მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ოთხშაბათი, 22.11.2017, 22:59
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 148

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 24 » ბასიანის ბრძოლა – (ლადო ასათიანი)
23:03
ბასიანის ბრძოლა – (ლადო ასათიანი)
1


დედაქალაქში მოვიდა დესპანი გამოჩენილი,

ნუქარდინს გამოეგზავნა თამარისათვის წერილი.

ენისგან უთქმელს, უკადრისს იწერებოდა მურდალი:

"მე, იკონიის სასულთნოს სახელოვანი სულთანი.

გამცნობ ქართველთა მეფესა (მეფეთა გადამჯეგელი),

რომ დედაკაცი ყოველი არის შენსავით რეგვენი.

იქამდი როგორ ამაღლდი, ან ისე როგორ გალაღდი,

რომ დღეს სუყველა გმორჩილებს, ვისაც მონებდი მანამდი,

რომ ქვეყანაზე გაისმის შენი ჯარების გნიასი!

ლამის სირცხვილით დავიწვათ, თავზე გვაზიხარ დიაცი!

ან რა უფლებით გაბედე ხელში იმ ხმალის დაჭერა,

რომელიც დიდმა ალაჰმა მარტოდენ ჩვენთვის გაჭედა,

მარტოდენ ჩვენთვის გაჭედა და ვით იქნება, ასპიტო,

რომ იმით ქრისტიანებმა მუსულმანები გაწყვიტონ.

მუსულმანები გაწყვიტონ და პირჯვრის გადასახვამდი

აჰკრიფონ გაუგონარი ბეგარა-გადასახადი!

ჰოდა, რადგანაც საკუთარ ბუნაგში აღარ ჩერდები,

ახლა მე შენზე მოვდივარ ჩემი მამაცი მხედრებით.

გამომიწვრთნია ომისთვის მშვიდობას შეუჩვეველნი,

წინ მანქანები მომიძღვის, სიმაგრეების მნგრეველი,

უნდა იმგვარად დავლეწოთ თქვენთა ციხეთა ბურჯები,

რომ ხორნაბუჯში ხორნაბუჯს ეძებდეს ხორნაბუჯელი,

რომ დაგავიწყდეთ მარადის ლახვარ - მახვილის აღება,

რომ მზეს კვლავ ვეღარ შესცინოს ქართულმა ბაირაღებმა.

მაგრამ, უგბილო დიაცო, თუ ჩემი ჯარის მოსვლამდი

შენს რჯულს უარყოფ, რომელსაც მუდამ დიდებით მოსავდი,

მაჰმადიანი გახდები, კარავში გამოცხადდები,-

შეგიწყალებ და შეგინდობ, სულაც არ გაგიცხარდები.

ეს მხოლოდ შენთვის ლამაზო, სხვას არვის ვაძლევ არჩევანს,

ისე დავანგრევ ქვეყანას, მთხრობელიც აღარ დარჩება!”


2


ცას ჰგავდა ვარსკვლავიანსა სამეფო სახლის თავანი.

ტახტზე დიდბუნებოვანი შვენოდა მეფე თამარი.

სულთანის გამოგზავნილი ხელში ეჭირა წერილი ―

დიდი ტრიალი მინდორი, ცხენთაგან გადათელილი.

წინ ელჩი იდგა, დაღლილი მგზავრობის დავიდარაბით

(სარკმლიდან ჩანდა, ეზოში ლომებს აჭმევდა არაბი).

ბატონკაცური დუმილით დუმდა დიადი დარბაზი.

წითელი ოქრო გინდოდა, თუ ზღაპრად თქმული ალმასი!

მდიდრულ კედლებზე ელავდა ინდოეთი და ელადა

და სტავრა არაბეთისა ცეცხლის ალივით ღელავდა…

ეს ნაკადული ნანაობს თუ ყანა ნათავთავარი! —

სულთანის წერილს კითხულობს შუბლშეჭმუხვნილი თამარი.

"ნეტავი დღესვე მიბრძანოს ურჯულოებზე თარეში”, —

ფიქრობს მხარგრძელი და თავის

პატრონს შეჰყურებს თვალებში.

მიწყდა ხმა ნაკადულისა — მეფემ გადადო წერილი

და ელჩისაკენ მიბრუნდა შველივით ყელმოღერილი:

— სხვას კიდევ რაღას გვიბრძანებს სახელოვანი ნუქარდინ,

ჯერ არც კი ამხედრებულა, ქვეყანა შესძრა მუქარით.

