მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 12.12.2017, 05:18
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 149

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 8 » მწერალი - (გურამ მეგრელიშვილი)
22:36
მწერალი - (გურამ მეგრელიშვილი)
1 ეტაპი: როგორ დაიწყო ყოველივე

მე, როგორც ჩემი თაობის ახალგაზრდათა უმრავლესობა, უსაქმურობამ, ბანქოს, დომინოსა და ნარდის თამაშმა, ნარკოტოკული საშუალებების წევამ და უაზროდ სმამ დეპრესიაში ჩამაგდო. ჩემს ლექსიკურ მარაგში გახშირდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა: _ ამ ცხოვრების დედა... რა გინდა აკეთოს კაცმა... ფუ, ეს ქვეყანა... დავიღალე... იქნებ მონასტერში მაინც წავსულიყავი... ყველაფერმა აზრი დაკარგა... აღარ მაინტერესებს... და ა.შ. ამასთან, საოცრად ბუნჩულა ბიჭიდან გადავიქეცი კონფლიქტურ, ავსიტყვა და დაუნდობელ პიროვნებად.
მშობლებთან ურთიერთობაში პრობლემები გამიჩნდა (უკვე მძულს: _ მამა, მომე ორი ლარი!), ნათესავებს დასანახავად ვეღარ ვიტანდი (წავიდნენ მაგათი, ვინ რაში გამოგადგება ნეტავ?), მეზობლები შემძულდნენ (მაგ ახვარს უნდა ჰყავდეს ეგეთი მანქანა?!) და ლამის პოლიციელიც კი გავხდი.
ნერვები უკიდურესად დამეძაბა. არც სამუშაო, არც სამუშაოს პერსპექტივა და არც სამუშაოს პერსპექტივის პერსპექტივა. მოკლედ, ერთი ნატვრა-ღა მქონდა _ მალე დავბერებულიყავი და მოვმკვდარიყავი, მაგრამ ამ დროს ხელში ჩამივარდა ამერიკული გამოთქმების წიგნი, რომელშიც ეწერა:

2 ეტაპი: რა ეწერა ამერიკულ გამოთქმათა წიგნში:

"როცა კაცმა არ იცის რა აკეთოს, ცოლი უნდა მოიყვანოს!”

სიმართლე გითხრათ, იდენად დამიჯდა ჭკუაში ეს აზრი, რომ სერიოზულად დავიწყე დაოჯახებაზე ფიქრი (ამასთან დავასკვენი, რომ ცოლის შერთვა მომგებიანია, რადგან მუდმივი სექსუალური პარტნიორი გიჩნდება), სასწრაფოდ შევიყვარე ერთი საოცარი ადამიანი და თვენახევარში ცოლადაც შევირთე. ქეიფებისა და თაფლობის თვეს გამოვტოვებ და გადავალ შემდეგ ეტაპზე.

