყვე, ზოგიც იმათგან, ვისაც კარგად უნდა სცნობოდა იგი.
  9. ბუნების ეს იშვიათი ქმნილება ჰოლიკლეტეს (16) კანონის განსახიერება გახლდათ სწორედ. პროტევსი ჯერ ხეირიანად არც კი დავაჟკაცებულიყო, როცა მას სომხეთში (17) მრუშობისას წაასწრეს და ბლომად სახრეც უთავაზეს, ბოლოს კი მან, უკანალში ბოლოკგაჩრილმა (18) სახურავიდან ისკუჰა და მოუსვა. ამის შემდეგ კი სიმწიფის ასაკს მიტანებული ყმაწვილი შეურაცხყო (19) და მისი მშობლებისაგან, რომელნიც ძალზე ღარიბნი იყვნენ და პერეგრინის აზიის მმართველთან ჩაყვანა არ შეეძლოთ, სამი ათას დრაქმად დაიხსნა თავი.
  10. მაგრამ ეს და სხვა ამდაგვარი ამბები, ჩემი აზრით, ახლა გვერდზე უნდა გადავდოთ, ვინაიდან ის მაშინ ჯერ კიდევ უფორმო თიხა იყო და არა ქმნულკეთილი ქანდაკება. აი, ის კი ღირს მოსმენად, რაც მან თავის მამას დამართა, თუმცა, ყველამ იცით, გსმენიათ ყველას, რომ მან დაახრჩო მოხუცი (20), რადგან მას უკვე სამოც წელზე მეტი შესრულებოდა, პროტევსს კი მამის გაძლება უჭირდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გახმაურდა, მან საკუთარ თავს თვითონვე მიუსაჯა გაძევება (21) და ხან ერთ ქვეყანაში დაეხეტებოდა, ხან მეორეში.
  11. აი, სწორედ მაშინ გაეცნო ჰროტევსი ქრისტიანთა განსაცვიფრებელ მოძღვრებას,
მღდელმთავრებსა და მწიგნობრებს დაუახლოვდა პალესტინაში, მაგრამ აბა რა გამოდნა აქედან? მოკლე ხანში ბავშვებად აქცია ისინი, თვითონ კი წინასწარმეტყველად, თემის მეთაურადა და ხელმძღვანლად დააყენა საკუთარი თავი - მოკლედ, თვითონ იყო ყველაფერი. რაც შეეხება წიგნებს, იგი განმარტავდა მათ და ბევრს თვითონაც წერდა (22). მას, ვით ღმერთს, ისე მიაგებდნენ პატივს, ემორჩილებოდნენ, როგორც კანონმდებელს და თავის მფარველადაც აირჩიეს. ქრისტიანები კი, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ეთაყვანებიან იმ დიდ ადამიანს (23), რომელიც ჯვარს აცვეს პალესტინაში, რადგან მან ცხოვრებაში ახალი წეს-ჩვეულებანი დანერგა.
  12. ახლა ამის გამო შეიპყრეს პროტევსი და საპყრობილეში ჩააგდეს, რამაც შემდგომი თაღლითობისა და პატივმოყვარეობის საქმეში არცთუ მცირე ღირსება შემატა მის სახელს, რისი მოპოვებაც ესოდენ სწყუროდა მას. ასე რომ, პროტევსი დაიჭირეს თუ არა, ქრისტიანებმა ეს დიდ უბედურებად ჩათვალეს და მაშინვე ყველა ღონეს მიმართეს მის დასახსნელად. როცა ყოველივე ამაო აღმოჩნდა, მაშინ ისინი შეეცადნენ არა ზერელედ, არამედ მთელი მონდომებით მოევლოთ მისთვის: სადილეგოსთან სისხამ დილიდანვე დაინახავდით იქ მუდმივად მყოფ დედაბრებს, ქვრივებსა და ობლებს. მათი მეთაურები კი, მას შემდეგ, რაც მცველები მოისყიდეს, შიგნითაც შედიოდნენ და ღამეც რჩებოდნენ. კერძებიც ნაირ-ნაირი მიჰქონდათ მასთან და ღვთიური სიტყვანიც წარმოითქმოდა მათ შორის. სახიერ პერეგრენს - მაშინ ჯერ კიდევ ასე ერქვა - ისინი ახალ სოკრატეს ეძახდნენ.
  13. და მართლაც იმ ქალაქებიდან, რომელნიც აზიაშია, მყისვე ჩამოვიდნენ ვიღაცები, წარმოგზავნილნი ქრისტიანული თემებიდან, რათა მხარში ამოსდგომოდნენ პერეგრინს, სიტყვა შეეწიათ სამსჯავროში და გაემხნევებინათ იგი. რთულ ვითარებაში, როცა საქმე ყველას ეხება, ქრისტიანები დიდ სიმარდეს ავლენენ და არაფერს იშურებენ ხოლმე. ცხადია, მაშინ პერეგრინს ქრისტიანებისგან ფული მისდიოდა. ასე რომ, ციხეში ყოფნამ მას არცთუ მცირე შემოსავალი გაუჩინა. ამ საწყლებმა დაიჯერეს, რომ მთლად უკვდავნი იქნებიან და მარად იცოცხლებენ. ქრისტიანებს სძაგთ სიკვდილი, ბევრი მათგანი კი თვითონ ეძიებს მას.მაგათმა პირველმა სჯულმდებელმა დაარწმუნა ისინი იმაში, რომ მას შემდეგ, რაც ბერძნული ღმერთებისგან განიდრიკებიან, აღიარებენ ჯვარზე გაკრულ სოფისტს (24) და მისი კანონების თანახმად იცხოვრებენ, ერთმანეთის ძმები გახდებიან. ამიტომ მათ, ამ მოძღვრებას კრიტიკის გარეშე მინდობილთ, ერთნაირად სძულთ ყოველგვარი სიმდიდრე და თუკი მათთან მივა ვინმე თაღლითი, დიდოსტატი თავისი საქმისა და შექმნილი მდგომარეობით ისარგებლებს, ის მოკლე დროში დიდძალ ქონებას დაიდებს და ამ მიამიტებსაც გააბიაბურებს.
  14. მაგრამ დავუბრუნდეთ კვლავ პროტევსს, რომელიც სირიის მაშინდელ მმართველთან წაიყვანეს. ეს კაცი კი ფილოსოფიით გახლდათ გატაცებული და იხილა თუ არა მან პერეგრინის ჭკუანაკლებობა, ის, რომ იგი მზად იყო მომკვდარიყო, ოღონდ ამით სახელი დაეტოვებინა, გაუშვა იგი, თანაც ისე, რომ სასჯელის ღირსადაც არ ჩათვალა. განთავისუფლებული პროტევსი თავის სამშობლოში დაბრუნდა და ნახა, რომ მამამისის მკვლელობის გამო დრტვინვა ჯერ არ მინელებულიყო და მისი პასუხისგებაში მიცემის მსურველიც ბევრი იყო. მისი არყოფნისას ქონების დიდი ნაწილი დაეტაცნათ; დარჩენილი სავარგულები კი მთლიანობაში თხუთმეტ ტალანტს თუღა შეადგენდა. ისედაც მთელი ქონება, რაც მოხუცმა დატოვა, ოცდაათ ტალანტამდე იყო და არა ხუთი ათას ტალანტამდე, როგორც ამას მეზღაპრე თეაგინე ირწმუნებოდა. ამხელა ქონება მაშინაც კი არ მოგროვდებოდა, თუკი ქალაქ პარიონს (25) მთლიანად გაყიდიდნენ და მის მეზობლად არსებულ ხუთ ქალაქსაც ზედ დაამატებდნენ თავისი მაცხოვრებლებით, საქონლითა და დანარჩენი სიმდიდრით.
  15. მაგრამ ბრალდებასა და სამდურავს ისეთი ცხარე ხასიათი ჰქონდა, რომ ჩანდა, საცაა ვიღაც გამოვიდოდა მის წინააღმდეგ განჩინებით. განსაკთრებით დრტვინავდა ხალხი, რომელიც პერეგრინის მამას, როგორც პატიოსან კაცს ისე იცნობდა და ასეთი
აღსასრულისთვის ენანებოდათ. ამ ჭკვიანმა პერეგრინმა კი, მიაქციეთ ყურადღება, თუ რა გზა იპოვა და როგორ დააღწია თავი ხიფათს?! იგი პარიონელთა სახალხო კრებაზე მივიდა. მაშინ ის უკვე გრძელ თმას ატარებდა, ჭუჭყიან მოსასხამში გახვეულს, გუდა მხარს უკან მოეგდო და ხელში კომბალი ეჭირა. მოკლედ, სანახაობა ფრიად ტრაგიკული იყო. ამიტომ წარსდგა თუ არა ასეთი სახით შეკრებილთა წინაშე - უთხრა მათ, რომ ყოველივე, რაც ნეტარხსენებულმა მამამ მას დაუტოვა, თანამოქალაქეებს აძლევდა. მოისმინა თუ არა ეს ხალხმა, რომელნიც უღარიბესნი და გაცემას დახარბებულნი იყვნენ, მყისვე ყვირილს მოჰყვა: „პერეგრინი ერთადერთი ფილოსოფოსია, ერთადერთი სამშობლოს მოყვარული, ერთადერთი მოშურნე მიმდევარი დიოგენესა და კრატეტისა" (26), მოწინააღმდეგეებს პირში ლაგამო ამოსდეს და ვინმეს რომც მოენდომებინა პროტევსზე თავდასხმა და მამისმკვლელობის შეხსენება, ქვით ჩაქოლვას ვერ ასცდებოდა.