— სხვა, ესეც შემოგითვალათ:

"თუ რჯულს დასტოვებს თამარი,

შევინდო, ცოლად შევირთო, ვუბოძო საქმრო ქამარი,

მაგრამ თუ ასე არ იზამს, მტერი ყოფილა თავისა,

რჯულს ძალით შევაცვლევინებ და მერე ხასად დავისვამ! … "

სისხლი მოაწვა მხარგრძელსა, გული ქარ-ცეცხლით აევსო,

ერთი ხმამაღლა შეჰკივლა: — რა სიტყვით სწამლავ ჰაერსო.

და პატრონივით ენაბილწს სილა გააწნა ისეთი,

გონდაკარგული დაასკდა იატაკს ეშმაკისერთი.

წარბები შეჰკრა თამარმა — რად მოეპყარო უშვერად?!

— თავსაც მოვჭრიდი, მეფეო, მაგრამ ელჩობამ უშველა.

რაინდი მეფის ძვირისმთქმელს ბევრს როდი ალაპარაკებს, —

დილეგში წაიყვანეთო! — კუშტად უბრძანა არაბებს.

ფეხზე წამოდგა მნათობი, მეფეთა მეფე თამარი.

ამირსპასალარს მიმართა: საზრუნავი გვაქვს მთავარი,

მტრის ღირსეულად დახვედრა ნუ გვეგონება ადვილი,

ამაღამავე მოვაწყოთ დიდებულების თათბირი.

გადაწყდეს, სეფე ჯარს ვენდოთ, თუ ქუდზე კაცი შევყაროთ,

რომ თურქმა შემოსეულმა ბოლოს ვერ დაიმკვეხაროს,

თორემ ტვინამღერებული ქვეყანას საფრთხეს უქადის.

გმირულად, მამაპაპურად დავხვდეთ სისხლისმსმელ ნუქარდინს.

— ნება შენია, მეფეო! - დინჯად ეტყოდა მხარგრძელი, —

ომი მომწყურდა, ამ ქვეყნად უომრად ვეღარ გავძელი.

დარბაზის ერი მოვიხმოთ და ასჯერ განსჯილ ბრძანებით,

ბრძოლის ველისკენ ვაფრინოთ ჩვენი სამშობლოს ჯარები. —

ომი უნდოდა მხარგრძელსა, ჯაჭვის პერანგის მორგება,

ვაჟკაცსა სახელიანსა ისე არ დაედგომება…

წინ ჩაუქროლეს განვლილმა, გაცივებულმა ომებმა.

ეზოში ზარბაზნებივით დაიღრიალეს ლომებმა.





ვინც კი იარაღს ატარებს, გულითადია მეფისა,

ვინც დროშას გორგასლიანსა დაუჩოქა და შეჰფიცა,

ყველა ლაშქარში, ვაჟკაცი ერთგული ვინც გვეგულება, —

იმსჯელეს და გადაწყვიტეს მეფემ და დიდებულებმა.

აიღო მინა რხეული (ამბობდნენ შოთას ნაჩუქარს),

დაჯდა თამარი და სულთანს ასე მისწერა პასუხად:

— "რა გითქვამს, რა მოგიჭორავს, რას მეშარები შორიდან,

ტყუილ-უბრალოდ ცილს მწამებ,

ალბათ, სისხლისღვრა მოგინდა;

ალბათ, სისხლისღვრა მოგინდა, თორემ, მაშ, რისთვის ისურვე,

რომ მოგეჩმახა ასეთი უმაგალითო სიცრუე?!

ჰოი, უგნურო ნუქარდინ, წინ მიძევს შენი ბარათი,

კარავში მოსვლას მიბრძანებ კაციჭამია ჯალათი…

მოვდივარ, მაგრამ სხვაგვარად, თავად გაიგე და მიხვდი,

მოვდივარ ჩემის ლაშქრითა, თუ ვაჟკაცი ხარ, დამიხვდი.

მოვდივარ შენს დასასჯელად, თავლაფდასხმულო, თავნებავ,

დაგამარცხებ და დაგიცხრობ მაგ უშნო ამპარტავნებას!”

მეფე მსახურებს ეტყოდა: სასწრაფოდ დესპანს უხმეთო.