3 ეტაპი: ყველაზე სოციალური ამბავი

მე და თიკო ისეაც გვიან ვიღვიძებთ ხოლმე, იმ დღეს კი საერთოდ _ საღამოს ექვს საათზე გავახილეთ თვალი.
_ ადექი, გოგო, მიეხმარე იმ ქალს, რა არის, რა ზარმაცი ცოლი მყავხარ?!
_ შენ ნუ იტყვი მაგას, შე ნაცარქექია.
_ ნაცარქექია მეძახე და ამ ნაცრის ქექვაში იბადება გენიალური იდეები.
_ ოჰოჰოჰოჰო! რა ტრაბახა გიჟი მყავხარ, ჩემო გიჟო, გოჭო!
_ ნუ მაბავ და ადექი-მეთქი, ინამუსე!
_ ხუთი წუთიც, რა!
_ ეე, ადექი, თორე გადაგისვრი ლოგინიდან.
თიკო ბუზღუნით და ზლაზვნით ადგა და ჩაცმა დაიწყო. ძალიან ვნებიანი ჩაცმა იცის და 
_ მოდი, ჩემო კნუტო!
_ წადი რა, ამაგდე და ახლა?
_ მოდი, რა!
_ არა!
_ მოდი, თორემ თუ ავდექი, უარესია!
_ კარგი ერთი!
მე წამოვხტი და ხელები შემოვხვიე. ის დამისხლტა და საწოლზე შეხტა. გამოვეკიდე და ოთახში სირბილი დავიწყეთ. თიკო წიოდა და გამირბოდა. ხან ბალიშებს ვესროდი, ხან ტანსაცმელს და ამაზე უფრო ხალისობდა. ხმაურზე დედაჩემმა შემოაღო კარი და როცა მიხვდა რაშიც იყო საქმე, უკან გავიდა სიცილით, თქვე გიჟებოო.
თიკოს შერცხვა და კარგი, გავჩერდეთ, სირცხვილიაო. დრო ვიხელთე და მაგრად მოვეხვიე. ის მომყვა და კისერზე ჩამომეკიდა, მერე კი უცბად გაიცინა და გამისხლტა, თუმცა ხელის გაწვდენა მაინც მოვასწარი და ბიუსჰალტერი შემრჩა ხელთ.
_ ვაი!
_ ე, რა მოუვიდა, ტო?
_ რა მხეცი ხარ, რა!
_ ძალით ხო არ მინდოდა შე ჩემა?
_ მანახე, ძაან გაფუჭდა? აუფ, ეს აღარც გაკეთდება.
_ არ გაკეთდება და ნუ გაკეთდება, მაგის დედაც, გადავაგდოთ!
_ კი, მაგრამ ლიასთან რა ჩავიცვა დღეს?
_ სხვა არა გაქვს?
_ არ იცი, რომ არა მაქვს?
_ ისე წამოდი.
_ როგორ ისე, ულიფოდ?
_ მერე რა?
_ ვერა ხარ, რა1
_ მაშინ უთხარი დედაჩემს და ახლის ფულს მოგცემს.
_ ოო, მე ვერ ვეტყვი, თან როდის-ღა მოვასწრო ყიდვა?
_ რა უნდა, გოგო, ჩაირბენ და იყიდი.
_ მე ფულს ვერ ვთხოვ დედაშენს!
_ ...
_ შენ უთხარი!
_ მე რა უნდა ვუთხრა?
_ უთხარი, რა!
_ რა ვუთხრა, თიკოს ლიფისთვის ფული მომეცი-მეთქი?
_ მაშინ მამაშენს გამოართვი.
_ როდის ის მოვა!
_ მაშინ ვინმესგან ისესხე; აბა, რა ვქნა, დათო, არ წამოვიდე?
_ ვინ ვინმესგან ვისესხო?
_ სეგოს გამოართვი.
_ ოცდაათი ლარი ისედაც ვალი მაქვს, მეტს ვეღარ ვთხოვ.
_ რაღას მეჭიდავებოდი?!
_ ...
(პაუზა)
_ დედაშენს რომ დაურეკო?
_ ოო, მე ვერ დავურეკავ დედას ფული მინდა-მეთქი.
_ აბა, რა გიყო?
თიკომ ხმა აღარ გამცა, ოთახიდან გავიდა და სარეცხის რეცხვა დაიწყო, მე კი მივხვდი, რომ სამუშაოს შოვნიდ დრო იყო და 

