მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
შაბათი, 20.04.2024, 09:58
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » ნადიმი, ანუ ლაპითები - (ლუკიანე სამოსატელი )
21:21
ნადიმი, ანუ ლაპითები - (ლუკიანე სამოსატელი )

  ძველბერძნულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და  
  კომენტარები დაურთო ქეთევან ჯერვალიძემ
 
   

  ნადიმს – ამ უცხოური წარმოშობის სიტყვას, უკვე მკვიდრად რომ ზის ჩვენს „ვეფხისტყაოსანში", პურობის, სმა-ჭამის, სადილის, ლხინის შინაარსის გადმოსაცემად – ძვ. ბერძნები სიმპოზიუმს ეძახდნენ, ე.ი. ერთობლივ ჭამა-სმას. ბერძნული ანტიკურობისათვის დამახასიათებელი ნადიმების შესახებ ჩვენ ვიგებთ როგორც შემორჩენილი ლარნაკების მოხატულობებიდან, ასევე წერილობითი წყაროებითაც. ჩვენს მსგავსად ბერძნებიც საკვების მირთმევის პროცესს დროის, ადგილის, ფორმისა და შინაარსის მიხედვით მრავალი სიტყვით გადმოსცემდნენ: იყო ყოველდღიური სადილი, სამხარი, ვახშამი, ნაირგვარი ჭირისა და ლხინის სუფრა, საღმრთო, საშობელი და ნადიმი სპორტულ ასპარეზობებზე გამარჯვებულთა პატივსაცემად. ამ უკანასკნელს ფილოსოფოს ქსენოფანე კოლოფონელისა (ძვ. წ. 570-48) და ევრიპიდეს (-480-406) სახით კატეგორიული მოწინააღმდეგენი ჰყავდნენ (ვინაიდან მათი აზრით, თანამოქალაქეთაგან პატივისცემასა და ჯილდოს მხოლოდ სამართლიანი, ჭკვიანი, ბრძენი და ქალაქის გონივრულად მმართველნი იმსახურებდნენ და არა ბრიყვი ათლეტები. ასე რომ, ბრძენი მმართველისა და უტოპიური სახელმწიფოს იდეა სულაც არ იყო ოდენ პლატონის ფანტაზია და ახირება. ეს აზრი საუკუნის განმავლობაში მწიფდებოდა ბერძენთა სულში). მაგრამ ჩვენ პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ. სიმპოზიუმი ეს იყო, როგორც წესი, ორგანიზებული ლხინი, ერთობლივი პურობის შემდეგ და იწყებოდა სამსხვერპლო ზედაშის შეწირვით, რასაც თამადა ხელმძღვანელობდა. მონადიმენი თავს სუფრული სიმღერებით – სკოლიონებით, გამოცანებითა და სხვა ინტელექტუალური თამაშებით ირთობდნენ. ლხინს რომ პეწი და ლაზათი შეჰმატებოდა, ჰეტერებს, მოცეკვავეებსა და მიმებსაც იწვევდნენ ხოლმე. ელინიზმისა და რომის იმპერიის ხანაში აღმოსავლეთიდან შემოტანილი საჭმლის სიუხვემ ხელი შეუწყო ჩვეულებრივი ნადიმების გადაქცევას ალიაქოთიან სუფრად. ჭამდნენ ფეხზემდგომელა, ან წამოწოლილნი. მონადიმენი ნალისებრ ლოჟებში ორ-ორ კაცად თავსდებოდნენ. ხან რამდენიმე პატარა მაგიდასაც დგამდნენ, ხან კი – ერთსა და დიდს. იყენებდნენ თიხის ან მეტალის ჭურჭელს, შეძლებული რომაელის სუფრას კი ძირითადად ვერცხლის ჭურჭელი ამშვენებდა. გამოიყენებოდა აგრეთვე კოვზი და დანა, იშვიათად ჩანგალი. ნადიმი ხშირად მსვლელობით სრულდებოდა.  