შემოიყვანეს დილეგში ღამენათევი, უღმერთო.

უცხო სამოსით შემოსეს შავს მტვერში ამოგანგლილი

და სიამაყით გადასცეს მას საპასუხო გრაგნილი.

გულუხვად დაასაჩუქრეს, სხვას ვის არგუნეს იმდენი,

ფეხმარდი ლაფშა მიართვეს, წავიდა დიდის დიდებით.

მიჰქონდა ოქრო და ვერცხლი, თვლები და მარგალიტები

და ყბაზე დამღა — მხარგრძელის კელაპტრის სიმსხო თითები.


4


შეკრბა სრულიად სამეფო სპა იმერთა და ამერთა,

ზღვის ფსკერზე ქვიშას, ზეცაში — ვარსკვლავებს გადაამეტა.

ერთ ძლიერ ჯარად შეკრული, დაუშლელ-განუფანტავი, —

ქართველი მამულიშვილი ნიკოფსით დარუბანდამდი

ჯარები ოვსთა, ყივჩაღთა, კახთა და ჰერთა გულადთა, —

ერთმანეთს დატოლებულნი, ფიცვერცხლნაჭამი ძმურადა.

ქართლის, მესხეთის, სომხითის ვაჟები მალხაზ-მალხაზი,

თორელნი, ტაოელები, შავშ-კლარჯები და აფხაზნი,

ფიცხი და მკვირცხლი ლაზები, სვანები ბუმბერაზები

და რაჭა-თაკვერ-არგვეთის მამაცი სუმპერრაზმები.

აბორგდნენ, აბობოქარდნენ, როგორც ზვირთები არაქსის,

და მეფის ირგვლივ მოგროვდნენ ვარძიის ციხე-ქალაქში.

მეფემ ფრთებგანათებული სამეფო დროშა გაშალა,

და საქართველოს უძლეველ ჯარს დაულოცა გზა-შარა.

თავად კი ლოცვა-კურთხევით ქალაქ ოძრახეს წავიდა,

თავს დაჰნათოდა სულმნათსა მაისის ცა ვარსკვლავითა.


5


ერთ შესახედად კმაროდა ლაშქარი ომს მიმავალი:

წინ მიუძღოდა სოსლანი — ვაჟკაცი ჰაეროვანი.

სოსლანის გვერდით პირქუში მხარგრძელი განგაცვიფრებდათ.

იქვე ნახავდით შალვას და ივანეს ახალციხელთა;

უკან პორფირით მოსილი მისდევდათ ჯვარისმტვირთველი,

ნება-ნებაზე მიქროდნენ ქართველი ჯარის ზვირთები.

ყველა გულმარიხიანი, ერთიც კი არა ჯაბანი…

ცხენთა და კაცთა სიმრავლით იზნიქებოდა მთა-ბარი.



6


— სიტყვა და საქმე ერთი მაქვს, ჩვეული არ ვარ ცრუ ქადილს, —

ეთქვა რა, თავის მხედრობა წამოეყვანა ნუქარდინს.

ბასიანს იდგა ბანაკად, რიცხვით რამდენი, ვინ იცის,

იდგა და გასალაშქრებლად ემზადებოდა დილისთვის…

დილაც გათენდა და თეთრად კარვებზე დასხდნენ ნისლები,

ჯერ კიდევ სძინავს სულთანსა თავისი დარბაისლებით, —

გალაღებულა უგნური, რა დღე მოელის, არა სჯის,

კარვების არემარეში ერთიც არ ფხიზლობს დარაჯი.

ქართველი ჯარის სარდლებმა მარჯვე შემთხვევა იხელთეს

და ცხენოსანი რაზმებით მწყობრად დაიძრნენ იქეთკენ.

ცოტახანს წყნარად ვიდოდნენ, მოკლედ იჭერდნენ აღვირთა,

მაგრამ, როდესაც სულთანის ბანაკში კაცი აყვირდა:

„წამოდექითო, მხედრებო, სპა დაგვესხაო ურიცხვი,” —

სოსლანმა ჯარებს მიმართა:

— "სამშობლო ქვეყნის გულისთვის”!

ხმალი იშიშვლა, ლაშქარში გადაერია ქვაგული.

ცეცხლს ყრიდა ბუნჯგალ-ბუნჯგალსა მისი ფოლადის ფრანგული.