  16. ასე და ამგვარად, პროტევსს მეორედაც დასჭირდა სახეტიალოდ წასვლა. საგზაო
ხარჯების დასაფარავად კი მას ქრისტიანები ჰყავდნენ, რომელთაგან შეფარებულიც
ყველაფერში გულუხვობას გრძნობდა და კაი ხანსაც იცხოვრა ასე. მას შემდეგ კი, რაც მას რაღაც შეეშალა ქრისტიანების წინაშე - როგორც ჩანს, ის რაღაც აკრძალულის (27) ჭამაში შენიშნეს - თავიანთ საზოგადოებაში აღარ დაუშვეს. შეჭირვებულმა პერეგრინმა ახლა სხვა სიმღერა წამოიწყო მშობლიური ქალაქისაგან ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნით (28), თან თხოვნაც გაგზავნა იმპერატორთან, რათა მას ქონების დაბრუნების საქმეში ეშუამდგომლა. მაგრამ ქალაქმაც თავის მხრივ ელჩობა აფრინა იმპერატორთან. ასე რომ, პერეგრინმა ვერაფერი მიიღო. მას ებრძანა, დაეცვა თავისი პირვანდელი გადაწყვეტილება, რომელიც არავის დაუძალებია მისთვის.
  17. საქმის ამგვარად დასრულების გამო მას მესამედ მოუხდა უცხოობაში ყოფნა, ამჯერად ის ეგვიპტეში აგატობულესთან (29) ჩავიდა. იქ იგი თავს გასაოცარი ვარჯიშებით იწვრთნიდა: გადაიპარსა თავი ნახევრად, ნაცრით მოითხუპნა სახე და ირგვლივ შემომკრბალი ხალის თანდასწრებით აღიგზნებდა თავს, რასაც კინიკოსები განურჩევლობას(30) ეძახიან. ამას გარდა, სხვებსაც ურტყამდა უკანალზე სახრეს და თავისასაც უშვერდა გასაწკეპლავად (31) და კიდევ ბევრი განსაცვრფრებელი სიახლენი შემოიღო მან.
  18. ამგვარად გარდაქმნილმა პროტევსმა ახლა იტალიას მიაშურა და ფეხი ჩამოდგა თუ არა გემიდან, მყისვე ყველას განქიქება დაიწყო, განსაკუთრებით კი იმპერატორისა, რადგან იცოდა, რომ ის უაღრესად უწყინარი და მშვიდი პიროვნება გახლდათ და ამგვარად თავხედობდა უსაფრთხოდმყოფი. იმპერატორი კი, როგორც მას შეშვენოდა, ნაკლებ ყურადღებას აქცევდა მის ცუდსიტყვაობას და ღირსეულ ქმედებად არ მიაჩნდა, რაღაც სიტყვათა გამო ფილოსოფიას ამოფარებული კაცი დაესაჯა, მით უმეტეს, როცა 'ზოგს ავყიაობა ხელობად ჰქონდა გადაქცეული. ასე და ამგვარ საქმეთა გამო განითქმებოდა სახელი მისი. განსაკუთრებით კი მიამიტ და გაუნათლებელ ხალხში იძენდა პატივს თავისი უგუნურებით, სანამ ქალაქისთავმა, კაცმა ბრძენმა, პროტევსი თავის 'ხღვარდაუდებელ ქმედებათა გამო არ გააძევა და სანამ არ განაცხადა, რომ ქალაქს ასეთი ფილოსოფოსი არ ესაჭიროებოდა. სხვათა შორის, ამანაც შესძინა პროტევსს დიდება და ყველას მისი სახელი ეკერა პირზე. ფილოსოფოსისა, რომელიც სიტყვის თავისუფლებისა და ეგზომ ნანატრი სულის თავისუფლებისათვის გააძევეს. იგი, ამ თვალსაზრისით, მუსონიოსს, დიონს, ეპიქტეტესა და სხვებსაც კი შეადარეს, რომელთაც ამდაგვარი ხვედრი ერგოთ.
  19. აქედან კი, ცხადია, პერეგრინი პირდაპირ ელადაში ჩამოვიდა და ხან ელეელებს
ლანძღავდა, ხანაც ელინებს არწმუნებდა, რომაელთა წინააღმდეგ იარაღისთვის მოეკიდათ ხელი, ხან კი ბოროტებდა და ძვირს ამბობდა იმ ღირსეულ და გათლებულ კაცზე (34), რომელმაც ელადისათვის გაკეთებულ ბევრ კარგ საქმესთან ერთად, წყალიც გაიყვანა ოლიმპიაში და წყურვილი მოუკლა იქ სადღესასწაულოდ შეკრებილ ხალხს. ბოროტებდა იმაზეც, თითქოს ამ კაცმა გააზიზა ელინები, რომ ოლიმპიური თამაშების მონაწილეთ უნდა გაეძლოთ წყურვილისთვის. თუმცა, ზევსს ვფიცავ, შეკრებილთაგან ბევრი იღუპებოდა ულმობელი სნეულებებით, რაც აქნობამდე ამ კუთხის უწყლოობითა და ხალხის სიმრავლით იყო გამოწვეული. ამას ამბობდა კაცი, რომელიც ამ წყაროდან თვითონაც სვამდა. ხალხმაც არ დაახანა და ვისაც რა მოხდვა ხელში, იმით გაეკიდა პერეგრინს. ამ კეთილშობილმა კაცმა კი, რომ არ მოეკლათ, ზევსის საკუთრხეველს შეაფარა თავი (35).
  20. ხოლო შემდეგ, დადგა თუ არა მომდევნო ოლიმპიადა, მან ელინთა წინაშე ოთხი წლის განმავლობაში შეთხზული სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც იგი ხოტბას ასხამდა წყლის გამომყვან პიროვნებას და ამასთანავე თავსაც იმართლებდა მაშინდელი გაქცევის გამო. რა თქმა უნდა, პროტევსი ამ დროს უკვე ყველასაგან უყურადღებოდ იყო დარჩენილი და აღარც ადრინდელი პატივი ჰქონდა - ყველა მისი
ძველი ოინი ცნობილი იყო, ახლის მოფიქრება და შემოჯარული ხალხის ყურადღების
მოზიდვა კი, რაც ესოდენ სურდა მას, აღარ შეეძლო - ამიტომ ბოლოს და ბოლოს,
პროტევსმა მაინც მოიფიქრა თავხედური რამ ცეცხლთან დაკავშირებით და გასული
ოლიმპიადისას დაყარა ელინებში ხმები, რომ ახლანდელი თამაშებისას დაიწვავდა თავს.
  21. და ახლა, როგორც ამბობენ, ამ მიზეზთა გამო საკვირველმოქმედებს: თხრის მიწას, ეზიდება ფიჩხს და ირწმუნება, რომ არნახულ გამძლეობას გამოიჩენს. არადა, უმჯობესი, ჩემი აზრით, ის იქნებოდა სიკვდილისთვის დაეცადა და სიცოცხლეს არ დასძვრომოდა ხელიდან და თუ მაინცდამაინც საჯაროდ გამოაცხადა, ცეცხლისა და ტრაგიკული ქმედებებისათვის კი არ უნდა მიემართა, არამედ სიკვდილის სხვა ხერხი უნდა აერჩია, რომელიც ათასგვარია. ვთქვათ, ჰერაკლესავით ეტრფის ცეცხლს, მაშინ რატომ არ აირჩია უღრანი ტყე და მალულად და მარტო არ დაიწვავს თავს? მაშ, რატომ არ იახლებს თუნდაც მხოლოდ ერთ თეაგინეს ფილოქტეტეს რანგში? ამან კი ოლიმპიაში მრავალრიცხოვანი დღესაწაულისას, ლამის სცენაზე მოინდომა დახრუკვა. თუმცა, ვფიცავ ჰერაკლეს, დაუმსახურებელი სულაც არ იქნება, თუკი მამისმკვლელები და ათეისტები თავიანთი ნათავხედარის გამო სამართალს მიეცემიან. ასე რომ, პროტევსმა კიდევაც დააგვიანა. ძველ საქმეთა გამო ის ფალარიდის სხეულში (38) უნდა გადაშვებულიყო აქამდე. აი, ეს იქნებოდა ღირსეული სასჯელი. მყისიერად კი არ უნდა მომკვდარიყო ცეცხლისათვის ერთხელ პირის დაფჩენით. როგორც ბევრნი მარწმუნებენ მე, ცეცხლზე იოლი ხერხი სიკვდილისა არ არსებობს: საკმარისია პირი გააღო და უკვე მკვდარი ხარ.
  22. პროტევსმა კი ახალსახიობა რამ შემოიღო, მგონი, ფიქრობს, რომ დიდებული
სანახაობა იქნება წმინდა ადგილას ადამიანის დაწვა. იქ, სადაც მიცვალებულთა დამარხვაც უწმინდურებაა. ჩემი აზრით, მოსმენილი გექნებათ, რომ უწინაც ყოფილა სახელის მაძიებელი და როცა მას მისი მოპოვების სხვა გზა ვერ მოუნახავს, არტემიდეს ტაძარი გადაუწვავს ეფესოში. რაღაც ამდაგვარს სჩადის პროტევსიც, რომელიც სახელის მოხვეჭის ესოდენ წყურვილს შეუპყრია.
  23. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ამას იგი ადამიანებისთვის აკეთებს, რათა მათ
სიკვდილის სიძულვილი და სხვა განსაცდელთა გაძლება ასწავლოს. მე კი ვისურვებდი, მეკითხა, ცხადია, არა მისთვის, არამედ თქვენთვის, ნუთუ ინდომებდით, ბოროტმოქმედნი პროტევსის მოწაფენი გამხდარიყვნენ, ცეცხლში დაწვა, ეს სიმამაცე, სიკვდილის სიძულვილი და სხვა მსგავსი საშინელებანი ესწავლათ? მაგრამ მე კარგად ვუწყი, ამას არ ისურვებდით თქვენ. აბა, როგორ უნდა გაერკვეს პროტევსი იმაში, რომ ზნეკეთილ ხალხზე ზრუნვით შეპყრობილმა, არ არის საჭირო, ისედაც გარეწარნი (40) კიდევ უფრო მამაცნი და თავზეხელაღებულნი გახადოს?
