მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ხუთშაბათი, 25.04.2024, 14:49
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 8 » მრავალჯერადი ბოთლები - (გურამ მეგრელიშვილი)
21:36
მრავალჯერადი ბოთლები - (გურამ მეგრელიშვილი)
სახლი

- მამა, ოცდაათი ლარი დამიტოვე, რა.
- რათ გინდა?
- სოფოს უნდა შევხდე, საბილიარდოში წავიყვან.
- რა გახდა, ეს შენი სოფო ასეთი, რო აღარ გაგვაცანი? _ ოთახში დედა
შემოვიდა და ყავაც დააქცია იატაკზე.
- შენი რა!
ზურამ რაღაცნაირად გახედა დედას, მერე მამამისს შეუტრიალდა და
- დატოვე რა, დავით!
მამამ საფულიდან ფული ამოიღო, პიანინოს თავზე დადო და პალტო მოიცვა.
- მა, 5 ლარი მოიტა, რა!
- წუხელ არ მოგეცი?
- ის წუხელ იყო.
- მამაა! მეც გოგოებთან ერთად კაფეში მივდივარ, რაღაც კონცერტია და ერთი ათი ლარი დატოვე! – თაკო ის-ის იყო სააბაზანოდან გამოვიდა.
- რა დროს კაფეა, დედაშენს მიეხმარე, გოგო!
- მივეხმარები, რო მოვალ. დატოვე რა!
მამამ ისევ გახსნა საფულე. როცა ხურავდა თითქოს რაღაც გაახსენდაო, რამდენიმე ოცლარიანი ამოაძვრინა და მამამისს გასძახა: _ მამა. მამა! მე ბაზარში ვერ გამოვივლი და იქნებ ჩასულიყავი?
ალექსანდრე ოთახიდან გამოვიდა: _ თორნიკე გამომყვება?
- გაყვები თოკო?
- მომცემ ხუთ ლარს?
- მოგცემ.
- ხოდა გავყვები!
- მამა, გოჭს მე ვიყიდი, ახლობელი აპირებს ჩამოტანა და იმისგან ავიღებ. დანარჩენი თქვენ იცით.
- კაი, შვილო. თორნიკე, ხო გამომყვები, ბაბუ?
- ცოტა მერე, ხო?
- ხო, შუადღისას.
დათო კარისკენ დაიძრა.
- თმას ნისიაზე არ ჭრიან დათო!
- ა, ხო შებრუნდა და ფული გაუწოდა ცოლს. – მეც ადრე მოვალ და ეცადეთ, ყველანი სახლში იყოთ. ეს ორი დღე მაინც ვიყოთ ერთად!
დათომ კარი გაიხურა და წავიდა.


