მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
შაბათი, 20.04.2024, 10:02
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » მოთხრობა
ჰოსპიტლიდან გამოვიდა და ძველი „06" ჟიგულისაკენ გაემართა.თხუთმეტი წლის წინ შეიძინა , ოთხმოცდა ექვსში, საბჭოთა პერიოდში ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა, ისიც ჩაეწერა რიგში და იყიდა. კარები გამოაღო , ჩაჯდა, წინა სავარძლებს შორის მოთავსებული დაფა ,ზედ რომ ტაქსი ეწერა, მარცხენა ხელით ავტომობილს ზემოთ მიამაგრა.
ჰოსპიტალში ქირურგის სანახავად იყო მისული. შუათანა ქალიშვილს ოპერაცია სჭირდებოდა.მანამდე კი მრავალ ექიმს შეხვდა.ყველამ ერთი და იგივე უთხრა, ხარჯი 300 დოლარზე ნაკლები არ იქნებაო.სამხედრო ქირურგი კი ბოლოს ერთმა, ძველმა ნაცნობმა ურჩია.„ის თავისი საქმის ოსტატია,თანაც ხარბი არაა".
მართლაც საუბარი კარგად წარიმართა.150–ზე შეთანხმდნენ, 50 დოლარი კი დამხმარეებზე დაიხარჯებოდა. 150 უკვე ჰქონდა. მას შემდეგ რაც ექიმებმა იგი ოპერაციის აუცილებლობაში დაარწმუნეს, ბავშვებს ლუკმა–პურს აკლებდა და როგორღაც მანეთ– მანეთ შეაგროვა.ახლა კი 50 დოლარი უკლდა. ფიქრობდა იქნებ ნაცნობ მეგობრებისაგან ესესხა და როგორმე 200 გაეხადა.„დაწყევლილი დროა,ვინმესგან ვალის აღებისასაც ოფლში იწურები – გულმართალსა და ჯომარდს ფული არ აქვს ,ფულიანს კი გული".
„ნარიმანოვის " მეტროსთან რომ მივიდა, გაიფიქრა, იქნებ სახლში შეევლო და ცოლი გაეხარებინა.მაგრამ შეამჩნია რომ , გაჩერებაზე რომელზეც თვითონ ჩერდებოდა და კლიენტებს ელოდა, სხვა ტაქსი არ იყო, გადაიფიქრა. შვიდ წელიწადზე მეტი იყო , რაც ეს გაჩერება მის სამუშაო ადგილად იყო ქცეული. ქუჩის ბოლოში მდებარე ქარხანა, სადაც ჩვიდმეტი წელი იმუშავა და ჯილდოს–ჯილდოზე იღებდა,ნელი–ნელ ამცირებდა თავის ნაწარმს, ბოლოს კი ყველას თვალწინ მოუკეტა კარები და ბოქლომი დაიდო. რამდენიმე თვე სამუშაოს ეძებდა. ყველა იმედი რომ გადაეწურა და მეზობელი ისლამის რჩევით საჭეს მიუჯდა, თავისი ჟიგული ტაქსად აქცია, ცოლ–შვილს მშიერს არ ტოვებდა. ისლამი ერთ დროს ცნობილ კულტ საქონლის სავაჭრო ბაზაში მუშაობდა.შეძლებულად ცხოვრობდა. მეზობლებსაც ხელს უმართავდა, ვისაც რა დასჭირდებოდა, საწყობიდან მოჰქონდა, თავის ფასში .ბაზის დახურვის შემდეგ, ისლამმა ბედი ვაჭრობაში სცადა,მაგრამ არ გაუმართლა, ვალებში ჩავარდა, რის ვაი– ვაგლახით გადაიხადა.მას შემდეგ ოჯახის სარჩენ ფულს ტაქსაობით შოულობდა.
თავიდან ცივად უარყო ისლამის წინადადება, შემდეგ კი იძულებული იყო დათანხმებულიყო. თავიდან ძალიან ეჩოთირებოდა, ნაცნობ მეგობრებს ხვდებოდა, ანდა მას იცნობდნენ. ფულის აღება ეთაკილებოდა.ერთხელ უნამუსო კლიენტი შუა გზაზეც კი ჩამოსვა და სახლში დაბრუნდა, მაგრამ მეუღლისა და შვილების განცვიფრებულ, კითხვის ნიშნით განმსჭვალულ მზერას ვერ გაუძლო და ისევ საჭეს მიუჯდა. უთქვამთ, „დრო ყველაფრის მკურნალიაო" და ისიც შეეჩვია თავის ახალ მდგომარეობას, კლიენტებს, სამუშაოზე ახალ მეგობრებს. მათ შორის ყოფილი რაიკომის თანამშრომლები, ინჟინრები, ექიმები იყვნენ.
...... ავტომობილის მინაზე კაკუნმა ფიქრებს მოსწყვიტა. უცხოელები იყვნენ. მსუქანი, დაბალი მამაკაცი და საშუალო ტანის გამხდარი ქალი. ხელში რამდენიმე სავსე პაკეტი ეჭირათ.„პლიზ ,პლიზ " თქვა ქალმა და უკანა, მარჯვენა კარი გამოაღო. ქალი შეეცადა მიეხვედრა, რომ ქალაქისკენ მიდიოდნენ.მეტროს შემოუარა და „მოსკოვის" პროსპექტზე გავიდა.სარკეში შეამჩნია ,რომ კაცი იღეჭებოდა ,გაიფიქრა „ესენიც ბევრს ჭამენ".პაკეტში ქექვის შემდეგ, ამერიკელმა ფახლავა ამოიღო და ყლაპვა დაიწყო, თითქმის დაუღეჭავად.