  24. ვთქვათ, ისეც მოხდეს, რომ ამ სანახაობაზე მხოლოდ ისინი წავიდნენ, ვინც
სასარგებლო დასკვნას გამოიტანს, მაშინ მე კიდევ გეკითხებით თქვენ: ნუთუ ისურვებდით თქვენი შვილები ასეთი კაცის მოშურნე მიმდევარნი გამხდარიყვნენ? ალბათ, არას ბრძანებთ, თუმცა ამას რას გეკითხებით, როცა მის მოწაფეთაგან არავის სურს, მასწავლებელს მიჰბამოს? ამიტომ უპრიანია თეაგინე გაეკიცხათ, ვინაიდან ყველაფერში მისი მოშურნე მიმდევარი, თან არ ახლავს მასწავლებელს ჰერაკლეს გზაზე და როგორც თვითონ ბრძანებს, ხელს იღებს შესაძლებლობაზე პროტევსთან ერთად ცეცხლში თავის დურთვით უბედნიერესი გახდეს. ხომ არ შეიძლება მიბაძვის საგანი იყოს: გუდა, ჯოხი და დაცხავებული მოსასხამი - ეს ხომ უსაფრთხოა, იოლი და თანაც ხელეწიფება ყველას. მთავარია, საბოლოო და უმთავრეს ქმედებებში მიბაძვა. კოცონი რაც შეიძლება ნედლი ლეღვის ტოტებისაგან უნდა გააჩაღო და კვამლში გაიგუდო. ცეცხლი, როგორც სიკვდილის საშუალება ჰერაკლემ და ასკლეპიოსმა როდი უწყოდნენ მხოლოდ. მის შესახებ ტაძართა მძარცველებმა და ქურდებმაც იცოდნენ, რომელთაც განკითხვის შემდეგ, როგორც ვხედავთ, წვავენ ხოლმე. მაშასადამე, უმჯობესია კვამლით სიკვდილი, ეს მხოლოდ თქვენ მიერ გამოყენებული ხერხი იქნებოდა.
  25. რაც შეეხება ჰერაკლეს, თუკი მან მართლაც გაბედა ამდაგვარი რამ, სნეულების გამო მოიქცა ასე. როგორც ტრაგედია მოგვითხრობს, კენტავრის სისხლი ცოცხლად ჭამდა მას. ამან კი რა მიზეზთა გამო უნდა ჩაიგდოს თავი ცეცხლში? ვფიცავ ზევსს, იმასაც კი გვეუბნებიან, იმის გამო, რომ ბრაჰმანთა მსგავსად უნდა აჩვენოს თავისი შემართებაო. თეაგინემ პროტევსი ხომ მათაც გაუტოლა. თითქოს ინდოელთა შორის შეუძლეებლია მოიძევებოდეს ბრიყვი და ამპარტავანი ადამიანები. ასეთ შემთხვევაში დაე მიჰბაძოს ბრაჰმანებს. ისინი მაშინვე კი არ ცვივიან ცეცხლში, როგორც ამას ჩვენ ალექსანდრეს ხომალდის მესაჭე ონესიკრიტი (42) გადმოგვცემს, რომელმაც თვითონ იხილა კალანის დაწვა, არამედ ჯერ კოცონს გააჩაღებენ, მას მიეფიცხებიან უძრავად, არაფერს აქცევენ ყურადღებას, შემდეგ კი ცალმხარდამწვარნი წარმოსადგენობის შენარჩუნებით ადიან კოცონზე და ყოველგვარი ჩქამის გარეშე ცვივიან შიგ. აბა, იმაში კი რა იქნება დიდებული, თუკი პროტევსი ჩახტება ცეცხლში და მისგან შთანთქმული მოკვდება? არც იმის იმედია, რომ ნახევრადდამწვარი უკან არ გამოვარდეს, თუკი, როგორც ამბობს, ღრმა ორმოს არ ამოთხრის ცეცხლის დასაგზნებად.
  26. ისეთნიც არიან, რომელნიც ირწმუნებიან: პროტევსმა გადაიფიქრა და ახლა
სიზმრების ახსნას უნდა მიჰყოსო ხელი, ვინაიდან ზევსს მისთვის წმინდა ალაგის წაბილწვა აუკრძალავსო. მაგრამ ნუ ინაღვლებს იგი ამის გამო. მე მზად ვარ საჯაროდ დავიფიცო, რომ არავინ გაბრაზდება ღმერთთაგან, თუკი უბადრუკი ბერიკაცი უბადრუკად აღესრულება. სხვათა შორის, მისთვის იოლი როდი იქნება უკანდახევა, ვინაიდან თანამყოფი კინიკოსები აქეზებენ პერეგრინს და ცეცხლისაკენ ეზიდებიან, თან მის აზრს აცხოველებენ თანისთანობით და სისუსტის გამოვლენას არ დაუშვებენ. აი, პროტევსი ორ კინიკოსს მაინც რომ გადაიყოლებდეს ცეცხლში, ეს მისი ერთადერთი სამადლო საქმე იქნებოდა.
  27. მე ისიც შევიტყვე, რომ მას უკვე აღარ სურს პროტევსი ერქვას და ფენიქსად
გადაირქვა სახელი. ვინაიდან ფენიქსი, ეს ინდური ფრინველი, როგორც ამბობენ, ღრმა სიბერეს მიტანებული, ცეცხლში იწვავს თავს. ამას გარდა, პერეგრინი თურმე არაკებსაც თხზავს და ნაწინასწარმეტყველევთაც განმარტავს, მაგრამ, ცხადია, ძველებს: ჰყვება თითქოს ის ღამის მცველ სულად უნდა იქცეს. ამით, რაღა თქმა უნდა, ის სურვილს გამოთქვამს, საკურთხევლები დაუდგან და იმედი აქვს, რომ ოქროს ძეგლსაც აღუმართავენ.
  28. და მართლაც, ვფიცავ ზევსს, არაფერია იქნება იმაში გასაოცარი, თუკი ბრიყვთა ასეთ სიმრავლეში ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდებიან, რომელნიც მტკიცებას მოჰყვებიან თითქოს მისი შემწეობით ოთხდღიანი ციებ-ცხელებისაგან განიკურნენ და ღამისმცველ სულსაც გადაეყარნენ ღამით. ჩემი აზრით, მისი წყეული მოწაფენი კოცონის ადგილას სამლოცველოებსა და სამისნოებს აუგებენ, ვინაიდან ის ცნობილი პროტევსი და ზევსის ძე, ამ სახელის ფუძემდებელი, ასევე წინასწარმეტყველი იყო. ღმერთებს ვიმოწმებ, რომ პროტევსს ქურუმებსაც დაუნიშნავენ მათრახებით, დასაგზნები საშუალებებითა და სხვა ამისთანანით, ან კიდევ ბოლოს, ზევსს ვფიცავ, ღამის მისტერიებსაც შემოიღებენ ცეცხლის ირგვლივ ფერხულითა და ღამისთევებით.
  29. არცთუ დიდი ხნის წინ თეაგინეს, როგორც მე პროტევსის ერთმა ამხანაგთაგანმა
მითხრა, უმტკიცებია, თითქოს სიბილასაც ჰქონოდეს ამ ამბების შესახებ წინასწარმეტყველება. მან გაიხსენა იგი და ლექსად გადმომცა მე:
  პროტევსმა, აღმატებულმა კინიკოსთ შორის,
  მეხთამტყოცრნელი 'ხევსის მამულში,
  ვინაიდან უნდა დაიწვას თავი, 
  ამად გიბრძანებთ, ამ დღეს ყოველმა 
  ინებოთ მხოლოდ მინდვრის ნაყოფი.
  ქებაც მივუძღვნათ უდიადეს გმირს, 
  ღამღამობით მოხეტიალეს, ჰეკრალესა
  და ჰეფესტოის ძალით შემოსილს
  და მათსავე თანამოსაყდრეს.
  30. თეაგინე ირწმუნება, რომ მან ეს სიბილასაგან მოისმინა, მე კი მას ამ საკითხთან
დაკავშირებით ბაქიდეს(44) წინასწარმეტყველებას შევახსენებ, ხოლო რასაც ბაქიდე
ბრმანებს, ძალიან კარგად ებმის სიბილას თქმულს:
  როს კინიკოსი მრავალსახელა ცეცხლს შეერევა, 
  რამეთუ აქვის ბეჩავი სული,
  ამპარტავნების ისრით დაჭრილი, - 
  ძაღლ-მელა (ტურა) უნდა ყოფილიყვნენ მის მიმდევარნი, 
  მკვდარ მელის ბედი სამოძღვრებოდ რომ გაეხადათ, -
  ამიტომ ვბრძანებ, ვინაც სიმხდალით გაექცევა
  ჰეფესტოს ძალას, აქაველებმა ის გარეწარი ჩაქოლონ ქვებით,
  რათა ცივსისხლამ არ წარმოთქვას მგზნებარე სიტყვა
  და ვით მევახშემ არ გაიძეძგოს ოქროთი გუდა, 
  დიდმშვენიერ ქალაქ პატრაში მოიქონია
  სამჯერ ხუთი ტალანტი ვინაც.
  რას ფიქრობთ მოქალაქენო? განა ბაქიდე როგორც წინასწარმეტყველი სიბილაზე
სუსტია? ასე რომ, დროა პროტევსის განსაცვიფრებელმა თანამოაზრეებმა "ჰაერად"
გადაქცევისათვის - ასე ეძახიან ისინი დაწვას - ადგილი შეათვალიერონ.
