მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
პარასკევი, 19.04.2024, 18:10
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » განსჯანი მწერლობაზე – (ჰენრი მილერი)
21:21
განსჯანი მწერლობაზე – (ჰენრი მილერი)
ერთხელ კნუტ ჰამსუნმა ანკეტის შევსებისას ასეთი რამ ბრძანა: მარტოოდენ დროის მოსაკლავად ვწერო. ეგებ, გულწრფელიც იყო, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ცდებოდა. მწერლობა, როგორც თავად სიცოცხლე, ესაა მოგზაურობა რაღაცის შეცნობის მიზნით. იგი მეტაფიზიკური თავგადასავალია: რეალობის არაპირდაპირი გაცნობიერების საშუალებაა, რომელიც ნებას გთავს მოიპოვო ერთიანი და არა შეზღუდული თვალსაზრისი სამყაროს შესახებ. მწერალი არსებობს ყოფის ზედა ფენასა და ქვედას შორის და მიემართება ბილიკით, მათ რომ აკავშირებს, რათა, ბოლოს და ბოლოს, თავად იქცეს ამ ბილიკად.
მე ვიწყებდი სრული დაბნეულობისა და შეცბუნება-განცვიფრების მდგომარეობით, სხვადასხვა იდეათა, განცდათა და ცხოვრებისეულ შეხედულებათა ჭაობში რომ ვიყავი ჩაფლული. დღესაც კი წინანდებურად მე არა ვთვლი საკუთარ თავს მწერლად ამ სიტყვის მიღებული მნიშვნელობით. მე, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრების მთხრობელი ვარ და რაც უფრო შორს მივდივარ ამ მონათხრობით, მით უფრო ვგრძნობ მის უშრეტობას; იგი უსაზღვროა, როგორც თავად ამ სამყაროს ევოლუცია. და წარმოადგენს ყოველივე იდუმალის ამობრუნებას, მოგზაურობას ყველაზე წარმოუდგენელ განედებზე, სანამ რომელიღაც წეროტილში ანაზდეულად ნათელი არ გახდება შენთვის, რომ მონათხრობი გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მოთხრობა. აი, სწორედ ეს თვისება, ხელოვნებისგან განუყოფელი, ანიჭებს კიდეც მას მეტაფიზიკურ იერსახეს, - ამის გამოა იგი ზეაწეული დროზე, სივრცეზე, იგი ეწევნება კოსმიურ რიტმს, შესაძლოა, მხოლოდ ამ რიტმით განსაზღვრული, ხოლო ხელოვნების \"სამკურნალო თვისება\" მდგომარეობს მის მნიშვნელობაში, მის უმიზნობაში, მის გაუსრულებლობაში.
მე ლამის პირველი ნაბიჯებიდანვე მშვენივრად ვიცოდი, რომ არავითარი მიზანი არ არსებობს. ყველაზე ნაკლებ იმას მოვითხოვ, მთელი მოვიცვა - მხოლოდ ვესწრაფვი, საკუთარი შეგრძნება მთლიანობისა - აღმოცენებული როგორც ხსოვნა ჩემი ხეტიალისა, - აღვბეჭდო ყოველ ფრაგმენტში, ყოველ წიგნში, რაკი სულ უფრო ღრმად ვხნავ ცხოვრებას: წარსულსაც, მომავალსაც და, აი, როცა ასე ხნავ დღიდან დღემდე, ჩნდება დარწმუნებულობა, რომელიც რწმენაზე ანუ დოგმაზე ბევრად არსებითია. მე ვხდები სულ უფრო გულგრილი ჩემი, როგორც მწერლის, ხვედრისადმი, მაგრამ სულ უფრო დარწმუნებული ჩემ ადამიანურ დანიშნულებაში.
თავდაპირველად მე ბეჯითად ვწსავლობდი სტილისტიკას და ხერხებს იმათსას, ვისაც პატივს ვცემდი, ვინც აღმაფრთოვანებდა, - ნიცშესას, დოსტოევსკისას, ჰამსუნისას, თვით თომას მანისასაც, რომელსაც ახლა ვუყურებ უბრალოდ - როგორც დაჯერებულ ოსტატს, თავის საქმეში გამოცდილ კალატოზს, საფორნე ცხენს ან, შესაძლოა, სახედარსაც კი, რომელიც გაშმაგებული გულმოდგინებით ეწევა ოთხთვალას. მე ვბაძავდი მწერალთა ერთიმეორისგან ძალზე განსხვავებულ მანერებს იი იმედით, რომ მეპოვა გასაღები ჩემი მტანჯველი საიდუმლოსათვის - როგორ მეწერა. ყოველივე კი იმით დამთავრდა, რომ მე - მას შემდეგ, რაც გადავიტანე წელის წყვეტა და სასოწარკვეთილება, რომლის მსგავსიც არცთუ ბევრს გამოუცდია, - ჩიხში აღმოვჩნდი. საქმე კი ის გახლდათ, რომ მე არ ძალმიძდა საკუთარ თავში მწერლის გამოცალკევება ადამიანისგან და მარცხი შემოქმედებაში ჩემთვის საბედისწერო მარცხს ნიშნავდა. მარცხი კი იყო. ჩემთვის ცხადი შეიქნა, რომ არარაობას, უფრო მეტიც, უარყოფით სიდიდეს წარმოვადგენ. და, აი, ამ წერტილს რომ მივაღწიე თითქოს სარგასის მკვდარ ზღვაში ამოყო თავიო, მე დავიწყე ნამდვილი წერა. დავიწყე ნულიდან, მას შემდეგ, რაც ყველაფერს - თუკი რაიმე დამეგროვებინა, ისიც კი, რაც ძალზე ძვირად მიღირდა, - ბოროტს იქით გადავუძახე. როგორც კი საკუთარ ხმას მოვკარი ყური, აღფრთოვანებამ შემიპყრო: მე იმან აღმიტაცა, რომ ეს ხმა