სილამაზის სალონი "ექსელენთი”
- დღეს რამდენი ხალხი გყავთ! – ნანა სავარძელში ჩაჯდა და ყავის ჭიქა ახლოს მისწია.
- ახალი წლებია, ლამაზდება ხალხი! – სტილისტი ბელა, სავარაუდოდ, სომეხი უნდა ყოფილიყო. შესახედაობა ასეთი ჰქონდა ყოველ შემთხევაში. ერთხელ კი ჰკითხა ნანამ, შენ რა ეროვნების ხარო, მაგრამ ბელამ ისეთი გაიკვირვა, რა თქმა უნდა, ქართველი, რატომ მეკითხებიო, რომ ამას შერცხვა და, არა, ისე გკითხეო, თავი დაუხარა.
ბელა ამ სალონის მეპატრონე იყო, მაგამ თვითონაც მუშაობდა სტილისტად და ალბათ ყველაზე უკეთ ჭრიდა, რაკი უმეტესობა კლიენტებისა მას ელოდნენ ხოლმე.
- მოიწი, ერთი, თამო! – გასძახა კართან მომუშავე სტილისტს, - იმ ქალს დავარცხნი? – ჩურჩუნლზე გადავიდა _ მელოდება და ამდენი ხალხი მყავს.
- კი, დავვარცხნი, ვუთხრა?
- ქალბატონო! აგერ, ეს გოგონა მოგემსახურებათ...
- მე თქვენთან მინდა.
ბელამ შეეტყო, რომ ესიამოვნა, მაგამ ნანასთან მაინც წაიწუწუნა: - რა აჩემებაა, რა! რა აზრი აქვს მაგისთვის, ვინ დავარცხნის, ნახე, თმა რას უგავს. ქალმა ეგეთი თავით როგორ უნდა იაროს?
- ყველას ხომ არა აქვს საშუალება, თავს მოუაროს, ბელა!
- ნუ, ხო მარა... ეს ნახე, რას დამსგავსებია, შეხედეთ, როგორ გასუქებულა! – ტელევიზორში რომელიღაც ცნობილი მომღერალი გამოჩნდა და ყველამ ეკრანს შეხედა.
- რატო არ გასუქდებოდა რა, ჭამა აკლია, თუ ვიტამინები? – ჩაილაპარაკა მანიკურზე მჯდომმა თხელტუჩებიანმა ქალმა.
- შენ რა, ეგ უვიტამინობა ხომ არ გაწუხებს, ჩემო ვიკა? – გაიცინა ბელამ და თხელტუჩებას გადახედა.
ვიკამ იმიტომ გაიცინა, რომ ბელა უფროსი იყო, თორემ ისეთი სახე ჰქონდა, ალბათ სხვის ასეთ ხუმრობაზე ძალიან ცუდი რეაქცია ექნებოდა.
- ვიტამინები რატო ეკლდება რო, მშვენიერი დათვივით კაცი ყავს! – გამოსარჩლება სცადა დამლაგებელმა
- დათვივით ეგეც! – ზიზღით ჩაილაპარაკა ვიკამ და სახე მიაბრუნა.
- გოგოებო, ბაზარში იყავით რომელიმე? – თამომ ხელები გადაიბანა და ჰაერში გაისროლა წვეთები.
- კატასტროფული სიძვირეა, ცეცხლი უკიდია ყველაფერს! – დამლაგებელმა ვიკას ფეხებთან მიყრილი თმა გამოგავა.
- ბოლოები დაამოკლე და "პიორიშკები” გავაკეთოთ, რაღაცა ეგეთ ხასიათზე ვარ, იცი? – ნანა სარკეში თავს უყურებდა.
როგორ დაბერდა თითქოს, ეს ორი წელია. აქამდე არ გრძნობდა. იქამდე არ გრძნობდა, სანამ თაკოსთან თაყვანისმცემელმა არ დაიწყო სიარული. ნანა უყურებდა ხოლმე შვილის შეყვარებულს და კი არ შურდა, არა, ეს შური არ იყო _ შვილის ხომ არ შეშურდებოდა?! უბრალოდ რაღაცნაირი მწვავე სევდას გრძნობდა. ორმოცდაორი წელი! ადრე ორმოცი წლის ქალი ბებერი ეგონა, თვითონ კი ორმოცს გადააბიჯა და ვერანაირ ცვლილებას ვერ გრძნობს. ერთი ეგაა, რომ ოდნავ ნაოჭები გაუჩნდა ტუჩებთან. ოდნავ სისრულე შეეპარა, შეუმჩნეველი სისრულე და ზემდეტად მგრძნობიარე გახდა. ოდნავი შეხებაც კი აღაგზნებს, ისე აღაგზნებს, როგორც ადრე, ახალდაქორწინებულები რომ იყვნენ, თუმცა მაშინ ასე არ აღიგზნებოდა, მაშინ ქარაფშუტული იყო ეს აღგზნებაც და სიყვარულიც.
დათოც დადინჯდა, დასრულდა თითქოს. უკეთ გრძნობს, ცოლის ყველა ასოს, ყველა განცდას და უკეთაც ეწყობიან, სრულად ავსებენ ერთმანეთს.
ნეტა ერთ-ორ წელში ხომ არ მობეზრდება ქმარს? დათო ისევ ისეთია, როგორც ამ ოცი-ოცდაათი წლის წინ, თვითონ კი ჭკნობა შეეპარა. ხომ არ მობეზრდება და სხვას ხომ არ გაიჩენს?
- შენი ქმარი დამანახა ამას წინათ თამომ! – თმებში ხელი შეუცურა ბელამ და სარკიდან შეხედა _ პატარა ბიჭივით ქმარი გყოლია ნანიკო, სად მუშაობს?
- კეთილმოწყობაში!
- ხო, შენი პატარა ბიჭი, აქ რო გყავდა იმ დღეს, ისა გავს მამას ძალიან!
- თორნიკე?
- სახელი არ მახსოვს, ყველაზე პატარააო, რომ თქვი, ისა!
- ხო, თორნიკე
- აქ ნუ მოწევთ რა, გენაცვალე, აქ არავინ ვეწევით და გოგოც ფეხმძიმედაა, ვერ ხედავთ? – თამოსკენ გააქნია თავი ვიკამ და მაღალ-მაღალ დაბღვერილ კაცს თვალებში შეხედა.
ნანამაც შეხედა სარკიდან კაცს. მერე უკან სხვებიც გადაათვალიერა და შეამჩნია, როგორ გაიპრანჭნენ ქალები. ერთი დამლაგებელი იყო ძველებურად თავდახრილი და მეტლახზე დაყრილ თმას გვიდა.