  31. თქვა თუ არა ეს ორატორმა, ყველა იქ შემომკრბალმა ერთხმად შესძახა: დიახ, ეგენი ნამდვილად ღირსნი არიან ცეცხლში დაიდაგონ. ამის შემდეგ მან სიცილით დატოვა შემაღლებული ადგილი, მაგრამ ნესტორს ხმაური არ გამოჰპარვია (45), ე.ი. თეაგინეს, რომელმაც ყური მოჰკრა თუ არა ყვირილს, მყისვე იქ გაჩნდა, პირმაღზე ავიდა, ყიოდა და თან ათასგვარ უჯერო სიტყვას წარმოსთქვამდა ორატორის მისამართით, რომელიც ის-ის იყო ჩამოვიდა შემაღლებული ადგილიდან. მე კი ისიც არ ვიცი, ვინ იყო ეს კეთილშობილი კაცი და რა ერქვა მას. შემდეგ გამოვერიდე თეაგინეს, რათა ის ყვირილით გამსკდარიყო და ათლეტების სანახავად გავწიე. ელანოდიკები კი, როგორც ამბობდნენ, უკვე ასპარეზზე იყვნენ. აი, ყოველივე შენთვის, რაც ელიდაში მოხდა.
  32. მას შემდეგ, რაც ჩვენ ოლიმპიაში ჩავედით, ტაძრის უკანა მხარე მუდამ სავსე იყო როგორც პროტევსის მაძაგებლებით, ასევე იმ ხალხით, ვინც ქებას ასხამდა მის განზრახვას,. ასე რომ, მათ შორის ხელჩართულ ბრძოლამდეც კი მიდიოდა საქმე. ბოლოს თვით პროტევსიც მოვიდა ბევრი და ჭრელი ხალხით შემოჯარული. მან დამძახებლის შემდეგ წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც ისაუბრა თავისი ცხოვრების შესახებ, როგორ განვლო იგი, რამდენი ხიფათი გამოიარა და რა განსაცდელი გადაიტანა ფილოსოფიის გულისთვის. კიდევ ბევრი რამ თქვა მან, მაგრამ მე ცოტა თუ მესმოდა დამსწრეთა სიმრავლის აგმო. შემდეგ შეშინებულმა, ვაითუ ამ დავაში ვინმეს გადავექელე, როგორც ბევრს მოსვლია ეს მაყურებელთაგან, დავტოვე გრძელი სიტყვის მოყვარე და სიკვდილმოწყურებული სოფისტი, რომელიც თავისი აღსასრულის წინ სამგლოვიარო სიტყვას ამბობდა.
  33. სხეათა შორის, აი, ამდაგვარი რაღაცის მოსმენა მაინც მოვახერხე: ის ამბობდა, რომ ოქროვანი ცხოვრებით მცხოვრებს, სურდა სიცოცხლის ბოლოს გვირგვინიც ოქროსი დაედგა თავზე. ჰერაკლესებურად მცხოვრები ჰერაკლესავით აღსრულებულიყო და შერთვოდა ჰაერს. "მე - ამბობდა იგი - მსურსო სარგებლობა მოვუტანო ადამიანებს. მსურსო, ვუჩვენო როგორ უნდა სძაგდეთ სიკვდილი, რისთვისაც საჭიროა, ყოველმა მათგანმა ჩემთან მიმართებაში ფილოქტეტობა შეძლოსო". პროტევსი ამას რომ ამბობდა, იქ მყოფთა ყველაზე მიამიტ ნაწილს გული აუჩუყდა და ყვირილი მორთო: "იცოცხლე, ელინებისთვის", უფრო გულადნი კი იძახდნენ: "შეასრულე აღნათქვამი". საქმის ასეთმა ვითარებამ შეაკრთო ბერიკაცი, იგი იმდეოვნებდა, რომ ყველა მას ჩააფრინდებოდა, ცეცხლთან არ მიუშვებდნენ და ცხადია, თავისდაუნებურად ცოცხალი დარჩებოდა. სრულიად მოულოდნელად კი აღმოჩნდა, რომ ნათქვამის შესრულება მოუწევდა, რამაც კიდევ უფრო გააფითრა იგი, თუმც აქამდეც მკვდრის ფერი ედო. ახლა კი, ვფიცაე ზევსს, შიშისაგან ერთიანად კანკალებდა, ასე რომ, დაასრულა მან თავისი სიტყვა.
  34. მე კი, წარმოიდგინე, რამდენს ვიხარხარებდი. ჩემი აზრით, სიბრალულის ღირსი არ იყო ის კაცი, რომელსაც სხვათა უმეტეს სდევნიდა განდიდების სიშმაგე (47). ასე იყო, თუ ისე, ბერიკაცი თვალს ავლებდა მისით აღტაცებული ხალხის სიმრავლეს, მაგრამ ის კი არ იცოდა საცოდავმა, რომ ხალხის გაცილებით მეტი სიმრავლე იმათ მისდევს ხოლმე, ვინც ჯვარზე უნდა გააკრან, ან ვინც უკვე ჯალათს გადასცეს.
  35. ეს ოლიმპიური თამაშებიც დასრულდა, ულამაზესი იმათ შორის, რაც მე მინახავს, უკვე მეოთხედ ვესწრებოდი ოლიმპიურ თამაშებს. მე - ვინაიდან ეტლი ვერ
გავაჩერე შინ წამსვლელთა სიმრავლის გამო - ჩემდა უნებურად იქაურობას შემოვრჩი.
ბერიკაცმა კი, რომელიც სულ აყოვნებდა დაქადნებულის აღსრულებას, ბოლოს და ბოლოს, საჯაროდ დაასახელა ის ღამე, როცა ყველას დასანახად დაიწვავდა თავს.მართალია, მე ერთმა ჩემმა ამხანაგთაგანმა გამიყოლია თან, მაგრამ შუაღამისას ავდექი და მაშინათვე ჰარპინას მივაშურე, სწორედ იქ იყო ცეცხლი. მთელი მანძილი ოცი სტადიონი იქნებოდა, თუკი ოლიმპიიდან აღმოსავლეთით, ჰიპოდრომის გასწვრივ ივლიდი. ჩვენ ჩქარი ნაბიჯით ვიარეთ და მივადექით ცეცხლს, რომელიც სიღრმით ერთი ორგია (საჟენი) იქნებოდა. იქ მაშხალაც ბევრი იყო და ფიჩხიც ჩასაკეთებლად, რათა კოცონი სწრაფად აგიზგიზებულიყო.
  36. როცა მთვარე ამოვიდა - ჩანს, მასაც უნდა ენახა ეს მშვენიერი სანახაობა -
გამოჩნდა პერეგრინი. ის ნიადაგ სახმარ სამოსში იყო გამოწყობილი და თან კინიკოსთა მეთაურნიც ახლდნენ, მათ შორის უაღრესად კეთილშობილი ქალაქ პატრადან, ხელში ჩირაღდნით - არცთუ ურიგო მეორე როლის შემსრულებელი. მაშხალა ეჭირა თვით პროტევსსაც. ყოველი მხრიდან მოდიოდნენ კინიკოსები და თითოეული ცალ-ცალკე აღვივებდა ცეცხლს. მალე უზარმაზარი ალი ავარდა, ვინაიდან მაშხალაც ბლომად იყო და ფიჩხიც. ბერიკაცმა - ახლა კი მთელი შენი გონების მოკრებას ვითხოვ - მოიხსნა გუდა, მოსასხამი, დადო თავისი კომბალი, ჰერაკლეს კომბლის მსგავსი რომ იყო და წმინდა ტილოსაგან შეკერილი ჭუჭყიანი პერანგის ამარაღა დარჩა. შემდეგ მან ლიბანის ხისგან დამზადებული საკმეველი მოითხოვა ცეცხლში შესაგდებად(49). როცა ვიღაცამ მიაწოდა, იგი მართლაც ცეცხლში გადაუძახა და სამხრეთისაკენ მზერამიპყრობილმა (ვინაიდან სამხრეთიც მისი ტრაგედიის ნაწილი იყო), წარმოთქვა: "სულნო დედაჩემის და მამაჩემისა, მიმიღეთ და კეთილად დამიურვეთ". თქვა თუ არა ეს, პროტევსი ცეცხლში გადაეშვა. მისი დანახვა, რა თქმა უნდა, უკვე შეუძლებელი იყო, ვინაიდან ცეცხლის უშველებელმა ენებმა შთანთქეს იგი.
  37. აი, კვლავ მოცინარს გხედავ შენ, კეთილო კრონიოს, დრამის ასეთი დასრულების გამო. მე, როცა პერეგრინი დედის სულს უხმობდა, ამას ძალიან სულაც არ გავუღიზიანებივარ, მაგრამ როგორც კი მამის სული ახსენა, გამახსენდა ამ კაცის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ხმები და სიცილს ვეღარ ვიკავებდი. კინიკოსები კი ცეცხლთან იდგნენ, არ ტიროდნენ, ისინი ცეცხლს მისჩერებოდნენ და დუმილით გამოხატავდნენ საკუთარ მწუხარებას. მე, ცხადია, აქამდე თავშეკავებულმა, ვუთხარი მათ. "ახირებულნო(50), რა სიამოვნებაა დამწვარი ბერიკაცის ყურება და უვარგისი ჰაერის სუნთქვა? ან იქნებ, ელით, რომ ვიღაც მხატვარი მოვა და ისევე დაგხატავთ, როგორც სოკრატესთან ციხეში მისულ მოწაფეებს ხატავენ? კინიკოსები გაბრაზდნენ და ლანძღვა დამიწყეს, ზოგი ჯოხსაც დასწვდა, თუმცა მე იქეთ დავემუქრე, რომ ვისაც დავიჭერდი, ცეცხლში გადავუძახებდი, რათა მასწავლებელს მიჰყოლოდნენ კვალში. მათ ლანმღვა შეწყვიტეს და მშვიდად გაჩერდნენ.
