მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ხუთშაბათი, 28.03.2024, 18:50
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 20 » ძმები – (გურამ მეგრელიშვილი)
16:31
ძმები – (გურამ მეგრელიშვილი)
ძმის პირიდან ამოხეთქილმა ალისფერმა სითხემ კი არ შეაშინა, გააოცა. რამდენი სისხლი ჰქონიაო, გაიფიქრა და ცნობა დაჰკარგა. როცა გონს მოვიდა, პირქუში ბიძა ადგა თავს და კითხვის თვალებით დასცქეროდა.
_ რა მოხდა? _ამოისისინა კაცმა და სანადირო თოფს დაეყრდნო. 
ვართანმა არ იცოდა რა მოხდა. ძმამ იგი სამალავში დატოვა და წავიდა.
\"იცოდე, არ შეგვარცხვინო, თორემ სანადიროდ წასვლას ვეღარ ეღირსები!\" _ ასე მკაცრად გაფრთხილებულმა თავს ფიცი მისცა, რადაც გინდა დაჯდომოდა, მოეკლა ირემი. თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც ისე ადვილი იყო სველ მიწაზე ჯდომა და ლოდინი, რადგანაც, სხვა თუ არაფერი, აკაწკაწებული კბილების ჭახ-ჭახი დააფრთხობდა ნადირს. ესეც არ იყოს, სროლას გამბედაობა სჭირდებოდა, ეს უკანასკნელი კი სიცივისგან მოძიგძიგე ვართანს არ ჰქონდა. არა, რა თქმა უნდა, ამაში არასოდეს გამოტყდომია თავს, მაგრამ გუმანით, თუ რაღაცა სხვა ინსტიქტით გრძნობდა, რომ ასეც იყო. ასეც უნდა ყოფილიყო ალბათ, თორემ რატომ უნდა დაემადლებინა მასზე უმცროს ძმას სანადიროდ წასვლა, ან რა უფლებით უნდა დამუქრებოდა, აცილება არ გაბედოო?!
_ რა უფლებით, რა უფლებით, რომელი უფლებით?\'- თვალებისცეცებით ფიქრობდა ვართანი. თვალებისცეცებით და დაბნეული, რადგან საკუთარ თავთან განმარტოებულსაც კი, იმის შიში კლავდა, რომ ძმა მიუხვდებოდა ნააზრევს და ან დასჯიდა, ან... ან რაც ყველაზე საშინელება იყო _ გაიცინებდა! სიცილი კი, ოო, სიცილი ამაზრზენი იცოდა, მოჭრილ თითზე მტკივნეული და საშინელი.
და თუმც ასეთ წუთებში მზად იყო საკუთარი ხელებით მიეხრჩო სახეგადაფლაშული, ნაიარევლოყიანი, ბრტყელშუბლა ლეო, ვართანი საოცარი მოთმინებით უცქერდა ძმას, რადგან \"წესით და რიგით\" უნდა მოეთმინა _ თვითონ ხომ უფროსი იყო!
ვართანსა და მის ძმას _ კნაჭა ლეოს შორის. რვა წელი იყო სხვაობა. 
იანვრის იმ ცივ ღამეს, როცა ლეო დაიბადა, დიდი თოვლი მოვიდა. ბებიაქალმა თავქვედაკიდებული შეუყვანა მიმლოდინე მამას და ბიძებს ბავშვი და მიახარა _ ბიჭია, ბიჭიო. ვართანის მამამ, დიდულვაშა, ცალთვალა კაცმა ორლულიანი თოფით ამცნო სოფელს მეორე შვილის შეძენა. სოფელიც, თითქოს კარებთან ჩაცუცქული ელოდა ნიშანსო, ორიოდ წუთში გაჩნდა მათსას და წინასწარ გამზადებულ სუფრას ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ მიუსხდა. მამამ წითელი ღვინო ჩამოდგა სუფრაზე და ლხინი უბრძანა სტუმრებს, ასე რომ, ეშხში შესულ მოქეიფეებს არც კი შეუმჩნევიათ, როგორ გავარდა გარეთ უქუდო და უქურთუკო ვართანი. 
მერე, როცა თოვლში პირქვეჩამხობილი იპოვეს, დედა ამშვიდებდა და თან ოდნავ აყვედრიდა შვილს _ ისე გაიქეცი, ერთხელაც არ დახედე ძმას, რა ლამაზი ბავშვიაო. არადა, ვართანმა სწორედაც რომ შეხედა, შეხედა კი არა, თვალებით გაბურღა გატყავებული ცხვარივით თავქვედაკიდებული, აღნავლებული ლეო, უშნო, დახლართული და გაწითლებული სხეული მუწუკებით რომ დაფარვოდა. დახედა და უმალვე გაიქცა. და, თუმცა, სად მირბოდა თავადაც არ იცოდა იმ წუთას, რომ არ გაქცეულიყო, ისეც არ იქნებოდა. კარგად უწყოდა, უწყოდა კი არა, ხვდებოდა და ამიტომაც გაიძურწა, ვიღაც ზონზროხა კაცის ზურგს ამოფარებული.
კარები როგორც კი მიხურა, ერთბაშად შეცივდა სითბოდან გამოსულს და ერთი პირობა გაიფიქრა თბილად ჩავიცვამო, მაგრამ უმალ მიხვდა _ შეამჩნევდნენ და მერე იმავე ჰაერის სუნთქვა მოუხდებოდა, რითაც მისი ახალშობილი მტრის ფილტვები ივსებოდნენ. 
მირბოდა ბავშვი წელამდე თოვლში და მუხლი ეკვეთებოდა. დაღლილი არ იყო _ ჯერ მეზობლის ეზოსაც არ გასცდენოდა, ძალა კი აღარ ჰქონდა. ბარდნისო, გაიფიქრა, როცა პირქვე ჩაემხო თოვლში და გაუხარდა _ ორიოდე საათიც თუ მაინც არ გაახსენდებოდა ვინმეს, ისე ჩაეფლობოდა და ჩაიმარხებოდა ნამქერში, ვეღარავინ იპოვნიდა, ან თუ იპოვნიდა და რაღა დროსი იქნებოდა!
მაგრამ იგი მაინც გაახსენდათ. არა, მამასა და სტუმრებს სად ეცალათ მისთვის, ღვინოგამჯდრები სასმისებს კოცნიდნენ, მაგრამ დედამ, არაქათგამოცლილი რომ მისვენებულიყო ბალიშზე, უფროსი შვილი მოიკითხა _ ძმა ვაჩვენოთო. მოიკითხა და ამიტომაც დაუწყეს დიდიან-პატარიანად ძებნა რვა წლის ვართანს. საგანგაშო რა უნდა ყოფილიყო წესით, უკვე დიდი ბიჭი იყო, მაგრამ ქალმა აიხირა რაღაცას აუტეხს თავსო.
სტუმრები ზლაზვნით წამოიშალნენ სუფრიდან და გარეთ გავიდნენ. ეზოში უფრო ბევრი გამოჩნდნენ და მართლაც ბევრნი ყოფილან, რადგან ორიოდ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა ფეხი დაადგა პირქვეჩამხობილ ბავშვს, სახე და ყურები ერთიანად რომ გასწითლებოდა სიცივით.
მამამ მოსულიერება არც აცალა, ისე უთავაზა მაგარი სილა და სად მიეთრეოდიო, ჩასძახა, მაგრამ ვართანს ლაპარაკის არც თავი ჰქონდა, _ არც სურვილი.
და მერე, როცა აკანკალებული და ჩუმად აცრემლებული დედამ ჩაიწვინა ლოგინში, რაღაცნაირად შერცხვა საკუთარი საქციელის და სინანული იგრძნო, ასე რომ ააფორიაქა ყველა. თუმცა, ისიც უხაროდა, სხვების ყურადღება წამით კვლავ რომ მიიპყრო. ხოლო ღამით, როცა პატარა ლეომ წამოიტირა და დედამ ძუძუ მისცა ახალშობილს, განსაკუთრებული ზიზღი და სიძულვილი აღარც უგრძვნია ძმის მიმართ, თუმცა თავი მაინც მოიმძინარა, რადგანაც რაღაცნაირად არ სურდა დედას ჰგონებოდა, თითქოს ამ სიახლეს, მისი სითბოს მიმსაკუთრებელს შეეგუა. 
მანამდე კი, ქალს მაგრად ეკვროდა, სიმწრითა და სიცხით გამოსულ ოფლს ხარბად ლოკავდა ცხელი, ახლადნამშობიარები სხეულიდან. და სიცივისგან დამზრალი თითები დედის დამცხრალ, დაპატარავებულ მუცელზე შეხებით იბრუნებდნენ ადამიანურ ტემპერატურას. უკვე გამთბარიყო მისი პატარა სხეული. დაქანცულს უნდა დაეძინა წესით, მაგრამ ჯერ ძილამდე შორს იყო, ჯერ გული უნდა ეჯერა, უნდა დარწმუნებულიყო, რომ დედა მთლიანად დაიბრუნა, რომ საფრთხემ ოდნავ მაინც იკლო. ის გამალებით აჭერდა ქალის ჭიპს თითს, თითქოს სურდა მთლიანად გამოედევნა ძმის ნარჩენები, რათა ხელმეორედ არ განაყოფიერებულიყო დედის საშო.
დედა ღიმილით უსმევდა ეჭვიან შვილს თავზე ხელს და დაღლილი ხმით ეუბნებოდა, შენ თავს ვერავინ შემიცვლის, შენ ჩემი პირველი სიხარული ხარო. ეს სიტყვები საოცარი სისწრაფით აღწევდნენ ვართანის ყურებში და იქ ჩარჩენილ თოვლის ნარჩენებს უცბად ადნობდნენ. ყურებიდან წყალი ლოყაზე ცურდებოდა, ლოყიდან კი ქალის მკერდზე და ქალი კრთებოდა. უცხო, უხეში კაცის თითებივით ცივი წყლის შეგრძნება აღიზიანებდა, მაგრამ განძრევისაც ეშინოდა, თითქოს ბეღურა ეჯდა საკენკდაყრილ ხელისგულზე. 
მისი მართლა ბეღურასავით გატვრენილი შვილი კი სიამოვნებისაგან იბადრებოდა და ამაყად უცქერდა დედის იღლიაში შეყუჟულ პატარა ძმას, უდარდელად რომ მანჭავდა ტუჩებს. 
ვართანი გრძნობდა როგორ აკრთობდა ქალს მისი ყურებიდან ჩამოსული გამდნარი თოვლის წვეთები. გრძნობდა, მაგრამ იმ წუთას, ყველაზე მეტი მასში ეგოიზმი იყო. შეცნობა იმისა, რომ დედაც იტანჯება ცოტ-ცოტა მხოლოდ იმისთვის, რომ შვილს ასიამოვნოს, გულს უმშვიდებდა ბავშვს.
პატარა, პირდაფჩენილ ლეოს კი არაფერი ადარდებდა. როცა მოშივდებოდა, ერთს წამოიკნავლებდა და თბილ, ნოყიერ რძეს იღებდა. მე თუ მაწოვებდი ძუძუსო, ეკითხებოდა ვართანი დედას და იმედით შეცქეროდა. დედა თვალს არიდებდა და უბრალოდ თავზე უსმევდა კაცივით ფართე და გრძელ თითებს.
როგორ იტანჯებოდა მისი უფროსი შვილი, ქალი ხვდებოდა, მაგრამ რა ექნა იმას კი _ ვერა. მართალია ვართანი პირველი სიყვარული იყო, მაგრამ რანაირად შეეძლო განესხვავებინა იგი ლეოსგან _ განა ერთიცა და მეორეც საკუთარი საშოთი არ ეტარებინა? მერე რა, თუკი პირველი სხვა კაცისგან ჰყავდა და მეორე სხვისაგან. ეს, მის გარდა, არავინ იცოდა და ვერც ვერავინ გაიგებდა, რადგან თავად ქალი არაფრის თქმას აპირებდა. 