  პირველი, ვინც სიმპოზიუმი ლიტერატურული ფორმით აღწერა და თვით ნადიმის ჟანრს ჩაუყარა საფუძველი, პლატონი (ძვ. წ. 427-347) გახლდათ. შემდგომ ამ ჟანრის განვითარებაში მონაწილეობდნენ არა მარტო ბერძნები, არამედ რომაელნი და რომის იმპერიაში შემავალი სხვა ხალხთა შვილებიც.  
  „ნადიმი" – ამ სახელწოდების დიალოგი დაწერილი აქვს პლატონის თანამედროვესა და მასავით სოკრატეს მოწაფეყოფილ ქსენოფონტის (ძვ. წ. 430-355), რომაელ მწერალსა და დიდი თანამდებობის ჩინოვნიკს, პეტრონიუსს (I საუკუნე) „ტრიმალქიონის ნადიმი"; ბერძენ მწერალსა და აპოლონის ტაძრის ქურუმს დელფოსში, პლუტარქეს (46-119) „ნადიმი", „შვიდ ბრძენთა ნადიმი"; ათინეუსს (მე-2 საუკუნე), გრამატიკოსსა და მეორე სოფისტიკის წარმომადგენელს ეგვიპტის ნავკრატისიდან, „მონადიმე სწავლულნი"; ჩვენს ავტორს, ლუკიანე სამოსატელს (120-190); ქრისტიანობის მოწინააღმდეგესა და სიმაქოსის წრის წევრს, მაკრობიუსს (მე-5 საუკუნე) „სატურნალიები, ანუ ნადიმი სატურნალიების ჟამს"; ლიკიის ულუმბოს ეპისკოპოსსა და ორიგენეს იდეურ მოწინააღმდეგეს (მე-4 საუკუნე) მეთოდიოს პატარელს „ნადიმი, ანუ უმანკოების შესახებ"; ცნობილ ერესიარქს, არიოზს (260-336) „ნადიმი". ამ სახელწოდების ქმნილება დაგვიტოვა შუა საუკუნეების უდიდესმა მოაზროვნემ და პოეტმა დანტე ალიგიერიმაც (1265-1321).  
  მაგრამ სულ სხვაა ნადიმის ლიტერატურული ჟანრი აღორძინების ეპოქაში. რაღაც მიზეზთა გამო ერთად შეყრილი უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები დროის გასაყვანად თუ ერთურთის უკეთ გასაცნობად სხვადასხვა შინაარსისა და მოცულობის ამბებს უყვებიან ერთმანეთს. ასეა ეს იტალიელი ჯოვანი ბოკაჩოს (1313-1375) „დეკამერონში", რომელსაც მეორენაირად „ნადიმი ჟამიანობის დროს" ჰქვია; ინგლისელი ჯეფრი ჩოსერის (1340-1400) დაუმთავრებელ „კენტერბერიულ მოთხრობებში". მარგარიტა ნავარელის „ჰეპტამერონში". „ნადიმი" ლექსების სათაურებად გამოუყენებიათ: ა. პუშკინს, მ. ლერმონტოვს, ნ. ნეკრასოვს, ა. ფეტს, ნ. გუმილიოვს და სხვათ.  
  რაც შეეხება ნადიმს ქართულ ლიტერატურულ სააზროვნო სივრცეში, თუ არ ვცდები, ამ სახელწოდების მხოლოდ ერთი-ორი ნაწარმოები გვაქვს, ვგულისხმობ გრ. ორბელიანის პოემას „სადღეგრძელო ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი ერევნის სიახლოვეს", მისივე „ლხინი" პუშკინის მიბაძვით დაწერილი, ალ. ჭავჭავაძის „შექცევათათვის" და ვაჟას „ქეიფი", ხოლო რაც შეეხება პურობის სცენას, როგორც უმნიშვნელოვანესი დატვირთვის მქონე ლიტერატურულ პასაჟს, უკვე ვხვდებით „შუშანიკის წამებაში"; „.გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" აღწერილი პურობის სცენებიდან კი, რომელნიც, როგორც წესი, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებით სრულდებიან, გამოვყოფდი პურობას ჯავახეთის კრების შემდგომ და გრიგოლის, ზენონისა და მაკარი ოპიზელის პურობას ოპიზის მახლობლად გაშენებულ ვენახში, რომელსაც რევაზ თვარაძემ „სამთა თათბირის" წინასახე უწოდა.