განსაკუთრებული, არავის მსგავსი, უნიკალური აღმოჩნდა. მე არ დავეძებდი, როგორ შეაფასებდნენ ჩემ ნაწერს. \"კარგი\", \"ცუდი\", - ეს სიტყვები ლექსიკონიდან ამოვიღე. მე განუყოფლად წამოვედი მხატვრულის სფეროში, ხელოვნების სფეროში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მორალთან, ეთიკასთან, უტილიტარულობასთან. თავად ჩემი ცხოვრება იქცა ხელოვნების ქმნილებად. მე მოვიპოვე საკუთარი ხმა, ხელახლა ვიქეცი ერთიან, მთლიან არსებად. მე გადავიტანე დაახლოებით იგივე, რასაც, წიგნებს თუ ვერწმუნებით, განიცდიან ძენ-ბუდიზმს ზიარებულნი - თავისი ინიციაციის შემდეგ. ამისათვის ჩემთვის საჭირო შეიქნა ზიზღით განვმსჭვალულიყავი ცოდნის მიმართ, შემეცნო ყოველივეს ამაოება და მუსრი გამევლო ყველაფრისათვის, მეწვნია უსასოობა, შემდეგ ქედი მომედრიკა და, ასე ვთქვათ, საკუთარი თავისთვის თავადვე დამესვა ლეტალური დიაგნოზი, და მხოლოდ ამის შემდეგ დამებრუნებინა საკუთარი პიროვნების შეგრძნება. მე უკიდურეს ზღვართან მისვლა და წყვდიადში დანთქმა მომიწია.
მე ვახსენე რეალობა, მაგრამ ხომ იცი, რომ მასთან მიახლოება მხოლოდ მწერლობის შემწეობით თუა შესაძლებელი. მე ახლა ნაკლებს ვიმეცნებ და მეტი მესმის, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული, უკანონო საშუალებით. სულ უფრო დაჯერებულად ვეუფლები უშუალობას. ჩემში ვითარდება უნარი შეცნობისა, მოხელთებისა, ანალიზისა, შერწყმისა, სახელის დარქმევისა, ფაქტთა დადგენისა, მათი გამოხატვისა, და თან ეს ყველაფერი ერთად მეძლევა. ის, რაც საგანთა სტრუქტურას შეადგენს, ჩემ თვალს ახლა იოლად ეხსნება. მე ინსტინქტურად გავურბივარ ყველა გამოკვეთილ ახსნა-განმარტებას: რაც უფრო უბრალოა იგი, მით უფრო ღრმაა ნამდვილი საიდუმლო, ხოლო ის, რაც ნათელია ჩემთვის, სულ უფრო ენით გამოუთქმელი ხდება. მე მამოძრავებს დაჯერებულობა, რომელსაც - ისევე, როგორც რწმენას, - არ სჭირდება მტკიცებანი. მე ვცხოვრობ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, მაგრამ ამაში თავკერძობის ან ეგოიზმის ნატამალიც კი არაა. მე მხოლოდ ვლამობ, დავხარჯო ის, რაც ნაბოძები მაქვს და ამით ხელს ვუწყობ საგანთა წონასწორობას სამყაროში. ხელს ვუწყობ მოძრაობას, დაბადებას, კვდომას, ცვალებას, კოსმოსში რომ აღსრულდება, და ვაკეთებ ამას ყველა საშუალებით, დღიდან დღემდე. გავცემ ყველაფერს, რაც გამაჩნია, გავცემ სიამოვნებით, მაგრამ თავადაც ვიკრებ ყველაფერს, რაც ძალმიძს, დავიტიო. მე გვირგვინოსანიც ვარ და მეგობრეც. მე წონასწორობის სიმბოლო ვარ, სასწორის განსახიერება, დამოუკიდებელ ნიშნად რომ იქცა მას შემდეგ, რაც ქალწული ღრიანკალს გამოეყო. ასე მგონია, სამყაროში საკმარისზე მეტი ადგილია ყოველი ადამიანისთვის. ხომ ამდენია ეს უძირო ხნარცვები მედინ წამთა შორის, ერთადერთი ინდივიდით დასახლებულ ვრცელ სამყაროთა შორის, და უზარმაზარ კუნძულთა შორის, რომლებზედაც საკუთარი პიროვნება ვისაც მოუპოვებია, ნება აქვს, სრულჰყოს იგი ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. გარედან, როცა მხლოდ ისტორიულ ბრძოლებს ამჩნევენ და ყველაფერი სიმდიდრისა და ძალაუფლებისთვის შეხლა-შეტაკებებს დაქვემდებარებული აღმოჩნდება ხოლმე, სიცოცლე ბრბოს გულისგამაწვრილებელ ციმციმად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში იგი - სიცოცხლე - მას შემდეგ იწყება, რაც სიღრმეში ჩაყვინთავ, როცა ზედაპირს მოსცილდები, და უარს იტყვი ბრძოლაზე და სხვათა ხედვის არედან გაუჩინარდები. მე არაფერი მაიძულებს, ვწერო ან არ ვწერო; მე აღარ ვიცი, რას ნიშნავს ძალდატანება და ჩემ მწერლურ საქმიანობაში უკვე სამკურნალოსაც ვერაფერს ვხედავ. ყოველივე, რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ სიამოვნებისათვის, - ნაყოფი, რომელიც ჩემში ზუსტად ისე დამწიფდა, როგორც ხეზე, თავისით ცვივა მიწაზე. ჩემთვის ნამდვილად, სულერთია, როგორ დაიწყებენ მის განსჯას კრიტიკოსები ან უბრალო მკითხველები. მე არ ვადგენ და ვამტკიცებ ფასეულობებს; უბრალოდ, ამომაქვს შემოსული ხილი, რათა იგი საკვებად იქცეს და სხვა არაფერია ჩემ მწერლობაში.
