მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ორშაბათი, 23.04.2018, 10:13
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 153

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 9 » დათუნა - (გურამ რჩეულიშვილი)
16:38
დათუნა - (გურამ რჩეულიშვილი)
_დათუნა! დათუნა! _მოესმა ბავშვს შორიდან დედის ხმა.
დათუნამ ერთხანს ყური მიუგდო, მერე ჯოხის ცხენს შემოჰკრა მათრახი და პატარა ბარდებზე ხტუნაობით წყაროსკენ გაიქცა.
_დათო! – კვლავ მოეწია წყაროსთან დედის ხმა.
დათუნა შემობრუნდა, დაიფრუტუნა, დაიჭიხვინა და ბუზღუნით სახლისკენ გამოჭენდა, "უჰ, ახლა გოგლი-მოგლი გამიჭირებს საქმეს, ან რძე, უჰ” – გააჟრჟოლა ტანში ბავშვს, უცებ წინ ხვლიკმა გაურბინა. მან სწრაფად მოიმარჯვა თავისი ჯოხის ცხენი და ქვეწარმავალს დაარტყა. ხვლიკმა კუდი ადგილზე დატოვა, თვითონ კი სასწრაფოდ მიიმალა. დათუნამ დაიწყო ჯაგების ქექვა, შემდეგ რაღაცა სორო იპოვა და ჯოხით ამოჩიჩქნა.
_დათო, ბიჭო, არ გესმის, დედა რომ გეძახის? წამო ახლავე სახლში, - წყნარად უთხრა თავზე წამომდგარმა მამამ, დათუნა დაემორჩილა და ფეხმოთრევით გაჰყვა.
_ბიჭო, შენ ახლა უკვე ბავშვი კი აღარა ხარ, ხვალზევით თოთხმეტი წლისა ხდები.
დათუნამ ეშმაკური თვალებით გახედა წყალზე საწუწაოდ მიმავალ ტიტლიკანა სწორებს და უნებლიეთ ხელი გამოსტაცა მამას, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.
მამამ წყნარად გამოხედა, მერე მხარზე დაადო ხელი და საუბარი განაგრძო:
_ბიჭო, მე რაზე გელაპარაკები, შენ კი სულ ცელქობაზე გიჭირავს თვალი! ცელქობა კარგია, რა თქმა უნდა ძალიანაც კარგი, მაგრამ უნდა იცოდე დრო, მე სამი დღის მერე მივდივარ თბილისში და ოჯახი შენ უნდა დაგიტოვო, შენ იცი, როგორ დაუჯერებ დედას და მოუვლი შენს პატარა ძმებს. ახლა დედას გაუგონე ყველაფერი და დაბადების დღეზე ისეთ საჩუქარს მოგიტან, როგორიც არცერთ შენს ტოლს არ ექნება. მე მგონი, მისი ღირსი შენ უკვე ხარ.
დათუნამ ყურადღება დაძაბა.
_რას მამა? _ვეღარ მოითმინა პატარამ, მამამ გაუღიმა.
_მოითმინე ცოტა. ეგეც ვაჟკაცობაში შედის. კარგი ვაჟკაცი ყოველთვის მომთმენია.
_რათა? განა ვინმემ რო გამარტყას არ ვუპასუხო?
მამა ცოტა არ იყოს დაიბნა.
"რა ვუთხრა,- გაიფიქრა თავისთვის, -არ გაარტყას, - უშნო შვილი რად მინდა, გაარტყას, - ჩხუბიც არ ვარგა”.
_ვანო, კაცო, შენ რაღა მოგივიდა, ჩქარა ამოდით, - გადმოსძახა აივნიდან დედამ.
მამა_შვილს უცებ დაავიწყდა ლაპარაკის თემა და აივანზე ასულები სუფრას შემოუსხდნენ.
ორი დღის შემდეგ, დაბადების დღეზე მამამ დათუნას გეკოს მარკის თოფი მოუტანა.
დათუნამ თოფს კარგა ხანი უყურა, მერე დინჯად გამოართვა, თავის საწოლთან დიდი ლურსმანი დააჭედა და ზედ ჩამოკიდა. ახლა უკან დაიხია, შორიდან დაუწყო ყურება. მამა, სავარძელზე მჯდარი, გაზეთის ზევიდან, სიამოვნებით უყურებდა ბიჭის განცდებს. დათო შემობრუნდა, მამას ხელი ჩამოართვა, გადაკოცნა.