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1165 | Добавил: varse9788 | Дата: 05.06.2011 | Комментарии (0)

ეხ,შვილიერება ჩემი დასრულდა! სამემკვიდრეოდ ვაჟი არ მეყოლა! ცასა და ქვეყანაზე მარტო დავრჩი! დიდ გვარს, დიდებულს ღმერთმა შვილი არ მიბოძა. რა ვქნა, რომ ჩემს უკან არავინ რჩება ჩვენი დიდი გვარიდან! გვარია, განა მატყლია! ჭირს, განსაცდელს, შეწუხებას, ჭირდებულებას რამდენს შევებრძოლე, ისევ ღმერთს უნდა შევწირო მადლობა! __ამბობდა ნამგალივით მოხრილი, თვალზე ნისლ-წაკრული ნათავადარი ყადორი რევოლუციის პირველ დღეებში და თან პირჯვარს იწერდა._დიდება შენდა უფალო დაუსაწყისო! მაგრამ ვინ შესცვლის ზენასუფევას? 

_მითხარ , ყმაწვილო, რომელი ერთი ვიჩივლო? გვარის ამოწყვეტა, მხცოვანება თუ მამულიდან ცარიელათ დარჩომა? _ჩიოდა კომისრის კანცელარიის ზღურბლზე გვარის უკანასკნელი შთამომავალი, გვარის დამბოლოვებელი ყადორი, რომელიც ახლა უკანასკნელად თხოვნით მისულიყო კომისართან, რათა ნაკუთვნილარი საბალახე მთა უკან დაებრუნებინათ საზრდოდ, სარჩომად... ცხენი იქვე, მარგილზე გამოება. ყვავები და ყორნები სდარაჯობდნენ მოლოდინში თავადის რაშს....

ცხენიც მშიერი იყო, ბატონიც! მსახური ბიჭი "შავბეწვა"ღორისწველაშვილი გასცქეროდა.შინ აგარავინ ჰყავდა , გაციებული ოთახი ელოდა, იმასაც ართმევდნენ. ვერა და ვერ ჩამომშორდა იმ დღეს დამკრთალი, შეშინებული, ნათავადარი ყადორი, რომელიც უარით გამოისტუმრეს კანცელარიიდან, კიდეც უთხრეს, რომ მეორერდ აღარ მისულიყო ამ სათხოვარზე.