ბაზარი

- ყველი რა ღირს?
- რვა ლარი ეს. აგერ, გასინჯეთ, ბატონო. იმერული ექვსი, სულგუნი...
- რა ამბავია? ვალები გაქვს, შე კაცო?
- რა ვქნათ, აბა, ძია კაცო? ბენზინი გაძვირდა, გაზი გაძვირდა, აქ დგომა გაძვირდა. მე კიდე სოფლელი ვარ, აბა გაიარე ვაჭრები რამდენად ყიდიან ამაზე ცუდ ყველს.
- სამ კილოს ავიღებ შვიდ ლარად მომეცი.
- ვერა, კაი ადამიანო.
- ახალი წელია, შე კაცო.
- შენთვის როა ახალი წელი, ჩემთვის არაა? მე მარტო ყველს ხო არ ვაჭმევ ბავშვებს, აბა გაიარე მანდარინი რა ღირს, ადამიანის ფასი ადევს. იმას ყიდვა არ უნდა?
- კაი, აწონე სამი კილო, წონაში მაინც არ მომატყუო.
- გეკადრება, ბატონო? ძველი დრო კი არაა? ელექტროსასწორია, ეს არ იტყუება.
- ჩვენ, ქართველები, ყველაფერს მოვატყუებინებთ, თუ მოვინდომებთ, ასფალტის დამგებ მანქანებს საბურავები დაუთხელეს, სისქეში რო ცოტა დაეგოთ და მოეპარათ და შენ ყველს ვეღარ მომპარავ, შე კაცო?
- ა, ბატონო, სამი კილო. ოცდაოთხი ლარისაა ზუსტად, მეტია კიდე ცოტა.
- ნაკლები არ იყოს, მეტს ვინ ჩივა?
- პური არ გინდათ, ბატონო?
- არაა!
- კაი პურია, ახალი, ცხელი.
- არაა, არ მინდა, ქალბატონო, არა!
- ალექსანდრე ბატონო, რაფერ ხართ?
- ოო, ვალერის ვახლავარ! როგორ ხარ, ვალერა?
- რავი, ვარ რა, სხვისი სიდედრივით.
- სხვისი რატო?
- გარედან კარგად ჩანს და შიგნით, ოჯახში ვერაა თლად კაი, ხო იცი...
- შენ რა გითხარი. ვაჭრობ? რა სიძვირეა, რა არი, მაინც, ა?
- სასწაული! შარშან ასეთი ფასები არ იყო.
- კაი ერთი, შარშანაც აგრე იყო, მომავალ წელსაც აგრე იქნება, ჩვენ გვეჩვენება ცოტა...
- წელს მაინც ნამეტანია. ინდაური იყიდე?
- კი, ვიყიდე, მარა ვიჩქარე მგონი.
- რატო?
- რაღაც აღარ მომწონს. იქ, დახლზე, ფეხებაპარჭყული მომეწონა, მარა, ახლა რო ჩახედე, რაღაცა პატარა მეჩვენება, ხო იცი?!
- ფეხებაპარჭყული კაი მოგეჩვენებოდა, ჩემო ალექსანდრე, აბა, რაა? ჰა, ჰა! მანახე ერთი! რას ერჩი, შე კაცო, ხბოსხელა ინდაურია, მეტი რა გინდა?
- რა ვიცი, ფასიც კი აქვს მერე ხბოსი.
- გოჭს არ ყიდულობ?
- არა, გოჭს დათო მოიტანს, მაგათ სამსახურთან ჩამოაქვს ვიღაცას კაი, შინაური გოჭები თურმე. იაფადაც და თან დამხრჩვალი არაა, კი იცი, ნაღდი.
- რა ფასად?
- ეგ არ ვიცი, მარა, იაფად როა და კაი როა, კი ვიცი.
- არიქა, ჩემო ალექსანდრე, დავურეკოთ, მეც წამომიღოს, სამ ცალს ავიღებ ეგრევე, ჩემ სიძეს გავუგზავნი და ჩემ ძმას.
- დავურეკოთ მერე, გაქვს ტელეფონი?
- კი, როგორ არ მაქვს. ა, დათოს ნომერიც.
- ალოო! დათო... ხო, ვალერას ტელეფონია... დათო, ის კაი გოჭები, შენთან რო ჩამოაქვთ, ვალერასთვისაც წამოიღე სამი ცალი... რამხელებიო?
- რაც თქვენთვის, ისეთი იყიდოს ჩემთვისაც.
- როგორსაც ჩვეთვის აიღებ, ისეთივე აუღე ვალერისაც, სამი ცალი... რო არ მოეწონოსო?
- მომეწონება, კაცო!
- მოეწონება კაცო... კაი, წავედი მე, დაეხარჯა ამ კაცს ფული. კაი, ხო,! ყველი ვიყიდე, ინდაურიც და მოკლედ, ნანამ რაც ჩამომიწერა, ყველაფერი ვიყიდე. კატასტროფული ფასები აქვს ყველაფერს... არა, არ წამოვიდა... მე რა ვიცი, სად წავიდა. მაგისას გაიგებ რამეს? კაი და, ვალერის გაუარე, დაუტოვე ის გოჭები. როგორ ითიშება ეს? გათიშე ერთი, თუU კაცი ხარ.