_მოდი, ბიჭო, დაჯექი! არა, ჯერ თოფი მომიტანე, აგიხსნი, როგორ უნდა მოვლა, ხმარება.
დათუნამ თოფი ჩამოიღო კედლიდან, სკამი მოიტანა, მამამ მუხლზე დაირტყა ხელი.
_აქ დაჯექი, გენაცვალე.
_არა, მამა, სკამზე ჯობია! – ოდნავ დამორცხვებით უთხრა დათუნამ, რომელსაც ჩვეულებრივ, ძალიან უყვარდა მამის მუხლებზე ჯდომა. „ჰო, ასეთ დიდ შედეგსაც არ მოველოდი, რა უცებ დასერიოზულდა", - გაიფიქრა მამამ, მერე თოფი გამოართვა.
_აი, ეს არის კონდახი, ეს ლულა; ისინი დაკავშირებულნი არიან ამ ორი ხრახნით,
ლულას შიგნით აქვს ჭრილები, რათა ტყვია შორს და მიზანში წავიდეს.
დათუნა სკამიდან ჩამოვიდა, სავარძლის სახელურზე დაჯდა და სულმოუთქმელად ადევნებდა მამის თითებს თვალყურს. „რას იტყვიან რეზო და ნოდარი, როგორ გაუკვირდებათ! მათაც ვასწავლი სროლას, მერე სანადიროდ წავალთ, ჰო, ჩვენ ქოფაკსაც წავიყვანთ ტყეში. ცეცხლს დავანთებთ." დათომ მამას შეხედა, რომელიც დინჯად განაგრძობდა ახსნას. ცოტა ხანს ყური მიუგდო, შემდეგ ოცნებამ გაიტაცა. დათუნა თავს ებრძოდა, მაგრამ მთელი გულისყურით მაინც ვერ უსმენდა მისთვის ასე ძვირფას საუბარს, ახლა მამა ყველაზე საინტერესო ადგილას მივიდა:
_აი, ეს გამონაშვერი არის სამიზნე. ჯერ უნდა გახედო ქვევითა სამიზნეში, შემდეგ როცა იქიდან დაინახავ ზეცას, ეცადე, რომ ქვედას თავზე გამავალი სწორი ხაზი, რომელსაც შენს გონებაში გაავლებ, მიებჯინოს ზედას წვერს. შემდეგ გამოსწევ ჩახმახს, ოღონდ ისე, რომ თოფი არ გაინძრეს.
დათუნა ახლა დაძაბული უსმენდა, თან ერთი სული ჰქონდა, თოფი თვითონ აეღო ხელში.
_ახლა გაიქეცი, ბიჭო, და ჩემი ჩანთა მომიტანე.
მოტანილი ჩანთიდან მამამ პატარა კოლოფი ამოიღო, შემდეგ თავი მოხადა.
_აი, ამ კოლოფში, როგორც ხედავ არის გეკოს ტყვიები, სულ ორმოცდაათი, პირველი, რაც საჭიროა თოფის ხმარებისას იცოდე, ესაა სიფრთხილე! სიფრთხილე! და სიფრთხილე! ჯერჯერობით თოფს მხოლოდ ერთად ვიხმართ.
_შენ რომ ხვალ მიდიხარ, მამა?
ვანოს გაეღიმა.
_კარგი, დაგიტოვებ, დღეს კი გასწავლი ხმარებას.
მამა წამოდგა. ორივენი აივანზე გამოვიდნენ.
_აი, ეს არის ჩამკეტი, გადმოსწიე ასე, შემდეგ ტყვიას მისცემ ლულაში და ჩაკეტავ. მაშ ასე, აგერ იმ ვაშლს ხომ ხედავ, კარგი. ვიდებ მხარზე კონდახს. ვუმიზნებ.
მამამ ჩახმახს გამოჰკრა. ვაშლი გაქრა.
_მოხვდა, - თქვა მამამ.
ხო, მოხვდა, - დაამოწმა დათომ, - მამა! –თხოვნით შეხედა ბავშვმა.
ახლავე, ბიჭო, ახლავე, - მამამ ტყვია ჩადო, - გამომართვი თოფი და მოიმარჯვე, როგორც გასწავლე.