არა ლეო ქმრისგან იყო, მაგრამ მისმა უჟმურმა, უცხვირპირო მეუღლემ არც კი იცოდა უფროსი ერთი ღამის მოპარული სიყვარულის ნაყოფი რომ იყო. არ იცოდა და არც იყო საჭირო გაეგო, რადგან მეორე შვილის შეძენის შემდეგ რაღაცნაირად ცუდი თვალით დაუწყო მამამ ვართანს ყურება. ქალს იმისი კი არ ეშინოდა, რომ ქმარი მოკლავდა, იმისი შიში უფრო ჰქონდა, რომ უფროსი შვილი სამუდამოდ დაეღუპებოდა. ამიტომაც დუმდა მთელი რვა წელი და მერეც _ სიკვდილამდე. არადა, რამდენჯერ, როცა ნასვამი კაცი ღამის ქოთნის მოტანას ავალებდა და უყვიროდა, რამდენჯერ მოსწყურებია ქალს ყველაფერი მიეხალა. არა უცბად კი არა, ნელ-ნელა და ჩურჩულით, შემპარავად ეთქვა ქმრისათვის: იმას, ვისაც გვარის გამგრძელებლად თვლი, შენი სისხლისა წვეთი არა აქვსო. ოო, როგორ ხიბლავდა ყველაფერ ამის გამხელის სურვილი, მაგრამ რაღაცა საოცარი ძალით იკავებდა თავს და კაცის რისხვას და უსამართლო სილაქებს ითმენდა. 
შენ ტანჯვად ისიც გეყოფა, სხვის შვილს საკუთარად რომ მიიჩნევო, ფიქრობდა ქალი და დუმდა. 
ქმარმა კი რაღაცა მაინც იცოდა, რაღაცაზე მეტს ხვდებოდა, მაგრამ იმ კაცივით იყო ჩუმად, თოთხმეტი წლის ბავშვს რომ მოიყვანს ცოლად და შერცხვენილი კი შეხვდება. უფრო კი იმიტომ არ იღებდა ხმას, რომ გვიანაც მიხვდა _ მაშინ, როცა ვართანი უკვე ორი წლის იყო. მიხვდა და შეეშინდა, რომ სხვა გაიგებდა და მერე მორჩა _ სამუდამოდ მოეჭრებოდა სოფელში თავი. 
უსამართლოა ეს წუთისოფელი, ფიქრობდა კაცი და ჭმუნვა იპყრობდა ეზოში უდარდელად მოთამაშე ვართანის დანახვისას. მას რაღაცნაირად სძულდა ეს ბავშვი და თანაც... უყვარდა! სძულდა იმიტომ რომ სხვისი ნაშიერი იყო, სხვისი ცოდვების და მადლის მატარებელი, სხვისი სიამოვნების ნაყოფი და თესლი. უყვარდა კი იმიტომ, რომ მეტი გამოსავალი აღარც ჰქონდა, მისთვის შვილი იყო ქონების და მთელი ავლა-დიდების მემკვიდრე, მართალია სხვისი ლეკვი, მაგრამ მის ეზოში, მისი პურით გაზრდილი და მისად წოდებული. ეს კი ბევრი იყო, ბევრზე მეტიც, რადგან, როცა შექმნის თავი არა გაქვს, სხვისი უნდა მიითვისო, იშვილო, მოიპარო, ან მიისაკუთრო. მას კი \"უნაყოფო\" კაცს რაღაცით გაუმართლა, რომ ასეთი ,,სხვისი\" მისად საღდებოდა და ახლა აყალ-მაყალისა და გარჩევების დრო აღარ იყო, მთავარი ის გახლდათ საიდუმლო შენახულიყო. იქნებ ამიტომაც თუ იყო, რომ თითქმის არასდროს გაწყრომია ვართანს, დაყვირება რომ დაყვირებაა, ამისგანაც თავს იკავებდა და ანებივრებდა ბავშვს. 
პირველად მაშინ, ლეოს დაბადების დღეს გაარტყა მხოლოდ და მთელი ამ ხნის გამავლობაში ნაგროვები სიცრუე და მოჩვენებითობა ერთ წამში გაქრა _ ბოღმა ამოინთხა, და ამ ამონთხევამ თოვლისა და სიცივისგან დამზრალი ბავშვი გამოაფხიზლა და ეს უკანასკნელიც შიშნარევი გაკვირებით შეაცქერდა მამას. 
მამა კი, იმ დღისით, გამარჯვებას ზეიმობდა ,,სხვისაზე საკუთარით\" გამარჯვებას. ამადაც იყო მისი რისხვა ულმობელი. ახლა უკვე დარწმუნებული იყო უცხო თესლს რომ აღარ მისცემდა ბინას, სითბოსა და საკვებს და უფრო მეტად კი იმას ხარობდა, თავის მსგავსს რომ ტოვებდა დედამიწაზე, თავისნაირს, მისი სისხლისა და ბალღამის მატარებელს, წითლად აღაჟღაჟებული საცოდავად რომ ღნაოდა. ეს ღნავილი იყო კაცს ცხოვრებას რომ უხანგრძლივებდა, რადგან ღნავილი არსებობის მანიშნებელი გახლდათ, მას კი, მას ხომ ასე ძლიერ სურდა სიცოცხლე დაეტოვებინა დედამიწაზე!
იქნებ ამიტომ თუ იყო ღამე, როცა უეცრად გაეღვიძებოდა, ცოლ-შვილის მშვიდ სუნთქვას ყურს მიუგდებდა, მაგრამ ქალის ხმამაღალი ფშვინვა ბავშვისას ფარავდა. შეშფოთებული წამოხტებოდა, მაგრად შეაჯანჯღარებდა პატარა ლეოს და როცა ეს უკანასკნელი საბრალოდ ატირდებოდა _ მშვიდად ამოისუნთქავდა. მართალია, თავადვე ეცინებოდა ამ უსაფუძვლო შიშზე, მაგრამ მაინც, მეორე დღესაც იგივეს იმეორებდა და ცოლს მუჯლუგუნს ჰკრავდა, ბავშვს მიხედეო. 
ცოლი კი თვალებისფშვნეტით, ზლაზვნით წამოიწეოდა, ბუზღუნს მოყვებოდა, თითქოს მართლა ის ის იყო გაღვიძებოდა, არადა ქალმა მშვენივრად უწყოდა რა აშინებდა ქმარს და კარგა ხნით ადრე გამოფხიზლებული განგებ იქცეოდა ასე. 
კაცი ვერაფერს ხვდებოდა და როცა დედა ბოლოს-და-ბოლოს დააძინებდა ბავშვს, საბანს ხდიდა და ზედ აწვებოდა. მერე როდესაც ზურგს შეაქცევდა ცოლს, ეს უკანასკნელი გულში იცინოდა აქოშინებული ქმრის გამგონე, ჩაძინებას რომ ცდილობდა. 
მშობლების ფაფხური და ძმის ღნავილი ვართანსაც ესმოდა და ისიც ისე გაისუსებოდა, როგორც ხელმოცარული მონადირე, სახლში მიმავალს გზაში ნადირის ხმა რომ შემოესმება. გაისუსებოდა ხოლმე და რაღაცნაირად ეშინოდა კიდეც, როცა დედის კვნესას და მამის ხვნეშას გაიგებდა. სულ ძმას აბრალებდა ყველაფერს. მისი ტირილის გამო თუ სჯისო მამა დედას, ფიქრობდა და სიძულვილი აღნავლებული ლეოსადმი ემატებოდა. 
ძმები იზრდებოდნენ და ვართანი სულ უფრო მეტად ეჭვიანობდა გალოკილი თითივით გალეულ ბავშვზე, თამაშისა და ტირილის მეტს არაფერს რომ აკეთებდა; თუმცა ჭამა უყვარდა კიდევ ძალიან. სულ შიოდა და შიოდა და შოშიასავით დაღებულ პირს საჭმლით უტენიდნენ მშობლები. 
ბევრს ჭამდა ლეო, მაგრამ რად გინდა _ არაფერი ეტყობოდა. დედა სულ იმას წუწუნებდა, ამდენს ჭამს, მაგრამ გაჩხინკულიაო, მამა კი არაფრად აგდებდა ცოლის მოთქმას, რადგან ის კი არ წყვეტდა რამეს, მსუქანი იყო მისი ნამდვილი შვილი, თუ გამხდარი, მთავარი ის გახლდათ, რომ ის საერთოდ არსებობდა! და რადგან არსებობდა, მაშასადამე, ყველა პრობლემა უკან უნდა დარჩენილიყო. 
პრობლემა კი მაინც იყო: ლეო საღამოობით ჭიებს ყრიდა ჩაცუცქული. მართალია დედა დიდ ტრაგედიას არ ხედავდა ამაში, მაგრამ მამა სერიოზულად შიშობდა. მისთვის უცნაურზე მეტი იყო ადამიანის მიერ ჭიაყელების დაყრა. და პირველად, როცა ამ მოფუთფუთე არსებებს დახედა, მუხლები აუკანკალდა შიშისა, თუ მოულოდნელობისგან. რადგან ჭია და სიცოცხლე ერთბაშად ვერ ეტეოდა მის ცნობიერებაში. ვერ ეტყოდა იმდენად, რამდენადაც ეს ამაზრზენი ქმნილებანი მრავალჯერ უნახავს მკვდარი, მიხრწნილი ნადირის სხეულზე და ამიტომაც თუ იყო, რომ მარტო ექიმბაშის მიერ გამოწერილ, რძეში ჩაჭყლეტილ ნიორსა და კიდევ რაღაც ბალახეულს არ დასჯერდა კაცი და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, შავყელა კურატი შესწირა ეკლესიას, ხოლო მღვდელს წირვა ჩაატარებინა. ფული და ხარჯი რა სახსენებელი იყო, ოღონდ სიკვდილის, თუ ჯოჯოხეთის მოციქულები მოშორებოდა მის პირმშოს. 
ლეოს ჭიებმა თავიდან ცოტა გაახარეს ვართანი, მაგრამ როცა მათ გამო ამხელა აურზაური ატყდა, ცოტა შეშურდა. აბა, რაღა მაინცადამაინც მის გალეულ ძმას უნდა გასჩენოდა ჭიაყელები, როცა ისიც და ლეოც ერთსადაიმავე პურს ჭამდნენ და ერთი დოქიდან სვამდნენ წყალს?! იქნებ სულაც იგონებდა ეს ფსლიკიანი ბავშვი ავადმყოფობას, რათა მთელი ყურადღება თვითონ მიეპყრო? მაგრამ არა, ვართანმა თავად გაქექა ძმის განავალი და საკუთარი თვალით იხილა, დარწმუნდა, რომ თვალთმაქცობას ადგილი არ ჰქონდა, ან კაცმა, რომ თქვას, რაში ჭირდებოდა ტყუილი ლეოს, როცა ისედაც ყველა მას დაჰკანკალებდა ზედ?! ალბათ დედის მისატაცებლად, რადგან ამ აურზაურისა და შფოთის ამტეხი პატარა, გუმანით თუ გრძნობდა დედის სუსტი გულის უფრო დიდი ნაწილისა, თუ ნაჭერის დასაკუთრება მასში სიბრალულის აღძვრით რომ შეიძლებოდა და სწორედ ამას ვერ და არ ეგუებოდა ვართანი, რადგან დედა იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ოჯახში და საერთოდ მთელს ქვეყანაზე თანაგრძნობითა და სიყვარულით ეპყრობოდა.
დედა კი სამცეცხლს შუა იწოდა. ერთის მხრივ, ლეო და მამამისი ითხოვდნენ სითბოს და ამაგს, მეორეს მხრივ _ ვართანი, მესამე კიდევ, იმხელა სახლ-კარსა და საქონელს ხომ ჭირდებოდა პატრონი? და როცა მთელი დღის ნაჯაფი არაქათგამოლეული დიასახლისი ლოგინზე მიესვენებოდა, მაშინ მოუნდებოდა ლეოს სწორედ ღნავილი. ძლივძლივობით წამოწევდა ქალი წელს, საჭმელს აჭმევდა ბავშვს და ისევ დაწვებოდა, მაგრამ თვალის მოტყუებასაც ვერ ასწრებდა, რომ ქმარი აღვიძებდა _ მოშარდვა მინდაო. პერანგისამარა, ხელებგაწვდილი ქალი სადღაც, ღუმელთან დადგმულ ღამის ქოთანს ეძებდა. პოულობდა და კაცთან ბრუნდებოდა. კაცი ფეხებს გაჩაჩხავდა და ისე შარდავდა ქოთანში, რომელიც დედას მაღლა აწეული უნდა დაეჭირა, რათა \"ჩხრიალზე ლეოს არ გაღვიძებოდა\". ქალს სიმწრისაგან ფოთლავდა და ცრემლმორეულს ბურთი აწვებოდა ყელში. ეს ბურთი იყო სწორედ, ქმრის დამამცირებელი სიტყვების წარმოთქმას რომ უშლიდა ხელს თორემ, შენ რა კაცი ხარო, უნდოდა ეყვირა ქალს, სხვის ნაბიჭვარს ზრდი და შენი გგონიაო, სურდა ეყვირა, მაგრამ რომ ეყვირა, იქვე მწოლიარე, თავმომძინებული ვართანი გაიგებდა. დედამ იცოდა შვილს რომ ეღვიძა და ამიტომაც ჩუმდებოდა. 