უდახვეწილესი გულგრილობის მდგომარეობა - აი, ლოგიკური შედეგი ეგოცენტრული ცხოვრებისა. საზოგადოებაში ყოფნა-არსებობის პრობლემას მე თავი გავართვი იმით, რომ გავქვავდი; ჭეშმარიტი პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, ისწავლო სხვების თანდასწრებით ცხოვრება, ისევე როგორც - არც იმაში, ხელი შეუწყო შენი ქვეყნის წინსვლა-აყვავებას; ჭეშმარიტია პრობლემა - გაიცნობიერო საკუთარი დანიშნულება და შენი ცხოვრება მკაცრად ორგანიზებული, კოსმოსური რიტმის თანახმად გაატარო. გამოიმუშაო საკუთარ თავში უნარი - გულის ფანცქალის გარეშე იაზროვნო ისეთი ცნებებით, როგორიცაა კოსმოსი და სული, დაეუფლო \"სულიერის\" შეცნობის ხელოვნებას, მაგრამ, ამავე დროს, გაექცე ყოველგვარ დეფინიციებს, არგუმენტებს, მტკიცებებს, ვალდებულებებს. სამოთხე, საითაც გაიხედავ, ყველგანაა, მისკენ ნებისმიერ გზას მიჰყავხარ, თუკი შორს წასვლა არ შეგაშინებს. მაგრამ წინსვლა შესაძლებელია მხოლოდ უკან დაბრუნებით, შემდგომ - გვერდზე, და - ზემოთ, და მერე - ქვემოთ წასვლით. არ არსებობს არავითარი პროგრესი, არის მხოლოდ მარადიული მოძრაობა და გადაადგილება - იგი წრიულია, სპირალისებური, განუწყვეტელი, ყოველ ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს, და ჩვენი ერთადერთი იმპერატივია - მიჰყვე შენ დანიშნულებას, მიიღო იგი, რასთანაც უნდა მიგიყვანოს მან.
იოტისოდენა წარმოდგენაც კი არა მაქვს, როგორ წიგნებს დავწერ მომავალში ან როგორი იქნება ჩემი მომდევნო წიგნი. ჩემ ჩანაფიქრს, ჩემ გეგმას აყალიბებს ყველაზე არასაიმედო სტიმული: მე, უბრალოდ, გზადაგზა რაღაცას მოვხაზავ ხოლმე, ვიგონებ, ვამახინჯებ, ფორმას ვუცვლი, ვთხზავ, ვადგენ ცარიელ ადგილზე, ვაზვიადებ, ერთიმეორეს ვურევ, ვამრუდებ - და ყოველივე ამას ვაკეთებ საკუთარი გუნება-განწყობის მიხედვით. მე მხოლოდ საკუთარ ინსტინქტებს ვემორჩილები, საკუთარ ალღო-გუმანს. წინასწარ ჩემთვის არაფერია ცნობილი. ხშირად მე აღვწერ საგნებს, რომლებისაც არა გამეგება რა, რაკი ვიცი, რომ შემდგომ მათ ნათელი მოეფინებათ და ჩემთვის რაღაც აზრს შეიძენენ. მე მჯერა ადამიანისა, რომეილც წერს, ანუ საკუთარი თავისა, მწერლისა. და არა მჯერა სიტყვებისა, თუნდაც მათ მძივებივით ასხამდეს დახვეწილი ოსტატი, მაგრამ მჯერა ენისა, ხოლო იგი რაღაც უფრო მაღალი რაობაა სიტყვასთან შედარებით, რადგან სიტყვები ქმნიან მხოლოდ დამახინჯებულ ილუზიას იმისას, რაც არის იგი - ენა. სიტყვები არ არსებბენ ცალ-ცალკე; ასე შეიძლება არსებოდნენ მხოლოდ მეცნიერთათვის - ეტიმოლოგების, ფილოლოგებისა და სხვებისთვის. ენისაგან გამოცალკევებული სიტყვები მკვდარ ჩენჩოდ იქცევიან, მათში არ არის საიდუმლო, ადამიანი ვლინდება საკუთარ სტილში, იმ ენაში, რომელიც მან თავისთვის შექმნა. მისთვის, ვისაც წმინდა გული აქვს, ყოველივე მთელ ქვეყანაზე - მე ამაში დარწმუნებული ვარ, - გამჭვირვალე სინათლის შემცველია, თვით ყველაზე ზოთერული წერილების ჩათვლითაც კი, ასეთი ადამიანი ყველაფერში საიდუმლოს ხედავს, მაგრამ ეს საიდუმლო მოკლებულია მისტიკურობას, იგი ბუნებრივია, თანაზომიერი, ლოგიკური და თავისი არსით - მისაღები. გაგება მდგომარეობს არა იმაში, ჩაწვდე საიდუმლოს, არამედ - იმაში, მიიღო იგი და დატკბე ცხოვრებით და მასთან ერთად იცხოვრო - თავად მისით, მისი წყალობით იცხოვრო. მე ვისურვებდი ჩემ სიტყვებს თავისუფლად ეცურათ, როგორც მიცურავს - მარშრუტთა გარეშე - თავად სამყარო, თავისი მიხვეულ-მოხვეული მოძრაობებით სრულიად წარმოუდგენელ გრძედებსა და განედებზე რომ აღმოჩნდება ხოლმე, უცნობ პიროვნებებსა და კლიმატურ სარტყელებში რომ ხვდება, იმ განზომილებებს რომ აწყდება, რომლებსაც წინასწარ ვერავინ გამოთვლის. მე კი ახლავე ვაღიარებ საკუთარ უძლურებას, ხორცი შევასხა ამ იეალს. და ეს ოდნავადაც