  38. იქაურობას რომ ვტოვებდი, ჩემო მეგობარო, ჭრელაჭრულა აზრები მომდიოდა
თავში. მაინც რაში მდგომარეობს პატივმოყვარეობის არსი? - განვსჯიდი ჩემთვის - და
რამდენად გარდუვალია იგი თვით იმ ადამიანებისთვისაც გამორჩეულებად რომ გვეჩვენებიან (51)?. მაშ აღარც არაფერია სათქმელი იმ კაცზე, რომელიც უწინაც გონთგადასული იყო და ყოველმხრივ განუსჯელად ცხოვრობდა და რომელიც დაუმსახურებლად როდი დაიწვა ცეცხლში.
  39. შემდეგ ბევრს ისეთსაც შევხვდი, ვისაც ყოველივეს თვითონვე ნახვა სურდა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ პერეგრინს ცოცხალს მიუსწრებდნენ, ვინაიდან წინა დღეს ხმები დაყარეს, რომ იგი მზის ამოსვლისას ჩავარდებოდა ცეცხლში - როგორც ამას, მცოდნეთა თანახმად, ბრაჰმანები სჩადიან. ბევრი იმათგანი უკან გავაბრუნე, რადგან ავუხსენი, რომ საქმე დასრულებული იყო, ბევრს კი დაწვის ადგილისა და მინავლული კოცონის ნახვა აუცილებლად მიაჩნდა. აი, მაშინ კი, ჩემო მეგობარო, ცხადია, მე ბევრი საქმე გამომიჩნდა. ყველას ვუყვებოდი, ისინი კითხვებს მაყრიდნენ და მომხდარის დაწვრილებით შეტყობა უნდოდათ. როცა ვინმე საზრიანს გადავაწყდებოდი, მომხდარს ისე მოვუთხრობდი, როგორც შენ გიყვები, ხოლო როცა მიამიტსა და მოსმენაზე დახარბებულს ვხვდებოდი, რაღაც-რაღაცეებს ჩემით შეთხზულსაც ვამატებდი, მაგალითად, ასეთს: როცა ცეცხლი აგიზგიზდა და პროტევსი შიგ გადაეშვა, ჯერ მიწა იძრა ძლიერ, რასაც თან ერთვოდა გუგუნი, შემდეგ კი შუაგული ცეცხლიდან ძერა გამოფრინდა, რომელმაც, აღიწეოდა რა ზეცად, ადამიანის მსგავსად ხმამაღლა დაიძახა: "დავტოვე წარმავალი წუთისოფელი და ოლიმპოსკენ მივემართები". მსმენელებს გაოცება იპყრობდათ, სასოებდნენ ბერიკაცს წრწოლაატანილნი და თან მეკითხებოდნენ: "საით გაფრინდა ძერა აღმოსავლეთით თუ დასავლეთით?"(52), მე კი რაც ენაზე მომადგებოდა იმას ვპასუხობდი მათ.
  40. კვლავ ხალხის თავყრილობას დავუბრუნდი და ერთ მხცოვან კაცს მივადექი,
რომელმაც, ვფიცავ ზევსს, ნდობა აღმიძრა თავისი შესახედაობით, წვერითა(53) და სხვა დანარჩენითაც. მან ყველაფერი მიამბო პროტევსის შესახებ და ისიც დააყოლა, რომ თვითონ ნახა ბერიკაცი დაწვის შემდეგ თეთრითმოსილი და ახლახანს იგი, მხიარულად მოსიარულე, შვიდხმიან ჭიშკართან(54) დატოვა, ტყის ზეთისხილის ტოტებით შეთხზული გვირგვინით თავზე. შემდეგ კი ამ ყოველივეს ძერის ამბავიც მოაყოლა, თან ფიცქვეშ ირწმუნებოდა, რომ მან საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ გამოფრინდა ძერა ცეცხლიდან. არადა, სულ ცოტა ხნის წინ მე დავაწყებინე ამ ძერას ფრენა, რათა მიამიტი და ბრიყვი ადამიანებისათვის დამეცინა.
  41. ამას მომავალში როგორი ამბები მოჰყვება, შენ თვითონ წარმოიდგენ. რანაირი
ფუტკარი არ მოიყრის აქ თავს, რანაირი ჭრიჭინა არ იჭრიჭინებს, ან რანაირი ყორანი არ მიფრინდება იმ ადგილას, ზუსტად ისევე, როგორც ჰესიოდეს საფლავზე, და კიდევ რამდენი ამდაგვარი რამ მოხდება?! ამბობენ, რომ ელეელთაგან და თვით ელინთაგანაც ბევრს, რომლებთანაც პროტევსს მიმოწერა ჰქონდა, განუზრახავს მას მოკლე ხანში ქანდაკებები დაუდგას, და მჯერა, ასეც იქნება. იმასაც ამბობენ, პერეგრინმა ყველა სახელგანთქმულ ქალაქს წერილები დაუგზავნა სულიერი ანდერძით, რჩევა-დარიგებებითა და წესებით აღსავსე, რისთვისაც თავის მეგობართაგან ვიღაცები აირჩია მოციქულებად და"მკვდართანგელოზნი" და "საიქიოს მოციქულნი" უწოდაო მათ.
  42. აი, ასეთი იყო ბედკრული პროტევსის აღსასრული, კაცისა, რომელიც მოკლედ
რომ ვთქვათ,: ჭეშმარიტებას არასოდეს აგდებდა რამედ. იგი ყველაფერს სახელისა და
ხალხისაგან ქება-დიდების მისაღებად ამბობდა და აკეთებდა. სწორედ ამისთვის ჩავარდა ცეცხლში. თუმცა, ახლა უგრძნობოქმნილი ვეღარ გაიხარებს მისადმი აღვლენილი ხოტბით.
  43. ადრე თქმულს კიდევ ერთსაც დავამატებ, გულიანად რომ გაიცინო, თუმცა, ეს
ძველი ამბავია და შენც იცი. სირიიდან დაბრუნებულმა მაშინვე გიამბე: თუ როგორ
ვიმგზავრეთ მე და პერეგრინმა ტროადიდან ზღვით. როგორ თავნებობდა გზაში, თან ვიღაც ჭაბუკი მოჰყავდა, რომელიც დაერწმუნებინა კინიკოსობის გზას დასდგომოდა, რათა თვითონვე ჰყოლოდა იგი ალკიბიადეს რანგში. ან როგორ შეშინდა, როცა შუა ეგეოსის ზღვაში ღამით წყვდიადი ჩამოწვა, ვეებერთელა ზღვის ტალღები აზვირთდა. როგორ მოსთქვამდა ის ქალებთან ერთად, ეს გასაოცარი კაცი, სიკვდილზე აღმატებულად რომ მოჰქონდა თავი.
  44. თავის აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე, ასე, დაახლოებით ცხრა დღის წინ,
ბერიკაცი, უნდა ვიფიქროთ, რომ მან უზომოდ მიირთვა, მთელი ღამის განმავლობაში
აღებინებდა და ძლიერმა ციებ-ცხელებამაც შეიპყრო. ეს ამბავი მე ექიმმა ალექსანდრემ მიამბო, რომელიც პროტევსის გასასინჯად დაიბარეს. ალექსანდრემ ავადმყოფს ძირსმხოხავს მიუსწრო. პროტევსი სიცხეს ვეღარ უძლებდა და ექიმს რაიმე ცივს გაგიჟებით სთხოვდა თურმე. მან კი არ მისცა არაფერი. თქმით კი უთხრა, რომ ყოველ შემთხვევაში, თუკი ის მართლაც აპირებდა სიკვდილს, ახლა თვითონ ის უკაკუნებდა კარზე. ასე რომ, კარგი იქნებოდა, თან გაჰყოლოდა და ხელი აეღო ცეცხლზე. მას კი თავის მხრივ უპასუხია: "სიკვდილის ეგ გზა ჩემს სახელს ვერაფერს შესძენს, რადგან ეგ ყველას ხვედრიაო".
  45. ალექსანდრესაგან შევიტყვე ყოველივე ეს. მე კი არცთუ მრავალი დღის წინ
თვითონვე ვნახე, თუ როგორ წაიცხო პერეგრინმა ქუთუთოებზე რაღაც მძავრი სუნის
წამალი, თვალზე ცრემლი რომ მოსდგომოდა. ხედავ? დიდი სიამოვნებით არ ღებულობს თურმე ეაკი მრუმედ მხედველებს. ეს ხომ იმას ჰგავს ჯვარცმის წინ კაცმა დაშავებულ თითზე იზრუნოს. როგორ გგონია შენ, დემოკრიტე რას იზამდა ამის მნახველი? სამართლიანად არ დააყრიდა სიცილს ამ კაცს? თუმცა, სად მოიძიებდა დემოკრიტე ამოდენა სიცილს? მაშ, იცინე შენც, ჩემო კეთილო, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მოისმენ სხვანი როგორ აღფრთოვანებულნი არიან მისით.

  შენიშვნები:
  1. პერეგრინი - არის ლათინური საზოგადო სახელი და ნიშნავს "სახლს გარეთ",
"საზღვრებს მიღმა", "უცხოეთში მავალ კაცს". რომის მოქალაქეობის მრვალსაფეხურიან სისტემაში პერეგრინი, ლათინისაგან განსხვავებით, აღნიშნავდა ისეთ თავისუფალ ადამიანს, რომელსაც როგორც ნორმა, მინიჭებული ჰქონდა ბუნებითი კანონი - ius gentius, პერეგრინთა ზოგიერთი თემი კი ფლობდა ქორწინების - ius concubi და ვაჭრობის ius comercia -ს უფლებასაც. პერეგრინის ძვ. ბერdნული მესატყვისი იყო მეტეკი. რომის იმპერიაში 211 წ-ს იმპერატორ კარაკალას (211-217) მიერ გამოცემული კონსტიტუციის თანახმად, რომის ყველა მოქალაქე აბსოლუტურად თანაბარუფლებიანი გახდა და პერეგრინმაც, როგორც თავისუფალი მოქალაქის რაღაც გარკვეული დონის აღმნიშვნელმა ტერმინმა არსებობა შეწყვიტა.