ეკლესია


აურაცხელ არს სიმრავლე მოწყალებათა შენთა და წყალობა გამოუთქმელსა ძვირუხსენებლობასა შენისა სახიერებით...
- აკეთებ რამეს საახალწლოდ? – უკანა კედელთან, დაბალ სკამზე მჯდომი ქალი მეორეს ეჩურჩულება.
- რაღაც-რაღაცებს გავაკეთებთ. ნატო და ბავშვი, არც თენგო არ მარხულობენ და სტუმრებიც მოვლენ და...
- ბაზარში იყავი? ნახე, რა სიძვირეა? – მაცხოვრის ხატთან მდგომი დაბალი ქალი მაღალს ასცქერის.
- არა, რა მინდა ბაზარში, ჩემი მამამთილი ჩამოვიდა დილით, ინდაურიც ჩამოიტანა, ნიგოზიც, ღვინოც, ქათმებიც, გოჭიც. ბაზარში ოთუსბირი ფასებია, ხო გავიყიდეთ კიდეც.
- ბედნიერო! რაღა ჩვენ, არც მე და არც ჩემ ქმარს არავინა გვყავს, რო ეგრე გვეხმარებოდეს!
- მეხმარება, თორე ეგეც... ერთი ახალ წელს ჩამოიტანს ხოლმე და აღდგომას, ჰა-ჰა, ჩემი პატარა გიორგის დაბადების დღეზე კიდე. ეგაა და ეგ. ვინ გვეხმარება, გოგო, ლამისაა... აღარ ვიცით, ორივე...
- მამაომ, წირვის მერე არ წახვიდეთ, ღვინოს მოგცემთ მგალობლებს ათ-ათ ლიტრსო, ვიღაცას შემოუწირია!
- ხოო? ვა, კაია, ღვინოს მაინც აღარ ვიყიდით! გააკეთეთE რამე?
- სამარხვო რაღაცები.
- მეც. გიჭირს ხოლმე მარხვა?
- ჭამის მხრივ არა, ისე. კაი, უუუ! უუუუუფააალოო...
- მე ოცდაათი ლარი მაქვს, დილით მამაჩემს ათი ლარის მეტი ვერ წავართვი, შენ?
- მეც მაგდენივე მექნება რა. სხვებსაც ხო ექნებათ რაღაცა, გვეყოფა, რა!
- კიდე ვინ იქნება?
- ის ტიპი, შენ რო დაევასე. გადაეკიდა, გოგო, ჩემ ძმას, გამაცანი, გამაცანიო. რა ნაგლია, არა?
- თუკი დავევასე... ხო არ შემჭამს რა... რა უბნელია?
- თემქელი.
- აუფ! თემქაზე მათხოვებ ასეთ ქალს? – თაკომ ჩაიქირქილა. ეტყობა, ცოტა ხმამაღლა გამოუვიდა, უკნიდან შენიშვნა მისცეს. ბოდიშიო და ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები მეგობარს: - სახარების მერე გავიგეთ, ნინისთან ავიდეთ, ყავა დავლიოთ და თან ჯემპრს მათხოვებს.
- რომელ ჯემპრს? მწვანეს?
- ხო.
- ეე, ეგ მე უნდა მათხოვოს, გუშინწინ შევიპირე!
- კაი რა, იმ თემქელს თუ ვიღაცას მე ვეპრანჭები, თუ შენ?
- თაკო, ნუ იცი რა, ეგრე! – ისევ მისცეს შენიშვნა. გოგოები სახარების წაკითხვას აღარ დაელოდნენ და გარეთ გავიდნენ.
- კაი, რა, შენ სხვა რამე გამოართვი.
- მოიცა რა, მწვანე ფერი მიხდება, ხო იცი, თვალებზე მიდის.
- ცივა, არა?
- კი, მაგრა ცივა!
- ტაქსი გავაჩეროთ? 2 ლარი გინდ _ აქეთ, გინდ _ იქით.
- ფეხით გავიაროთ რა, რაღაცნაირად ფეხით სიარული მომენატრა.
თაკომ ქურთუკი შეიკრა, თმა უკან გადაიყარა და წინ წასულ მეგობარს წამოეწია.
- თითქოს რაღაც ცუდი უნდა მოხდესო, ისეთი შეგრძნება მაქვს.
- კაი ხო, ნუ დაიწყებ ხოლმე, დამითმია ის მწვანე ჯემპრი, უფ! იქნებ გაგეხსნას თემქელთან ბედი! ისე რამ სიმაღლეა, არა?
- კალათბურთელია, მგონი.
- ხო.
- არ მიყვარს მაღალი ბიჭები, ძაან არ მიყვარს.
გოგოები ჩქარი ნაბიჯით და რაღაცნაირი ქანაობით მიდიან.