ვართანს მართლა არ ეძინა და თვალებმოჭუტული, წამწამებს ქვეშიდან შესცქეროდა დედისა და მამის ჩხუბს, უფრო სწორედ მამის ჩხუბს და დედის მორჩილებას. და როცა აკანკალებულ ბავშვს ესმოდა როგორ წვებოდნენ მშობლები, გულში გადაწყვეტდა, როცა გაიზრდებოდა დედა გაეტაცებინა, გაეშორებინა ამ სასტიკი ოჯახისათვის. 
დედამ კარგად უწყოდა, როგორ იტანჯებოდა მისი პირმშო და ამიტომაც თუ იყო, რომ ბოლოსდაბოლოს, ქმრისა და ლეოსაგან მოსვენებულს, როცა წესით უნდა დაეძინა, მორჩილად ელოდებოდა მეუღლის ფშვინვას, რათა ამდგარიყო და ახლა ვართანის ლოგინთან ჩამომჯდარიყო, მასაც მოფერებოდა ცოტა ხნით.
ქალს დაღლილობისგან ქუთუთოები ეხუჭებოდა, ძილი თავს ართმევდა, მაგრამ არ ნებდებოდა სხეულს, რადგან კარგად ახსოვდა ვართანის თვალები, დაწოლის წინ რომ უყურებდნენ ხოლმე დედას. ბიჭი, თქმით არაფერს ამბობდა, არაფერს ითხოვდა, მაგრამ დედა რისი დედა იყო, თუ შვილის გუგებიდან ვერ ამოიკითხავდა იმას, რაც უთქმელი, სიტყვების მიღმა რჩებოდა და ამიტომაც, როცა ქმარი უშფოთველად ამოუშვებდა ხვრინვას, ქალი საოცრად ფრთხილად და მოქნილად წამოიმართებოდა და იმ ტყვესავით იპარებოდა, პირველად რომ გაურბის გუშაგებს. იგი ამ წუთას მართლა ტყვეს ჰგავდა, რადგან ქმარსა და ლეოს შორის ჩაწოლილი, ორივეს მონა იყო, ერთიც და მეორეც ერთ ამბავს ასტეხდა, თუკი გაუგებდნენ, რომ მათ სითბოს ვართანს უყოფდა. ის ამ გაპარვის ჟამს, შეყვარებულ გოგოსაც ჰგავდა, თავისზე უფროს კაცთან რომ მიისწრაფვის პაემანზე და თუმცა მას, დედას, სრული და კანონიერი უფლება ჰქონდა უფროს შვილს იმდენი ხანი მოფერებოდა, რამდენიც სურდა, მაინც ჩქარობდა, მალი-მალ უსმევდა თავზე ხელს და შენ ჩემი პირველი სიხარული ხარო, ისე ჩუმად ეფერებოდა, ვართანი წესიერად ვერც არჩევდა, რას ბუტბუტებდნენ ქალის ტუჩები. მაგრამ ბიჭისათვის ამას არც ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან მთავარი ის იყო, რომ დედა მოდიოდა, მოდიოდა და ეფერებოდა, ეფერებოდა და იმასაც კი ბედავდა, რომ ქმრის შიშის მიუხედავად, მაინც ამოეღო ხმა და ენუგეშებინა შვილი. მერე რა თუ ამ უკანასკნელს ვერ გაეგო სიტყვები, განა მუნჯი რომ ჰყოლოდა მშობელი, მაშინაც უსიტყვოდ, მხოლოდ ხელებით არ უნდა მიმხვდარიყო დედის ნათქვამს?! და ამიტომაც დღე-ღამის სწორედ ეს მონაკვეთი უყვარდა ყველაზე მეტად ვართანს, როცა ადამიანური სითბო უნდა მიეღო; მერეც, როცა დედა მოუკვდა, რეფლექსგამომუშავებული ცხოველივით იყო ბიჭი და რაოდენ დაღლილ-დაქანცულიც გინდა ყოფილიყო, იმ დრომდე არ ჩაეძინებოდა, ვიდრე დედა შუბლზე არ აკოცებდა ხოლმე თავისი მშრალი, დამზრალი ტუჩებით. ეს დრო კი, მამლის მეორედ ყივილს ემთხვეოდა; ეს იყო თითქოს დათქმული ნიშანი, რომელსაც უნდა გაეშორებინა შეყვარებულივით ჩუმად მოალერსე დედა-შვილი. ვართანს საოცრად სძულდა ეს ფრთოსანი ცხოველები, რადგან მათ აბრალებდა ქალის შეკრთომას და წასვლას. ვართანს სძულდა მამლები, რადგან ტანით გრძნობდა როგორ ელოდა მათ შეყივლებას დედა. რამდენჯერ უნატრია ბიჭს, ნეტა ყველა მამალი ერთბაშად გაწყდეს, ან სულაც, სულაც ერთი საათი ჩაეძინოთ, დაავიწყდეთო ყივილი, მაგრამ განა საბანში ჩამალული ბავშვის ვედრება მიაღწევდა იმ ძალამდის, რომელსაც შეეძლო ყველა ნატვრის ახდენა? ან, თუნდაც მიეღწია და დაედუმებინა ყველა ეს გაბღენძილი ფრინველი, განა ეს რამეს შეცვლიდა? _ მთავარი მამისა და ძმის დადუმება, არგაღვიძება იყო. და ვართანსაც არაერთხელ მოსვლია ეს აზრი, მაგრამ მერე შეშინებულს იქვე უნატრია: არა, არა, არა, ღმერთმა დაიფაროს! არა, არა, არა! ეს რა მეფიქრაო! 
ლეოს და მამამისს კი თმაც არ ჩამოვარდნიათ თავიდან, არხეინად ეძინათ და არაფერს გუმანობდნენ ცუდს. განსაკუთრებით უდარდელი ძილი კი კნაჭამ იცოდა. ეცოდნებოდა, აბა რა, ჭამის და ძილის მეტს არაფერს აკეთებდა. მამა ისედაც როგორ დაჰკანკალებდა და როცა გაიგო ჭიები ჰყავსო, ჩხირს არ აწევინებდა. ლეომაც შეიშნოვა ბატონობა და უკვე თავისზე ბევრად უფროსებსაც ბრძანებლობდა _ ეს მომაწოდე, ის მომიტანეო. ამის გამო მიტყიპა კიდეც მეზობლის ბიჭმა და თუმცა ვართანმა იმ ბიჭს ცხვირით მიწა აჩიჩქნინა. თავადვე დაუჯდა ჭკუაში _ ეს რა კარგი საშუალება ყოფილა ამ გათავხედებულის მოსათოკადო. ჭკუაში დაუჯდა, რადგან დაინახა, როგორი შიშით უცქეროდა ლეო თავის გამლახავს ამ ჩხუბის მერეც. ვართანმა თავადაც სცადა ეს ხერხი: ერთხელ, როცა ძმამ, დოქი მიაწოდა, წადი წყაროდან ცივი წყალი ამომითანეო, ერთი მაგრად ლეწა ყბაში. ლეოს გაკვირვებისგან ქვედა ტუჩი გამოეწია, თვალებზე ცრემლი მოაწვა, მაგრამ არ უტირია. სამაგიეროდ, ყელში მოგროვილ ბოღმას მთელი ძალით ამოაწვა და ხორხისმიერად დაემუქრა: მამას მივახარებ ამ ამბავსო. ეს ისე კარგად, გულგრილი გაბრაზებით გამოუვიდა, რომ ვართანი დაფრთხა, შეშინებულმა მიმოიხედა ხომ არავინ დაგვინახაო და უმალ დიდი ჯაყვა ამოაძვრინა ჯიბიდან. ეს დანა მდინარის პირას იპოვა ერთი თვის წინ და მთელი სოფლის ბიჭებს, მათ შორის ლეოსაც, ზედ რჩებოდა თვალი, მაგრამ ვართანი არავის აძლევდა ხელში. სათამაშო არააო, ამბობდა დიდი კაცივით და დიდი კაცივითვე საქმიანად თლიდა ხოლმე ჯოხს.
ახლა კი, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო თავი სხვა რაღა დარჩენოდა, ძმა უნდა მოექრთამა. ნუ გამამხელ და ამას გაჩუქებო, უთხრა კნაჭას და დანა გაუწოდა. ლეომ ერთი კი გაილოკა ზედა ტუჩი, ცხვირი გააქსუტუნა და გვერდულად შეაცქერდა ძმას. ჯანდაბას შენი თავი, მომე, ოღონდ კიდევ გაბედავ ასეთ რამეს და მერე... ისე, არც მტკენია მაინცადამაინცო, გაიბღინძა ლეო. 
ეს დღე იყო და ეს, ვართანმა საბოლოოდ აიღო ხელი უფროსობაზე, მაგრამ ძმის შიში მერე, მოგვიანებით ჩაენერგა გულში, მაშინ როცა ის მოზრდილი ბიჭი გახლდათ. ლეო მაშინ ჯერ კიდევ თოთხმეტი წლისა იყო, მაგრამ ეშმაკობითა და თავხედობით ბევრად ჯობდა ვართანს. თუმცა ქალებთან ისიც მორცხვობდა, მაგრამ არასოდეს იბნეოდა და წითლდებოდა.
ვართანი კი, არა მარტო წითლდებოდა, ელეთ-მელეთი მოსდიოდა ყველა კაბიანის დანახვისას. რეტდასხმულივით ტრიალებდა და უაზროდ ლუღლუღებდა. უკვე ზრდასრული ვაჟკაცი იყო, სხეული თავისას ითხოვდა, გაუბედაობა კი ათასგვარ გასამართლებელ საბუთს იშველიებდა რაიმეთი, რომ შეენიღბა საკუთარი თავი, მაგრამ გაუბედაობა ისევე იყო თავად ვართანი, როგორც ნდომა და ეს უკანასკნელი კი გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, რადგან ბოლოსდაბოლოს ბევრი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა ოჯახის შინამოსამსახურე, ჩუმი და მორჩილი, უთვისტომო, უგვარო და კალთაუხვი გალია შეეტყუებინა ფარდულში და შეშლილი სახით ეთქვა: _ თუ არ დამნებდები, მოგკლავო.
შევიტყუეო, ეს თავად გადაწყვიტა ასე, თორემ, სინამდვილეში, საქმე სხვაგვარად იყო... გალია, როგორც უცხო ქვეყნიდან გადმოხვეწილი, სამადლოდ მომუშავე უპატრონო ქალი, არ ბრაზობდა, თუკი უადგილო ადგილას წაავლებდა ვინმე ხელს, არც ტირილი ჩვეოდა მთვრალი, ვნებამორეული კაცების მოძალებული ჟინის მსხვერპლს, გაბახებულს. ტირილით ერთხელ იტირა მხოლოდ, როცა ოჯახის უფროსმა, ვართანისა და ლეოს მამამ, პირველად აზიარა ქალობის ერთ-ერთ საიდუმლოს. ეს იყო და ეს, თითქოს საერთოდ ამოკვეთეს საცრემლე ჯირკვლებიო, წვეთი აღარ ჩამოვარდნია თვალებიდან. მართალია მისი პირველი მამაკაცი ამის მერე ძაღლადაც აღარ აგდებდა, მაგრამ სხვა ეზოებიდან მოცუნცულდნენ ცოდვასმონატრებული მამაკაცები. 
ისინი მოდიოდნენ და მოდიოდნენ; მათ სახელები არ ჰქონდათ, მათ არც გვარები ჰქონდათ, რადგან ძმა, ძმას ხვდებოდა ფარდულის კარებთან თუ თივის ზვინთან და ნათესავი _ ნათესავს. ოდნავ აწითლებულნი პირს არიდებდნენ ერთმანეთს და უხმოდ თანხმდებოდნენ _ შენც სუ და მეც სუო. 
გალია კი, რაც მეტად იწაფებოდა ქალის უმთავრეს ხელობაში, მით უფრო მოვალედ თვლიდა თავს უანგარო, მორჩილი და უხვი ყოფილიყო, თითქოს ამით ცდილობდა სამაგიერო გადაეხადა იმ ქვეყნისთვის, რომელმაც თექვსმეტი წლის უთვისტომო გოგო შეივრდომა. სანამ შევძლებ, მანამ დავაწყრულებ ამ ბინძურ კაცებს, მეტი რა შემიძლიაო, ფიქრობდა უმოწყალოდ ნაქელი ქალი, სიყვარულისათვის არასდროს რომ იღებდა ქრთამს. 