დათუნამ წყნარად ჩადო ტყვია და დაუმიზნა მეორე ვაშლს. მერე მაგრად მოჭუტა ცალი თვალი.
პც – დაიძახა ტყვიამ.
ვაშლი ადგილზე დარჩა.
_ეგ არაფერი, ბიჭო, ჩქარა შეეჩვევი, ოღონდ თვალს ასე გამწარებით ნუ ხუჭავ, თოფი თავისუფლად გეჭიროს და სროლის დროს სუნთქვა ოდნავ შეაჩერე. აბა შენ იცი, ფრთხილად, მე კი წავალ ახლა, სამუშაო მაქვს.
მამა ოთახში შევიდა. დათუნამ კი გაიფიქრა: "რა სირცხვილია. როგორ ავაცილე. ახლა კი აღარ ავაცდენ.” იგი ძალიან გაერთო სროლით, მაგრამ მიზანს ვერ აღწევდა.
ბიჭმა გზას გახედა, შორს დედა დაინახა, რომელიც სანოვაგით დატვირთული ბრუნდებოდა ბაზრიდან. მან თოფი სასწრაფოდ ჩამოკიდა ადგილზე და სირბილით წავიდა დედის მისახმარებლად.
_ოჰო, შენ სახლში ხარ? - გაუკვირდა დედას.
_ჰო, დიახ?
დედამ თავზე გადაუსვა ხელი.
დათუნამ კალათი ჩამოართვა და მხარზე გაიდო.
_რა იყო, დათუნა, რამ ჩაგაფიქრა? გენაცვალე, დღეს რა, არ იწუწავეთ?
_არა, დედა, არ მეცალა.
_რათა, მამას ეხმარებოდი?
_არა, თოფის სროლას მასწავლიდა.
_რა თოფის?
_დღეს ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად მიყიდა.
"რამ აყიდინა ვანოს თოფი, ახლა ამისთანა ცელქი ბავშვისთვის, როგორ შეიძლებოდა იაარაღი”, - გაიფიქრა დედამ, მერე ალერსსით უთხრა:
_დათო, გენაცვალე, გარეთ არ გაიტანო ბავშვებში.
_არა, დედა.
დათუნამ სანოვაგე მააგიდაზე დადო. მერე „საიდუმლო კუნძული" აიღო და ბაღში ჩავიდა საკითხავად.
„რა ვაჟკაცი იყო ჰერბერტი? როგორ ეხმარებოდა თავისებს, თანაც მგონი ჩემიტოლა იყო, ნეტა მე რას ვიზამდი იმის ადგილას. ალბათ, ისევე მოვიქცეოდი, მართლა რა საინტერესოა. არა, უნდა ვეცადო, ისეთივე ვაჟკაცი გავხდე, ბოლოს და ბოლოს ბავშვი ხომ აღარა ვაარ. აი, მამამ თოფიც კი მიყიდა. მაშ ღირსი ვარ, ნეტა სანადიროდ თუ გამიშვებენ". ფიქრები მშობლის ხმამ შეაწყვეტინა.
_დათო, შვილო, საუზმეა.
_ახლავე, დედა, მოვდივარ.
დათომ წიგნი ჩანიშნა, მერე სწრაფი ნაბიჯით ავიდა აივანზე.
დედამ და მამამ ერთმანერთს გადახედეს, მერე მამამ ორაზროვნად გაუღიმა დედას.
_ქეთო, მე ხვალ მივდივარ, ალბათ, შენი და Dდღეს საღამოს ამოიყვანს პატარებს, ეყოთ ამდენ ხანს სტუმრად ყოფნა.
_როდის ჩამოხვალ, ვანო?
_ასე, ერთ კვირაში, მანამდე კი დათუნას ვტოვებ ოჯხში შენ დამხმარედ, ახლა ეგ უკვე ვაჟკაცია, მაგას აღარ დასჭირდება დარიგება.
"მართლაც, რაღა დროს ჩემი დაუჯერებლობაა, პატარა ხომ აღარა ვარ, თოფიც კი მაქვს”, - გაიფიქრა დათუნამ და ოდნავ წამოწითლდა.
_მქონდეს შენი იმედი, ბიჭო? – თქვა ვანომ.
_დიახ მამა.
სადილის მერე რას აკეთებ?
