მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
შაბათი, 20.04.2024, 12:02
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » iratta.ru – (გურამ მეგრელიშვილი)
20:00
iratta.ru – (გურამ მეგრელიშვილი)

(ნაწყვეტი რომანიდან)

 

ანტრაქტი –8 აგვისტოს მზე

"მოისრნეს იგინი მინდორსა ზედა და იქმნნეს იგინი,
ვითარცა სკორე ქუეყანისაი.”


ხიდთან დახოცილები უცბად აყროლდნენ. პალა ცკაევი დურბინდით უყურებდა სისხლს დახვეულ ბუზებს და გული ერეოდა. ბრძანება ასეთი იყო: იმდენი ხანი გაეძლოთ, სანამ რუსებს საბაბი არ ექნებოდათ ომში ჩასართველად. კაცმა არ იცის ეს საბაბი რამდენი დღე არ მიეცემოდათ, ამიტომ ჩასაფრებულები სოფლის მისადგომებს ამაგრებდნენ.
დილით ღორები მოვიდნენ და კომაევის ჭამა დაიწყეს. იქითა მხრიდან ვიღაცამ გაისროლა და ერთი ღორი მოკლა, დანარჩენები გაიქცნენ. ცკაევმა ვერ შენიშნა საიდან იყო გასროლა, თორემ ალბათ დაუშენდა.
ბიჭები გაღიზიანებულები იყვნენ. ერთსულოვნება არ იგრძნობოდა. ნაწილი მოითხოვდა ჩვენი ხელით დავხოცოთ მშვიდობიანი მოსახლეობაო, კერძოდ კი მოხუცები და რუსეთის შემოსვლაც დაჩქარდებაო, ნაწილი წინააღმდეგი იყო. თვითონ პალა ხმამაღლა არაფერს ამბობდა, თუმცა გულის სიღრმეში არც თავად იტყოდა უარს ერთი-ორი ბებრის გაგორებაზე. ბოლოსდაბოლოს, ახალგაზრდების სიკვდილს ამათი მოკვლა არ სჯობდა? თუ ქვეყანაში ომია, ყველამ უნდა დასდოს თავი.
სოფლიდან ქალები და ბავშვები კარგა ხნის წინ გაიყვანეს, მოხუცებს აეკრძალათ სახლების დატოვება და იყო ერთი ტირილი და ალიაქოთი. სახლებში შეიკეტეთ და არაფერი მოხდებაო, დაამშვიდეს ყველანი, მაგრამ ორი ბებერი პირველივე შეტაკებისას მოკვდა. ისინი ახლა ხიდთან, ყველაზე განაპირა სახლის ეზოში ეყარნენ. სახლს მიდგმულ ფარდულს გამთენიისას ჭურვი დაეცა და სამხრეთ კედელი ბოლავდა. თუ ცეცხლი სახლსაც მოედებოდა, დამწვარი გვამების სუნი იქაურობას მოწამლავდა. ქარი კი ამათ მხარეს უბერავდა და ერთმანეთში აზელილი მკვდრების და დამწვარი ხეების სუნი მოჰქონდა.
ბიჭებს შიოდათ. ყველაზე უსაფრთხო სახლი მათ უკან ოციოდე მეტრში იყო, სადაც გაძოევმა ლორი და პური იპოვა. სარდაფში არაყიც ბლომად იყო, თუმცა დალევას ერიდებოდნენ. ერთი სული ჰქონდათ ეჭამათ, მაგრამ ერთმანეთის ერიდებოდათ. პოზიციაზე დგახარ და ყბებს აქნევ, ცოტა უხერხულია. დაღამდება და შეჭამენ!
სროლა შუადღისას შეწყდა. ქართველები ისვენებდნენ ან რაღაცას გეგმავდნენ. ისედაც გაუგებარი იყო; აქამდე მოვიდნენ და გაჩერდნენ, თითქოს რაღაცა ძალამ გააჩერათ. გერმანელები არ გააჩერა ეგრე მოსკოვთან რაღაცამ? ღმერთი და სიმართლე მათკენ იყო!