მაგრამ განა მარტო ქმრები ამცირებდნენ გალიას?! მათ რამდენ ცოლს უთრევია თმით: _ შე, რუსო კახპავ, ჩვენი ცოდვით უშვილძიროდ ამოწყვეტა გელისო! თუმცა უშვილძიროდ ამოწყვეტა ნამდვილად არ ელოდა გალიას, რადგან მთვარესავით ბადრი გოგო გაუჩნდა ერთ დღეს. იმ დღეს, რატომღაც სოფლის ყველა მამაკაცმა რაღაც სინდისის ქეჯნასავით იგრძნო და ოდნავი მოვალეობაც კი, რადგან რიგ-რიგობით, ჩუმი სითამამით შევიდა მოლოგინებული ქალის ოთახში, რათა დარწმუნებულიყო, რომ თვითონ არ იყო მამა. გამოდიოდნენ ოთახიდან კაცები და გარეთ მომლოდინეთ ღიმილით ანიშნებდნენ, მე არ ვარო. მერე, როცა უკანასკნელიც გამოვიდა, მანაც გაიღიმა, მაგრამ არავინ იდგა გარეთ და ისიც ღიღინ-ღიღინით გაუყვა ღამეულ შუკას. 
გალიამ ყველა კაცს ერთიდაიგივე უთხრა, შენი არააო და მათი გაკაპასებული ცოლებიც დამშვიდნენ. ბავშვი უმამო იყო, იგი დედას ეკუთვნოდა მხოლოდ და მხოლოდ და თუკი კაცებს, ყველას ცოტა-ცოტა, მაგრამ მაინც წილი მიუძღვოდა მის შობაში, ეს იმიტომ რომ ისინი მარტოოდენ საშუალებანი იყვნენ იმისთვის, რათა მეორე საიდუმლო ამოეხსნა გალიას ქალობისა, ან სულაც საბოლოოდ დამკვიდრებულიყო, შვილს ამოფარებოდა და თამამად ეთქვა: _ მეც აქაური ვარ, მეც თქვენნაირი ვარო. 
,,მეორე საიდუმლო\", საოცარად ჩუმი, ბუნჩულა და ლამაზი ანი იყო, სოფლის თანაგრძნობა და გულისხმიერება რომ მოუტანა დედას. სწორედ ანის შობამ გახადა რაღაცნაირი შინაური გალია. იმ დღიდან თუკი ვინმე ,,რუსოს\" დაუძახებდა მის ქალიშვილს, უმალ თვალებს ამოჩიჩქნიდა ეს მორჩილი, თვინიერი ქალი. 
მშობიარობიდან ერთი თვის თავზე კვლავ დაიწყეს კაცებმა მასთან გამოსანელებლად სიარული. ქალი ნაკლებ ვალდებულად თვლიდა თავს უანგარო სიყვარული გაეცა და საჩუქრების მიღება დაიწყო, რადგან ლეოს მამა იმ პირობით დათანმხდა ანის დატოვებას, თუ ქალი თავად შეინახავდა საკუთარ ნაბიჭვარს. საკუთარი ,,ნაბიჭვრისთვის\" კი გალია საფლავის მიწასაც კი შეჭამდა. 
შინამოსამსახურეს მაინცდამაინც არ გაკვირვებია ვართანის თხოვნა _ ერთი წუთით შემოდი ფარდულშიო. ალბათ იცოდა რისთვისაც ეპატიჟებოდა მხარბეჭიანი ჭაბუკი იქ, სადაც ოდესღაც მამამისმა ახადა ნამუსი. იცოდა, მაგრამ უარის თქმა გულშიც არ გაუვლია, რადგან თავი ვალდებულად ჩათვალა დაეშოშმინებინა ბიჭის აბობოქრებული სისხლი. შედი, ხუთ წუთში მოვალო, უთხრა და თავის ოთახში შესულმა საგულდაგულოდ ჩაიბანა ბარძაყები, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საყვარელი ჰყავდა, მაინც სუფთა იყო და თანაც, ქალური ალღო კარნახობდა, ბიჭისთვის პირველი ხარო და ამიტომაც არ სურდა თავადაც ისეთი საზარელი მოჩვენებოდა ვართანს, როგორი საშინელიც მამამისი იყო პირველ ღამეს. 
მერე კი, როცა ზურგს უკან მიკეტა ფარდულის კარი, გაუცინა, ერთი ხელის მოსმით, მოქნილად და გამოცდილად მოიქნია კაბა და ისე წარუდგა აკანკალებულ ვაჟს. შენ დაწექი, ყველაფერს მე თვითონ გავაკეთებო, უთხრა ქალმა და თავადვე მიწვა თივაზე. ვართანმა კი სრულიად უადგილოდ დაიყვირა: _ თუ არ დამნებდები, მოგკლავო. მოდი, შე სულელოოო, _ უპასუხა გალიამ და გადაიშალა, მაგრამ ვართანი უკვე იხევდა კარისკენ და სანამ სახელურს ჩამოწევდა, ერთი წამით გამოხედა ქალს, გაკვირვებული რომ უცქერდა პირველ კაცს, რომელიც მისგან გარბოდა. გამოხედა და გახევდა, მაგრამ არა გალიას გამო, არა, მან ქალის უკან, ფიცრებში აელვარებული ორი თვალი დაინახა. დაინახა და სიცილიც შემოესმა უმალ _ მისი ძმა, კნაჭა ლეო ჩამალულიყო და ბავშურად წვრილ ხმაზე, გულამოსკვნით კისკისებდა. ამდენს ვეღარ გაუძლებდა ვართანი და ისიც, თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ და ისევე, როგორც მაშინ, ძმის დაბადების დღეს, უაზროდ გარბოდა და სიცოცხლე მოძულებული პირქვე ჩამხობას ნატრობდა სადმე, და ვართანმაც ყანას მიაშურა, ყანაში გადაეშვა თავით, როგორც მოშიებული დათვი და სახედასერილი მიწად ქცევას ნატრობდა. 
გალია კი გაოცებული უცქეროდა, როგორ გაიჯახუნა ვართანმა კარები და რაღაცნაირად შეურაცხოფილად გრძნობდა თავს. ის, პირველად უარყვეს დღეს, ვითარცა ქალი და ეს, ისეთივე დამამცირებელი იყო მისთვის, როგორც ღვაწლმოსილი პედაგოგისთვის სკოლიდან უმიზეზოდ დათხოვნა. გალიას ცრემლი მოადგა თვალზე, უმწეობის ცრემლი და უთუოდ ისე დავბერდი ფუნქცია დავკარგეო, ესღა გაიფიქრა, მაგრამ მთლად ასე არ იყო, რადგან როგორც კი კარები მიიხურა, საიდანღაც ლეო გამოძვრა და უსიტყვოდ, თამამად ეკვეთა ქალს. გალია მოულოდნელობისაგან შეკრთა _ ლეო ხომ სრულიად ბავშვი იყო მისთვის, თანაც, ამ წუთას ვერ გარკვეულიყო თუ საიდან უნდა შემოსულიყო ბიჭი, რადგან კარი, რაც ვართანმა გაიკეტა, აღარ გაღებულა. შეკრთა გალია, მაგრამ არ დაიბნა, _ აფაფხურებულ ლეოს გამოცდილი ქალის ხელით მიასწავლა გზა და თმაზე მოეფერა.
ლეო კი უეცრად არ გაჩენილა ფარდულში, ის იქ დილიდან იჯდა. თივის უკან აკოკოლავებულ ფიცრებზე შემდგარი იმ სარკმლიდან იყურებოდა, რომელიც მათი შინამოსამსახურის ოთახს მისჩერებოდა. ადრიანად ამდგარმა კნაჭამ შენიშნა, რომ გალიას ახლადწამოჩიტული გოგო წყალს აცხელებდა, მიხვდა _ ბანაობას აპირებსო და დაუდარაჯდა. იმ ადგილიდან, სადაც ახლა ლეო ჩამალულიყო, კარგად ჩანდა თუ რა ხდებოდა მოსამსახურის ერთი ბეწო ოთახში და ანი და დედამისი რომ იქ იბანდნენ ტანს, ეს მშვენივრად იცოდა ბიჭმა. კნაჭამ ისიც კარგად უწყოდა, რომ ოთახში მობანავე ქალები მთლიანად შიშველდებოდნენ, არსად ჩქარობდნენ და ამიტომ უკეთესად და დიდხანს შეიძლებოდა მათთვის თვალთვალი, ვიდრე იმათი, ვინც მდინარეზე ჩადიოდა და ფაცაფუცით ჭყუმპალაობდა. ესეც არ იყოს, სად დღისით-მზისით დანახული ქალის სხეული და სად ღამით, მთვარის ბაც შუქზე შემჩნეული შიშველი სილუეტი?!
სწორედ იმ თვალთვალში იყო ლეო, როცა ფარდულში მისი ძმა შევიდა. კნაჭას ფერი-ფური წაუვიდა, რადგან იცოდა, თუ ვართანი შენიშნავდა, შეიძლება დაეცინა, ან მეზობლის ბიჭებში ეთქვა, ეს კი არაფრად ეპიტნავებოდა ამაყ ყმაწვილს. ამიტომ ისე გაისუსა, თითქოს თუ იპოვიდნენ, სიკვდილით დასჯიდნენ. გაისუსა, თუმცა ვართანი თავადვე ისე იყო შეშინებული და აღელვებული, ცხვირწინ რომ გაევლო ძმას, ვერც შენიშნავდა. 
ლეო უცქერდა ვართანს და უკვირდა ასე უსაქმოდ მჯდარი, რაღაცეებს რომ ბუტბუტებდა თავისთვის და რაღაცნაირად იჭიმებოდა. 
ალბათ ვარჯიშობს, მე როგორ შემაშინოსო, გაიფიქრა კნაჭამ და ბოღმით აივსო, მაგრამ უმალ გაუქარწყლდა აზრები, რადგან ფარდულის კარი გაიღო და ახლა გალია შემოვიდა. ლეომ რაღაცნაირად ვერ დაუკავშირა ძმა და მოსამსახურე ერთმანეთს და მერეც, როცა კაბა ქვევიდან ზევით გადაიძრო ქალმა, პირდაღებული უყურებდა, რას ჩადისო. არა კნაჭას ის არ გაკვირვებია გალია იხდისო, იმან გააოცა ვართანთან როგორ იხდისო. ლეო ხახაგამშრალი უცქერდა უცხო ხილს და შურით სკდებოდა. ყოველივე ისე უსიტყვოდ მოხდა, ისე უთქმელად და უპრობლემოდ, თავისით გაშიშვლდა ქალი, კნაჭამ იფიქრა, ეს, ნაღდად დიდი ხანია, რაც ჩემს ძმას ყვარობსო. _ ხედავ ამ გველაძუა ვართანს, როგორ ჩუმად იყო და არაფერს ამბობდაო?! _ გაიფიქრა და ბრაზისაგან კინაღამ იყვირა: _ შეჩერდით, მეც გხედავთო, მაგრამ კიდევ კარგი თავი შეიკავა, რადგან წარმოუდგენელი რამ მოხდა _ ალერსისათვის გამზადებულ ქალს ვართანმა რაღაც უაზრო სიტყვები უთხრა, მერე შეშინებულმა უკან-უკან დაიხია და გასაქცევად მოემზადა. ლეო ერთბაშად მიხვდა როგორ ცდებოდა, როცა ეგონა გალია და ჩემი ძმა დიდი ხანია ყვარობენ ერთმანეთსო. არა, ვართანი პირველად ხვდებოდა ქალს და რაც ყველაზე გასახარებელი და სასაცილო იყო _ მარცხდებოდა და მერე ვისი _ ლეოს თანდასწრებით, ლეოსი, ვინც წეღან იმის შიშში იყო, ძმამ არ შემამჩნიოსო. ახლა პირიქით სურდა შეემჩნია, შეემჩნია კი არადა, _ თვალებზე ლიბრად აეკვრებოდა, თუკი დაენახვებოდა. ამიტომაც სამალავიდან უცბად გამოყო თავი და აკისკისდა. 