დათუნამ წყლისკენ გაიხედა. ამ დროს იქ პატარები ერთმანერთს ეჭიდებოდნენ, წუწაობდნენ.
_არაფერს, მამა, წიგნი უნდა ვიკითხო.
_არა, შვილო, სადილის მერე ცოტა დაისვენე, მერე კი წადი ბიჭებთან, ითამაშე.
დათუნამ შვებით ამოისუნთქა. შემდეგ გადაწყვიტა ეთამაშა, მაგრამ დროზე დაბრუნებულიყო.
მეორე დღეს დედამ, Dდათუნამ და მისმა ორმა ძმამ მამა სადგურზე გააცილეს. უკანა გზაზე თოთხმეტი წლის დათუნამ ხელი ჩაჰკიდა პატარებს და ცოცხლად მიჰყვა დედას. გული აღარ უთმენდა, ერთი სული ჰქონდა სანამ სახლში მივიდოდა; ძალიან უნდოდა თოფის ხელში აღება, ამ მოკლე ხანში ასე რომ შეუყვარდა. თან გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, კარგი სროლა ესწავლა.
_დათუნა, შვილო, რაზე ფიქრობ, - გამოელაპარაკა დედა.
_არაფერზე, დედა.
_მე მგონი, შენ იმ თოფზე ოცნებობ, არა?
_ხო, დედა.
_დათო, შენ სახლში აიყვანე პატარები, მე აქ შევალ, საქმე მაქვს.
_შეგიძლია ასაუზმო?
_კი, დედა.
_შემდეგ დააძინე.
_კარგი.
_მე წავედი.
დედამ გზიდან გადაუხვია. იგი აშკარად ამჩნევდა დათოს დასერიოზულობას და ზევით უფროსი ვაჟის ანაბარად მიმავალ ბავშვებს სიყვარულით უყურებდა.
როცა დათუნამ პატარები დააძინა, ჩამოიღო თოფი, მერე გაუტენავად, რამდენჯერმე დაუმიზნა ვაშლს. "ასე ახლა კი აღარ ავაცდენ, ხო, ჯერ ჩავდებ ტყვიას, ახლა ჩავკეტე, ჩახმახი ფეხზე დგას, ვიდებ გულზე, სულ ყველაფერი რიგზეა, ერთ ხაზზე სამივე წერტილი”.
_პც. – გავარდა თოფი.
"აღარ არის ვაშლი”, - სიხარულით დაასკვნა გულში დათუნამ, მერე მეორეს ესროლა.
_ასცდა.
კიდევ ესროლა_მოხვდა.
"ასე, სამში ორს ვარტყამ უკვე, მაგრამ ვაშლი ხომ ცოცხალი არ არის, არ ინძრევა. მთავარია, ცოცხალ რაიმეს მოვარტყა. აი, თუნდაც ჩიტს”.
დათუნამ თოფი მოიმარჯვა. მეზობლად მდგარ ბლის ტოტზე გატიკნული ღობემძვრალა ქანაობდა.
_პც, _ დაიძახა თოფმა.
ჩიტი გაქრა. დათუნა ხისკენ გაიქცა.
"მოვარტყი, მოვარტყი,” – უხაროდა პატარას. მერე მამის სავაზნე და საგუდავები ჩამოიტანა, რომელზეც მოკლული ჩიტი დაიკიდა.
ჩიტების პატარა გუნდმა თავზე გადაუქროლა და იქვე, მახლობლად დაჯდა. დათომ ესროლა – კიდევ მოხვდა.
მთელი საათი ნადირობდა პატარა დათო და შვიდიოდე ჩიტი ჩამოაგდო.
ახლა იგი მსროლელი, ნამდვილი მსროლელი იყო: უნდოდა, რომ მამა მალე ჩამოსულიყო, - როგორ გაახარებდა. დარწმუნებული იყო, რომ ის ტყეში წაიყვანდა სანადიროდ, იქ დიდ ნადირს მოკლავდა. ალბათ, ბიჭებს გაუკვირდებოდათ, რომ მათი ამხანაგი მონადირე გახდა. მათ ხომ თოფი არც კი სჭერიათ ხელში, მან კი შვიდი ჩიტი მოკლა.
ბეღურა ვაშლის კენწეროზე შემოჯდა და Lლამაზად დაიწყო რხევა. მან გადაწყვიტა, ეს ჩიტიც მოეკლა და მერე დაესვენა.