ბოლოთაევს ცოლმა დაურეკა, კოკოითმა განცხადება გააკეთა რუსეთმა მიგვატოვა და გვიღალატაო. ყველამ იცოდა, რომ ეს ფანდი იყო, თუმცა რაღაც წამით ეჭვი მაინც შეეპარათ _ იქნებ სიმართლეა?! მეთაურს შეაცქერდნენ და იმანაც გადარეკ-გადმორეკა და ამბავი მოიტანა _ იქამდე გაუძელით, სანამ რუსეთს ომში ჩართვის საბაბი არ ექნებაო. საამისოდ კი კიდევ რამდენიმე მშვიდობიანი მოსახლის მოკვლა იყო საჭირო. თვითონ ხომ არ დახოცავდნენ, უხერხული იყო. ისე კი სიამოვნებით მიუშვებდა ავტომატის ჯერს ამ სოფელში დარჩენილ გადაღრძუებულ ბებრებს, საჭირო გახდება? - არც ქალები და ბავშვები უნდა დაინდონ იქნებ. თუკი აქ ქართველები შემოვიდნენ, განა იგივე არ მოხდება? სამწუხაროდ ძალაუფლება მის ხელში არაა, თორემ კი იცოდა რასაც იზამდა. ათასი ჯურის ბოზანდარა ქალი, ათასი ნაბიჭვარი, ინვალიდი და გონებასუსტი ბავშვი ჰყავთ ცხინვალში, მოაგროვე, მოიყვანე და დაყარე აქ. გადაუღე ფოტოები და ვიდეო. ძალიან არ გაიგონ ვისი მოკლულია. ორ საქმეს ერთად იზამ _ ნაგავსაც მოიშორებ და რუსეთსაც მისცემ იმ ნანატრ საბაბს. აბა სხვა გამოსავალი როცა აღარაა, რა ქნან? წუხელ 30 კაცი დაკარგეს, დაღამდება და იქნებ კიდევ ორი ამდენი მოკლან?
იმ ბებერმა ცოლ-ქმარმაც, ახლა ხიდთან, ყველაზე განაპირა სახლის ეზოში რომ ეყარნენ, გაპარვა სცადეს, მაგრამ ვინ გაუშვებდა? ალყაში მოაქციეს და წასვლის უფლება არ მისცეს. ქალი ისეთი სიტყვებით წყევლიდა ყველას, ლამის ყელი გამოღადრა პალამ. მოხუცი კაცი საცოდავად იდგა, აი ის ბებერი ძუკნა კი წიოდა და კიოდა. ნეტა ყველა გაგწყვიტონ ქართველებმაო, იწყევლებოდა. ჩვენ რა, სიცოცხლე არ გვინდაო, წუწუნებდნენ. ვერ გაუგია პალას, როგორ შეიძლება ამ ხნის ადამიანი ასე ეჭიდებოდეს სიცოცხლეს. რაღაცა ორი დღე დარჩენია და იმის დათმობა აღარ უნდათ. ყველა ადამიანი ეგოისტია, განსაკუთრებით სიბერეში. მათი ხალხიც არაა ეროვნული. ეს რომ ჩეჩნეთში მომხდარიყო, ალბათ არც გახდებოდა სალაპარაკო და სადავო. თვითონ რომ იყოს მოხუცი, განა უსიტყვოდ არ გადადებდა თავს? მეტი რაღაა ადამიანის ცხოვრება? კარგი, გაუშვებდნენ, მაგრამ ხომ შეიძლება ორასი მეტრი არ გაევლოთ და გულის შეტევით მომკვდარიყვნენ?
ჩვენი ცოდვა თქვენს კისერზეა, სინდისი არ მოგასვენებთო, დაანამუსა ქალმა, როცა სახლში შერეკეს და მართლაც, როცა ორივე მოკვდა, ზოგიერთი რაღაცნაირად შერცხვენილებივით იდგნენ. თითქოს მათი ბრალი ყოფილიყოს ჭურვი რომ დაეცა სახლს.
ღორები სწორედ ამ ცოლ-ქმრისა იყვნენ. საღორიდან გამოქცეულებმა ჯერ ქალის მარცხენა ხელი შეჭამეს, მერე თავი ანებეს და ციცე თადეევს მისდგნენ. სნაიპერს რომ არ მოეკლა ერთი-ორი ღორი, ალბათ ნახევარ საათში იქაურობა საშინელი სანახავი იქნებოდა.