4 ეტაპი: ყველაზე უფრო სოციალური ამბის გაგრძელება

უფასო განცხადებების გაზეთში გამოვაქვეყნე შემდეგი ტექსტი:
"ახალგაზრდა, ნიჭიერი მწერალი ეძებს სამუშაოს, შესაბამისი ანაზღაურებით. ტ: 722514” 
დაახლოებით მესამე დღეს დამირეკა ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა და შემომთავაზა სამუშაო საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. შეხვედრა დავთქვით და წავედი.
ისეთი თბილი ქალი იყო... დიდებისა და ფულის მთები აღმითქვა, ფული მასესხებინა, ორმოცდაათი ლარის საქონელი შემაძენინა, მათი გასაღება დამავალა და თუკი შენნაირ მსურველებს კიდევ მომიყვან, პროცენტებს გადაგიხდიო, მითხრა.
ის საქონელი ნათესავებზე ძლივს გავასაღე და განცხადების ტექსტიც შევცვალე: 
"ახალგაზრდა, ნიჭიერი და სიმპათიური მწერალი ეძებს სამუშაოს, ქსელური მარკეტინგი ნუ გამომეხმაურება. ტ: 722514 დათო”
დამირეკა ქალბატონმა, რომელსაც გარდაცვლილი ქმრის საბუთების და პირადი ჩანაწერების მოწესრიგება სურდა.
და რაღაც შვიდ საათში ოცდაათი ლარი ვიშოვე და ის დაწყევლილი ლიფიც შეიძინა თიკომ, მაგრამ მერე ერთი კვირა არავის დაურეკავს და მეც ახლა უკვე მორბენალ სტრიქონში გავუშვი შემდეგი განცხადება (აქ სიტყვა ლარი ღირს):
"მწერალი ეძებს სამუშაოს! ტ: 722514 დათო” 
ჯერ ვიღაც გოგოებმა დარეკეს, ავოიეე, მწერალოო, დამიყვირეს და გამითიშეს, მერე ვიღაც (თურმე ცნობილმა) ასაკოვანმა მწერალმა დამირეკა და რატომ არცხვენ ჩვენს პროფესიას და მოწოდებასო, გამლანძღა და როცა ვიღაც ბიზნესმენმა მისი ბიოგრაფიის დაწერა მთხოვა ფასდაკლებით და ისიც ნისიაზე, საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი, მაგრამ აქ გამოჩნდა ისიც, მეოთხე.

5 ეტაპი: როგორ გამოჩნდა ისიც, მეოთხე

_ ალო, გისმენთ!
_ ბ-ნ დავითს სთხოვეთ!
_ გისმენთ.
_ გამარჯობათ, მე თქვენი განცხადების თაობაზე გირეკავთ.
_ დიახ, დიახ.
_ მაინტერესებს, რა სამუშაოს შესრულება შეგიძლიათ.
_ იცით რა, საერთოდ მწერალი ვარ, მაგრამ ქაღალდებთან დაკვშირებულ ნებისმიერ სამუშაოსაც ავუდივარ.
_ მართო ქაღალდებთან?
_ იცით, გააჩნია კონკრეტულად რა გნებავთ, თორემ... სხვა რაღაცეებსაც ვაკეთებ, მაგალითად...
_ მაშინ, იცით რა, იქნებ ხვალ, დღის თორმეტ საათზე შევხვდეთ მეტრო გოცირიძესთან და იქ მოვითათბიროთ, თუ თქვენ გიხერხდებათ, რა თქმა უნდა.
_ დიახ, დიახ, პრობლემა არაა, მოვალ.
_ კარგით.
_ და როგორ გიცნოთ?
_ ჰე, მე თვითონ გიცნობთ, მწერლებს ხომ განსხვავებული შესახედაობა გაქვთ?!
გამეცინა (სიამაყით) _ მართლა, და მაინც, როგორ გიცნოთ?
_ ყველაზე მძიმეწონოსანი ვინც დაინახო, მე ვარ.
მეორე დღეს, თორმეტის ნახევრიდან მეტროს ამოსასვლელთან ვიდექი. "მძიმეწონოსანმა” რა თქმა უნდა, ვერ მიცნო და მე თვითონ მივედი:
_ უკაცრავად, თქვენ ის ბრძანდებით, აი, გუშინ საღამოს ტელეფონზე რომ ვილაპარაკეთ, აი... განცხადების თაობაზე.
_ აა, დათო ხარ?
_ დიახ, უკაცრავად, თქვენი სახელი?
_ ვახტანგი, ვახო.
ჩვენ მის მანქანაში ჩავსხედით და ნუცუბიძის მეორე პლატოზე ავედით.
ვახტანგის ბინა გემოვნებით იყო მოწყობილი, ეტყობოდა, ფული არ უჭირდა.
_ დათო, სიმართლე გითხრა, ჯერ მინდა დაგაკვირდე, გამომადგები თუ არა, ამიტომ ასეთ რაღაცას გთავაზობ: _ ორი-სამი დღე იარე აქ, დაგაკვირდები, ელემენტარულ დავალებებს მოგცემ და თუ მომეწონე, აგიყვან.
_ და მაინც, რა მევალება?
_ ჯერ-ჯერობით არაფერი. რაც შეეხება ამ ორი დღეს, გამომართვი ეს ასი ლარი, ეს ავანსია, უფრო სწორად, ამ ორი დღის გასამრჯელო.
_ და თუ არ მოგეწონეთ?
_ თუ არ მომეწონე... ჰე, სხვა მწერალს ვიშოვნი, მაგათი მეტი რაა! ისა, მართლა, ერთი შენი რაღაცეები წამომიღე, ვნახო რას წერ, აბა!
მე ჩემი რაღაცეები წავუღე; წაიკითხა და შემაქო:
_ ყოჩაღ, გამოდგები!
ის ასი ლარი, რომელიც სახლში მივიტანე, ზეიმის დასაწყისად იქცა. ჩვენ გამოვთქვით ათასი მოსაზრება, თუ რა შეიძლებოდა მეკეთებინა.
_ შეიძლება რაღაც იდეები მოგაწოდოს და შენ დაგაწერინოს თავისი სახელით! _ მითხრა მამაჩემმა.
_ მე ვფიქრობ, მეცენატია და პირდაპირ ვერ გიბედავს დამარებას და ასე... _ თქვა დედამ.
_ ვინც გინდა ის იყოს, ორ დღეში ასი ლარი!.. რას ამბობ, დათო, ჩათვალე, რომ აგვეწყო ცხოვრება! _ მომეხვია თიკო.
_ აბა რა! სუ რო აგურის ცეხში მამუშაოს... მაგდენი ფული მომცეს და გინდა მათრახი მირტყას! _ დავეთანხმე ცოლს და ოცნება დავიწყე:

1 ოცნება:
თუ ასე გაგრძელდა, ყველა ვალს გავისტუმრებ.
2 ოცნება:
თიკოს ყველაზე კარგ სამშობიაროში დავაწვენ და ბავშვის ოთახს მაგრად მოვაწყობ!
3 ოცნება:
ამ ზაფხულს ზღვაზე წავალთ, მერე იქიდან მთაში, მერე კიდევ სადმე!
4 ოვცნება:
თანდათან რამეს მოვიფიქრებ!

ამ ორ დღეში ისეთი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ ტელეფონს ვპასუხობდი და ჩემივე სურვილით გავეგზავნე ვახტანგს ბაზარში. მესამე დღეს კი, კარგი ღვინო დამალევინა და ჩემი სამუშაოს რაობაში გამარკვია. მე მევალებოდა:
ა. ყოველ დღე, საღამოს ხუთ საათზე მივსულიყავი ვახტანგთან.
ბ. გამეხადა წელს ზევით.
გ. წამოვწოლილიყავი ტახტზე.
და ვახტანგი დამარტყამდა სპეციალურად დათვის ტყავისაგან დამზადებულ მათრხს.
თითო დარტმაში გადამიხდიდა ათ ლარს.
_ ისეთი იუმორი გაქვთ, კაცი იფიქრებს, მართალს ამბობსო! _ გავუღიმე, თვალს რომ ჩაუკრავენ, ისე.
_ და ვინა თქვა რომ ვხუმრობ? _ გამიღიმა მანაც.
(აქ რა თქმა უნდა პაუზაა, რადგან კულმინაციური წუთია!)
ავხარხარდი; ისიც ამყვა.
_ რა ხუმარა ყოფილხართ. არა, მაინც საიდან მოიფიქრეთ, ჰა, ჰა!
_ ხო, რა ვიცი, იფიქრე, დათო, ჩემი აზრით, ჰი, ჰი, ცუდი სიტყვა არაა. საშუალოდ ათ დარტყმას აიტან დღეში! _ იცინოდა და თვალს არ მაშორებდა.
უცბად შევწყვიტე სიცილი.
_ თქვენ რა, სერიოზულად მეუბნებით?
_ რა შემატყვე ამხელა კაცს არასერიოზულობის?
მე უხმოდ ავდექი და კარისკენ გავემართე. მერე უცბად მივუბრუნდი და ყვირილი დავუწყე. ის ჩუმად მისმენდა, ხმას არ იღებდა, ამან უფრო დამაბნია და გავჩერდი. შევტრიალდი და წავედი.
სახლში უხმოდ მომისმინეს. მერე კი ყველამ საკუთარი აზრი გამოთქვა:
დედაჩემი:
_ ჰო, რა ვიცი, აბა, ვიღაც ავადმყოფი ყოფილა ეგ... რა ხალხს აქვს ფული, ჰა?! ერთი დარტყმა ათი ლარიო? ისე კარგი ფული კია, მარა ცოდო ხარ, სულ გადაგეყვლიფებოდა ეგ ზურგი, ჯობია ისევ სხვა რამე მოძებნო, თან ის ასი ლარი ხო შეგრჩა?!
თიკო: 
_ რა ყველა უნამუსო შენ უნდა შეგეყაროს, რა! ერთი კარგად უნდა მიგებეგვა და ნახავდა. რად გვინდა ეგეთი ფული, შენ თუ დამიავადმყოფდი, ჩემო... მერე რა, არც კაი სამშობიარო მინდა, არც ზღვა, არც არაფერი ჩვენ ვიყოთ კარგად!..
მამა: 
_ ამ ცხოვრების დედაც, რა! კომუნისტების დრო იყოს, ეგეთ ახვარს კი ჩააყუდებდნენ, სადაც საჭიროა, მარა... საქმე რაშია, იცით? სხვა გამოსავალს არც გვიტოვებს ეგ ჩათლახი; იძულებულებს გვხდის... თან აზრზე ხარ. ის ასი ლარი თავიდან როგორ მოგვცა, რომ... ავადმყოფია ვიღაცაა... არადა, ბაზრობაზე ნერვების შლას, მივალ მაგ დამპალთან და რამდენსაც ავიტან, დავარტყმევინებ. ბოლო-ბოლო, ვითომ ძველი დროა, რა! მაგით მე კი არა, თვითონ ის უფრო დამცირდება, თუ მკითხავ!
მე:
_ შენ რატომ უნდა წახვიდე, ვერ გავიგე? თუ ვინმე წავა, ისევ მე წავალ, მე კიდევ არ წავალ ეგ-ღა მაკლია, ვიღაც თავგასიებულს ვარტყმევინო მათრახი, პაშოლ ონ!
ინტიმურ წუთებში კი ცოლმა დაიწუწუნა: _ ისე, რა კარგი იქნებოდა სხვა რამე შემოეთავაზებინა და ზღვაზე წავსულიყავით, არა?!
და მეც გადავწყვიტე: _ ჯანდაბას მაგისი თავიც, წავალ და მირტყას ის მათრახი, მაგრამ მერე რომ?!. პრინციპში, ჩემი გვარი ა იცის და რას გაიგებს, რამდენი მწერალი დათოა?! ცოტა ფულს რომ დავაგროვებ, ერთი მაგრად ვაგინებ, იმ თავის მათრახსაც გადავაწნავ და წამოვალ!

(აქ შეიძლებოდა ეს ამბავი დასრულებულიყო, მაგრამ აქ არ სრულდება!)