ცალკერძ მხარგრძელმა დასჭექა, ცალკერძ თორელმა დასძახა

და გულმკერდგახურებულნი მტერს მიეახლნენ მხარდამხარ.

წამოიშალა სულთანის ბანაკი ციებ-ცხელებით,

შეირტყეს ისარ-კაპარჭი, შეათამაშეს ცხენები.

შეუზახნეს და შეიბნენ, ომი სად თქმულა ასეთი: —

ილეწებოდა ფოლადი, უჭედელი და ნაჭედი.

დასცხეს ერთმანეთს ისრები და წაუშინეს წათები.

— ჩაფხუტი ჩამოიწიე, თორემ უომრად წახდები! —

გასძახა ახალციხელმა შალვამ თავის ძმა ივანეს,

როცა სულთანის კაცები გაცოფებულნი მივარდნენ.

მაგრამ ხმლის ორი ელვა და — დაეცნენ მოძალადენი.

სისხლის მდინარემ წაიღო მათი ფარ-მუზარადები.

კალთამდე შემოაფხრიწეს შალვას ავაზის ტყავ-კაბა,

როცა ძმის მისაშველებლად ცხენ-კაცთა ტევრი გაკაფა,

ომი გაგრძელდა… გაძნელდა… ფოლადს სცვივოდა ტალები.

ამოიხაფრა ჰაერი ნამსხვრევი შუბის ტარებით;

მოითარეშა სიკვდილმა სიცოცხლის გასაგისები.

ყოველი მხრისკენ აფრინა სისხლით დამთვრალი ისრები.

აგერ შეიბნენ ორ-ორნი -

ურთერთს ახეთქეს ჰოროლი.

ეგერ ვეფხვივით გაქანდა მხედარი შეურიგალი,

მას ასათიძე გრიგოლი შემოხვდა როგორც გრიგალი.

გულში გაურჭო მახვილი, "ვაჰმე, დედაო” - იძახდა.

ცეცხლწაკიდებულ გორაკზე

დასტა იბრძოდა ყივჩაღთა.

წამოიშალნენ ტალღებად მძვინვარე სისხლის ღვარები

და გაიტაცეს ცხენდაცხენ ივანე ციხისჯვარელი.

და რაი ნახეს, რომ რაინდს გზა-კვალი გაუტიალდა,

აღმართეს იქცევისები მათ თურქთა ჩაფხუტიანთა,

ერთმა ახმახმა შორიდან ისრით გაუპო გმირს წარბი,

მაგრამ მიუხტა ივანე გასაოცარი სისწრაფით

და ისე დაჰკრა კეფაზე ხანჯალი გაუღუნველი,

რომ ტვინი მისი ჰაერში ავარდა, როგორც ღრუბელი.

და მერე, როცა მკლავმარდი წამოეშველა გაგელი,

ერთად ეკვეთნენ უკეთურთ მამულის მოამაგენი.

მუსრეს და მუსრი გაავლეს… მოკლულთა დადგა ჯებირი.

მაინც ვერ გაძღა ბრძოლითა მარჯვენაწარბგაჩეხილი.

ომი გაგრძელდა… გაძნელდა…

ჭენებით განახელები,

წინმბრძოლ სპასალარ-სპასპეტთა ყველას მოუკლეს ცხენები.

დაიქვეითეს მაშინვე სხვა დანარჩენმა ვაჟებმა

და სარდლებს გვერდში დაუდგნენ რიგების გასაკაჟებლად.

— ცხენოსანებო, ისმინეთ, ეს მე გიბრძანებთ თვითეულს,

მარცხენა მხრისკენ მობრუნდით, უტიეთ დაქვეითებულთ!—

ბრძანა სოსლანმა და ჯარი მოატრიალა მხარმარცხნივ, —

— ქვეითნო, მარჯვნივ სასწრაფოდ,

თორემ უომრად დავმარცხდით, —

ხმა მიაწვდინა მხარგრძელმა არევ-დარეულ ქვეითთა,

ჯარი ერთ ხაზზე გაეწყო და ომი ისევ შენივთდა,

ისევ შეიქნა მტრის თავზე ფხიანი ხმლების ჯახება,

შეშინებულმა სულთანმა იკადრა უკან დახევა.