დათუნამ თოფი მოიმარჯვა. პატარა ჩიტი ყელმოღერებული იჯდა კენწეროზე. მზე ღრუბლებს მოეფარა და მორუხო ცის ფონზე ფრინველის გვერდები მშვენიერად ჩანდა. პატარა მონადირეს ძალიან მოუნდა, რომ ამ ფრინველისათვის შიგ თავში მოერტყა. დინჯად დაუმიზნა თოფი.
_პც, - გაისროლა თოფმა.
დათუნამ ჩიტს შეხედა. ფრინველი უღონოდ დაეშვა ქვედა ტოტზე, აქ ცოტა ხანს გაჩერდა, მერე უფრო ქვევით ჩამოეშვა. საწყალი ჩიტი დაჭრილი ჩანდა. დათუნას გააჟრჟოლა, თოფი კუთხეში მიაყუდა და სავაზნე, საგუდავებიანად, რომელზედაც შვიდი ფრინველი ეკიდა, მოიხსნა. დახოცილი ჩიტების დანახვა რაღაც აღარ ესიამოვნა. ახლა იგი ხის ძირისაკენ გაიქცა. აქ, ხახვის კვლებში იჯდა პატარა ჩიტი. „ცოცხალია, - შვებით ამოისუნთქა ბიჭმა, მაგრამ რაღაც არ იძვრის. ალბათ, დავჭერი, რაც გინდა იყოს, მოვარჩენ", - მისცა თავს პირობა, მერე დაიხარა და ფრინველი ხელში აიყვანა. „ოი", - უნებლიედ აღმოხდა ბავშვს, - საწყალი, საწყალი. ჩიტმა თავი ახლა მთლიანად მოაბრუნა. ნისკარტის ადგილას მხოლოდ წითლად გამოყოფილი ენაღა ჰქონდა. მისი პატარა მკერდი ჩქარ-ჩქარა სცემდა. დათუნას გული შეეკუმშა, „ეს რა ვქენი", - გაიფიქრა მან. მერე ნელა წამოვიდა აივნისკენ, აქ ჩიტი ნაზად დასვა მაგიდაზე და წყალი მოუტანა. ჩიტი შეშინებული იყურებოდა, მკერდი სულ უფრო ხშირად უცემდა. „ოხ, მხეცი ვარ, მხეცი! როგორ მომივიდა ეს, ნეტავი მომეკლა მაინცა, თუმცა რათ მინდოდა. წავალ, ვაშლს დავუჭრი, იქნება შევაჭამო როგორმე”. დათუნამ კიბე ჩაირბინა, აქვე, ღობეზე ჩამოკიდებულ მგუდავებს მოჰკრა თვალი, რომლებზედაც საცოდავად ჩამოხრჩობილი ფრინველები ქანაობდნენ. დათუნას გული შეეკუმშა. „რა ბოროტი ვყოფილვარ, რა უსინდისო, რისთვის დავხოცე! თუმცა ჰერბერტიც ხომ ხოცავდა, და სხვა მონადირეებიც, ვინც ვაჟკაცებად ითვლებიან." ამის მოგონებაზე ცოტა შვება იგრძნო, ვაშლის ხის ძირში ტყვიისგან დაფხრეწილი ხილი ეყარა. „ესეც აღარ იჭმევა, სულ დამიგლეჯია", - დათომ ისევ უხერულად იგრძნო თავი, მერე ერთი ვაშლი აიღო, აივანზე წვრილად გახეხა და ჩიტს მიუტანა, ფრინველი კი იჯდა და სულ უფრო საცოდავად სუნთქავდა. „რა სულელი ვარ, უნისკარტოდ ეს ვერც შეჭამს, ვერც დალევს, მაშ რა მოუვა ნეტავი? საწყალი, ალბათ, შიმშილით მოკვდება, რომ მოვკლა, აჯობებს, ნამდვილად აჯობებს, ხო მოვკლავ, წამებას გადარჩება." დათომ ჩიტი ხელში აიყვანა. „როგორ მოვკლა, საწყალი", პატარას ცრემლები მოადგა, მერე ლოყაზე ბუძგებმა დააყარა, მისი ხელით მოკვლა არ შეეძლო; ქვევით ჩაიყვანა ჩიტი, იქ ღობეზე დასვა, თავი დაანება, შემდეგ ისევ აივანზე დაბრუნდა და წიგნი აიღო, მაგრამ კითხვა ვერ შეძლო. იგი თვალს ვერ აშორებდა ღობეზე მჯდარ ფრინველს. „მაინც რატომ ხოცავენ საწყლებს. მამაჩემიც ხომ ხოცავს. ნეტა არა რცხვენია? რათა ხოცავს? საწყალი ჩიტები, როგორ მეცოდებიან, ნეტავ რათ ხოცავენ, ან რატომ ითვლებიან ვაჯკაცებად? მამა თვითონ ამბობდა, შენზე სუსტი და პატარა არა სცემოო. ბიჭმა ძლივს გაამახვილა ყურადღება წიგნის კითხვაზე. ქვევით მოთხრობილი იყო, ჰერბერტი როგორ გამოვიდა სანადიროდ. ახლა ამ ბიჭმაც ოდნავ დაკარგა მის შეგრძნებაში პატივისცემა.