შემდგომში ეს სიტყვა ლათინურიდან იტალიურში გადავიდა უკვე ქრისტიანული
შინაარსით და აღნიშნავდა "მოხეტიალე, ყველგან მავალ მომლოცველს". მას ახსენებს
დანტეც (სამოთხე, ქება 31, 43;) იგი იტალიურიდან ფრანგულ და გერმანულ ენებ'მი
გადავიდა, გერმანული ენის მე "მეშევეობით კი XVII ს-ის რუსეთშიც შეაღწია, იქედან კი ჩვენთან. პერეგრინის წარმართულ ქართული ყოფიდან ქრისტიანულ მწერლობაში გადმოსული შესატყვისია "მწირი - სხვით მოსრული" (იოანე საბანისძე), აგრეთვე "მსხემი", "ყარიბი". რუსთველი კი მწირის მაგივრად იყენებს არაბული წარმომავლობის "ღარიბს", თანაც სრულიად საერო დატვირთვას ანიჭებს მას, რა თქმა უნდა, თუკი ჩვენ პოემის ალეგორიულობას უგულებელვყოფთ: "წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ შეეკაზმა" (176); "ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი?! (790).
  პერეგრინი - ეს საზოგადო სახელი ლუკიანე სამოსატელმა საკუთარ სახელად აქცია.მაგრამ მიუხედავად ამისა, ლუკიანეს პერეგრინისა, თუ ამ სახელს ამოფარებული სხვა პიროვნების ისტორიულობას ადასტურებენ: რომაელი ავტორი ავლიუს გელიუსი (II ს). იგი თავის "ატიკურ დამეებში" პერეგრინს სერიოზულ და გაწონასწორებულ ადამიანს უწოდებს. მას ახსენებს აგრეთვე ეკლესიის ისტორიის მამად წოდებული ზომიერი არიანელი ევსევი კესარიელი (260-339). იუალინე განდგომილის გამაღმერთებული ამიანე მარცელინუსი (IVს) და სხვანი.
  პერეგრინის პიროვნებით არაერთხელ დაინტერესდა მკვლევართა გამომეძიებელი
გონება. ზოგმა მის პიროვნებაში, ლუკიანეს ნაწარმოებში მოყვანილი მონაცემების
თანახმად, ანტიოქიის ეპისკოპოსი, მოწამე, ადრექრისტიანობის დოგმატიკის ფუმემდებელი, ეგნატე ღმერთშემოსილი (69-100-107-110) დაინახა (დ.ფელტერი). თუმცა პერეგრინის პიროვნებაში ასვევე თამამად შეიძლება მოვიაზროთ მოწამე პოლიკარპე სმირნელი (69-156-160), მომსწრე და თვითმხილველი იოანე ღვთისმეტყველისა. 80 წლის პოლიკარპეს აზიის ჰროკონსულმა კვადრატმა კოცონზე დაწვა მიუსაჯა. იგი გალობით შეხვედრია თავის აღსასრულს, ხოლო მორწმუნენი, შემსწრენი ამ ფაქტისა, ირწმუნებოდნენ, რომ საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ გამოფრინდა მტრედის სახით პოლიკარპეს სული ცეცხლიდან.
  პერეგრინის პიროვნებით ასევე დაინტერესებულა და მისი რეაბილიტაცია უცდია
გერმანელ განმანათლებელსა და ლუკიანეს შემოქმედების უბადლო მთარგმნელს კრისტოფ მარტინ ვილანდს (1733-1813);
  პერეგრინი და მით უმეტეს, მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა მხედველობიდან არ
გამორჩენია ქრისტიანობის ისეთ მოძულესა და კრიტიკოსს, როგორიც ფ. ენგელსი იყო. იგი თავის ნაშრომში "ადრეული ქრისტიანობის კრიტიკისათვის" წერდა: ჩვენ ვერ ვიქნებით იმაში დარწმუნებულნი, შეიპარა თუ არა რამე ჩვენს ახალ ადთქმაში იმ მრავალრიცხოვან თხზულებათაგან, რომელთაც თხზავდა პერეგრინი.
  2. კრონიოსი - ლუკიანეს ადრესატის, კრონიოსის შესახებ სხვა წყაროები არ
არსებობს, რის გამოც იგი ხან ფილოსოფოს-ეპიკურილად (ეპიკურე - 342-270) არის
მოხსენიებული მეცნიერთა მიერ, ხან კი ფილოსოფოს-პლატონიკოსად (პლატონი - 427-327). არადა, მათ ფილოსოფიურ სისტემებს შორის დიდი განსხვავებაა.
  3. იცხოვრე შეუმხნევლად lathe biosas ეპიკურეს ფილოსოფიის ერთ-ერთი
ძირითადი თეზა. ფილოსოფოსი გონივრულად მიიჩნევდა კანონმორჩილებას, მაგრამ
ითვალისწინებდა რა პოლიტიკური სიტუაციის არამდგრადობას, ოფიციალურ
თანამდებობისა და სახელის ძიებისაკენ სწრაფვას, მეგობართა წრეში მშვიდ ცხოვრებას ანიჭებდა უპირატესობას.
  4. სიკვდილის, თუ თვითმკვლელობის წინ შესაფერისი სიტყვის წარმოთქმამ -(გავიხსენოთ სოკრატეს საუბარი თავის მოწაფეებთან, პლატონის დიალოგი - "ფედონი", ქსენოფონტეს - "სოკრატეს აპოლოგია") - განსაკუთრებული მნიშვნელობა იმპერიის ეპოქაში შეიძინა. თვითმკვლელობა ხდებოდა საჯაროდ, ბრძნული სენტენციების წარმოთქმით და ერთგვარ სპექტაკლსაც კი წარმოადგენდა, ამიტომ პირველქრისტიანთა სიკვდილისწინა დუმილი ელინიზირებულთათვის ახალი რელიგიის არცთუ დიდი გონებრივი გაქანების მაჩვენებლად მიიჩნეოდა. შემდგომში საზოგადოებისადმი სიკვდილისწინა მიმართვა ქრისტიანულ მწერლობაშიც დამკვიდრდა და მას უკვე ჩვენს "შუშანიკის წამებაში" დუმილის გვერდით ვხვდებით.
  5. ელიდა - პელოპონესის ჩრდილო დასავლეთის მხარე. 570 წ-დან იქ იმართებოდა
ოლიმპიური თამაშობანი, თუმცა საბერძნეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მას დიდი როლი არ ჰქონდა დაკისრებული.
  6. გზაჯვარედინი - ამით ლუკიანე ირონიულად მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ როგორც წესი, საბერძნეთის მოსახლეობა სამი გზის შესაყარზე ჰეკატეს საგზალს: სადილის, ან შესაწირის ნარჩენებს აწყობდა, რითაც უღარიბესი მოსახლეობა და თვით კინიკოსებიც სარგებლოდნენ.
  7. ტალანტი - მასის ერთეული. საბერძნეთში შევიდა წინა აზიიდან, კერმოდ
სპარსეთიდან. იწონიდა 26,2 გკ-ს ჰომეროსთან ტ. ადნიშნავს სასწორის პინას. ტალანტმა "ღვთივმომადლებული უნარების" მნიშვნელობა ბიბლიის გავლენით შეიძინა.
  8. ჰერაკლე - ეს გმირი კინიკოსებს თავის მფარველად და მიბაძვის ობივქტად
მიაჩნდათ.
  9. თეაგინე ისტორიული პიროვნება, II ს-ის კინიკოსი, პერეგრინის მიმდევარი.
  10. ოლიმპია - ზევსის სამლოცველო და თემენი (მამული) ელიდაში, სადაც ოთხ
წელიწადში ერთხელ, ზაფხულობით, იმართებოდა ზევსისადმი მიმღვნილი სპორტული თამაშობანი. ოლიმპიადის დაწყების თარიღი - 770 ბერმნებმა ნაციონალურ წელთაღრიცხვადაც კი აქციეს. მასში მონაწილეობა და დასწრება მაყურებლის რანგში მხოლოდ საბერმნეთის იმ თავისუფალ მოქალაქეს შეეძლო, რომელსაც ხელი სისხლში არ ჰქონდა გასვრილი. თამაშობების დროს ყველა საომარი ოპერაცია წყდებოდა და ოლიმპოში მომსვლელ-წამსვლელს საღმრთო მშვიდობა იცავდა. ოლიმპიური თამაშების უმაღლესი ჯილდო ზეთისხილის ტოტებით შეთხზული გვირგვინი იყო, ამიტომაც იხილა ვიღაცამ პროტევსი სწორედ ასეთი გვირგვინით.
  11. თვითმკვლელობა არ წარმოადგენდა ბერძენთა ცხოვრებისეულ ნორმას, თუმცა
ესქილე (V1 ს.), სოფოკლე, ევრიპიდე ( V ) და პლატონი (-427-347) მას ამართლებდნენ
გარდუვალი შერცხვენის, პირადი უბედურებისა, თუ განსაკუთრებული ავადმყოფობების ჟამს. თვითმკვლელს არ ეკუთვნოდა დაკრძალვის ცერემონიის პატივი. თვითმკვლელობა სოფისტებმა, კინიკოსებმა და შემდეგ სტოიკოსებმაც უპირობო თავისუფლების რანგში აიყვანეს. სენეკას (-45+65) აზრით, "განსაჯო ძალადობა საკუთარ სიცოცხლეზე" ნიშნავს იმას, რომ "გზა გადაუკეტო თავისუფლებას". ასევე საინტერესოა, რომაელი პოეტის, სენეკას ნათესავის, ლუკანის, სიტყვები "იარაღი იმისთვის არსებობს, არავინ იყოსო მონა". ეს იარაღი კი აუცილვბლად იყო მიმართული მფლობელისაკენ და არა ტირანისკენ, როგორც ეს საფრანგეთის რევოლუციის 1789 ჟამს იაკობინელებმა გაიგეს და ამოკვეთეს კიდეც ლუკანის სიტყვები თავიანთ იარაღზე.