ნაშუადღევს ქარი ამოვარდა. ფარდულს მოკიდებული ცეცხლი გაძლიერდა და როგორც პალა ვარაუდობდა, ცოლ-ქმარსაც მოედო. ჰაერში საშინელი სუნი დატრიალდა და როგორც აქეთ, ისე ქართველების მხარეს ხველებამ იმატა. ახლა უკვე დამწვარი თმის და კანის სუნი უფრო გაუსაძლისი გახდა, ვიდრე აყროლებული გვამების და ცკაევმა ინანა ღორების სიკვდილი, შეჭამდნენ მაინც მოკლულებს და ამ სიმყრალეს მოაშორებდნენ.
ჭამის სურვილი ყველას დაეკარგა. იაკოლენკომ ახლოს მდგარი სახლისკენ სიარულს უხშირა და ყოველ გამოსვლაზე სულ უფრო მეტად უხურდა სახე. მეთაური არაფერს ეუბნებოდა. საერთოდაც, ასეთი "ვოლუნტიერები” ბევრნი არ იყვნენ და მათთვის შენიშვნის მიცემა არ იქნებოდა მართალი. კაცი მოდის, ნებით შენს მხარეს იბრძვის და ორიოდე ჭიქა არაყის გამო აუხირდე, არაა მართალი.
მოსაღამოვებულზე ქარი ჩადგა. ჰაერი ჩაიხუთა და დამძიმდა. გადაწყდა ის ნაპოვნი ლორი და პური პოზიციებზე მოეტანათ და ეჭამათ, რადგან კაცმა არ იცოდა ღამე რა მოხდებოდა, მშივრებს გაუჭირდებოდათ ომი, ან კიდევ უარესი, იქნებ მოკლან და ვეღარც მოასწრონ ჭამა.
მხოლოდ ბოლოთაევმა გაღეჭა ერთი-ორი ნაჭერი, მაგრამ ისიც უკან გადმოაგდო. სუნი იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ ყელში არაფერი გადადიოდა. ხმამაღლა შეიგინა, მაგრამ ვერავინ გაიგო ვის აგინებდა. ხელებს იშვერდა როგორც ქართველებისკენ, ისე თავისიანებისკენაც. ყველა გაღიზიანებული იყო, ცოტაც და ერთმანეთს დაერეოდნენ.
დაღამებას ერთსაათიანი სროლა მოჰყვა და მერე ისევ სიწყნარემ დაისადგურა. მეთაურმა კიდევ გადარეკ-გადმორეკა და ახლა უკვე დანამდვილებით უთხრეს, რომ რუსეთი ომში ჩაერთვებოდა. რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალური განცხადება გაუკეთებია _ ჩვენი მოქალაქეების დაცვის მიზნით სამხრეთ ოსეთში ჯარი შეგვყავსო. ვინ იყვნენ ეს "ჩვენი მოქალაქეები” კაცმა არ იცოდა, მაგრამ ეს ახლა მთავარი აღარც იყო, მთავარი ის გახლდათ, რომ ჩრდილოეთიდან წამოსული ჯარი კალიებივით შემოესეოდნენ აქაურობას.
ალბათ ქართველებმაც გაიგეს ეს ამბავი და ბარიკადს იქითა მხარეს ფაცა-ფუცი ატყდა. უმისამართოდ ისროდნენ და როგორც ჩანდა, უკანაც იხევდნენ.
ისეთი საშინელი სუნი აღარ იდგა, ან ყნოსვის რეცეპტორები შეეგუა გამღიზიანებელს. სწრაფად ჭამეს და გააბოლეს, იაკოლენკო უკვე მთვრალი იყო. დარბოდა და გინებით ისროდა ქართველების მხარეს. ბიჭებს აღიზიანებდათ მისი ქცევა და ერთი სული ჰქონდათ ბრმა ტყვიას მოეკლა რუსი, რომელსაც შეეძლო არყის დალევა, მათ კი არა.
შუაღამისას მეთაური სადღაც წავიდა. ბიჭებმა მოითათბირეს და გადაწყვიტეს ხიდისკენ გახოხებულიყვნენ და მკვდრები წყალში ჩაეყარათ. თავიდან ციცე თადეევის ძმა წინააღმდეგი იყო, მაგრამ მერე დათანხმდა და მათთან ერთად წავიდა.