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1001 | Добавил: kela | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

აი, ახლა ამ მოთხრობის წერასაც ძია საშა მაბედვინებს, იგი სულეთის ქვეყნიდან გამომყურებს და თითქოს მაქეზებს:
- დაწერე! დაწერე!
მანამდე კი, სანამ ძია საშა გახდებოდა ჩემთვის, ბატონი საშა იყო, ყველასათვის მკაცრი და წესრიგის მოყვარე ბატონი საშა, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის გამგე, რომელმაც სულ ზეპირად იცოდა, რომელ ჯგუფში რამდენი სტუდენტი ვიყავით და ვინ როდის, რამდენი წუთით დავაგვიანეთ ამა თუ იმ ლექციაზე. დაირეკებოდა თუ არა ლექციის დაწყების ზარი, ბატონი საშა შემოივლიდა ინსტიტუტს, ყველა აუდიტორიის კარს შეაღებდა, კარში გაჩერდებოდა და დაითვლიდა: ერთი, ორი, სამი... სად არის მეშვიდე? სად არის მერვე? და ა.შ., იმის მიხედვით, რამდენი სტუდენტი ვაკლდით ლექციას. მე რაკი მთიდან ვიყავი ჩამოსული, მეცხვარეს მეძახდა. ხშირად მაგვიანდებოდა, განსაკუთრებით პირველ ლექციაზე და ბევრჯერ მიმისწრია იმ დროს, როცა ჩემი მისამართით ხმამაღლა ყვიროდა ბატონი საშა:
- სად არის მერვე? მე თქვენ გეკითხებით, სად არის მეცხვარე?
- მოვა პატივცემულო, ხომ იცით, შორს ცხოვრობს, - იმხანად ნათესავთან ვცხოვრობდი ლოტკინის გორაზე.
- აგე, აგე მოვიდა, - ეუბნებოდნენ ჩემი თანაკურსელები და მეც დანაშაულში დაჭერილი, თავჩაღუნული ვჩერდებოდი კართან.
- რატომ აგვიანებ, ჰა! - მერამდენედ მიყვიროდა ბატონი საშა.
- ავტობუსს დააგვიანდა, ბატონო საშა და მეც ვეღარ მოვედი დროზე.
- ავტობუსი არ ვიცი მე, ავტობუსი არ სწავლობს ამ ინსტიტუტში და რა ჩემი საქმეა, სად დააგვიანდა, შენ რატომ აგვიანებ, შენ, შე მეცხვარე შენა, რას მოეთრეოდი მთიდან, თუ ინსტიტუტში დროზე მოსვლა არ შეგიძლია, ყოფილიყავი ცხვარში.
- მაპატიეთ, პატივცემულო, მეტს აღარ დავაგვიანებ.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1047 | Добавил: kela | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

ცხრიანი. კომპიუტერის ჯოისტიკი. კაცი ასკინკილა ხტუნაობს. უცხო ბებო ველოსიპედით კატაობს. წვერიანი კაცი წევს, დიდი მკერდი აქვს. დილა მწვანდება. მთა. მთის იქეთ კიდევ მთა. იქეთ კიდევ მთა. ქართულის მასწავლებელი _ სახელი და გვარი არ მახსოვს. ჩემი პირველი შეყვარებული ბაღში. ბრინჯის ფაფა. სადარბაზოში ნარწყევია. ის კაცი ხტუნაობს და ხტუნაობს. ვიღაც ქალი მოდის და მეუბნება: _ იქ წაგიყვან, სადაც ღმერთი არ არის, ღმერთი არ არის, ღმერთი არ...

შენი პრობლემა

იმაშია, რომ სამყაროში არ ცხოვრობ. ნებისმიერ საკითხს უღრმავდები, მაგრამ არ განიცდი. ადამიანობა თუ გსურს, გარედან კი არ უნდა უთვალთვალო ცხოვრებას, შიგნით უნდა შეხვიდე. შეიძლება გეტკინოს, შეიძლება გეწყინოს, შეიძლება ატკინო, შეიძლება აწყენინო, მაგრამ ამით არ მთავრდება ცხოვრება.
სამყარო ბოროტია, ეს ფაქტია, მაგრამ სამყარო ბოროტია თვით შენში ისევე, როგორც თითოეულ ჩვენგანში. მთავარია მოიშორო დაძაბულობა, ბოლომდე გაიხსნა ყველაფრის მიმართ და დაკარგვის არ შეგეშინდეს. თუ დაკარგვის შეგეშინდება, მერე მთელი ცხოვრება ივლი შიშში.
მოკლედ, ეცადე და შიგნიდან ამოტრიალდი, რომ ახლა უფრო მგრძნობიარე გაგიხდეს კანი, თორემ სასაცილოა შენი თანაგრძნობა, როცა იმ სხვას მხოლოდ აკვირდები.
დახუჭე ერთხელ მაინც თვალი და ეცადე ყოველივე შეიგრძნო, კი არ გაიაზრო _ შეიგრძნო; ან ადექი და უკუნით სიბნელეში მიიღე შხაპი!