  12. სინოპელი - იგულისხმება დიოგენე სინოპელი. შემდეგ ჩამოთვლილ
ფილოსოფოსთა ქრონოლოგიური და სუბორდინაციული დამოკიდებულება ასეთია:
სოკრატე (-470-399), ანტისთენე (-444-366), კინიკური სკოლის ფუძემდებელი. დიოგენე სინოპელი (412-323). კინიზმის მიმდევართა აბსოლუტური უმრავლესობა იყო მეტეკი ე. ი. პერეგრინი (ლათ), რასაც მათი კოსმოპოლიტობის უმთავრეს მიზეზად მიიჩნევენ.
  კინიკოსთა ფილოსოფიას ჰქონდა სამი მთავარი საყრდენი: 1. ასკეზა - სულის წვრთნა იდეების პრაქტიკაში განხორციელებით; 2. აპაიდეუსია - გაუნათლებლობა და უკულტურობა; 3. ავთარკია - მცირედით, ხელმისაწვდომით, კმაყოფილება და აქედან გამომდინარე, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
  13. ფიდიასი, სახელგანთქმული dვ. ბერძენი მოქანდაკე მსრფლიოს შვიდ
საოცრებათაგან ერთის, ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების ავტორი(-V), "მაღალი კლასის წარმომადგენელი". ფიდიასმა ზევსის მჯდომარე ქანდაკება ოქროს, სპილოს ძვლისა და ხისგან შექმნა და მას ხშირად მონეტებზეც გამოსახავდნენ ბერძნები.
  14. ცეცხლი წყალთან ერთად ბერძნული სამყაროსთვისაც განწმენდის საშუალებად
იყო მიჩნეული, ხოლო გვამის კრემაცია მიწაში დაფვლის პარალელურად არსებობდა
ბერძნულ-რომაულ სამყაროში. კრემაცია განსაკუთრებით რომის იმპერიის პერიოდში
გავრცელდა. მე-2-საუკუნიდან იწყება მისი შემცირება, 400 წელს თითქმის წყდება. 786
წელს კი ოფიციალური საეკლესიო დადგენილებით იკრძალება.
  15. მატერიალისტ ჰერაკლიტე ეფესელს (-564-483) ბერმნული ტრადიცია პირქუშად წარმოსახავდა, მის ნაწერებს კი უწოდებდა ბნელს, განსხვავებით ატომისტ დემოკრიტესი (-460-37), რომელსაც სახემღიმარს უწოდებდა და ასეც წარმოაჩენდა სულ.
  16. პოლიკლეტე (-V) გამოჩენილი ბერძენი მოქანდაკე "მაღალი კლასიკის"
წარმომადგენელი, რომლის ქმნილება "'შუბოსანი" მამაკაცის სილამაზის ეტალონად
ითვლებოდა.
  17. სომხეთი - სომხეთის მეფის ტიგრან II დიდის დროს (-95-55) ლუკიანეს სამშობლო, სირიის ჩრდილო ჰროვინცია კომაგენა სოფენას, ატროპატენას, კაბადოკიისა და შუამდინარეთის ნაწილთან ერთად სომხეთის შემადგენლობაშიც კი შედიოდა -66 წლამდე. სანამ რომმა არ დაამარცხა ტიგრან II., ასე რომ, ლუკიანეს, როგორც კომაგენას კოსმოპოლიტური დედაქალაქის, სამოსატას, მკვიდრს, კარგად უნდა სცნობოდა სომხეთიც და სომხებიც, რომელნიც ადრიდანვე ამჟღავნებდნენ უცხო მხარეში საოცარი ინტეგრირებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების უნარს. ნერონის დროიდან, 62 წლიდან, არშაკიდების პართიული დინასტიის წარმომადგენლებს სომხეთის ტახტზე რომი აძლევდა სანქციას.
  18. მრუშობა ოქტავიანე ავგუსტუსის დროიდან ისჯებოდა გაძევებითა და ქონების
ნაწილის კონფისკაციით. ხოლო დასჯის ის ფორმა, რასაც ლუკიანე გადმოგვცემს,
ნამდვილად რომ უნდა ყოფილა პრაქტიკაში, ამის დასამტკიცებლად არისტოფანეს კომედია "ღრუბლებს" მიუთითებენ ხოლმე.
  19. მამაკაცთა შორის ეროტიკულ-სექსუალურ კავშირში ძვ. ბერძნული ტრადიცია
(მაგ. პლატონი "ფედრასა" და "ნადიმში") ღმერთების ბაძვას ხედავდა და ეთიკურ
საფუძვლებსაც უძებნიდა მას. რომაულისაგან განსხვავებით, ბერძნები ასეთ სიყვარულში სულიერ მხარეს აფასებდნენ.
  20. ოჯახის უხუცესი წევრისადმი ზრუნვა არ იყო შეტანილი ბერმნულ-რომაული
სამართლის რეგლამენტში. ეს საკითხი ოჯახის წევრთა მორალურ ვალდებულებად
ითვლებოდა. მამისმკვლელებს წყალში დახრჩობას უსჯიდნენ.
  21. გაძევება ძირითადად პოლიტიკური და რელიგიური დანაშაულისათვის ესჯებოდა კაცს, მაგრამ თვითგაძევებას კანონი კრძალავდა.
  22. II საუკუნეში ახალი აღთქმის წიგნთა ნუსხა ჯერ არ იყო საბოლოოდ
ჩამოყალიბებული.
  23. ქრისტიანები ჯერ კიდევ ეთაყვანებიან - ქრისტიანობის მკვლევარს ა. ბ.
რანოვიჩს ეს წინადადება ჩამატებულად მიაჩნდა.
  24. ჯვარზე გაკრული სოფისტი - ძვ. საბვრძნეთსა და რომში ბევრი ფილოსოფიური
სკოლა და მიმდინარეობა იყო, მაგრამ მათ საზოგადოებრივი აზრის მპყრობელობაზე
პრეტენზია არა ჰქონდათ, ამიტომაც ესახებოდათ მათ ქრისტე არა ყოვლისმპყრობელად (V11 საუკუნიდან მკვიდრდება ეს სიტყვა), არამედ რომელიღაც ახალი სკოლის მეთაურად. ქრისტეს სოფისტად, სოფისტმთავრად აღიქვამს ქრისტიანი მწერალი პალადიუს ელინოპოლელიც, ვინაიდან ეკლესია და თვით მთელი სამყაროც ეს იესოს სკოლაა (didakalei`on). მაცხოვრის მიმდევრებმა სახელწოდებად ქრისტიანები თვითონ ოფიციალურად II საუკუნის შუა წლებ'მი ანტიოქიის ადგილობრივ კრებაზე დაიკანონეს.
  25. პარიონი - ჰელესპონტის ექვს ქალაქთაგან ერთი. ჰეროდოტეც ახსენებს მას
თავის ისტორიაში.
  26. კრატეტ თებელი - დიოგენე სინოპელის მოწაფე, რომელმაც მთელი თავისი
ქონება თებელებს დაურიგა.
  27. იგულისხმება ჰეკატეს საგზალი, რის ჭამასაც ქრისტიანები კრძალავდნენ;
  28. ქონების უკან დაბრუნება. მოანდერძეს უფლება ჰქონდა ანდერძი შეეცვალა და
ნაანდერძევი უკან გამოეთხოვა. კანონიერად ითვლებოდა ბოლო ანდერძი. მაგრამ თუ მეორე ანდერძში გარკვევით არ იყო თქმული პირველის გაუქმების შესახებ, ორივე კანონიერად მიიჩნეოდა.
  29. აგატობულე II საუკუნის ფილოსოფოს-კინიკოსი. ალვქსანდრიაში მას ბევრი
მოწაფე ჰყავდა.
  30. ამგვარი განურჩევლობითა და მოურიდებლობით ინტიმური ურთიერთობისას
კინიზმის ისტორიიდან განსაკუთრებით ცნობილია კრატეტ-თებელი თავის მეუღლე
ჰიპარქიასთან ერთად, თვით ამ სიტყვის კინიკოსთა ლექსიკონში დამკვიდრება, როგორც ფილოსოფიური ტერმინისა ეპიქტეტეს (50-135) დამსახურებაა.
  31. გაწკეპვლა ორგიასტულ კულტებს ახასიათებდათ და ითვლებოდა განსაწმენდელ წეს-ჩვეულებად. ფლაგელანტების - თვითგაწკეპვლის მოსურნეთა დიდმა ტალღამ დასავლეთ ევროპას 1260 წელს გადაუარა პირველად.
  32. სულის თავისუფლებას, შინაგან თავისუფლებას პირველი კინიკოსები
გადმოსცემდნენ სიტყვით „ავთარკია". ლუკიანემ კი ამ შინაარსის გადმოსაცემად გამოიყენა "ელევთერია", რისი უპირველესი მნიშვნელობაც პოლიტიკური თავისუფლება, დამოუკიდებლობა იყო.
  33. 1. მუსონიოს რუფესი; 2. დიონ ოქროპირი (40-120); 3. ეპიქტეტი (50-135).