  მაგრამ სულ სხვაა „ვეფხისტყაოსანი", რომელში აღწერილი ნადიმებიც რენესანსის ეპოქისათვის ნიშანდობლივი სულისკვეთებითაა გამსჭვალული. ტარიელის საძებრად მიმავალი ავთანდილი უცხოებს ემოყვრება, თავისას ეკითხება და მათსას ისმენს. რუსთაველი აღგვიწერს ისეთ პურობასაც, რომელსაც ამ საქმისათვის უმთავრესი კომპონენტი – პური და სასმელი აკლია და გმირები თითქმის მხოლოდ სიტყვით კმაყოფილდებიან: „მუნ უპურობა პურობა, არ სიდიადე ჯამისა" (933 სტრ.). ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ჩოსერის „ნადიმის" წინამორბედი კი პოემაში მაინც ხანაგის კართან შეყრილ უცხოთა პურობაა, რომლის დროსაც ქაჯეთის მეფის ქვეშევრდომი „ქვრიმის", ე.ი. უმნიშვნელო ამბის მთხრობელ თანამეინახეთ „მარგალიტს", ანუ გამორჩეულ ამბავს, ქაჯთა მიერ ნესტანის შეპყრობის შესახებ უამბობს და რასაც ფატმანი იდუმალ ისმენს (იხ. 1227 სტრ.).
  მაგრამ დავუბრუნდეთ ლუკიანე სამოსატელის „ნადიმს", რომელშიც ავტორი თავის თავს ლიკინოსის სახელით წარმოგვიდგენს. ლუკიანე ამ დიალოგში აკრიტიკებს და დასცინის ყველა ფილოსოფიურ მიმდინარეობასა თუ რიტორიკულ სკოლას, ტრადიციული კულტის მსახურთ თუ სიმდიდრით გამორჩეულთ. დასცინის თვით ნადიმის ჟანრს, ესოდენ პოპულარულსა და გავრცელებულს ფილოსოფიურ პროზაში. დასცინის თავის თანამედროვე სწავლულთ, რომელთა სიტყვასა და საქმეს შუა დიდი ზღვარია(გავიხსენოთ "ვეფხისტყაოსნიდან”: "არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა”) და სულ პატარა, წვრილმანის გამო საზოგადოებაში ქცევის წესებიც კი ავიწყდებათ, მაშინ, როცა ეს არ ემართებათ უბრალო და მცირემცოდნე ადამიანებს. დასცინის იმათ
  ლუკიანე, ვითარცა მეორე სოფისტიკის წარმოადგენელი და პირველი სოფისტიკის მემკვიდრე, როგორც დიალოგ „ნადიმში", ასევე მთელ თავის შემოქმედებაში წამოჭრის ყველა ეპოქისათვის უმნიშვნელოვანეს კითხვას ადამიანის დანიშნულებისა და სწავლა-აღზრდის მიზნის შესახებ, რასაც ის, ზოგ მკვლევართა აზრით, პლატონივით უტოპიური სახელმწიფოს იდეამდე მიჰყავს, რაც თუნდაც იმით გამოიხატა, რომ ელინისტური ხანის მწერალთა დამწუნებელი ერთადერთ გამონაკლისს არაბული წარმომავლობის ელინისტი მწერლის, იამბულისადმი (ძვ. წ. მე-3 საუკუნე) უშვებს და მის უტოპიურ რომანს „მოგზაურობა მზის კუნძულზე", რომელიც ჩვენამდე მხოლოდ დიოდორე სიცილიელის (ძვ. წ. 90-21) პერიფრაზითაა მოღწეული, დიდ უპირატესობასა და მნიშვნელობას ანიჭებს.  