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1217 | Добавил: varse9788 | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

ქაღალდი და მელანი

საწერ მაგიდაზე დასტად ელაგა სუფთა ერთნაირი ფურცლები. მაგრამ, ერთ დღეს, ერთ-ერთი მათგანი მარყუჟებით, ხაზებით, კაურებითა და წერტილებით სულ მთლად გადაჭრელდა. ეტყობა, ვიღაცას კალამი აეღო, მელანში ჩაეწო, ფურცელზე სიტყვები დაეწერა და ნახატებითაც მოეხატა.
_ რატომ, რისთვის მომაყენე ასეთი შეურაცხყოფა? – ჰკითხა სამელნეს გულნატკენმა ქაღალდმა, - შენმა მოუშორებელმა მელანმა დაალაქავა ჩემი ქათქათა სხეული და სამუდამოდ გააფუჭა იგი! ვის რაღად ვჭირდები ასეთი?
_ ნუ ღელავ! – ალერსით მიუგო სამელნემ, - შენი დამცირება და დათხვრა არც უფიქრიათ, მხოლოდ საჭირო რამ ჩაინიშნეს, ამიერიდან ქაღალდის უბრალო ნაგლეჯი კი არა, არამედ უსტარი ხარ. დღეიდან ადამიანის ნააზრევს იცავ და სწორედ ეს არის შენი პირდაპირი დანიშნულებაც და ფასიც.
კეთილი სამელნე მართალი გამოდგა. ერთ დღეს ადამიანი საწერ მაგიდაზე უწესრიგოდ მიმობნეულ ძველ, გაყვითლებულ ფურცლებს ალაგებდა. ყველას ერთად თავი მოუყარა და, როცა მათ აგიზგიზებულ ბუხარში შეყრა დაუპირა, უეცრად სწორედ ის "დალაქავებული” ფურცელი შენიშნა. ადამიანმა დამტვერილი, უვარგისი ფურცლები ბუხარში შეყარა, ის ფურცელი კი სათუთად შეინახა მაგიდის უჯრაში, როგორც გონების ეპისტოლე.

ტალი და კვესი

ერთ დღეს ტალს ისეთი მოხვდა კვესისაგან, რომ აღშფოთებულმა ჰკითხა:
_ რას მერჩოდი მხეცივით რომ მეცი? არ გიცნობ და არც მინდა გიცნობდე. შენ, ალბათ, ვიღაცაში გეშლები. თუ შეიძლება, თავი დაანებე ჩემს გვერდებს, მე ხომ არაფერს გიშავებ.
_ ტყუილად ნუ ბრაზობ, მეგობარო, - ღიმილით მიუგო კვესმა, - ცოტაც და ნახავ რა სასწაულსაც მოვახდენ შენი წყალობით.
დამშვიდდა ტალი და მოთმინებით იტანდა კვესის დარტყმებს. და ბოლოს, ტალიდან სასწაულმოქმედი ცეცხლი გამოკრთა. აი, ასე ღირსეულად დაფასდა ტალის მოთმინება.
ზღაპარი იმათთვის მოვყევი, ვინც სწავლაში არც ისე ყოჩაღია, მაგრამ თუ მოთმინებას იქონიებს და სიბეჯითეს გამოიჩენს, დათესილი თესლი აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს. სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებაო, - ნათქვამია.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 5962 | Добавил: varse9788 | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქალით ვნატრობდი წინა-ღამე ახალის წლისა მალე გათენდეს-მეთქი. მე მახსოვს ეს წინა-ღამე, ეს წინა-ღამე ახალის წლისა ჩვენს პატარა სოფელში, საცა ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ-მამას ორნი დანი და სამნი ძმანი. იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოვლში ხტომა და სირბილი. თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა, ხვალეს ველოდით, ხვალე გვახსოვდა, ხვალეს ვნატრობდით. გარეთ რა გვინდოდა, როცა შინ იმოდენა ხილ-ხული და ტკბილეულობა გვეგულებოდა. შინ ოთახებში დავფუსფუსებდით: იქ იყო, რაც იყო. აქ ალვახაზსა ჰზელდნენ, იქ ნუშს და ნიგოზს არჩევდნენ გოზინაყისათვის, აქეთ უცეცხლო თაფლი თითს გვიქნევდა, მოდით პირი ჩაიტკბანურეთო, იქით დედა-ჩვენი ბუხარში თაფლს ადნობდა და თაფლი თითქო გვეუბნებოდა: დაიცადეთ ხვალამდე, დღეს მე თქვენთვის ვდნებიო. ჩვენ თვალებ-დაჭყეტილები ამაებ-შორის დავძვრებოდით და ბედნიერები ვიყავით, თუ როგორმე მოვასწრობდით და თითს ამოვავლებდით თაფლს. სიცილს, ხარხარს და დედის უგულოდ ტყუილად ჯავრობას ბოლო არა ჰქონდა. ჩვენც ვიცოდით, რომ არც დედა, არც მამა გულით არ გვიჯავრდებოდნენ და ხელებს ვაფაცურებდით, აცა რამ მოვიცხოთო სალოკავად. ყველაზედ უფროსი ჩვენში თორმეტს წელს არ იყო გადაცილებული.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1465 | Добавил: kela | Дата: 28.04.2011 | Комментарии (1)