არ მაწუხებს. გარკვეული, მაღალი აზრით, თავად სამყაროა დამუხტული ხელმოცარულობით, თავად იგი წარმოადგენს სრულ ხატს არასრულყოფილებისას, თვითონაა ჩავარდნის შეგნება. როცა ეს გესმის, ჩავარდნა აღარ შეიგრძნობა. შემოქმედი, სხვა სიტყვით - მხატვარი, მსგავსია სამყაროს პირველსაწყისისა, მარადიული აბსოლუტისა, ერთიანისა, მთლიანისა და გამოხატავ საკუთარ თავს თავისივე არასრულყოფილებით. იგია არსი სიცოცხლისა, მოწმობა მისი სიცხოვლისა. საბოლოო ჭეშმარიტებასთან მიახლოება, რაშიც, ჩემი აზრით, მდგომარეობს უმაღლესი მიზანი მწერლისა, შეიძლება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შეგწევს ძალა, უარი თქვა ბრძოლაზე და დათრგუნო საკუთარი ნება. დიდი მწერალი ცხოვრების ანუ არასრულყოფილების განსახოვნებაა. იგი აკეთებს თავის აქმეს ძალდატანების გარეშე, ქმნის იმის ხილვადობას, რომ მისი შრომა უზადოა, და მისი გზა მოემართება რომელიღაც უხილავი ცენტრიდან, რომელიც, რასაკვირველია, ტვინის ხვეულებს შორის არ მდებარეობს, მაგრამ უდავოდ გვევლინება ცენტრად, რომელიც იჭერს მთელი სამყაროს რიტმს და ამის გამო წარმოგვიდგება ისეთივე საიმედოდ, უცვეთელად, მოუსვრელად, ისეთივე მტკიცედ, დამოუკიდებლად, ანარქისტულად, ისეთივე უმიზნოდ, როგორიც თავად სამყაროა. ხელოვნება არაფერს ასწავლის იმის შეგნების გარდა, რაოდენ მნიშვნელოვანია სიცოცხლე. დიდი ნაწარმოები თავისიარსით უდავოდ ბნელით უნდა იყოს მოცული ყველასათვის, გარდა იმ ერთი მუჭა ხალხისა, რომელიც, მისი შემქმნელის დარად, საიდუმლოს ეზიარა. მასში არსებული შეტყობინება თავისი მნიშვნელობით მეორადია, მისი უკვდავყოფის უნარია მთავარი. ამის გამო სავსებით საკმარისია, რომ მას თუნდაც მხოლოდ ერთი გამცნობიერებელი მკითხველი გამოუჩნდეს.
ერთსა და ორს როდი უთქვამს, ჰენრი მილერი რევოლუციონერიაო, მაგრამ თუ ეს ასეა, ეს ჩემი ნების წინააღმდეგ მოხდა. მე არ ვუჯანყდები მშვიდობის დამკვიდრებას. ჩემ შესახებ მე შემეძლო ბლეზ სანდრარის სიტყვებით მეთქვა: \"მე ვარევოლუციურებ\", ხოლო ეს იგივე არაა, რაც იყო რევოლუციონერი. მე შემეძლო, მეცხოვრა ტიხრის მიღმაც, დადებითსა და უარყოფთს რომ ათავთავადებს. საერთოდ კი, ასე მგონია, ამგვარ გაცალკევება-გაყოფაზე ავმაღლდი და ვქმნი ამ ორი საწყისის გარკვეულ ჰარმონიას, გამოხატულს პლასტიკურად, მაგრამ არა ეთიკის კატეგორიებით, არამედ იმით, რასაც ვწერ. ვთვლი, რომ სავალდებულოა იდგე ხელოვნების სფეროს და მისი ზემოქმედების მიღმა. ხელოვნება ცხოვრების მხოლოდ ერთი საშუალებათაგანია, ცხოვრება კი უფრო გულუხვია. და თავით თვისით ხელოვნება არ გვევლინება სიცოცხლედ, ჩვეულებრივ სიცოცხლეს რომ აღემატება. იგი მხოლოდ მიუთითებს გზაზე, ეს კი ხშირად არ ესმით არა მარტო მაყურებელს, არამედ თავად მხატვრებსაც კი. მიზნად რომ იქცევა, იგი საკუთარ თავს ღალატობს. მხატვრები კი უფრო ხშირად ღალატობენ სიცოცხლეს თავისი ძალისხმევით, აღემატონ მას. სინი ხლეჩენ იმას, რაც მთელი უნდა იყოს კვერცხივით. მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე მთელი ხელოვნება გაქრება. მხატვარ იკი დარჩება, ხოლო ცხოვრება იქნება არა \"ხელოვნების სფერო\", არამედ თავად ხელოვნება, გადაჭრით და სამუდამოდ რომ შეენაცვლება მას, რაც ხელოვნებას მიეკუთვნებოდა. არსებითად, ჩვენ, რასაკვირველია, ჯერ არც კი შევდგომივართ ცხოვრებას. ჩვენ უკვე ცხოველები აღარა ვართ, მაგრამ, უდავოა, ჯერ არც ადამიანებად ვქცეულვართ. მას შემდეგ, რაც ხელოვნება აღმოცენდა, ამას ჩაგვჩიჩინებს ყოველი დიდი მხატვარი, მაგრამ რაოდენ მცირეა მათი რიცხვი, ვინც ეს შეიცნო! როგორც კი ხელოვნება ჭეშმარიტ აღიარებას მოიპოვებს, იგი გაქრება. ის ხომ მხოლოდ შენაცვლებაა, სიმბოლოთა ენაა, რომლის საშუალებითაც იქმნება ის, რაც ჩვენ არ ძალგვიძს, უშუალოდ გამოვხატოთ. მაგრამ ამგვარი რამ რომ აღსრულდეს, საჭიროა, ადამიანი ნამდვილად რელიგიური გახდეს: არა მრევლი, არამედ - ნამდვილი მორწმუნე, ჭეშმარიტი ღმერთი - ყოველგვარ მეტაფორათა გარეშე. და ის იმად ბოლოს და ბოლოს, გარდუვალად იქცევა კიდეც. ხოლო იმ ბილიკთაგან, რომელთაც ამ მთავარ გზაზე გავყავართ, ხელოვნება ყველაზე მნიშვნელოვანია, რაკი გაკვალულია ყველაზე საიმედო მიმართულებით და მოგზაურსაც გულუხვად ასაჩუქრებს. მხატვარი, რომელიც მართლა ჩაწვდა თავის დანიშნულებას, ამ მიზეზით წყვეტს მხატვრად ყოფნას: ყოველივე იხრება იმისკენ, რომ ეს გაგება უნდა მოვიდეს, ეს აფეთქებასავით დამაბრმავებელი ახალი ცნობიერება, რომელმაც გაისიგრძეგანა, რომ დღევანდელ ცხოვრებაში არაფერს, თვით ხელოვნებასაც კი არ ძალუძს გაფურჩქვნა. მთელი ეს მსჯელობანი, შესაძლოა, ვინმემ მისტიფიკაციად ჩათვალოს, მაგრამ მე მხოლოდ იმას გადმოვცემ, რაშიც ამჟამად ნამდვილად დარწმუნებული ვარ. რასაკვირველია აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ არსებობს გარდუვალი შეუსაბამობა საგანთა ნამდვილ მდგომარეობასა და იმას შორის, როგორ ვიცნობიერებთ ჩვენ ამ მდგომარეობას ჩვენივე საკუთარი მდგომარეობის ჩათვლით; საზოგადოდ, უნდა გვახსოვდეს იმ აშკარა შეუსაბამობათა შესახებაც, საგანთა ჭეშმარიტ მდგომარეობასა და იმას შორის რომ არსებობს, როგორ წარმოიდგენს თავისთვის ამას ვინმე სხვაც. მაგრამ სუბიექტურსა და ობიექტურს შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვაობანი არ არსებობს. ყოველივე ილუზორულია და მეტ-ნაკლებად ეფემერული. ყველა მოვლენა, ადამიანისა და საკუთარი თავის შესახებ მისი აზრის ჩათვლით, იმაზე მეტი არა არის რა, ვიდრე ნიშანთა ნაკრები, ცვალებადი და არამდგრადი. მყარი ფაქტები, რომლებსაც შეიძლება, მოსჭიდებოდი, არ არსებობს. ამის გამო წიგნშიც, - დაე, მე შეგნებულად ვესწრაფვოდე დამახინჯებასა და დეფორმაციას, - საბოლოო შედეგი სრულიადაც არ აღმოჩნდება ხოლმე ჭეშმარიტებისგან ისე შორს, ვიდრე ეს საპირისპირო შემთხვევაში იქნებოდა. შესაძლოა, იყო სრულიად მართალი და გულწრფელი, ამავე დროს, ოდნავადაც არ მალავდე, რომ ხელაღებით ტყუიხარ. ფიქცია, გამონაგონი - ისინი ჩაწნულნი არიან თავად ცხოვრების ქსოვილში. ჭეშმარიტებას ოდნავადაც ვერ შეარჩევენ სულის შმაგი პერტრუბაციები.
როგორ ეფექტებსაც უნდა ვაღწევდე მე ამა თუ იმ პროფესიონალურ ფანდთა შემწეობით, ისინი არავითარ შემთხვევაში არ გვევლინებიან უბრალო რაობად; ისინი ზუსტად გადმოსცემენ ჩემი სეისმოგრაფის მერყეობას, ქაოტურ, მრავალგანზომილებიან, საიდუმლო, შეუცნობელ გამოცდილებას რომ აფიქსირებს, რომლითაც დამაჯილდოვა ცხოვრებამ, და სანამ ვწერ წიგნს, ამ გამოცდილებას ხელახლა განვიცდი - სხვაგვარად, შესაძლოა, უფრო ქაოტურად, შეუცნობლად, იდუმლად. ე.წ. პლასტი უდავო ფაქტებისა, საწყის პუნქტად რომ გვევლინება და ნიადაგ აღდგება, ჩემში ძალზედ ღრმადაა ფესვგადგმული, და როგორც უნდა ვცდილობდე, მე არ ძალმიძს არც მიგან განთავისუფლება, არც მასში რისიმე გადაკეთება, არც რაიმე სხვად გასაღება. მაგრამ, ამავე დროს, იგი მაინც იცვლება იმის კვალბაზე, თუ როგორ იცვლება სამყაროს გარე იერსახე ყოველ წამს, ჩვენი ყოველი ჩასუნთქვითა და ამოსუნთქვით. ხოლო აქედან გამომდინარეობს, რომ სამყაროს აღბეჭდვა შეიძლება მხოლოდ ორმაგი ლუზიის შექმნით - შენ აჩერებ მოძრაობას და მის უწყვეტელობასაც შენვე აჩვენებ. და, აი, ეს, ასე ვთქვათ, ორმაგი ტრიუკი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ წინაშეა ფალსიფიკაცია, მაგრამ ხელოვნების არსი ხომ ამგვარ სიცრუეში მდგომარეობს, იმაში, რომ იგი ქმნის ცოცხალ, მეტამორფულ ნიღაბს. შენ შუა ნაკადში უშვებ ღუზას; შენ თანახმა ხარ, ატარო ცრუპენტელას ნიღაბი, რათა ჭეშმარიტება იღაღადო.