6 ეტაპი: უბრალოდ ეტაპი

მეორე დღეს მივაკითხე ვახტანგს; რომ დამინახა ირონიულად ჩაიღიმა და ლამის უკან გამოვბრუნდი, მაგრამ მაინც შევედი.
სანამ მე წელს ზევით ვიხდიდი, კარგად ჭამა და ბოყინით დამადგა თავს.
_ რამდენს გაუძლებ?
_ რა ვიცი, აბა? გეტყვით რა, როცა ვეღარ ავიტან.
მეათემდე მწარედ მირტყამდა, მერე დაიღალა თუ რა იყო, ისე აღარ მტკენია. ორმოცდამეხუთეზე კიდევ მკითხა: _ არ გეყო?
_ არა!
ხუთიც დამარტყა და გაჩერდა, მეტი აღარ შემიძლიაო. მერე საფულე ამოიღო და ფული გადმომითვალა. ნახევარ საათში მთელი ხუთასი ლარი ვიშოვე, _ ეს წარმოუდგენელი იყო!
_ ისე, რაც მეტს დაგარტყამ, ფასდაკლება მეკუთვნის! _ ხარხარებდა ვახო, მე კი ვუბღვერდი და ხმა არ გამიცია.
_ ჰა, ბიჭო, ეგეთები არ იყოს; რას იბღვირები, რო იბღვირები? თუ არ გინდა, იხვეწებიან მწერლები, მითხარი და სხვას ავიყვან.
_ როდის ვიბღვირები, უბრალოდ მტკივა ზურგი რკინა ხომ არა ვარ?!
_ მერე შენც ნაკლები დაგერტყმევინებინა და ეგ იქნებოდა; ჰო, მართლა, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: თუ შენ ერთ დღეს მაინც გამიცდენ, მერე მელი თვე უფასოდ უნდა იმუშაო, ან სხვას მოვძებნი. 
_ იქნებ რა ხდება?
_ მე არ ვიცი რა ხდება და რა _ არა! არ უნდა გამიცდინო. გაწყობს _ გაწყობს, არა-და, კარგად იყავი!
_ ჰო, კარგი!
სახლში ისე შემხვდნენ, თითქოს ომიდან დავბრუნებულიყავი. ამდენი ფულის დანახვამ ხომ ლამის ყველა გადარია.
_ მოიტა, შვილო, მეც წამოვალ, გვირტყას, ვახოაა ვიღაცაა! _ თქვა მამაჩემმა.
დედამ წუწუნი დაიწყო და ცრემლები ჩამოყარა.
თიკო ჩუმად იყო.
_ თუ ასე გავაგრძელე, მანქანასაც ვიყიდი და ბინასაც! _ გავიფიქრე და ოცნების ოხვრით ამოვიოხრე.
მერე, დღეში, საშუალოდ, ოცი-ოცდახუთი დარტყმა გამომდიოდა. ვახო კმაყოფილი იყო, კმაყოფილი ვიყავით ჩვენც. ერთ დღეს კი, ნათესავი მოვიდა და მიკიბულ-მოკიბულად მთხოვა, აი რა:
_ შვილო, იქნებ ჩემს თამაზისაც გაუხერხო ეგეთი სამსახური; საცოდავი ბიჭი დარდისაგან აღარ არის. უთხარი იმ შენს ხაზეინს, იქნებ ესეც აიყვანოს, სუსტი კი არის, მაგრამ ავიტან დარტყმებსო, ამბობს და რა ვიცი! შენ შემოგევლე, იქნებ დაგვაყენო ფეხზე, შენ დაილოცები! შენი იმედი გვაქვს, ხო იცი, ვალში დარჩენა არ ვიცით ჩვენა!
მე, რა თქმა უნდა, სასტიკად გავაფრთხილე ჩემიანები, აღარავისთვის ეთქვათ, თუ რითი ვშოულობდი ფულს, თამაზი კი მოვიმდურე.
ამასობაში, თითქმის ორ კვირაზე მეტი გავიდა. თიკო მეშვიდე თვეში იყო და ისე ველოდი ჩემს სისხლისა და ხორცის გაჩენას, აღარც მადარდებდა ზურგზე რომ ვეღარ ვწვებოდი. მანქანის ფული მოგროვილი მქონდა უკვე სადაცაა, ვიყიდდი, მაგრამ ვერ გადამეწყვიტა, მანქანა შემეძინა თუ დამემატებინა და ჩემი, საკუთარი ბინა მეყიდა, მაგრამ მოულოდნელად, ნაიარევი დამისივდა, დამიჩირქდა და აუტანელი ტკივილები დამეწყო. უკვე ხუთ დარტყმაზე მეტს ვეღარ ვიტანდი და ვახომ პრეტენზიები გამოთქვა და გაგდებით დამემუქრა.
_ ჩემს მაგივრად სხვა რომ მოვიყვანო დროებით?
_ არა, ან შენ ან სხვას თვითონ მოვძებნი.
_ ბ-ნო ვახტანგ, უკვე აღარ შემიძლია, თუ არ ვიმკურნალე, შეიძლება ისე გამიმიზეზდეს, სისხლის გათეთრებაც კი დამემართოს.
_ მე რაში მაინტერესებს, რა დაგემართება? ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ არც ერთ დღეს არ გამიცდენდი?! მე ეს დარტყმები კომპლექსურად მჭირდება, თორემ სადისტი კი არა ვარ, ვერ გამიგე?!