ინტერნეტ-კაფე

- ერთი საათი დამიმატე რა, გიო!
- ფული გაქვს?
- მაქვს აბა, ისე ხო არ გეტყვი?
- სიგარეტიც გექნება შენ.
- სულ ჩემ სიგარეტს როგორ უნდა ეწეოდეთ, ბლიად! ნახე რა დამაჰედშოტა ამ ახვარმა?
- ვინ იყო?
- სპაიდერა.
- ვისი კლანია ეგა?
- მუსოლინი. მაგარს ყომარობს ეს ტიპი, არადა ადრე იცი რა ბულკი იყო? თამაშის აზრზე არ იყო, ეხა მაგარი აქაჩა. დღე-და-ღამე ინტერნეტ-კაფეში გდია, გონი არც იძინებს რა.
- თორნიკე, ზარი გამაშვებინე რა!
- ცალმხრივად მაქ. გუშინ ჩემმა ძმამ წაიგდო ტელეფონი და მინუსებში გადაიყვანა, მაგარი პროჭი ბიჭია რა.
- გჩაგრავს, ტო?
- რა მჩაგრავს? ძმაა რა!
- წეღან დავინახე. ჭიჭუასთან ერთად იდგა,
- სადა?
- ბოილერთან იდგნენ მანქანით.
- აუ, ეგ თუ კიდე წამალზე დვიჟენიობს და... კაროჩე რა! ვინმეს დასარეკი არა გაქვთ? ერთი წამით რო ვუთხრა გადმომირეკე-თქო, მოდი რა გააგრძელე.
- ეე, მე მითხრა, გააჯვი, მე მითხრა, ბიჭო!
თორნიკე სწრაფად გამოვიდა კაფედან და ბოილერისაკენ წავიდა.
ანგარიშზე მაინც ჰქონდეს, მამას დაურეკავდა, ეტყოდა ზურა კიდე ჭიჭუასთან ერთად რო ყოფლა. დედამ რო ეგ კიდე კაიფში ნახოს, ალბათ თავს მოიკლავს.