ხშირად მიფიქრია, კარგი იქნება, ერთ პატარა წიგნს თუ დავწერ-მეთქი, რათა ავხსნა, როგორ ჩნდება ესა თუ ის გვერდი; შესაძლოა, თუნდაც ერთი რომელიმე გვერდი. მე, ალბათ, მოზრდილი წიგნის დაწერასაც მოვახერხებდი, რომელშიც უბრალოდ განიმარტებოდა ჩემი თხზულებებიდან ალალბედზე ამორჩეული გვერდი. განიმარტებოდა, როგო ჩავიფიქრე ეს გვერდი, როგორ წარმოიშვა იგი, როგორ იცვლებოდა, რა ტანჯვით დაიბადა, რამდენი დრო გავიდა, სანამ გაელვებულმა იდეამ ხორცი შეისხა, და რა აზრები მიფუთფუთებდნენ თავში, სანამ ამ ადგილს ვწერდი; კვირის რომელიმე დღე იყო მაშნ, როგორ ვგრძნობდი თავს, რა მდგომარეობაში მქონდა ნერვები, როგორ მაწყვეტინებდნენ მუშაობას ან თავად როგორ ვწყვეტდი, რომელი ლექსიკური ფორმულები მებლანდებდნენ კალამზე, როგორ ვშლიდი და ვასწორებდი, რაზე ვჩერდებოდი, საიდან ვაგრძელებდი, თვით საწყის იმპულსს როგორ ვცვლიდი, ხოლო მერე ბოლო ნაკერს როგორ ვადებდი ქირურგივით, რომელიც იმის დაფარვას ცდილობს, რომ ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა, და ჩემთვის გადაწყვეტილებას ვიღებდი, რა უდავოდ დავუბრუნდებოდი ამ გვერდს, მაგრამ არასოდეს ვუბრუნდებოდი, და თუ ვუბრუნდებოდი, მაშინ - მხოლოდ იმპულსს, რომელიც საერთოდ წარიხოცა მეხსიერებიდან, მაგრამ კვლავ ამოტივტივდა ანაზდეულად, თუმცა მე უკვე ამასობაში რამდენიმე სხვა წიგნის დაწერაც მოვასწარი. შეიძლებოდა რამდენიმე გვერდზე საუბარიც, მათი ერთიმეორისათვის შედარება, და ისეთი გვერდების აღება, რომლებიც გულგრილ კრიტიკოსებს ამის ან იმის განსახიერებად წარმოუდგებათ, მაგრამ მე მათ, ალბათ, დავაბნევდი, ამ ანალიტიკური კრიტიკის წარმომადგენლებს; მე მათ დავანახვებდი, რომ გვერდი, დაწერილი თითქოსდა სრული ძალდაუტანებლობით, სინამდვილეში უკიდურესი დაძაბულობის ფასად მომეცა, მაშინ როცა სხვა - იდუმალი, ნამდვილი ლაბირინთი, და ძნელად საკითხავი, - ისე ამოიტყორცნა, როგორც გეიზერი ამოჩქეფს მიწიდან, და მე მას ვწერდი ისე, თითქოს ზურგის ქარი მიარბენინებსო. ან მე დავწერდი, როგორ ჩავიფიქრე ეს გვერდი - საწოლიდან ჯერ კიდევ აუდგომლად, როგორ გადავაკეთე ჩაცმისას, ხოლო მერე - კიდევ ერთხელ როგორ გადავაკეთე, მაგიდას რომ მივუჯექი. ან აღვადგენდი ჩემ ბლოკნოტს, რათა ყველას დაენახა, როგორ იბადებიან თბილი, ცოცხალი, ადამიანური სიტყვები მათთვის ყველაზე უცხო, ყვეაზე ხელოვნური სტიმულებიდნა. აღვადგენდი ფრაზათა ნაწვეტებს, თვალში რომ მომხვდნენ მაშინ, როცა რომელიღაც წიგნს ვფურცლავდი და დავწერდი, ამ ნაწყვეტებმა როგორ აღაგზნეს ჩემი წარმოსახვა, თუმცა ვინ ახსნის ამ ქვეყანაზე, როგორ ხდება ეს, როგორ სრულდება ეს სამუშაო, რაც უნდა ილაპარაკონ თხზულებაზე კრიტიკოსებმა, თვით ყველაზე გამორჩეულმა, ყველაზე გონიერმა კრიტიკოსებმა, მკითხველის დარწმუნება რომ შეუძლიათ და კეთილად, სიყვარულით არიან ავტორის მიმართ განწყობილნი, - რაც თითქმის არც ხდება, - სულ ერთია, მათი მსჯელობანი წმინდა ეფემერულობა, როცა იცი ჭეშმარიტი მექანიკა, ჭეშმარიტი პროცესი ხელოვნების დაბადებისა. ის, რაც ჩემ მიერაა დაწერილი, მე, რასაკვირველია, მახსოვს არა სიტყვა-სიტყვით, მაგრამ საკმაოდ ნათლად და სწორად; და, აი, ვფიქრობ, რომ ჩემი წიგნები რაღაც მინდვრის მსგავსია, რომელიც მე გულმოდგინე გეოდეზისტივით გამოვიკვლიე, და არა კაბინეტში, კალმითა და გრაფიკებით შეიარაღებულმა, არამედ - ფიზიკურად, ოთდზე ფოფხვით და ფეხქვეშ გაგებით, სანტიმეტრის სანტიმეტრზე მოსინჯვით, - და ასე ხანგრძლივ კვირათა განმავლობაში, როგორი ამინდიც უნდა დაეჭირა. მოკლედ, ეს სამუშაო ჩემთვის ახლაც ისეთივე ყოველდღიურია, როგორიც იყო მთლად დასაწყისში, და ეგებ უფრო ჩვეულიც იყოს. წიგნის ფინალს მე ყოველთვის მხოლოდ წმინდა ფიზიკურად აღვიქვამდი: საჭიროა პოზის შეცვლა. წიგნი შეიძლება დასრულებულიყო ათასი სხვა კვანძის გახსნითაც. მასში არც ერთი ნაწილი არ იყო ნამდვილად დამთავრებული და