კასი, თავის ოთხ დასთან შედარებით, ყველაზე უმცროსი და ყველაზე ლამაზი იყო. საერთოდ, კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. ნახევრად ინდიელს გასაოცარი, გველივით მოქნილი, მხურვალე ტანი და ეშხიანი თვალები ჰქონდა. კასი იყო ცვალებადი, გიზგიზა ცეცხლი; სული - ანაზდად დატყვევებული - რომელსაც სხეული ვეღარ იოკებდა. გრაციოზულ ტანს უმშვენებდა გრძელი, გიშრისფერი აბრეშუმის თმები. უცნაური ხასიათი ჰქონდა, ან ძალიან მხიარული იყო, ან ძალიან მოწყენილი. შუალედური მდგომარეობა მისთვის არ არსებობდა. ხმები დადიოდა, გიჟიაო. ამ აზრს ყეყეჩები ავრცელებდნენ. ყეყეჩებს არ ესმოდათ კასის ყადრი. მამაკაცები მასში სექსის წყაროს ხედავდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ, გიჟი იყო თუ ჭკვიანი. ის კი ცეკვავდა, ფლირტაობდა, კოცნაობდა, მაგრამ საქმე როგორც კი სექსზე მივიდოდა, ერთი-ორი შემთხვევის გარდა, ყოველთვის ახერხებდა გასხლტომას და გაქცევას.
დები ამბობდნენ, აბეზარა და ტუტუცი გოგოა, სილამაზეს ბოროტად იყენებსო, მაგრამ კასი ხასიათითაც ნორმალური იყო. ხატავდა საღებავებით, ცეკვავდა, მღეროდა, ძერწავდა თიხის ფიგურებს, უთანაგრძნობდა ფიზიკურად და სულიერად გაჭირვებულ ადამიანებს. უბრალოდ სხვანაირი, არაპრაქტიკული ჭკუა ჰქონდა. დები იმიტომ ქიშპობდნენ, რომ ის მათ ხელიდან აცლიდა კაცებს და თან ეს ამბავი ფეხებზე ეკიდა, უშნო მამაკაცები მოსწონდა, ეგრეთ წოდებულ ლამაზ მამაკაცებს კი დასანახად ვერ იტანდა.
-რაც არ არი, არ არიო, - ამბობდა იგი. - მაგათ სიცოცხლე ეზარებათ. თავს კი იწონებენ კოხტა ბიბილოებითა და კარგად დაფარული ნესტოებით... მაგრამ რად გინდა, ეს ხომ მარტო ფასადია. შიგნით სიცარიელეა. ჯიგარი აქვთ ამოცლილი.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1938 | Добавил: kela | Дата: 28.04.2011 | Комментарии (0)