  34. ჰეროდე ატიკელი (-101-177) ბერმენი, ათენელი მდიდარი, პოლიტიკური
მოღვაწე და ორატორი, II სოფისტიკისა და ატიციზმის წარმომადგენელი, მარკ
ავრელიუსისA და ლუციუს ვერუსის აღმზრდელი. მან ააშენა ახალი საკონცერტო დარბაზი "ოდეონი" ათენში, მარმარილოთი მოაპირკეთა სტადიონი, გაიყვანა წყალი ოლიმპიაში.მისი შემოქმედებიდან ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.
  35. ძვ.საბერმნეთსა და რომში არსებობდა "თავშესაფრის უფლება", რაც უპირველეს
ყოვლისა, ტაdრებს ევალებოდა. შეფარებას ექვემდებარებოდა როგორც თავისუფალი, ასევე დამოკიდებული პიროვნება. ამ წესის დამრღვევი იღებდა საკრალურ, ან სახელმწიფო ადმინისტრაციულ სასჯელს. იმპერატორთა ეპოქაში თავშესაფრის უფლება იმპერატორის კულტის შემადგენელი ნაწილი გახდა.
  36. ამან კი ოლიმპიაში... ოლიმპიაში ზევსის სამლოცველოს დამაარსებლად და
ოლიმპიური თამაშების შემომღებადაც ჰერაკლე ითვლებოდა.
  37. კინიკოსები არ იყვნენ ორთოდოქსი ათეისტები. ისინი მონოთეიზმის პოზიციაზე იდგნენ.
  38. ფალარისი - აკრაგანტის ტირანი მისი ბრdანებით მტრებს ცოცხლად წვავდნენ სპილენმის ხარის სხეულში.
  39. არტემიდეს ტაძარი ეფესომი - მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთი.
ჰეროსტრატემ იგი -356 წელს ალექსანდრე მაკედონელის დაბადების ღამეს გადაწვა.
გაკვირვებულმა ხალხმა ეს მოვლენა ასე ახსნა: არტემიდე ბებიაქალობდა ალექსანდრეს დაბადებისას და თავისი ტაძარი ამიტომ ვერ დაიფარაო. ჰეროსტრატე კი უარყოფითი შინაარსის სახელად იქცა. ვაჟამ ილიას მკვლელები (ე.ი. სოციალ-დემოკრატები) ამ სახელით მოიხსენია.
  40. გარეწარი - გულისხმობდა ერთიანი რელიგიური, სახელმწიფოებრივი, ან
ეთნიკური წრის მიღმა მყოფს. გარეწარი=გარეწრელი=გარესკნელელი.
  41. როგორც ამას ტრაგედია მოგვითხრობს - იგულისხმება სოფოკლეს (-496-406) ტრაგედია „ტრაქეელი ქალები", რომელიც სწორედ ჰერაკლეს სიკვდილის თემაზეა შექმნილი. (სტრ.750-860).
  42. ონესიკრიტი - დიოგენე სინოპელის მოწაფე ალ. მაკედონელის ინდოეთმი
ლამქრობის მონაწილე, მან ქსენოფონტეს "კიროპედიის - კიროსის აღზრდა"- მიხედვით დაწერა წიგნი მაკედონელზე, რომელშიც იგი კულტურთრეგერისა და კინიკური გმირის შარავანდედით შემოსა. ონესიკრიტი აიდეალებდა ბრაჰმანებს, ჰიმნოსოფისტებს (ქართ.ჰაგიოგრაფიაში "შიშველ-მართალნი") და მათთან ხშირად საუბრობდა ინდურ და ბერმნულ ფილოსოფიაზე. მის მიერ მოხსენიებულ კალანს დიდი მეგობრობა ჰქონდა ალ. მაკედონელთან (-356-323).
  43. სიბილა - ქალ წინასწარმეტყველთა საზოგადო სახელი. ისინი მოსულან
აღმოსავლეთიდან. სხვადასხვა დროს მოსულ სიბილათა რიცხვი სულ 10 იყო. სიბილას სიცოცხლის ასაკს 1000 წლით განსაზღვრავდნენ. სიბილას წიგნთა რაოდენობა 14-ს შეადგენდა და რომში, აპოლონის ტაძარში, სახელმწიფოს მიერ იყო დაცული. მას საშველადაც მიმართავდნენ ხოლმე. 400 წელს სტილიქონმა დაწვა ისინი.
  44. ბაქიდე - მითიური წინასწარმეტყველი პოპულარული იყო ბეოტიაში, ატიკასა და არკადიაში. მისი წინასწარმეტყველებანი ჰეროდოტესაც მოჰყავს თავის ისტორიაში. წინასწარმეტყველებანი საზოგადოდ ბერძენ-სპარსელთა ომების დროს (-500-449) იყო უაღრესად პოპულარული და თვით II საუკუნეშიც, როცა ჩვენი ავტორი ცხოვრობდა. ნაწარმოებში მოხმობილი ორივე წინასწარმეტყველება ლუკიანეს პაროდიაა.
  საზოგადოდ, ძვ.საბერმნეთში ბევრი სამისნო იყო. თუმცა, მათი უმთავრესი ცენტრი დელფოსში (ფოკიდა) არსებული აპოლონის ტაძარი გახლდათ. იქ ინახებოდა ქვა-ომფალო, სამყაროს ჭიპი და ახლადშექმნილი ბერმნულ ქალაქთა კონსტიტუციებიც დელფოსიდან იღებდნენ სანქციას. პირველად მისნობის კრიტიკას სოფისტიკამ მოჰკიდა ხელი.
  45. " ნესტორს ხმაური არ გამოჰპარვია" - "ილიადა" (XIV ს.).
  46. ელანოდიკები - ელინი მსაჯულები. მათი რიცხვი 1-დან 9-მდე მერყეობდა. ისინი ცხრა თვე გადიოდნენ მომზადების კურსს, თვალყურს ადევნებდნენ შეჯიბრზე მოხვედრის პროცედურას, თვით შეჯიბრს. მათ ევალებოდათ აგრეთვე გამარჯვებულის გამოვლენა, დაჯილდოება და სიაში შეტანა. მათი გადაწყვეტილებანი არ ექვემდებარებოდა განხილვას, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც შეიძლებოდა.
  47. კლასიკური საბერმნეთისათვის დამახასიათებელ "სახელისათვის ამაყ თრთოლვას" იმპერიის ეპოქაში სახელის ნებისმიერი გზით შეძენის წყურვილი ცვლის.
  48. ჰარპინა - ადგილი. ოლიმპიიდან 4 კმ-ის დაშორებით.
  49. ლიბანის ხის საკმეველის შეტანა ძვ.საბერძნეთში დაახლოებით ჰეროდოტეს (-
458-425) პერიოდ'მი დაიწყეს.

  50. ლუკიანე სამოსატელს თვითონაც ჰქონდა კინიზმით გატაცების პერიოდი. სოკრატეს მოწაფეებთან ერთად გამოსახვა, საიდუმლო სერობის სცენის ანალოგიურია.
  51. ეს პრობლემა, სამწუხაროდ, მეორმოსვლამდე იარსებებს.
  52. ძვ. ბერძნულ რელიგიას არ ჰქონდა რეგლამენტირებული დოგმატიკა, რაც დიდ
გასაქანს აძლევდა ხალხურ რწმენას, რომლის ძირითადი მიზანი ღვთის მიმხრობა,
უბედურების აცილება და მომავლის შეტყობა იყო. მინიშნების ფუნქცია ჰქონდა სიზმარს, ფრინველთა ფრენის ტრაექტორიასა თუ მიმართულებას, შემთხვევით შეხვედრებს ადამიანებთან თუ ცხოველებთან, ატმოსფერულ მოვლენებს. ლუკიანეს დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა ლიდიელი არტემიდორეს (120-170) "სიზმრების განმარტებათა ხუთწიგნეული".
  53. წვერის ტარება ახლო აღმოსავლური წესი ვახლდათ და ის მიკენური ეპოქიდან (-
1500 წელს, მეორე ათასწლეულის II ნახევრიდან) ალ.მაკედონელის იმეპერატორობამდე ბერძნებშიც ნორმას წარმოადგენდა. რომის იმპერატორ ადრიანეს დროიდან (117-138) ის კვლავ შემოდის მოდაში კონსტანტინე დიდამდე (272-337).
  54. შვიდხმიანი ჭიშკარი - სვეტების ერთობა, სადაც ხმა, ექო, შვიდჯერ მეორდებოდა. ეს ჭიშკარი ოლიმპიაში ზევსის ტაძართან ახლოს იყო.
  55.ფუტკარი-შრომისმოყვარეობა, ჭრიჭინა-უზრუნველობა, ყვავი-წინასწარმეტყველება.

კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 1954 | დაამატა: varse9788 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ქეთევან ჯერვალიძე  
0
ბატონებო, ლუკიანე სამოსატელი მარად თანამედროვე მწერალია, უაღრესად საინტერესო ეპოქის შვილი, ხოლო მისი "ამბავი პერეგრინის აღსასრულისა" კი - უპოპულარულესი თხზულება მთელი შუა საუკუნეებისა, თვით ძველი ბერძნული ენა კი გახლავთ მკვდარი ენა. მე ძალიან ბევრი ვიშრომე და დიდი დრო შევალიე მის თარგმნას, შესავალ წერილს, (რომელიც აქ არ არის წარმოდგენილი), კომენტარებს და წარმოიდგინეთ ახლა ვხედავ, რომ მითითებულიც არ არის ჩემი გვარი. თუკი მთარგმნელებისადმი ასეთი დამოკიდებულება სთქვენი ადმინიტრაციის პოლიტიკაა, ძალიან დამწყდება გული, მაგრამ თუკი ვერ გაითვალისწინეთ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ეს უკვე მისატევებელია და მეც ადამიანურად გაგიგებთ.
პატივისცემითა და კეთილი სურვილებით ქეთევან ჯერვალიძე

სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024