მე შემეძლო, თხრობა აღმედგინა ნებისმიერი წერტილიდან, გამეგრძელებინა იგი, გამეთხარა ახალი არხები და გვირაბები, ამეგო ახალი სახლები, ფაბრიკები, ხიდები, დამესახლებინა ეს სივრცე ახალი ბინადრებივით, შემეცვალა ფლორა და ფაუნა, ამავე დროს, ეს ყველაფერი უწინდელზე არანაკლებ უპასუხებდა ფაქტებს, რომლებსაც მე თხზულებაში შევეხე. თუმცა, კაცმა რომ თქვას, მე არც კვანძი, არც ფინალი არა მაქვს. სიცოცხლე ნებისმიერ წუთში იწყება, როცა გაგების აქტი შედგება; ასევეა წიგნიც. თუმცა ყოველგვარი დასაწყისი - წიგნისა იქნება თუ გვერდისა, ბზაცისა, ფრაზისა თუ წინადადებისა, - ახალი სასიცოცხლო კავშირის შეკვრას მოასწავებს, და, აი, ამ ცხოველმყოფელობაში, უწყვეტელობაში, დროის მიღმურობაში, აზრთა და მოვლენათა უცვლეობაში მე ხელახლა ჩავყვინთავ ხოლმე. ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი პწკარი სასიცოცხლოდ ჩახლართვია ჩემ არსებობას - მხოლოდ ჩემსას, იქნება ეს რაიმე საქციელი, შემთხვევა, ფაქტი, რაიმე აზრი თუ ემოცია, რაიმე სურვილი, გაქცევა, ჭმუნვა, ოცნება, ფანტაზია, ახირებულობა, საერთოდ რაიმე დაუბოლოებელი თუ უაზრო, რაც ტვინში გამეჩხირა, - და გარს ეწნება მას. ეს-ესაა რომ უნდა ჩაირღვეს, ისეთი ქსელივით. თუმცა საერთოდ არაფერია გადღაბნილი, დანისლული - თვით ასეთი \"რამეც\" კი მაცრადაა მოხაზული, დაურღვეველი, განსაზღვრული და მტკიცე. და თავად მეც ობობასავით ვარ - ვქსელავ და ვქსელავ, ერთგული საკუთარი მოწოდებისა და გამცნობიერებელი იმისა, რომ ეს აბლაბუდა მოქსოვილია ისეთი ნივთიერებით, რომელიც თავად მე ვარ, და ამის გამო იგი არასოდეს დამიგებს მახეს, არც არასოდეს გახმება.
თავდაპირველად მე ვოცნებობდი დოსტოევსკისთან მეტოქეობაზე. ვიმედოვნებდი, რომ სამყაროს წინაშე შმაგ და იდუმალ ორთაბრძოლებს გადავშლიდი, ხოლო სამყარო - დამარცხებული და დათრგუნვილი, - ადგილზევე გაქვავდებოდა. მაგრამ მალე ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ჩვენ უკვე გავცდით წერტილს, აღბეჭდილს დოსტოევსკის მიერ - გავცდით იმ აზრით, რომ ერთობ შორს გაგვიტყუა დეგენერაციამ. ჩვენთვის დაიკარგა თავად ცნება სულისა; უფრო ზუსტად, ახლა ეს ცნება ქიმიურად გადასხვაფერებული და ამის გამო უცნაურად დამახინჯებული წარმოგვიდგება. ჩვენ ვიცნობთ მხოლოდ კრისტალურ ელემენტებს დაშლილი და შემუსვრილი სულისას. თანამედროვე მხატვრები ამ მდგომარეობას, როგორც ჩანს, მწერლებზე გულწრფელადაც კი გამოხატავენ: პიკასო შესანიშნავი მაგალითია თქმულის დასამტკიცებლად. აის გამო ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა თავად აზრიც რომანთა წერის შესახებ; ასევე - შეუძლებელი - სხვადასხვა ლიტერატურულ მოძრაობასთან შეერთებისა ინგლისში, საფრანგეთში, ამერიკაში, რადგან ყველა მათგანი ჩიხში ემწყვდეოდა. სავსებით პატიოსნად ვაღიარებ, რომ შევიგრძენი იძულება, ცხოვრების დაშლილ-დაფანტულ ელემენტებს როცა ვაკვირდებოდი, - მე ვლაპარაკობ სულის და არა კულტურის ცხოვრებაზე, - შემეერთებინა ეს ნაწილები საკუთარი ესკიზის მიხედვით, გამომეყენებინა საკუთარი დაშლილი და დაცემული \"მე\" ისეთვე უგულობით, იევე უკანმოუხედავად, როგორითაც ვიყავი მზად, გამომეენებინა მთელი ნაგავი გარემომცველი სამყაროს ფენომენებისა. მე არასოდეს განმიცდია არც მტრობა, არც გაფაციცება ანარქიის მიმართ, ხორცი რომ აქვს შესხმული უმთავრეს მხატვრულ ფორმებში; პირიქით, ყოველთვის მიხაროდა ძველი ნორმების გაქრობა იმ ეპოქაში, რომელიც დაცემით აღინიშნა, აღგვა მე სიქველედ მესახება, უფრო მეტიც, - მორალურ იმპერატივად. მე არა მარტო არასოდეს განვიცდიდი ოდნავ სურვილსაც კი, რაიმე დემეკონსერვებინა, ხელოვნურად შთამებერა სული ან გავფრთხილებოდი კედლების შემოვლებით, არამედ - მეტსაც ვიტყვი - ჭაბუკობიდანვე ვთვლიდი, რომ ცხოვრების დაშლა-დაცემა ისეთივე საუცხოო და შემოქმედებითად მიმზიდველი მანიფესტაციაა, როგორც მისი აყვავება.