   
 ფილონი და ლიკინოსი (1) 

  ფილონი. ლიკინოს, როგორც ამბობენ, გუშინ არისტენეტოსთან წვეულებისას ერთობ კარგად მოგილხენიათ, ფილოსოფიური სიტყვანიც კი წარმოთქმულა თქვენ შორის, რასაც არცთუ მცირე აურზაური მოჰყოლია და – თუ ქარინოსი არ მეცრუა – ეს მთელი თქვენი თავყრილობა ბოლოს სისხლისღვრით დამთავრებულა.
  ლიკინოსი. ფილონ, მაინც საიდან უნდა შეეტყო ეს ამბავი ქარინოსს? ის ხომ ჩვენთან ერთად არ სადილობდა?!
  ფილონი. თქვა, დიონიკოსისაგან მოვისმინეო, ექიმისაგან. ის კი, მგონი, თვითონ ყოფილა ნადიმად წვეულთა შორის. 
  ლიკინოსი. სწორედ ასე გახლავთ, იყო, მაგრამ არა მთლად დასაწყისიდან. ექიმი დიონიკოსი მოგვიანებით, თითქმის შუა ბრძოლაში, პირველ ჭრილობებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გამოცხადდა. ასე რომ, მიკვირს, მაინც როგორ მოახერხებდა რაიმეს ზუსტად მოყოლას, როცა თითონ არ იყო შემსწრე იმ სიტყვიერი შეხლა-შემოხლის დასაწყისისა, რაც სისხლით დასრულდა.  
  2) ფილონი. ამიტომაც გვირჩია, ლიკინოს, შენთან მოსვლა თვით ქარინოსმა, თუკი მოვისურვებდით გაგვეგო რა მოხდა და როგორ. დიონიკოსიც ეუბნებოდა მას, რომ თვითონ არ იყო თვითმხილველი ყოველივესი, შენ კი, ქარინოსის სიტყვათა თანახმად, ზედმიწევნით იცი ყველაფერი და მაშინდელ საუბარსაც გაიხსენებ, ვინაიდან ზერელედ კი არ უსმენ ხოლმე ამდაგვარ გაბაასებათ, არამედ გულმოდგინედ. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ გაგვიმასპინძლდები იმ უტკბილესი ნუგბარით, რომლის უამესი, არ ვიცი, არის თუ არა ჩემთვის რამე, მით უფრო, რომ სრულიად ფხიზელნი ვინადიმებთ: მშვიდად და უსისხლოდ, შორს იარაღისგან. ერთი ესეც თქვი: მოხუცებმა დაარღვიეს წესრიგი, თუ ახალგაზრდებს აუვარდათ თავში გაუზავებელი ღვინო და იტყოდნენ და იქმოდნენ რაიმეს უღირსებოს?  
  3) ლიკინოსი. ბავშვივით მთხოვ, ფილონ, ყველას წინაშე განვაცხადო ის, რაც ჩვენ ღვინის სმისას შეზარხოშებულთ დაგვემართა, მაშინ როცა დავიწყებისათვის უნდა მიგვეცა მომხდარი და მიგვეჩნია, რომ ეს ყველაფერი ღმერთის ნამოქმედარია, დიონისესი, რომელიც არა მგონია, ბახუსთან უზიარებელსა და მისგან თავდახსნილს ვინმეს ტოვებდეს. განა უცუდეს ადამიანთაგანი არ უნდა იყოს ის, ვინც მომხდარს ძირისძირობამდე ჩაჰყვება? არადა კარგი იქნებოდა, არა ამბის გატანა გარეთ, არამედ იქვე, სუფრაზე დატოვება და მისგან განთავისუფლება, ამაოდ როდი ღაღადებენ პოეტური სიტყვები: „მძულს, ვისაც ლხინისას მომხდარი ახსოვს". დიონიკოსი მართებულად როდი მოიქცა, როცა ყველაფერი ქარინოსთან დაფქვა და შემართებულ ფილოსოფოსთ ბლომად ნერცხი გადაასხა. მე კი – მომშორდი – ერთ სიტყვასაც არ გეტყვი.  