ისევ მიმართეს სარდლებმა მრავალგზის ნაცად ჯევარდნებს

და ნუქარდინის ლაშქარში ისე გულდაგულ შევარდნენ.

გასკდა მტრის ჯარის სიმრავლე,

მტვრის ბუქი დადგა სვეტებად,

გაუგონარი რამ იყო უკანასკნელი შეტევა!

ბევრ ვაჟკაცს გადაეფარა წყვდიადი შავი სამარის,

სირცხვილნაჭამმა სულთანმა მოჰკურცხლა თავის ამალით.

უკან დაედვნენ ქართველნი კაფვით, ხანჯლების კისკასით:

- მეორედ აღარ გაბედოთ შემოჭრა ქართლის ჭიშკარში!



7


გათავდა ომი თუ არა, ერთად შეგროვდნენ ჯარები,

მხრებზე შვენოდათ მშვილდები და შუბლზე —ნახანჯლარები.

მკვდრებით მოფენილ მინდორზე სიო არ ჰქროდა არსაით,

მუზარადი და ჩაჩქანი ეყარა რიყის ქვასავით.

ზოგან მოჩანდა მხედარი, ხმლით გაკვეთილი ორადა,

ზოგან დაჭრილი კვნესოდა და სისხლის ღვარი ბოლავდა.

როგორც ტყე შემოდგომისა ფოთლის ყვითელი ფოჩებით

იდგნენ ხელჩართულ ბრძოლაში ნაალაფარი დროშები.

— მალემსრბოლიო ! —

მხარგრძელმა, მხედრებმა მხარგრძელს შესძახეს

და ერთი რჩეულთაგანი

გაქანდა ოძრახესაკენ

ჯარის წინ სახელოვანი სარდლობაც გამომზიანდა.

გახსნეს შეკრული თვალ-წარბი, ფარებს დაეყრდნენ ზვიადად.

წინ გადაშლოდათ საკუთარ მარჯვენით ნაპარტახევი,

მზეზე ელავდნენ ლომკაცთა ფოლადის ჩაბალახები.

უცებ სად იყო, სად არა… გაშეშდნენ გაკვირვებითა —

არწივთა გუნდი აფრინდა არაქსის ნაპირებიდან.

ჯერ გაჰკრეს, გაინავარდეს, მზის შუქში გაფერნაირდნენ,

და მერე მსხვილი ჭანგებით მხრებზე დაასხდნენ რაინდებს.

ამირანივით მოჩანდა მუზარადიან ტოლებში

ძლიერად მბრძოლი მებრძოლი, ბატონ-პატრონი ლორესი.

თამარის თანამეცხედრე, თვით მეფე გვირგვინოსანი —,

ზერდაგზე იჯდა ბეჭბრტყელი, შიშშეუვალი სოსლანი

და გაეშალა ლაჟვარდში ისე, ვით ლომის ფაფარი,

გორგასლიანი ალამი — ვაჟკაცთა თავშესაფარი.

ჯარი ძველ ლაშქრულს მღეროდა, ებანებოდა ტყე-ველი

და საქართველო იდგა ვით გოდოლი შეურყეველი.


1942



ნიკოფსია - შავი ზღვისპირეთის ახლანდელი ქალაქი ტუაფსე.

დარუბანდი -ახლანდელი ქალაქი დერბენტი დაღესტანში.


სუმპერრაზმები - უმაღლესი ხარისხის (საუკეთესო) რაზმები.

ბასიანი - 1205 წელს თამარ მეფის ძლევამოსილმა მხედრობამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა რუმის (მცირე აზიაში) ყველაზე ძლიერი სულთნის რუქნადდინის (ნუქარდინის) ჯარებთან ბრძოლაში, რომელიც მოხდა ბასიანში, არზრუმთან ახლოს. ეს ადგილი ამჟამად თურქთა სამფლობელოშია.


ასათიძე გრიგოლი, გაგელი ვარამი, ახალციხელები - ივანე და შალვა, თორელი, ივანე ციხის ჯვარელი და სხვები - ქართველი მხედართმთავრები და სახელმწიფო მოღვაწენი.


ჯევარდენი (ჯავარდენი) - საგანგებოდ ნაწრთობი ფოლადის ხმალი.


ო ძ რ ხ ე - სამხრეთ საქართველოს ძველი ქალაქი.
კატეგორია: ლექსი | ნანახია: 917 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2017