ვართანი განადგურდა, _ ეს სახეზე შეეტყო. განადგურდა და გაიქცა, მაგრამ ლეოსთვის ეს არ იყო მთავარი, _ ის შიშველ ქალს დასდგომოდა თავზე და ხარბი, მოჭუტული თვალებით ეუბნებოდა: _ განა ყველა ერთნაირად მშიშარააო? და, თუმცა ერთი წამით შეაცბუნა გალიას გაკვირვებულმა თვალებმა, აღარ დაბნეულა და მიუალერსა. საბედნიეროდ, მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა და როცა მტვერს იბერტყავდა ტანსაცმლიდან, სწორედ ისე დასცქეროდა ქალს, როგორც მამამისი დიდი ხნის წინ. 
ვართანისათვის კი აღარც მტვერი არსებობდა და აღარც ტალახი. მიწაში პირქვეჩამხობილი ხრიალით იწყევლიდა თავბედს, რაღა იმან, რაღა ლეომ დაინახა ყველაფერიო, კნაოდა და თავს ლანძღავდა უსუსურობისათვის. რა ძალა მადგაო, ფიქრობდა და ვერ წარმოედგინა რანაირად შეიძლებოდა კვლავ შეხვედროდა ძმას. მოვკლავო, გაიფიქრა, მაგრამ, იმასაც მიხვდა, რომ ვერასოდეს ჩაიდენდა ამას, მხოლოდ შეეძლო ენატრა _ ნეტავ ჩაძაღლდესო, მაგრამ მოკვლას, ძმის მოკვლას? _ არა, ვართანი ამის კაცი არ იყო. 
და თუმცა ლეოს გადაკრულადაც კი არ უხსენებია რამე მომხდარის თაობაზე, ძმების შემაერთებელი უკანასკნელი ძაფებიც გაწყდა. გაწყდა, მაგრამ კნაჭა ფეხზე დარჩა, ვართანი კი ისე დაეცა, ისე დაიმტვრა, როგორც ცხენიდან გადმოვარდნილი ბავშვი. ამ ამბის შემდეგ, საკმარისი იყო უბრალოდ ჩაეღიმა ლეოს, რომ ვართანს თვალებზე ეკვროდა ეჭვის ლიბრი _ დამცინისო და ეს ეჭვი ისე ღრნიდა და ანადგურებდა მის სხეულს, როგორც ფოთოლს _ ჭია. და ამ ეჭვიანობის გამო იყო სწორედ, რომ ორი წლის მერე, როცა ცოლი შერთეს _ უარესად შეირცხვინა თავი. 
ცოლის შერთვა სულაც არ ეპიტნავებოდა, მაგრამ მამამ გადაწყვიტა და წინ აღდგომა ვერ გაუბედა, თანაც იმ დროისათვის დედა გარდაცვლილი იყო უკვე და მანაც, მარტო დარჩენილმა კაცმა იფიქრა, რომ სევდის გამზიარებელს იშოვიდა. 
ქორწილმა ჩვეულებრივ, წესისამებრ ჩაიარა და როცა ახალშეუღლებულნი ოთახში მარტო დატოვეს, ვართანი რაღაცნაირად დაიბნა. არადა, როგორ არ ემზადებოდა, როგორ გეგმებს არ აწყობდა, რანაირად მოფერებოდა ცოლს, მაგრამ ამაოდ. 
ბებრუხანა მეზობელმა, გამჭკნარი ხელი რომ გადაუსვა გაქათქათებულ სარეცელს, გამოცდილი ქალის სიცილით ჩაიქირქილა. აბა ჰე, თქვენ იცითო, დაიკრუსუნა და ამით, თავისდაუნებურად დათარსა და ცეცხლზე ნავთი დაუსხა კაცს. 
დამთარსაო, ასე ვართანი ფიქრობდა, თორემ ქალს აზრადაც არ მოსვლია მსგავსი რამ, ის უბრალოდ, თავის საქორწინო ღამეს იხსენებდა, მთელი ათასი წლის წინანდელ საქორწინო ღამეს. 
პატარძალი კი ეგრევე, კაბით მიწვა ლოგინზე და თვალის გახელას ვერ ბედავდა. ის, თითქოს გრძნობდა როგორ ეხებოდნენ კაცის, ქმრის თითები, როგორ ნელ-ნელა აშიშვლებდნენ მის ვნებაწაკიდებულ სხეულს და როგორ ამბობდნენ იმ მოსაფერებელ სიტყვებს, ენის სათქმელი რომ იყო. ქალს ბევრჯერ წარმოედგინა თავისი პირველი ღამე და ეს ღამეც, რაც დრო გადიოდა, მით უფრო შორდებოდა იმ წარმოდგენილს, შეთხზულს, რომელიც რაღაც ზღაპრული, რაღაც იდუმალი და უცხო იყო, ისეთივე უცხო და სრულყოფილად გემრიელი, როგორც სხვების მიერ აღწერილი ხილი. და ისიც, ქალი, სწორედ ამ პირველი ძილისწინ მრავალჯერწარმოდგენილი ღამის გამო გათხოვდა, თორემ საქმროს თვალითაც არ იცნობდა, ისე თქვა დასტური. მისთვის მთავარი ის იყო ხილი ეგემა, თორემ რომელი ხიდან მოგლეჯდა ნაყოფს _ აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომაც იყო, რომ გარინდებულ, მომლოდინე ქალს შეუმჩნევლად და თანდათან ჩაეძინა. 
ქმარი კი მთელი ამ ხნის გამავლობაში, ოთახში შემოსვლის წუთიდან, არ მოშორებია ფანჯარას და ღამის წყვდიადს მიშტერებული, ვინ იცის რას აღარ ფიქრობდა. _ არა, ახლა კი ნამდვილად მივუბრუნდები და ერთი ხელის მოსმით გავაშიშვლებ, როგორც იქნა გადაწყვიტა ვართანმა და სწორედ ამ დროს, სიბნელეში, ლეოს თვალები აკიაფდნენ. სუნდაკრული ნადირივით, ანათებდნენ ისინი და მათ ნათებასთან ერთად ვართანამდე სიცილმაც მოაღწია თითქოს და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ საბოლოოდ წამხდარიყო ,,ნეფე\". 
კნაჭა კი სულაც არ ყოფილა ამ დროს გარეთ. შებუჟბუჟებული და ღვინისაგან სახეაწითლებული თვალებს პატარძლის რომელიღაცა შორეულ ნათესავს უჟუჟუნებდა. ამ უკანასკნელს სულაც არ ეჩვენებოდა ისინი ისეთი საშინელი, როგორც ვართანს, რომელიც უკვე გარეთ გამოსულიყო და ძმას დაეძებდა გაშაგებული. მოვკლავო, ფიქრობდა რისხვა ატანილი და მართლაც მოკლავდა, რომ ეპოვნა, რადგან უზომოდ დამცირებულს და დამარცხებულს ყველაფერზე აეღო ხელი. მაგრამ კნაჭას სიკვდილი არ ეწერა იმ დღისით. საიმედო კალთას, თუ კაბას შეფარებული, იმაზე ფიქრობდა, დღესვე დაეწერა ჯვარი, თუ მერმისისთვის გადაედო. 
ვართანი კი, როცა დილით, უკვე საბოლოოდ განადგურებული, ტანსაცმელშემოგლეჯილი, მტვრიანი, უპეებჩაცვენილი და უძინარი შეიპარა ოთახში, საკუთარი მონაყოფილის ტყვეობაში ჩავარდნილი მბრძანებელივით შეაცქერდა ქალს. ცოლიც უყურებდა კაცს და ეშმაკმა თუ უწყოდა მხოლოდ, რას ფიქრობდა იმ წუთს იგი. 
_ მაპატიე! _ ისე ჩუმად თქვა ვართანმა, დაეჭვდა გაიგებდა თუ არაო და გაიმეორა _ მაპატიე!
ქალს კი რა ჰქონდა მისატევებელი, როცა სრულყოფილად განიცადა ღამის მთელი სიტკბოება და სიამოვნება, რომელსაც აგერ რა ხანია ელოდა. განიცადა, მაგრამ ქმრის სიტყვამ მაპატიე, ყოველივეს ფარდა ახადა, ღამით განცდილის სიყალბე გამოაჩინა და იმედგაცრუებულმა ქალმაც რისხვით შეხედა ვართანს, რისხვით, რადგან რომ არა ამ უკანასკნელის ეს საშინელი სიტყვა, იგი უკვე გამოცდილი ცოლივით ჩაუწვებოდა ქმარს საწოლში. ახლა კი, მთელი დღე, მთელი უგრძესი დღე უნდა ეთმინა სანამ ბოლოსდაბოლოს აღასრულებდა თავის ვალს კაცი. 
მაგრამ ამ ვალს აღსრულება, თუ შესრულება არ ეწერა, რადგან ცოლის თვალებში ამოკითხულმა გაბრაზებამ საბოლოოდ წაახდინა ვართანი. მიხვდა, მასა და ქალს შორის ყველაფერი გათავებულიყო, რადგან შიში იმისა, რომ ცოლი გათქვამდა, უკვე ისე ღრმად გამჯდარიყო მის უძინარ სხეულში, ვერანაირი სიყვარული ვეღარ ამოძირკვავდა მას. სწორედ ამიტომ თუ იყო, რომ თვალებჩასისხლიანებულმა ვართანმა უბრალოდ, მაგრამ საოცრად გასაგებად თქვა _ წადი! და ეს ჩვეულებრივი, ოთხად ოთხ ასოიანი სიტყვა ისე გაიწელა და გაიშალა ოთახში, რომ თითქოს ყველა ნივთს ზედ დაეფინა, ყველა საგანში ჩაჯდა და მერე იქედანაც ერთბაშად წამოიშალა და პირდაპირ ქალს შეეფრქვია თვალებში. ქალმა სწორედ მტვერშეყრილივით ამოიწმინდა უპეები, ერთხელაც დახედა თეთრ, ქათქათა ზეწარს და უხმოდ გავიდა. ათიოდ წუთში კი მამაც შემოვიდა. 
_ რა ხდება? _ იკითხა მკაცრად და ლოგინზე გადამხობილი შვილი წამოაყენა, რომელიც ისე გადაკვროდა საწოლს, თითქოს რაღაცას მალავსო. 
_ რა ხდება-მეთქი?! _ მაგრად შეაჯანჯღარა პირგამეხებული ვართანი, და წითელ ლაქას დაუწყო თვალებით ძიება. 
_ როგორ გაგვიბედეს?! _ ამოისისინა მამამ და კარი გაიჯახუნა. ნახევარ საათში კი პატარძლის მაყრიონი თავდახრილი და შერცხვენილი გადიოდა ეზოდან და რაღაცნაირი მწუხარებით და გაურკვევლობით უყურებდა ქალს, უსიტყოდ რომ იტანდა ამდენ ამაო თანაგრძნობას. მაგრამ ის არაფრის თქმას არ აპირებდა, რადგან ფანჯარას აკრული ვართანის ვედრებანარევი თვალების შემხედვარეს უსამართლობად მიაჩნდა სიტყვის დაძვრა. 
ერთი ადამიანი არ წასულა მხოლოდ მაყართან ერთად _ ლეოს ცოლი! კნაჭამ ეს მაშინ გამოაცხადა, როცა სტუმრები წამოიშალნენ და სახლებში წასვლა დააპირეს. 
_ ქორწილი არ შეწყდება, ჩემმა ძმამ კი არა, მე მოვიყვანე ცოლიო, _ დაიყვირა მაგიდაზე შემხტარმა ლეომ და მამას გადახედა ამაყად. მამა კი სიხარულით აღარ იყო და ლხინიო, გაიძახოდა. 
ვართანი სუფრაზე აღარ მიბრუნებულა, მაგრამ არც სადმე გაუდგამს ფეხი. საკუთარ ოთახში ჩაკეტილი იატაკზე იწვა, ღრიჭოებში სულს უბერავდა და უსმენდა, როგორ სიყვარულობდნენ გვერდით, ერთ კედლის მიღმა მისი ძმა და უეცრად მოყვანილი რძალი. 
მერე ყველაფერი ნელ-ნელა და გამოზომილად მიწყნარდა და დავიწყებას მიეცა, მაგრამ არა ვართანის გულში და შერცხვენილი ქმარი ყანას მიაძღა. იქნევდა უშველებელ თოხს და ოდნავ შვებას გრძნობდა, მაგრამ ხომ ღამდებოდა ბოლოსდაბოლოს და ისიც, ჩვევისამებრ ვერჩაძინებული კაცი, თავბედს იწყევლიდა საკუთარი უსუსურობისა და სილაჩრისათვის. ბოლოს მაინც ჩაიძინებდა გადაღლილი, მაგრამ სიზმარში გრძელდებოდა ტანჯვა-წამება. 