მეტი გზა არ იყო, ისევ ღუმელით უნდა წასულიყვნენ იოლას. ნოემბერი რომ განახევრდა და ცივი წვიმები დაიწყო, თინამ მამას სოფელში წერილი მისწერა: "მამაჩემო, შენ გენაცვალე, იქნებ მანდ ვინმესთან ოთხი კუბამეტრი (ოთხი კუბმეტრი გიამ უკარნახა ) შეშა შეგვიგულო, შაბათს ან კვირას გია ჩამოვა, ფულსაც ჩამოიტანს და შეშას თვითონ წამოიღებს”.
წერილი ჯერ სოფელშიც არ ეგონათ ჩასული, ერთ ღამეს, პირველის ნახევარზე, თინას მამა დაადგათ თავს, _ადექით, შვილებო, შეშა ჩამოვიტანე და მაჩვენეთ,სად ჩამოვცალოო. ლოგინში წამომჯდარმა თინამ ჭუჭყუნი დაიწყო: _ოო, ისევ შენ იწვალე!.._მამამ კეთილად გაუღიმა, _ადექი, ადექი, შენც ჩაიცვიო! ფრთხილად მივიდა შვილიშვილის საწოლთან, რაღაცეები უჩურჩულა, მერე ისევ შვილსა და სიძეს მიუბრუნდა_ თბილად ჩაიცვით, _და მათთვის აღარ დაუცდია, თვითონ ჩავიდა ძირს.
თინამ და გიამ ერთმანეთს შეხედეს, გიამ ღიმილით გადააქნია თავი.
იჰ, შენც ერთი!_თქვა თინამ, ბავშვს საბანი გაუსწორა, თავშალი მოიხვია და ჩქარი ნაბიჯით დაედევნა უკვე გარეთ გასულ გიას.
_კი, მაგრამ შენ რაGGღად მოდიხარ, რა უნდა გაგვიკეთო/?
_ ჩამოვალ, რა გინდა?



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1682 | Добавил: kela | Дата: 28.04.2011 | Комментарии (0)

განა არ იყვნენ ჩვენს დაბაში განთქმული ადამიანები? გინდაც, შაბაშელა _სოფლის დიაკვანი , პატრონი ულამაზესი, ახალგაზრდა ცოლის ზიზილასი. როცა ზიზილა სადღესასწაულოდ ქართულ კაბაში მოირთვებოდა, დიაკვანი ორივე ხელს გაშლიდა ცოლის სილამაზით გაკვირვებული და აღტაცებით შეჰღაღადებდა: „დაფარნა ცანი მშვენიერებამან შენმან და ქებითა შენითა აღავსო ქვეყანა! შე კურთხეულის შვილო, რამ გაგაჩინა ეგრე ლამაზი? " 

კიდევ? მოხუცი სამხედრო, გადაყრუებული, გადაშტერებული, „გიტარა_მაიორი". ოდესღაც სიმღერა ჰყვარებოდა, ახლა კი, ხეზედ ამოსულ სოკოს აბედივით გამომშრალს ყურში ჩაძახილიც ძლივს ესმოდა. 

_ბევრი მათრია, მაგრამ მეც ძაღლის კუდივით ვითრიე წუთისოფელიო!_ნუღნუღით კვეხულობდა და ხველებ_ხველებით ხითხითებდა.

შემდეგ: ჭამპურა ჭამაპურიძე, რომელმაც ჭამა იცოდა სანაძლეოზე და უყვარდა ყანწიანობა. 

ჭამპურას საათობით შეეძლო ემსჯელა, თუ რა სჯობია-ორაგული, მურა კალმახი, თუ მურწა ვაზის ფოთოლზე? რა უგემრიელესია? _ზუთხი, თართი, თუ ლოქო ძმრიან ქინძში? ქათმის ჩიხირთმა და ბატკნის ბოზართმა. ხონჩით პური და მარილი, ხახალზე მწვანილეული, კიტრი, ყველი, ცხვრისთავი, ლურჯი კაპუეტები, მწვადი... ახ! მოყუდებული ჩარექა!... 

__მაშ, ამ წითელ ღვინოში მზის მადლი არ ინახება? მაშ, რათ არის ნაკურთხი ზედაშე?!

სულ მუდამ ღვინის კაპი სწყუროდა. შეჟუნჟრუკდებოდა, მერე დუქნიდან ფრატა_ფრუტით მოდიოდა. 