მამოიანი

ჭიჭუამ წინა დღით უთხრა ზურას – ხვალე ფულს ვკრებთ, მამოიანს მაგარი გერონტი მოუტანია და, თუ გინდა, ფული გაჩითეო. ზურამ დილით მამამისს სთხოვა ოცდაათი ლარი და ჭიჭუას ბოილერთან შეხვდა დათქმისამებრ.
სოფო გამოგონილი გოგო იყო, ვითომშეყვარებული, საჭიროებისამებრ იყენებდა და ფულის თხოვნის მიზეზი ყოველთვის ჰქონდა სახლში. არა, მთლად გამოგონილი არ იყო, არსებობდა ერთი სოფო, მარა ის ჩვეულებრივი ნაშა იყო, ათასში ერთხელ კაიფში თუ აუვლიდა ხოლმე და რა რაღაცეებს ემარიაჟებოდა. ყავას მიუტანდა გოგო, ტელევიზორს ჩაურთავდა და, თუ ეს ძაან ხასიათზე იყო, შეიძლება გაეჟიმა კიდეც, მარა ესეც ჰადაჰა, კვირაში ერთხელ.
სოფო სოფლელი იყო, სოფელი რა, გორელი, აქ სწავლობდა ქირით იყო დელისის მეტროსთან. ზურამ პლეხანოველ ნეკასთან გააცნო. ნეკა კაიფარიკი იყო. ვიღაც ბობოლას შვილი. ერთი სტაფი ჰყავდა. სუბო ახალი შემოსული რომ იყო, ერთ კუბს თვითონ იჩხერდა, ნახევარს თავის სტაფს უკეთებდა, ასდოლარს კაკალში აძლევდა და ძაღლს უჩხერდა. დადიოდენენ ორივენი კაიფში "დასტოინი” სახეებით და ყველაფერი ფეხებზე ეკიდათ. რა საერთო ჰქონდათ ნეკას და სოფოს ერთმანეთთან, ზურას დღემდე ვერ გაერკვია, მითუმეტეს, ნეკა ძალიან "სვეტსკი” იყო, სოფო კი, ფულიანი, მარა მაინც გოიმი გორელი.
მოკლედ, ნეკასთან გაიცნო. გოგო მალევე დაიკერა. ვიღაც თემქელი ტიპი დადიოდა იმ ხანებში სოფოსთან, მარა ზურა ისე უცბად ჩაენაცვლა, რომ იმ ტიპს რამე პრეტენზიაც არ გამოუთქვამს.
ჰოდა, სოფო იყო, მარა ნაშა სოფო იყო, და არა _ საცოლე; მაგრამ დავითას მოსატყუებლად ცუდი არ იყო ასეთი გოგოს გამოგონება, წამლის ფულს უფრო ადვილად სტყუებდა. სახლში არ იცოდნენ, რომ კიდე იკეთებდა, კაიფში აღარ მიდიოდა ხოლმე, აღარც ისე ღორულად იჩხერდა, როგორც დაჭერამდე, იმდენს იკეთებდა, ცუდად რო არ გამხდარიყო და არც ძაან შემჩნეოდა, "თავისას ისწორებდა” მოკლედ, რა!
ჰოდა, ჭიჭუამ, მამოიანს მაგარი "ტავარი” ჩამოუვიდაო, არ აბაზრებს, მარტო მე მენდობა, მე მომცემს და თუ გინდა, ფული გაჩითე ხვალე და გავიკეთოთო.
ზურას არ მოსწონდა ეგ მამოიანი, როღაცა ბოროტი სახე აქვსო, სულ მაგას ამბობდა. ყველაზე კაი გერონტას ეგ ჩითავს და არა გკიდია, რა სახეც გინდა ჰქონდესო? – იკრიჭებოდა ხოლმე ჭიჭუა და თვითონაც მამოიანს ემსგავსებოდა ხოლმე იმ წუთას.
ჭიჭუაზე ერთი ხანობა ვიღაცამ თქვა, "განეციაო”, მაგრამ იმ ვიღაცას კბილები ჩაუმტვრია ჭიჭუამ და მას მერე აღარავის გაუმეორებია იგივე, თუმცა ზურამ კი იცოდა, რომ ჭიჭუა მართლა "განეცობდა”, მაგრამ მაინც ძმაკაცი იყო და თვალს ხუჭავდა ამაზე, "ვითომვერვხვდების” თამაშობდა და ასეც სჯობდა, ყველასთვის.
ჭიჭუამ ოთხი კაცის ფული მოაგროვა თუ არა, ჩაისვა ზურა მანქანაში და მამოიანთან წავიდნენ.
გზაში რაღაცებს ღადაობდა ჭიჭუა. ჩემი ძმაკაცია, კაიფარიკი ისიც, აბაშელი, მაგარი აფერისტის ერთი. გუშინ შემხვდაო, გოჭები ჩამოუყვანია აბაშიდან გასაყიდადო. ბიჭო, ვუყურებ, ამ გოჭებს ვარკეთილელი თამუნასავით აქვთ ერთი ადგილი გაფართოებულიო. ვაჰხ, მეთქი, ეს რა არის ტო, მეთქი, ხო არაფერი იკისრე ამ გოჭებთან შე კაცო, ამ სიბერეში თქო, არაო, რა ვიკისრეო, მეო, ესენი კი არ გამიზრდიაო, ვიყიდე და ვყიდიო, რა უნდა დამრჩეს იმდენიო, წონაში თუ არ ვიმამაძაღლეო, ჰხოდა, თურმე ის ჩემისა, ამ გოჭებს უკნიდან პატარა კოკა-კოლის ბოთლებს არა ტენის, ქვიშით სავსესო? აზრზე ხარო, რას არ მოიფიქრებს ქართველის ჩათლახი ტვინიო? – იცინოდა ჭიჭუა და, ალბათ, სულ ფეხებზე ეკიდა ის გოჭიც და ის აბაშელიც, ერთი სული ჰქონდა, როდის ავიდოდა მამოიანთან მესამე სართულზე და როდის წამოიღებდა წამალს.
გზაში "ბაიანები”, "ნაფტიზინი” და "პიპელფანი” იყიდეს. ზურა არ იწვეთებდა თვალში "ნაფტიზინს”, ვერ მიეჩვია, "პიპელფანზე” კი სულ წუწუნებდა მეტი არ მოგივიდეთ მაკიმარებს ხოლმე და დამწვავენ სახლშიო, მაგრამ ვის ესმოდა რო?
მერე რომელიღაცა სკოლის ეზოში შევიდნენ მანქანით. ზურა უკან იჯდა, გვერდით "ჩათლახო” ეჯდა. ვერ იტანდა ამ "ჩათლახოს”, არც ესალმებოდა ხოლმე, დიდი გაქნილი კაცი იყო, "მისკას” ყოველთვის თვითონ იტოვებდა, მორეცხავდა და "ატხადნიაკის” დროს დაიმატებდა მერე. ვინაა გოიმი, ეს რო ჭამოს? სხვები არაფერს ეუბნებოდნენ, ზურა კიდე ყველაზე პატარა იყო და ერიდებოდა მაინც დანარჩენებზე წინ წასვლა, მარა იმ დღეს გადაწყვიტა, ეთქვა და თითო ხაზს დავიმატებთ ჩვენ, შენ "მისკიდან” დაგრჩება ის ხაზიო, უთხრა "ჩათლახოს”, სანამ მოხარშავდნენ. "ჩათლახომ” ერთი ახედა, მარა არაფერი უთქვამს. მერე როცა მოხარშა, ზურას ჩვეულებისამებრ, გული აერია წამლის სუნზე და ძლივს გადაასწრო მანქანიდან.
- ბიჭო, ეს შემომერაღაცამექნება, იცოდე! – ჭიჭუას უთხრა „ჩათლახომ", როცა ზურა გადავიდა ღებინებით.
- რა ვქნა, შე ჩემა, ფული მაგან გაჩითა და, რა მექნა, ტო? ოცდაათი ლარი გვაკლდებოდა, ხო იცი?
- მე გეუბნები და! მე ამისი წაკლა დედას...
ზურა ისევ ჩაჯდა მანქანაში.
- რა სულ უნდა არწყევდე, შენ, ძმაო? თუ გეზიზღება წამალი, რაღას იკეთებ, ბლიად? – ჭიჭუამ ეს ფრაზა ალბათ იმიტომ უფრო თქვა, "ჩათლახოს” გინება ხომ არ გაიგოო, რომ იეჭვა.
ზურამ თავისი წილი ამოიღო და ეგრევე პირველმა გაიკეთა.
ჭიჭუა ვენას ეძებდა და ვერ პოულობდა, "ჩათლახოს” პირით ეკავა შპრიცი, გოგლა შარვლას იწევდა, ფეხში უნდა გავიჩხირო, პრიკოლები ამ მინდა ამ საახალწლოდო, როცა ზურა გადააგდო.
- გადააგდო მე ამისი ხათაბალა დედას... - იგინებოდა "ჩათლახო”.
- დროზე, დროზე სადმე მიაყენე, მარილწყალი გავუკეთოთ, არ მოკვდეს, ბიჭო, დროზე! – ყვიროდა სანდრიკა.
- ვაიმე, ვაიმე! მამოიანი, მე შენი დედა! ეს რა წამალი მოგვეცი! – იგინებოდა ჭიჭუა და გასაღებს ვერ ურჭობდა საკეტში.
ზურა თითქოს რაღაცის თქმასაც აპირებდა, მაგრამ ისე მოკვდა, ვერაფერი თქვა.
რაღაცა ნაგავი შეატენა მამოიანმა საახალწლოდ.