როგორც ჩანს, უნდა გამოვტყდე, რომ რაღაც მეწეოდა მწერლობისკენ, რადგან ეს იყო ერთადერთი რამ, რაც კარს მიღებდა და ძალისხმევასაც იმსახურებდა. მე პატიოსნად გამოვცადე თავისუფლებისკენ მიმავალი ყველა სხვა გზა. ე.წ. რეალურ სამყაროში მე ხელმოცარული მეთქმოდა, მაგრამ არა იმის გამო, რომ არ ძალმიძდა, ცხოვრებას მოვრგებოდი, არამედ იმის გამო, რომ ხელმოცარულობას ჩემივე ნებივთ ვიღებდი. მწერლობა ჩემთვის არ იყო \"გაქცევა\", სხვა სიტყვებით - ყოველდღიური რეალობისგან გამოცალკევების საშუალება; პირიქით, იგი იმას ნიშნავდა, რომ მეუფრო ღრმად ვყვინთავ ამ წაბილწულ ტბორში - იმის იმედით, რომ ჩავაღწიო ცოცხალ, ნიადაგ მჩქეფარე წყაროებამდე, მუდამ რომ აახლებენ მასში მოდგაფუნე წყალს. საკუთარი გზისაკენ რომ გამირბის თვალი, ჩემ თავს აღიქვამ ადამიანად, ნებისმიერ ამოცანას, ნებისმიერ სხვას რომ შეუძლია, შეეჭიდოს. სასოწარკვეთილებამდე მე მთელი გარე ყოფის მონტონურობამ და სტერილურობამ მიმიყვანა. მე მჭირდებოდა ისეთი სამეფო, რომელშიც მე ვიქნებოდი ერთდროულად ბატონიცა და მონაც, და ამად შეიძლებოდა ქცეულიყო მხოლოდ ხელოვნება. და მე შევედი ამ სამყაროში ისე, რომ არ გამაჩნდა არავითარი გამოხატული ნიჭი, არ მებადა არანაირი ცოდნა, არაფრისათვის არ ვვარგოდი; მე ვიყავი უგერგილო ახალბედა, რომელსაც ლამის ენა ჩაუვარდა შიშისა და, რასაც ხელს ჰკიდებდა, იმის გრანდიოზულობის შეგნებისაგან. მე მომიწია აგურის აგურზე დადება, მილიონობით სიტყვის ხარჯვა, სანამ ქაღალდზე არ გაჩნდა ის ნამდვილი, უტყუარი სიტყვა, რომელიც მე გამოვქაჩე ჩემი შინაგანი არსებიდან. მე ვიცოდი გამართული ლაპარაკი და ეს ხელს მიშლიდა; მე მქონდა ყველა ზადი განათლებული ადამიანისა. მე წინ მელოდა ფიქრის, განცდის, ხედვის სწავლა სავსებით ახლებურად, საკუთარი განათლების დავიწყებით, ჩემებურ ყაიდაზე; ამაზე ძნელი კი არაფერია ქვეყანაზე. ნაკადში გადაშვება იყო საჭირო იმის ცოდნით, რომ შესაძლოა ვეღარ გამოცურო. უმეტესწილად მხატვრები ნაკადში ცვივდებიან, მაგრამ ჯერ თავის სიახლოვეს მაშველ რგოლს დაიგულებენ ხოლმე, და უფრო ხშირად სწორედ ეს რგოლი ღუპავს კიდეც მათ. ვერავინ იმოგზაურებს რეალობის ოკეანეში, თუ არად აგდებს გამოცდილებას. თუკი ცხოვრებაში რაიმე იცვლება უკეთესობისაკენ, არა შეხმატკბილების, არამედ გამოწვევისა და იმის წყალობით, შეგეძლოს, ბრმა გულისწადილს გამოეხმაურო. \"შემართება საბედისწერო არაა\", - თქვა რენე კრეველმა, და ეს სენტენცია მე სამუდამოდ დავიმახსოვრე. მთელი ლოგიკა, რომელსაც ეყრდნობა ქვეყნიერება, წინასწარ მინიშნებულია შემართებით ანუ შემოქმედებით, ყველაზე არასაიმედო, ყველაზე არამყარ საყრდენს რომ ეფუძნება. თავდაპირველად ასეთ შემართებას აიგივებენ ნებისყოფის აქტთან, მაგრამ გადის დრო და ნებისყოფა სუსტდება და რჩება ავტომატური პროცესი, რომელიც, თავის მხრივ, აგრეთვე უნდა შეწყდეს, შეჩერდეს, რომ განმტკიცდეს ახალი დარწმუნებულობა, არაფერი რომ არა აქვს საერთო განათლებასთან, ცოდნასთან, ჩვევასთან ან რწმენათან შემართება საშუალებას იძლევა, დაუკავშირდე ამ იდუმალ-მარადიულ იქსს - პოზიციას მხატვრისას, რომელიც - ერთადერთი - გიცავს ამ სამყაროში, და არავის ძალუძს, გამოთქვას სიტყვით, რა არის იგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არსებობს და გამოსჭვივის შენ მიერ დაწერილ ყოველ სიტყვაში.
კატეგორია: ესე | ნანახია: 1034 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024