ირგვლივ მხოლოდ მდინარის და ჭრიჭინების ხმა ისმოდა. ხიდისკენ წასულებს ეჩვენებოდათ, რომ მათი ჩურჩული ყვირილივით ისმოდა და წუთი-წუთზე შუქი აინთებოდა, თავს დაესხმებოდნენ, გაჟუჟავდნენ ყველას. ციცე თადეევის ძმა ყველაზე მეტად ფრთხილობდა, ყველაზე ბოლო მიხოხავდა ჩახმახშეყენებული ავტომატით და შიშისაგან თუ ნერვიულობისაგან წამდაუწუმ აკუებდა.
როგორც იქნა ხიდს მიაღწიეს. ახლოს კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა გახრწნილი სხეულის სუნი. ცხვირზე ნაჭრები აიკრეს და ორ-ორმა ვაი-ვაგლახით ასწიეს მკვდრები. წყალი შორს არ იყო, მაგრამ შვიდი-რვა წუთი მაინც დასჭირდათ იქამდე მისასვლელად. მერე ოთხჯერ გაისმა წყალში დგაფუნის ხმა და ირგვლივ ყველაფერი მიწყნარდა. დაღლილები იქვე წამოწვნენ. ქართველების მხარეს ათვალიერებდნენ. უკუნში რაიმეს გარჩევა შეუძლებელი იყო. ცოტა სული მოითქვეს და უკან გახოხდნენ.
გამთენიისას აფეთქების ხმამ იქაურობა გააყრუა. ისევ დაიწყეს დაბომბვა.
შემაწუხებელი სუნი აღარ იდგა, მაგრამ ახლა ყურები უბზუოდა ყველას. რამდენიმე საათიც და რუსები მოვლენ! ქართველების შემოტევა საშიში აღარ იყო, უკან იხევდნენ და შენობებს აფეთქებდნენ. დახევის წინ ხიდიც ააფეთქეს, ალბათ რუსების ტანკების შეჩერებას ასე გეგმავდნენ. მეთაურს გული მოეცა და იქადნებოდა ხიდის აფეთქება არაფერს უშველით, საკუთარი თავები აიფეთქონო. მისი განწყობა ყველას გადაედო, ბიჭები გახალისდნენ. იაკოლენკომ ნაპოვნი არაყი გამოიტანა და სმა დაიწყეს. ნასვამ პალას თავისი წუხანდელი ფიქრების შერცხვა და მოკლული მოხუცი ცოლ-ქმარი ეზოდან გადაათრია. ქალი სულ დამწვარიყო, კაცი _ ნახევრად. საფლავები გაუთხარა და დამარხა. დანაყრებულზე წყალში გადაყრილი ბიჭებიც გაახსენდა. სამი ოსი იყო და ერთიც ქართველი. თუ მოკლეს, ალბათ თვითონაც იგივე ბედი ელის. რაღაცნაირად შეზიზღდა ომიც და ადამიანებიც. ნეტავი ცხოველებიც ასე იბრძვიან ერთმანეთში? სიამოვნებით დაყრიდა ყველაფერს და სადმე შორს გადაიხვეწებოდა, სადაც არც ომი იციან და არც შიმშილი. წუხანდელი ფიქრები სამშობლოსა და პატრიოტობაზე ერთიანად გაქრა. ახლა სამშობლოც ფეხებზე ეკიდა და მშობელი ხალხიც. მაინც არავინაა დამნახავი, აგერ, ციცე თადეევი. მამამისი ამ უაზრო ომს შეეწირა, შვილიც, რომელიც საკუთარმა ძმამ არც კი დამარხა, ძმასაც იგივე ბედი ელის ალბათ, და რა? ვინმე დაუფასებთ? სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, ლამის ავტომატის ჯერი მიუშვა თანამებრძოლებს, მაგრამ ამათი ბრალი რა იყო? ის, რომ ისინიც იგივეს ფიქრობდნენ ალბათ, მათაც ეშინოდათ და მათაც არ იცოდნენ ზუსტად რისთვის და ვისთვის ომობდნენ?





კატეგორია: რომანი | ნანახია: 1103 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024