დათუნამ ისევ ჩიტს გახედა. მას თავი მიებრუნებინა და უმწეოდ იყურებოდა. „ნეტავ რას უყურებს," – ძლივს მოასწრო გაფიქრება, რომ მეზობლის კატამ ერთი სკუპით მოხსნა ჩიტი ღობიდან და ტყრუშულს გადაევლო. დათუნა სწრაფად წამოხტა და თოფით ხელში გამოუდგა კატას, მაგრამ კატა გაუჩინარდა. „ოხ, რა ვერაგები არიან კატები, სიამოვნებით დავხოცავდი, ტყვილა არ მძულდა! საწყალი ჩიტი, რას ერჩოდნენ." ღობესთან ისევ დაინახა ჩამომხვრჩალი ფრინველები. ნიჩაფი აიღო და მათთვის საფლავის თხრას შეუდგა. მიწის მიყრის შემდეგ ლამაზად შემოულაგა ქვები და გადაწყვიტა, ხვალვე ზედ ყვავილები დაერგო, მერე დაენანა, რომ ერთი კატამ გაიტაცა და შეიძლება შეჭამა კიდეც.
დათო ზევით ავიდა და წიგნის კითხვა განაგრძო, თან კატა ეჩვენებოდა.
ახლა იგი იმ ადგილას იყო, სადაც ჰერბერტმა ფრინველი მოკლა, ხელში აიტაცა და გახარებულმა დაიძახა:
_დღეს ჩვენ მშვენიერი ბულიონი გვექნება! – მართლაცდა ყოჩაღ, ასეთი სადილი თვით მეფესაც შეშურდებოდა, როგორც ამ ფრინველისაგან ჩვენი მაიმუნი დაამზადებს, - დასძინა პროფესორმა, დათუნამ წიგნს თვალი მოაშორა და მზერა სივრცეში გადაიტანა. ქვევით სოფლის მტვრიანი გზა მოჩანდა, რომელზეც ურემი მიიზლზნებოდა. შარაგზა მამამისის ნაცნობმა მონადირემ გადასერა და ბუჩქებს შეერია. „ეგეც სანადიროდ მიდის. რა გემრიელ სადილს აკეთებს, მერე ძია სიკოს ნანადირევიდან დეიდა თამარა", - გაიფიქრა ბიჭმა.
„მიაუ", - დაიკნავლა ამ დროს მეზობლის კატამ და მოაჯირზე ამოძვრა, პირში ჩიტის ბურტყლები ჰქონდა გაჩხერილი. დათუნამ სწრაფად დაავლო თოფს ხელი, მერე ისევ დაუშვა, „მაგას ჩემზე ნაკლები დანაშაული აქვს, - ბუნდოვნად ფიქრობდა იგი, - მაგან ჭამა მაინც, ალბათ მაგისთვის გემრიელი იყო, მე კი სულ ტყუილა დავხოცე".
დათუნა ძალიან, ძალიან დაღალა ამდენმა ფიქრებმა. იგი ბურანში გაეხვია. შემდეგ ჩაიძინა, კატა კი ფეხებთან მიუჯდა, თავი ტერფზე დაადო და მანაც ჩათვლიმა.
წელი 1956
თვე ივნისი
რიცხვი 14-15
კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 463 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2018