უცნაური სიზმარი დასჩემდა ქორწილის მერე ვართანს. ერთი შეხედვით ძალზე უბრალო, არაფრისმთქმელი და აბდაუბდა, მაგრამ ძალზე შემაშფოთებელი. თვალის დახუჭვა და წითელი ხარ-ირემის ნახვა ერთი იყო; გადმოდგებოდა ეს ხარ-ირემი მათი სოფლის ეკლესიის გალავანზე, ააღირებდა თავს და საშინელი ხმით ღრიალებდა: _ ლეო, ლეოო, დასდევდნენ მთელი სოფლის კაცები თოფით, თუმცა ამაოდ _ მარჯვე იყო ოხერი! და როცა ვართანთან ჩაიმუხლებდა გადაღლილი ცხოველი, მიეფერებოდა კაცი, მაგრამ ამ დროს ხდებოდა ყველაზე საშინელი: _ ირმის ტუჩები ჯერ მოიპრუწებოდნენ, მერე კი სისხლი იფეთქებოდა მათგან და თვალებში შეეშხეფებოდა ვართანს. დაბრმავებულს სიცილი ესმოდა, საშინელი სიცილი და როცა, როგორც იქნა დაუბრუნდებოდა სინათლე, იმ მეზობლის დაკაცებულ ბავშვს ხედავდა ხანჯლით ხელში, პატარაობაში ლეო რომ სცემა.
_ მე მოვკალი, მე მოვკალი! _ იცინოდა მეზობელი და უცნაურად როკავდა. 
ოფლში მცურავს ეღვიძებოდა ვართანს და იწყებოდა შიში, რომ ლეოს რამე დაემართებოდა და მას კი დაბრალდებოდა. საშინელი, ავისმომასწავლებელი სიჩუმე, იმ წუთებში მათ სახლში რომ იდგა, კარგს არაფერს პირდებოდა თითქოს შეშფოთებულ კაცს და ისიც, ასე საცვლების ამარა შევარდებოდა ძმის ოთახში. კნაჭა დაფეთებული წამოხტებოდა ზეზე და უხმოდ მიაცქერდებოდა, რა გინდაო. მაგრამ ვართანი უკვე მშვიდად იყო და ჩუმად ბრუნდებოდა უკან. ლეოს, არასოდეს უკითხავს, რა გჭირს, რამ გაგაგიჟაო, რადგან თითქოს გუმანით ხვდებოდა. აზრი არ ჰქონდა კითხვას, პასუხს ვერ მიიღებდა. იქნებ ამიტომვე არ ჰკითხა არაფერი ვართანს, როცა ამ უკანასკნელმა დოქი ჩასთხლიშა სწორედ იმ ,,სიზმრისეულ\" მეზობელს. ,,უმიზეზოდ\" თავდატეხილი დიდხანს იქაჩებოდა, მაგრამ მოჩხუბრები უმალ გააშველეს, თუმცა ვართანი უკვე საბრალობად მობუზულიყო და მერამდენედ იმეორებდა: _ მაპატიე, არ ვიცი, რა დამემართა, რა ჭირი დამეტაკაო. 
ლეომ ფული აჩუქა დაზარალებულს და ეს უკანასკნელიც ისე დამშვიდდა, თითქოს არცარა მომხდარაო. ის კი არადა, ჭიანი კბილებით შეჰღიმა ვართანს: _ როცა მოგეხასიათოს, მირტყი ეგ დოქი, განა მტკივაო! და თუმცა იქვე გადაწყდა დავა და ჩხუბი, სოფელს მაინც გაუჩნდა სალაპარაკო. ზნემ მოუარაო, რასაც აქამდე მალავდა, ახლა გამოუჩნდაო, ჩურჩულებდნენ ქალები და ქვეშ-ქვეშად აპარებდნენ თვალს თავდახრილად მიმავალი ვართანისაკენ.
სოფელში რა ხანია ეშმას ავადმყოფს ეძახდნენ ლეოს ძმას და ეს იმ საღამოს მერე მოხდა, როცა ხუთი წლის ვართანი მოსასაქმებლად გაიყვანა ბებიამ და უკან უწამწამწარბებო შემოიყვანა. ქალი, რა თქმა უნდა, კუდიანად მონათლეს მეორე დღესვე, მაგრამ ის მალევე მოკვდა და ყველას დაავიწყდა მისი ავსულობა. აი უცნაურად თვალებგამოკვეთილი ვართანი კი არავის დავიწყებია, არავინ შეგუებია მის ავადმყოფობას, თუმცა რა გასაკვირია _ ყოველ დღე ხედავდნენ. ხედავდნენ და უცნაური რიდითა და შიშითაც კი ეპყრობოდნენ და ისიც გრძნობდა რა ამ დამოკიდებულებას, აღარც ცდილა გაეზარდა წარბწამწამი და ღამღამობით, ასე თვეში ერთხელ, თავადვე იპუტავდა მათ. 
მაგრამ ამ ავადობას არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია უმთავრეს ადამიანებზე, ვისი სითბო და ყურადღებაც სჭირდებოდა ვართანს. ლეო და მამამისი არაფრად აგდებდნენ იმას, რაც სხვების თვალში უცნაური იყო და ისევე უდიერად ეპყრობოდნენ, როგორც ყოველთვის. 
ვართანს განსაკუთრებით მამის უკმეხობა ტანჯავდა. ლეო კიდევ ჰო, რაც დაიბადა ასეთი ახსოვდა ძმა, მაგრამ მამა? მას ხომ მაინც უნდა ეცა პატივი, შეებრალებინა შვილი, ასე მონდომებით რომ ცდილობდა მისი გულის მოგებას მაგრამ არა, კაცი იმდენად გულცივი და სასტიკი იყო, ასე ადვილი არ გახლდათ მისი კეთილგანწყობის მოპოვება. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მცირდებოდა და კნინდებოდა ვართანში მამის სიყვარული იმ დღემდე, სანამ ავად არ გახდა კაცი, ერთ დღეს და ერთბაშად სანამ არ ჩავარდა ლოგინად და ეს მაშინ მოხდა, როცა ამ უკანასკნელს ერთ-ერთი და ყველაზე საიმედო, უსიტყვო და მორჩილი ცოლი უკვე აღარ ჰყავდა. 
მამის ლოგინად ჩავარდნა ორივე ძმას გაუხარდა, მაგრამ არა ერთნაირად. ლეოს იმედის ცეცხლი დაუტრიალდა გულ-ღვიძლში, როცა ოჯახის უფროსი სარეცელს მიეჯაჭვა _ მე შევიქნები ყველაფრის ბატონ-პატრონიო. და სწორედ ამიტომ თუ იყო, იმის შიშში, არავინ გამიგოს მამის სიკვდილის ნდომაო, თავიდანვე გაიქცა და საუკეთესო ექიმი მოიყვანა ქალაქიდან.
ექიმი ჩვეულებრივი, სათვალიანი კაცი იყო, კაცი მხოლოდ, რადგან უმწეოდ აიჩეჩა მხრები და მაინცდამაინც მეზობელს გადაუქნია თავი: _ უსაშველოა, მოკვდებაო!
კნაჭამ თვითონ გააცილა მკურნალი და იმ დღიდან აღარც შებრუნებულა მამის ოთახში. ერთხელაც არ მოუკითხავს ავადმყოფი. შინ დაბრუნებული კი თვალებით ეკითხებოდა ცოლს ცოცხალია კიდევ, თუ მოკვდაო. ქალი, რა თქმა უნდა, ხვდებოდა ქმრის ამ უთქმელ კითხვას და ისიც უსიტყვოდ პასუხობდა _ ცოცხალიაო! ეს მუნჯური გასაუბრება ამ ტაბუდადებულ, აკრძალულ საკითხზე ლეომ გამოიგონა. არა, რა თქმა უნდა, ერთხელაც კი არ აუხსნია ცოლისათვის ასე მოვიქცეთო, მაგრამ ქალი რისი ქალი იყო თუ ქმარს ვერ მიუხვდებოდა. და აი, როცა კნაჭამ ისე, სხვათაშორის სცადა ეს მართლა უჩვეულო ხერხი, ჰოი, რა გაკვირვებული დარჩა, ცოლი რომ მიუხვდა, მიხვდა კი არა პასუხიც კი გასცა. გაუკვირდა, გაბრაზდა და ესიამოვნა, რადგან იმ ერთადერთმა ადამიანმა, ვინც მისი საიდუმლო გაიგო, არათუ გათქვა, _ პირიქით, მეკავშირეობა აღუთქვა, თანადგომა გამოუცხადა თავისი პასუხით და აგრძნობინა _ მარტო არა ხარო.
თუ ლეო აგრე რიგად მალავდა თავის სიხარულს, ვართანი ვერა და ვერ ფარავდა იმას, რომ მამის ავად გახდომამ მასაც მისცა იმედის ნაპერწკალი, მაგრამ ძმისგან განსხვავებით, უფროსობის ხელში ჩაგდება არ ხიბლავდა.
თავიდან, როცა პირველად გაჰკრა ამ აზრმა ტვინში, უმალვე უკუაგდო იგი და საშინელი სინდისის ქეჯნა იგრძნო, მაგრამ როცა მეორედ და მესამედ შემოუტია იგივემ, ქმარდანატრული ქალივით დანებდა _ თავისზე სუსტ მოძალადეს რომ ვეღარ ეწინააღმდეგება მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი გრძნობები, საკუთარი ჟინი აღარ ემორჩილება. დანებდა და აქ დაიწყო მთავარი: _ ეჭვიანობა! ეჭვიანობა ყველას მიმართ, ვინც კი ოდნავ მაინც მიეკარებოდა ავადმყოფის სარეცელს. ყველაზე მეტად ლეოზე ეჭვიანობდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა, საბედნიეროდ უმალვე ამოიკვეთა ავადმყოფის ოთახიდან ფეხი, რა წამსაც ექიმისაგან შეიტყო უსაშველოაო. ამოიკვეთა და მთელი ასპარეზი ვართანს დარჩა. და ისიც, მტაცებლის გამოზოგილი სიყვარულით ეპარებოდა საკუთარ მსხვერპლს _ მამას! 
უსაშველოო? _ ჰმ, ეს ექიმისთანა არსებებისათვისაა მამის ავადმყოფობა უსაშველო, თორემ ვართანზე უკეთესად ვინ უწყოდა, რომ კაცი სიკვდილს არ დანებდებოდა? ის ხომ ძლიერი იყო, ამაყი და საყ _ ვა _ რე _ ლი! და სწორედ შვილის სიყვარულს უნდა აეძულებინა ეცოცხლა, რადგან ამაზე ამყარებდა მთელს თავის საუკეთესო იმედებს ვართანი. 
ის იცოცხლებს, ფიქრობდა გაცისკროვნებული და ხარობდა, რომ ყველამ მიატოვა უიმედო ავადმყოფი. ახლა კი, შემამჩნევს, ახლა კი ნახავს საბოლოოდ, თუ ვინაა მისთვის ყველაზე საიმედო ადამიანი, სჯიდა თავისთვის და მამის სასთუმალთან ჩამომჯდარი ძილსაც არ იკარებდა. ვინ იცის, რა დროს დაუძახებს, ან უბრალოდ დაიძახებს და სხვა ვინ თუ არა ის უნდა აღმოჩნდეს მამის გვერდით?!
და ვართანი ელოდა, ელოდა როდის მოიხმობდა კაცი. ავადმყოფი კი მხოლოდ ბუტბუტებდა და ილანძღებოდა, ყველას აგინებდა. 
_ დაე, დაე იგინოს, მამაა და ეგების! _ ამართლებდა ვართანი და მორჩილად იჯდა პატარა ჯორკოზე, _ ის, ავადაა, ავადაა, და ვინ არ იცის, თუ რა მგრძნობიარე ეგოისტები ხდებიან ამ დროს ადამიანები, მხოლოდ იმას აფასებენ მერე, გამოჯამრთელებისას, ვინც იმ წუთას, ავად ყოფნის წუთას, უშუალო სიახლოვეში იყო მათთან. და ვინაიდან მამა უნდა გამოკეთებულიყო, ასეთი გვერდში მყოფი ვინ უნდა ყოფილიყო სხვა, თუ არა ვართანი?!