სახლი

- თორნიკე, ხომ გთხოვე ბაბუას გაყევი-თქო ბაზარში?
- არ მინდაო თვითონ მითხრა და ხო არ დავაძალებდი?
- მიხდება, დათო ასე თმა?
- აბა, შემახედე?! – დათო ფეხზე იხდის და ცოლს უყურებს თან – ვახ, ვახ, ვახ, პატარა გოგუშკა ხარ რა! მოდი, გაკოცო, ჩემო მშვენიერო ცოლო.
- ეე, მართლა, არ მიხდება, არა?
- კი, გიხდება, თიკოს ვფიცავარ, მე მომწონს! ნახეთ, ნახეთ რა გოჭი მოვიტანე!
- ვალერის დაუტოვე თავისები? – ალექსანდრე სათვალით და გაზეთით გამოვიდა და თავს დაადგა შვილს.
- კი, ცოლს დავუტოვე.
- ცუდი ხო არაფერი წაუღე?
- ცუდი რატო უნდა წამეღო? რაც ესაა, ის წავუღე იმასაც.
- კაი მოზრდილია, ხო იცი, მაგ ფასად!
- მე რას ვამბობდი, აბა? სინაურია, ვიღაც გადამთიელი კი არაა. ზურა არ გამოჩენილა?
- არა! დილის მერე არ მოსულა. ვის გადაეკიდა ნეტა, მოიყვანოს მაინც, გაგვაცნოს.
- ჰა, მიხედე აბა ამ გოჭს, მამა, მე ხელებს დავიბან!
დათო სარკესთან დგას, ხელებს იბანს და თან შვილზე ეფიქრება. წეღან თორნიკემ დაურეკა, ზურა ისევ ჭიჭუასთან ერთად იყო დღეს და მგონი ისევ წამლის გასაკეთებლად წავიდაო. მოკვდება კიდეც ნანა, ეგ რომ კაიფში ნახოს. იმდენი ფული ჩაყარეს და გამოყვანეს ციხიდან, როგორ დაეტოვებინა, თორე ღირსი კი იყო ცოტა ხანი მჯდარიყო იქ, შეშინდებოდა მაინც!
- თიკოც არ მოსულა? – შუქი ჩააქრო სააბაზანოში და საძინებელში შევიდა, წამოწვა.
- დათო!
- რა?
- მოდი ერთი წუთით!
- რა გინდა?
- ეე, არ დაასვენებენ რა კაცს! – წამოდგება, ჩუსტებს აღარ ჩაიცვამს და ეგრევე გადის სამზარეულოში.
- დათო, ნახე!
ნანას ხელში პატარა კოკა-კოლას ბოთლი უჭირავს, ბოთლში ქვიშა ყრია.
- გოჭის მუცელში ვიპოვე ეს!