_გემრიელი კერძი და ძლიერი ღვინო. მადით სჭამე, გულით დალიე, მხიარულად იცინე! __ ასეთი იყო ჭამპურა ჭამაპურიძის თუ ძვალიყლაპიაშვილის აღთქმა. 

თევზეულობის დიდ თაყვანისმცემელს, სალაპარაკოდ უფრო სალიანის თევზეულობა ჰქონდა __ კარგად გამოსული შამაია, ახალი ქვირითი და წითელი ხიზილალა! ეს იყო მისი ფიქრი და საგონებარი!

კიდევ ვინ იყვნენ? __ თოთოშა, ხატს რომ შეწირულ ფულებს ჰპარავდა ნიშიდან!

მედუქნე „ჩარირამა", __ მის დუქანში ხშირად შეგხვდებოდა თამადა, ხელში ყანწით, __ პეტრე ერქვა, რატომღაც პავლეს ეძახდნენ: მოლაყბის ყბა ჰქონდა.

„ჰერიგიდი", რომელზედაც იტყოდნენ: ეშმაკმა რომ სიარული დაიწყო, ფეხის ადგმა მაგან ასწავლაო!

კონდრო __ თვალვიწრო და წუწკი, ძუნწი. ღამ-ღამ, საათის „მიატნიკს" ჩამოხსნიდა, არ გაცვდესო! განჯინა მუდამ დაკეტილი ჰქონდა, თუმცა, შიგ ერთი თეფში იდო, ისიც შუაზე გადამტვრეული და მავთულით შეკრული.

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 2882 | Добавил: varse9788 | Дата: 25.04.2011 | Комментарии (8)

ვის არ უყვარს მზე?

მზეს ესწრაფვის დიდი არწივი, პატარა ტოროლაც, "ცას წავალო" რომწკრიალებს ყოველ დილით, აექანება ცისკენ მთროლარი ფრთებით.

პირველ რიგში ბროწეულს უყვარს მზე!

როგორ მწვავს ბროწეულყვავილის ნაელვები გამოსხივებანი! 

მიყვარს ცეცხლური ყვავილი, მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი ოქრომდინარი, სეფესანთელივით რომ ბრდღვიალებს; მიყვარს მისი გულის ავსებულობა! თითქოს მზე სავსებით შეუწოვიაო.

არა, არა მჯერა, რომ იგი სხვა ყვავილივით დასჭკნეს როდესმე ჩამოსცვივდეს, განქარდეს, ამტვერდეს! არა, არა მჯერა!

მზის ნაბადებია; მის კოკორში დაგუბებული სხივთანაგალობარი; შიგ ჩაწერილია ანკარა სხივთა რაკრაკი; მზისობა უჩანს თითოეულს ნაკვთში.

ყვავილი კი არა, მზის ნაკადულის კამკამია! - ასე იტყვის გულისხმისმყოფელი!

ბუნების ასეთივე საჩუქარი იყო, ჩემს ოცნებას რომ შემოჰხვევია ბროწეულყვავილივით, - მარიტა! ნათლით სავსე, ღიმცრისკროვანი ყვავილი ჩემი ყრმობისა!

მარიტა!

მარიტა - თითქოს მზე ჩამოვარდნოდა!

ქალი კი არა, - მთვარის გამოახლება იყო! 

მარიტა – ჩემი ყრმობის მეგობარი! ქალებში – დედოფალი.

- შენ „მზევარ" უნდა გერქვას, „მზევინარა", ბევრს უთქვამს მარიტასათვის.

მარიტას მერე , მე აღარ გამკვირვებია არც ყინწვისის ღვთაევრივი ფრესკა, არც არმაზელი ტურფა სერაფიტა.

- ვისაც ღმერთი არ გინახიათ, მოდით და ნახეთ მუხათწყაროში! გადამეტი არ გეგონოთ და მარიტას მშვენების სამზერად საგანგებოდ მოდიოდნენ მეზობელ სოფლებიდან. მოდიოდნენ და უყურებდნენ.

- რამ წარმოქმნაო? - ჰკვირობდნენ.

მართლაც, ხეობის თვალი იყო მარტა.

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1177 | Добавил: varse9788 | Дата: 25.04.2011 | Комментарии (0)

1 2 3 4 5 »

  Findout.Com - © 2024