ასე ფიქრობდნენ ძმები და ასე ამზადებდნენ საკუთარ გეგმებს, მაგრამ ორივე შეცდა. ლეოს იმედები იმიტომ გაუცუდდა, რომ მამა, ბოლოს და ბოლოს მაინც გამოჯანმრთელდა, გამოჯანმრთელდა და მაშასადამე, უფროსობის ხელში ჩაგდების ყველა მოლოდინი გაურკვეველი დროით გადაიდო, თუმცა, უნდა ითქვას, საკუთარი გულცივობითა და უყურადღებობით არაფერი დაკლებია კნაჭას. მამას, არც კი უგრძნობებია შვილისათვის რომ რაიმეთი ნაწყენი იყო.
ვართანის იმედი, მამა იცოცხლებსო, საბოლოოდ გამართლდა, მაგრამ ყველაფერ ამას ის შედეგი არ მოყოლია, რასაც თავად ელოდა _ ვართანი ისეთივე სულერთი დარჩა მამისთვის, როგორც ყოველთვის იყო და, ალბათ, ამან თუ მოტეხა საბოლოოდ მისი ნებისყოფა, რადგან ძმასთან შეჯიბრსაც შეეშვა და მამის გულის მოგებაზეც აიღო ხელი. მთლიანად დანებდა ხვედრსა თუ ბედს, რადგან სწორედ ბედის გამოისობით თუ უნდა მომხდარიყო ის, რასაც არასოდეს ელოდა, რასაც ფიქრადაც კი ვერ გაივლებდა ვართანი.
საღამოობით, როცა ყველაფრისაგან მოიცლიდა, ეზოში ეულად მდგარ ნუშის ხესთან უყვარდა ჩამუხვლა. მიწვებოდა, ლოყას მიადებდა გრილ მერქანს, და რაღაცნაირად მშვიდდებოდა. ეს იყო წუთები, როცა ის ყველასა და ყველაფერს ივიწყებდა. არა, მთლად არ ივიწყებდა, მაგრამ რაღაცნაირად კი აბუნდოვნებდა, ამკრთალებდა ყოველივეს. ამ წუთებში (სანამ დედა ჰყავდა), ძირითადად იმ ნახევარსაათიან, თუ ოციოდე წუთიან მონაკვეთს ნატრობდა ღამისას, როცა ქალი ჩუმად, შეყვარებულივით მიიპარებოდა შვილთან და წილ ალერსს მიუტანდა, არადა, როგორ ელოდა ამ სითბოს ვართანი?! აი, სწორედ ამ დროიდან, ხეზე თავის მიდებიდან იწყებოდა ხოლმე ეს ლოდინი, მაგრამ მერე, როცა დედა უეცრად მიიცვალა და როცა კუბოში რაღაცნაირად ნაზად მწოლიარემ აღარ მიიკარა ვაჟი, როცა დაღამებულზე არათუ მიუალერსა სიზმრადაც აღარ დასიზმრებია, შეშფოთებულმა ვართანმა ოცნება, ხესთან ოცნება დაწყო. აი, ვითომ დედა მძიმე ვარცლს მიათრევს, ის კი, უფროსი შვილი, ჰეე, არც კი ეხმარება! არა, კი იცის, როგორ უჭირს ქალს, მაგრამ არა, არ აშველებს ხელს... ვაი და გაქრეს?! არც დედა ეძახის _ მოდი, შემეშველეო. ზუსტად ისეთივეა, როგორც სიცოცხლეში _ მოკვდება და არა გთხოვს არაფერს. იცის, განა არ იცის ეს ვართანმა და როგორც ადრე, ცოტა ახლაც სწყინს, მაგრამ რა დროს ეგეთებია? უნდა მოასწროს, უნდა კარგად დაიმახსოვროს ქალი, რათა ხვალაც ასევე ცხადად ახსოვდეს.
და მერე, როცა ეს ზმანებაც მიმქრალდებოდა თანდათან, ვართანს ყველაზე მეტად თვალების გახელა უჭირდა, რადგან ეს იყო ნანახის კიდევ უფრო ოცნებისეულად აღქმის უთვალსაჩინოესი წამი. და ამიტომაც, რაღაცნაირად თვალებმოწკურული, ოდნავ შემოუშვებდა ბადურზე რეალურ სამყაროს და მერე... ეჩვეოდა, ეჩვეოდა!..
ერთხელ კი, როცა ასე ძალისძალად ასწია ქუთუთო, უცბადვე დახუჭა, რადგან ცხოვრებაში პირველად შეეშინდა ასე ძლიერ. არა ეს რეალობისათვის, უდედობისათვის თვალის გასწორების შიში არ იყო, ეს სხვა _ არსებულში დანახული არარსებულის შიში გახლდათ. და ამიტომაც, როცა თვალგახელილმა, თავშალმოსხმული დედა დაინახა ვარცლით, მძიმე ვარცლით ხელში, არა მარტო უცბად დახუჭა ქუთუთოები, დიდადაც შეჰყვირა. შეჰყვირა და გული წაუვიდა. იმ მძიმე ვარცლში დაგროვილმა წყალმა უმალ გამოაფხიზლა კაცი და ცნობიერება დაბრუნებულმა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა ვინ ადგა თავს, მაინც დედა-თი მიმართა რძალს. ქალმა დაუყვავა, თმაზე ხელი გადაუსვა და მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად გამოელაპარაკა. მართალია, ეს დიალოგი მოკლე გამოდგა, რადგან ლეოს გამოჩენამ გააწითლა და იქაურობას გააცალა ,,მხსნელი\" მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სულ ცოტა ხნით მაინც გამხნევებულიყო კაცი და რაღაცნაირად შეშფოთებულიყო კიდეც, რადგან ეს გამხნევება, თავისთავად, ძმის ბატონობისადმი იდუმალ, მაგრამ მაინც ამხედრებას ნიშნავდა. 
_ კი, მაგრამ... მე ხომ უფროსი ძმა ვარ... მე ხომ... ფიქრობდა ვართანი და რაც მეტს ცდილობდა მოეკლა თავისში ის წამიერი აღტკინება, ჭეშმარიტი მეს ამაყი გაელვება, მით უფრო იპყრობდა უკვე განცდილის ხელახლა გადატანის სურვილი. ამ უთავბოლო, სულისთვის მავნე ფიქრებში კაცი ნელ-ნელა, მაგრამ სავსებით რწმუნდებოდა იმაში, თუ რაოდენ უძლური და უნებისყოფო იყო საკუთარ თავთან. თავთან, რომელიც თავისუფლებაში გაშვებულ ნადირივით დაიბნა და იმისი შიში, რომ ერთბაშად ვერ იგემებდა ამ თავისუფლების მთელ სიამეს, რაღაცნაირად აწრიალდა, გაქვაქვდა და გახევდა. არა, მაინც რა იყო სინამდვილეში ყოველივე ეს? უბრალოდ ხორცის ძახილი, თუ ოდესღაც ღიმილით გათელილი თავმოყვარეობისა? ვართანმა პასუხი არ იცოდა. არა, იქნებ სადღაც სიღრმეებში კარგად უწყოდა სიმართლეს, მაგრამ აქ, ამ წუთას ამის გაცნობიერება არ შეიძლებოდა, თანაც საშიში იყო. საშიში, რადგან არსებობდა ვიღაც, ვინც ცუდი თვალით შეხედავდა ყოველივეს და არათუ აპატიებდა, სამუდამოდ განდევნიდა საკუთარი გულიდან.
ვინ იყო ეს _ ძმა? არა, ძმისადმი შიში, თუ მონური სიყვარული მაშინ მოკვდა, როცა რძალმა გაუღიმა, ანუგეშა, თუ... მოუხმო.
მ ა მ ა!
მამა იყო ის, ვის ნაბიჯებსაც, ვის ფიქრებსაც ვერ გათვლიდა ახლა ვართანი. აკი მაშინაც, როცა ეგონა საბოლოოდ მოვიპოვებო მის სიყვარულს, მის ნდობას, საშინლად მოტყუვდა, გაწბილდა, რადგან მკვდრეთით აღმსდგარმა მამამ, არათუ მადლიერება, ყურადღებაც კი არ გამოუმჟღავნა შვილს, არა და როგორ იმედოვნებდა, როგორ ეგონა მომაკვდავის სარეცელთან ჩამუხლულ, საწოლთან მიბმული გოშიასავით საბრალოდ, მორჩილად ჩაცუცქულ ვართანს, ახლა კი დაინახავს ჩემს ერთგულებასო. ეგონა, მაგრამ შეცდა _ გამოჯანმრთელდა კაცი და რა? _ არცერთი სიტყვა მსგავსი იმისა, რასაც თავისთვის ოცნებებში ალაგებდა უფროსი ვაჟიშვილი და მაშინ, პანჩურნაკრავი ძაღლივით იგრძნო თავი, იმ ძაღლივით, თოვლიდან რომ ამოთხრის ადამიანს, გადაარჩენს და ეს უკანასკნელი კი იმის ნაცვლად, რომ პური გადაუგდოს, არა პურიც ნუ იქნება, უბრალოდ დაუყვავოს, ან ნურც დაუყვავებს, სულაც გვერდით დაიყენოს, სიტყვას ნუ ეტყვის, ოღონდაც აგრძნობინოს ჩემნაირი ხარო, ჩემად გთვლიო, მიახვედროს, შეაგინებს და ჭიტლაყს ამოსცხებს, ან უფრო უარესი _ შეხვდება გზაზე და ვერ იცნობს, მხსნელს, მხსნელს ვერ იცნობს! მხსნელს, რადგან, ვართანის აზრით, სწორედ მისმა უზომოდ დიდმა სურვილმა _ მამამ იცოცხლოსო, გადაარჩინა კაცი. ადამიანი, ვინც არაფრად ჩაგდო მისი განცდები და შვილები, შვილები განასხვავა ერთმანეთისაგან! და სწორედ ამ კაცის წინაშე უნდა აღმდგარიყო ვართანი და არა თუ აღმდგარიყო მხოლოდ, არამედ კიდეც და-პი-რის-პი-რე-ბო-და! მაგრამ უმთავრესი ის იყო, რომ ყველაფერი თამაშს ჰგავდა, თამაშს, რომელშიც, რატომღაც, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ვინ გაიმარჯვებს, რადგან გამარჯვებული, შესაძლოა, სწორედაც რომ დამარცხებულს ნიშნავდეს.
და ისიც, შვილი, უკვე თავის მომავალ საქციელზე ფიქრობდა და იმაზეც, თუ როგორ მოიქცეოდა მამა, როცა ყველაფერს \"იქნებ-და!\" შეიტყობდა.
_ მე წყალწაღებული ვარ, ხელ-ფეხშეკრული, შელანძღული წყალწაღებული, იმართლებდა ვართანი თავს _ და ყველაფერი მეპატიება, რადგან მე მე აღარ ვარ, მე ვართანი აღარ მქვია ამ წუთას, ჩემი სახელი ერთია მხოლოდ _ კაცი და არც შემიძლია წინ აღვუდგე ბუნების ძალას! მაგრამ მოვალეობა, მაგრამ სინდისი, მაგრამ დედა? რას იტყოდა დედა, აქ მის გვერდით რომ იყოს?
_ არა, ისიც მეყოფა, საკუთარ თავში რომ ვძლიე ძმას და რაღა საჭიროა ცოდვა, განა ისედაც მძიმე არ მაქვს სული? დაე, დარჩეს ყველაფერი, როგორც არის. დაე, იცინოს ძმამ ჩემზე, მაგრამ მე ხომ მეცოდინება აწი, რომ უკვე ის აღარ ვარ, ის ძლეული, გაძარცვული, დამცირებული კაცი აღარა ვარ!
და ამეებში ჩაფლულმა ვართანმა ვეღარც კი შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა მთვარის შუქით განათებულ მდინარეს _ ახალ სტიქიას. 
და მდინარეში ბანაობდა რძალი, ბანაობდა კი არა-და ნებივრობდა, ანცობდა და... ელოდა! 