მესამე სართული, change


_ შვილებს ვფიცავარ, თუ ასოცლარებში არა მქონდეს თითო გაყიდული.
_ რათ მინდა, ძმაო, შენი გოჭები? რა მეახალწლება, ტონა ვალი მაქ, გოჭი არა პროჭი!
_ კაი, აწი, მამოიანი, ვერ ჩავახწევ აბაშამდე, გამძვრება სული.
_ თუ ასოცლარებში გაქ გაყიდული, ფული მაიტა ძმაო.
_ კაი ახლა, უცხო ხო არა ვარ, ჩემო ძმაო? პირველათ ხო არ მოვსულვარ? ფული, რაც ავიღე, ეს ჩემი ცოლი, ეს ახვარი თავზე მადგა, წამართვა, წაიღო. ორ ზახოდს გთხოვ, მეტს ხო არა? ერთს აქვე გავიჩხერ, ერთიც გზაში რო დავიმატო, რა.
_ აქ რას გაიჩხერ, ტო? არ მევასება რა, ბავშვები სახლში არიან, გაგატან და საცა გინდა იქ გაიკეთე.
_ კაი, მიდი.
_ რა გაბერილია ეს გოჭი, შეცთენილი ხო არაა, ტო?
_ ჰე, ჰე! ხო მაგარია? ხბოსხელებია, ბოიშვილი ვიყო, თბილისში სუ რვა კაცს გყავთ ეგეთი მაგარი გოჭი, ნახე როგორ...
_ უკანა გასასვლელიდან გადი, რა. დაიწვა პალაჟენია, არ მინდა რააა...
_ კაი, ძმაო.
მეორე სართული.
პირველი სართული.
"სქან ბარიგა დიდაფხოდი, მა! ვინც შემაგინოს, მე იმისი!...”
სადარბაზოს გასასვლელში ვიღაც აწოწილი ბიჭი და მწვანე ჯემპრიანი გოგო ერთმანეთს გამალებით კოცნიან.
"არა ცივათ მაინც, ამ ჩემისებს?” ფიქრობს კაცი და სწრაფად ჩაუვლის გვერდს.
გაფაციცებული, აფთიაქს ეძებს თვალებით.


მორგი

მორიგე ექიმი # 1 _ იცნობდი, ხო ამას?
მორიგე ექიმი # 2 _ არა, ტო, შენ?
მორიგე ექიმი # 1 _ ერთათ გავიჩხირეთ 2 კვირის წინ მამოიანთან, მეგრელია, მგონი.
მორიგე ექიმი # 2 _ ვაა.
მორიგე ექიმი # 1 _ იცი რა ჯანზე იყო? მაგარი მსუქანა. ღიპი, რამე.
მორიგე ექიმი # 2 _ მსუქანა როგორ იქნებოდა ორი კვირის წინ? რასა გავს.
მორიგე ექიმი # 1 _ ვა, იყო, ძმაო და...
მორიგე ექიმი # 2 _ რაებს ატრაკებ, მაიცა რაა...
მორიგე ექიმი # 1 _ ვაა, ძმაო, იყო რა, რო გეუნები.
მორიგე ექიმი # 2 _ მაიცა რა...
მორიგე ექიმი # 1 _ რატო იცი ეგეთი გაჯიუტება, ტო? იყო რა, ძმაო, გეუნები. განახო, როგორი იყო?
მორიგე ექიმი # 2 _ მანახო რა... როგორ უნა მანახო?
მორიგე ექიმი # 1 _ აი ის პლასტმასის ბოთლი მაიტა.
მორიგე ექიმი # 2 _ აბა ბოთლი?
მორიგე ექიმი # 1 _ აგე, ის, კართან რო გდია.
მორიგე ექიმი # 2 _ რათ გინდა?
მორიგე ექიმი # 1 _ ძველი ღიპი დავუბრუნოთ, მაგისებსაც გაუსწორდებათ, ძველ ვიდზე რო ნახავენ, მამენტ. არა?
მორიგე ექიმი # 2 _ აუ, ხოო!
იცინიან.
მორიგე ექიმი # 1 _ ახალ წელს რო მორგში შეხვდები, ეგეთი სამსახურის...
კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 973 | დაამატა: varse9788 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0

  Findout.Com - © 2024