სახლში:
_ მოვკლავ, მაგ ნაბოზარს, რა! აზრზე ხარ, როგორ მაჭერს წიხლს?! იცის, რომ ვეღარ ავიტან მეტს და წიხლს მაჭერს. უნამუსოა რა, ეგ ხო კაცი არ არის!
_ მისმინე, რომ უთხრა შვებულება მომეციო?
_ არა, გოგო, რა შვებულება, ერთ დღესაც კი არ გამიშვებს.
_ ჩემი საბრალო!
_ უნდა შევეშვა, რა, აღარ შემიძლია მეტის ატანა, მარტო ფული ხომ არ არის ყველაფერი?
_ იქნებ ცოტაც მოგეთმინა, ბინის ფული მოგვეგროვებინა და ...
_ არ გესმის, არ შემიძლია, აღარ!..

ვახტანგთან:
_ ბ-ნო, ვახო, ვეღარ ვივლი თქვენთან, უკვე აშკარად აღარ შემიძლია ატანა, განა არ მინდა აქ მოსვლა, მაგრამ... აი, აი, ნახეთ რა დრეში მაქვს ზურგი, აი, აქეთ, მარჯვნივ... ააა, ფრთხილად, ჰო, მანდ!
_ მართლა მაგრად დაგჩირქებია; ნუ რას ვიზამთ, მოგვიწევს სხვა კაცის ნახვა, მაგრამ არა უშავს, შენთან მუშაობა სასიამოვნო იყო!
_ გმადლობთ _ ჩემთვისაც! და მერე, თავიდან მიღების შანსი აღარ არის, არა?
_ არა, ჩემი პრინციპი არაა ეგ! თუმცა ერთი ვარიანტია, თუ გინდა სხვა ვაკანსია გამოთავისუფლდა და იქ გადაგიყვან, ოღონდ მთელი დღე ჩემს გვერდით უნდა იყო და დღეში ორასი ლარი გექნება.
_ თანახმა ვარ და რა სამუშაოა?
_ არაა, შენ არა მგონია დათანხმდე, ალბათ იქაც სხვისი პოვნა მომიწევს.
_ კაცო, თქვენ მითხარით და იქნება ვთანხმდები?!
_ არა მგონია, არა.
_ ვაა, თქვენ თქვით და!..
_ მოშარდვისას უნდა დამიჭირო ხოლმე.
მე სიცილი ამივარდა, გრძელი და ცვალებადსიხშირიანი სიცილი, მაგრამ ამჯერად ყვირილი აღარ დამიწყია; რატომღაც ჩემი დასაბადებელი შვილი, საყიდელი ბინა და მანქანა, დასასვენებლად წასასვლელი ზღვა და მთა გამახსენდა და ტუჩები მაღლა ავწიე!..

7 ეტაპი:

_ ბატონმა ვახტანგმა, ხანდახან ისეთი უცნაური წინადადებების შემოთავაზება იცის, გაგიკვირდება ადამიანს, ღმერთმანი...
კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 488 | დაამატა: varse9788 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2017