ელოდა კი? მაგრამ სხვა რა უნდა ეფიქრა კაცს, ბუჩქებში რომ ჩამალულიყო და ნერწყვს ვეღარ ყლაპავდა?! ქალი უყურებდა. არა, წესით ვერ უნდა დაენახა, არანაირად არ უნდა დაენახა, მაგრამ უყურებდა. და ასე ერთბაშად გაშეშებული, მხრებაწურულ და კანბზინავ რძალს მიშტერებოდა კაცი. და ის, რაც აქამდე ეფიქრა თუ გადაეწყვიტა, ერთბაშად განქარდა თითქოს. რძალი რძალი აღარ იყო ამ წუთას _ მის წინ ქალი იდგა მხოლოდ, ცოცხალი, მსუნთქავი და ალბათ ცხელზე ცხელი, რადგან, როცა წყალში ფეხი ჩაჰყო ვართანმა, გავარვარებული, ლავასავით მდუღარე ეჩვენა. არა-და, რა გაათბობდა განა ამ ადრეულ გაზაფხულზე პირველშობილ მდინარეს, ცივსა და უკარებას? და მერე, როცა მკერდზე ეწაფებოდა კაცი, ერთი წამით, ინსტიქტურად თავზე გადაავლო ხელი, თითქოს რაღაცას აშორებსო. 
თავშალი!
და ქალიც, ნამდვილი და უმწეო, მიუხვდასავით საქციელს და კაცის თმებში შეცურებული თითები ფრთხილად გამოიღო _ თავადვე მოიშორა უხილავი თავსაფარი და უფრო გაშიშვლდა თითქოს. ეს აღარ იყო მარტოოდენ ცოდვა, რაღაც ახალი იღვიძებდა მათში. და როცა დაპურებული ქალი შინისკენ გაემართა, მხარსუკან გამოხედა წყალში კოჭებამდე ჩამდგარ მაზლს, როგორც დედამ შვილს, სამუდამოდ რომ ტოვებს. 
ვართანმა სწორედ გაიგო ეს გამოხედვა, რადგან მეორე ღამეს იმავე ადგილას მდგარმა, უკვე ფეხის ხმაზე იცნო რძალი. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო მათ ურთიერთობაში რომ იმ დღიდან, რაც ხის ძირას მოასულიერა ქალმა იგი, ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის. ყველაფერი უსიტყვოდ, თავისთავად და რაღაცნაირად უნებურად ხდებოდა. და მერეც, როცა ვართანის ოთახში გადაინაცვლა მათმა საიდუმლომ, ერთხელაც არ გამოლაპარაკებიან ერთმანეთს.
ქალი ღამის რომელიმე საათს შემოდიოდა, როცა ყველას ეძინა, შემოდიოდა და უკანვე გადიოდა ფეხაკრეფით.
შეეჩვივნენ ერთმანეთს და ასეთ ყოფას, მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ ქალი ორი-სამი ღამე საერთოდ არ შეიხედავდა ვართანთან. ასეთი ღამეები გაუსაძლისი იყო კაცისათვის და ისიც, როცა დღისით პირისპირ ხვდებოდა რძალს, რაღაცნაირი სევდითა და მუდარით შეაცქერდებოდა და უსიტყოდ, მაგრამ მრავლისთქმელად მოსთხოვდა საკუთარ სითბოს და ქალიც, ამ გამოხედვის მერე, რაღაცნაირად აზარტული ხდებოდა. უსაშინლეს რისკზე წასული, ფრთხილად და მოქნილად წამოიმართებოდა საწოლიდან და იმ ტყვესავით იპარებოდა, პირველად რომ გაურბის გუშაგებს. იპარებოდა ქმრისაგან და იქვე, მეორე ოთახის ღიად დატოვებულ კარებში შესრიალდებოდა უჩუმრად. და თუმცა მას, სხვის ცოლს, სრული და კანონიერი უფლება ჰქონდა ეწუწუნა, და მთავარი საქმის მოთავებისთანავე გაბრუნებულიყო უკან, რატომღაც მაინც ფეხს ითრევდა და მხოლოდ მაშინ ტოვებდა ოთახს, როცა კაცი წამოდგებოდა და ფანჯარასთან უსიტყვოდ დამდგარი, სიჩუმეს მიუგდებდა ყურს. ქალი კი, სანამ წავიდოდა, თმებზე ხელს უსმევდა და უსიტყვოდ ეფერებოდა ვართანს. კაცი მართალია დანატრული იყო სიტყვებს, მაგრამ ამას აღარ აქცევდა ყურადღებას, რადგან მთავარი ის იყო, რომ ქალი მოდიოდა და ეფერებოდა, ეფერებოდა და იმასაც კი ბედავდა, რომ სასტიკი ქმრის მიუხედავად, იმდენი ხანი ჩერდებოდა, სანამ კაცი არ ანიშნებდა _ წადიო! ეს კი, იმას ნიშნავდა, რომ მხოლოდ მისთვის, ვართანისათვის იწირებოდა ყველა და ყველაფერი, თვით უმაღლესიც კი _ მორალი!
და იმ წუთას, მამლის მეორედ შეყივლებისას, უეცრად გამოფხიზლებული მიჯნურები ოდნავ იძაბებოდნენ, კრთებოდნენ მაგრამ მალევე მშვიდებოდნენ და ვართანი ფანჯარასთან დგებოდა.
მერე რძალი იმ საწოლს უბრუნდებოდა, სადაც წესითა და კანონით უნდა წოლილიყო და უკვე რაღაცნაირად, ტვირთმოხსნილი დაღლილივით იძინებდა. დილით კი, როცა კნაჭას მკლავზე იღვიძებდა, საშინლად სტეხდა მთელი სხეული, სულით სტკიოდა ხორცი და დამორცხვებული ქმარს და მაზლს თვალს ვეღარ უსწორებდა, თუმცა ვართანი რძლის დანახვისთანავე მიწას მიაბჯენდა წებოვან მზერას და მხოლოდ მაშინ-ღა აწევდა თავს, როცა ფეხის ხმა მიჩუმათებოდა. ეს ხმა ისე სწრაფად ჩაივლიდა, თითქოს ჩაირბინესო და, მართლაც, ქალი გარბოდა, აკრძალული სიყვარულისგან, თუ საკუთარი სინდისისაგან გარბოდა და უკვე ,,საბოლოოდ\" გადაწყვეტდა _ მორჩა, დღეიდან ყველაფერი გათავდაო; მაგრამ საკმარისი იყო რაღაც წამით დაეჭირა ვართანის სევდითა და მუდარით სავსე მზერა, მრავლისთქმელად, თუმც უსიტყვოდ რომ ითხოვდა სითბოს და ღამეული ვიზიტიც გარდაუვალი იყო. და, ვინ იცის, მერამდენედ იწყებოდა სინდისისა და ვნების ეს უცნაური აღრევა.
თუმცა, რამდენადაც ქალი იტანჯებოდა საკუთარი საქციელით, იმდენად მშვიდად გრძნობდა თავს ვართანი. არათუ ნამუსის წამოყვედრებას, ოდნავ სინანულსაც კი არ განიცდიდა და რაც ყველაზე უცნაური იყო, ყველაფერს რაღაცნაირად აუცილებელს, კანონზომიერს უწოდებდა. არა, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ არანაირი კოდექსი არ გაამართლებდა ასეთ საქციელს, მაგრამ ეს უკვე არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მან ჩაიდინა _ მამას გადააბიჯა! სხვა დანარჩენი კი მხოლოდ წვრილ-წვრილი მუწუკები იყო, მთავარ იარასთან შედარებით. მაგრამ ეს ყველაფერი არ გახლდათ, აქ არ მთავრდებოდა ყოველივე, რადგან უმთავრესი მაინც სხვა იყო _ ძმისთვის ცოლის წართმევას გამარჯვებად არ უთვლიდა თავს. არა, ეს არ იყო ის, რითაც ძმის დამარცხებას ლამობდა კაცი. უფრო სათუთი, უფრო შორეული ერქვა ყველაფერ ამას, რაც ასე უფორიაქებდა ფიქრებს, თუმცა არც ის იყო უმნიშვნელო, რომ საბედისწერო, მდინარისპირა ღამის შემდეგ, რაღაცნაირი თვითდაჯერება იგრძნო ვართანმა, ოდნავ წელ-გამართული და ოდნავ ამაყიც გახდა, თავისთვის, ჩუმად ამაყი. და იქნებ სწორედ ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ სიცოცხლეში პირველად გამოთქვა სურვილი სანადიროდ წასვლა მინდაო. 
ლეოს, რა თქმა უნდა, გაუკვირდა, მაგრამ არ გაოცებულა რადგან ბოლო ხანებში, ისედაც ამჩნევდა ძმის უეცარ ცვლილებას, მაგრამ დუმდა და აკვირდებოდა. აკვირდებოდა და რაღაცნაირად ანგარიშსაც უწევდა თითქოს. და თუმცა ეს ყველაფერი ოდნავ მოგვიანებით აღიარა, ფაქტი ერთი იყო _ ძმების ურთიერთობაში ამ აღიარებამდეც ბევრი რამ იყო შეცვლილი და ამიტომაც, ვართანის სურვილზე, სანადიროდ წამოვალო, განსაკუთრებული რეაქცია არ გამოუმჟღავნებია, უბრალოდ თვალები მიანათა ახალბედა მონადირეს და ოდნავ ჩაიღიმა _ ,,თავისთვის!\"
ვართანს არ გამოპარვია ეს ჩაღიმება, მაგრამ საქორწინო ღამისაგან განსხვავებით, იგი დამარცხებას აღარ აპირებდა, რადგან ეს იყო ერთადერთი შანსი ყველასათვის დაემტკიცებინა, რომ ისიც ნამდვილი მამაკაცია, შეუბრალებელი და უხეში, რომელსაც უდრტვინველად ძალუძს მოკვლა და განადგურება. მერე რა, თუ ადრე შეშისა და წყლის ზიდვა ევალებოდა ნანადირევის გასაკეთებლად? ახლა დაამტკიცებს, თუ რა შეუძლია სინამდვილეში. მართალია მაინცდამაინც არ უყვარდა ,,ტყეში ხეტიალი\", მაგრამ მას მერე, რაც ძმას რაღაცით გაუტოლდა, მეტიც, კუთვნილი წაართვა და მიითვისა, მასაც გაუჩნდა დაუოკებელი სურვილი მამაკაცური აღტკინების კიდევ ერთი ამოფრქვევისა _ ნადირის მოკვლისა.
და ამიტომაც, ის იჯდა ძმისგან ჭკუადარიგებული მოფარებულ ადგილას და ნადირს ელოდა. ელოდა და საკუთარი კბილების კაწკაწი უშლიდა ყველაზე უფრო ნერვებს, რადგან მარტო ლოდინი არ იყო ყველაფერი _ სასხლეტს გამოკვრა სჭირდებოდა, გამოკვრას კი, მოსაკლავად გამიზნულ გამოკვრას _ გამბედაობა!
ხოლო როცა ხეებს შორის ,,სიზმრისეული\" ხარ-ირემი გამოჩნდა, რაღაცნაირად დაიბნა. დაიბნა და თანაც დაენანა, დაენანა კი არა-და, შეეცოდა ცხოველი და რაღაც წამით დაეზარა კიდეც ეს საკუთარი ახირება ადგილის დამკვიდრებისა, კაცურის დამტკიცებისა. დაეზარა და შეეზიზღა კიდეც თავი, მაგრამ უმალ ძმის თვალები გაახსენდა _ აელვებული და დამცინავი, ოდნავ მოჭუტული და გამანადგურებელი. გაახსენდა და რისხვით აღევსო, რადგან უკვე აღარ იყო ის ვართანი, თოვლსა თუ ყანაში პირქვე რომ ემხობოდა. აღარ იყო და ამიტომაც თუ დაუმიზნა თოფი ირემს, მაგრამ დამიზნება და გახევება ერთი იყო. და წამით დაიბნა კიდეც ვართანი, რადგან... რადგან ძმის, ალალი ძმის თვალები ჰქონდა ირემს, ისეთივე აელვარებული და დამცინავი, როგორც ლეოს და თითქოს ისინიც ეუბნებოდნენ: _ რაო, ხომ არ გეშინია, მამაკაცოო?! ამას კი ვეღარ გაუძლებდა ვართანი, ან-კი როგორ შეეძლო გაეძლო. როცა ირემიც კი, ირემიც კი დასცინოდა მის სიამაყეს და მერე რა, თუ თვალები ჰქონდა კნაჭასი, ძმა ხომ არ იყო... 
და ლეოს პირიდან ამოხეთქილმა ალისფერმა სითხემ კი არ შეაშინა, გააოცა ვართანი. რამდენი სისხლი ჰქონიაო, გაიფიქრა და სანამ ცნობას დაკარგავდა, მიხვდა _ რძალი შურისძიება არ ყოფილა, ქალმა უბრალოდ დედა შეცვალა
კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 1000 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024