  4) ფილონი. რა თავპატიჟს იდებ, ლიკინოს! ჩემ წინაშე მაინც ნუ იქმ ამას, რომელმაც კარგად ვიცი, იმაზე მეტად გინდა მოყოლა, ვიდრე მე მოსმენა შენი. ასე მგონია, მსმენელნი რომ არ გამოგჩენოდა, სიამოვნებით მიხვიდოდი რომელიმე ბოძთან, ან ქანდაკებასთან და ყველაფერს სულმოუთქმელად გადმოულაგებდი. ხოლო თუ ახლა მე წასვლას გადავწყვეტ, შენ უფლებას კი არ მომცემ წავიდე და არ მოგისმინო, არამედ გამომყვები და იქეთ შემეხვეწები. მეც, ჩემი მხრივ, თავს გამოვიდებ და თუ არ გინდა, ნურაფერს იტყვი, ჩვენც სხვასთან წავალთ და სხვისგან შევიტყობთ ყველაფერს.  
  ლიკინოსი. წყენა რა საკადრისია? მოგიყვები, თუკი ასე გსურს, მაგრამ სხვებს არ უამბო.
  ფილონი. მე თუ სრულებით არ დამვიწყებია, ლიკინოს, შენ თვით იქმ ამას ყველაზე უკეთ. დაუყოვნებლივ უამბობ ყველას. ასე რომ, მე არაფერში დაგჭირდები.  
  5) მაგრამ უწინარეს ყოვლისა ეს მითხარი, განა არისტენეტოსმა თავისი ძის, ზენონის, ქორწინების გამო არ გიმასპინძლათ თქვენ? 
  ლიკინოსი. არა, პირიქით, არისტენეტოსი თავის ასულს, კლეანთისს, ათხოვებდა მევახშე ევკრიტოსის ძეზე, რომელიც ფილოსოფიაში განისწავლება. ფილონი. ლამაზი ჭაბუკია, ვფიცავ ზევსს, მაგრამ მისი დაქორწინება ნამდვილად ნაადრევია. ლიკინოსი. მგონი, უკეთესი ვერ გამონახეს. ეს კი მოწესრიგებულიც არის და ჩანს, ფილოსოფიაში განსწავლულიც. ამას გარდა, მდიდარი ევკრიტოსის მხოლოდშობილი ძეა, ამიტომ არისტენეტოსმა სხვათაგან სწორედ ის აირჩია სასიძოდ. 
ფილონი. ევკრიტოსის სიმდიდრე! არცთუ პატარა მიზეზია! თუმცა, ლიკინოს, მაინც ვინ იყვნენ ნადიმად მიწვეულნი?  
  6) ლიკინოსი. ყველა დაგისახელო? როგორც გატყობ, შენ უპირველეს ყოვლისა, ფილოსოფიისა და მჭევრმეტყველების მიმდევართა სახელების გაგება გსურს. ესენი იყვნენ: უხუცესი ძენოთემისი სტოადან, მასთან ერთად იყო დიფილოსი, ზედმეტსახელად „ლაბირინთი", არისტენეტოსის ვაჟის, ზენონის მასწავლებელი; პერიპატელთაგან კლეოდემოსი – ყბედი და პირშიმწვდომი, რომელსაც მოწაფენი „მახვილსა" თუ „დანას" ეძახიან. იქ იყო ეპიკურელი ჰერმონიც. ის შემოვიდა თუ არა, სტოიკოსებმა წარბები შეიჭმუხნეს და ზურგი შეაქციეს. ცხადი იყო, ისე თაკილობდნენ მას, თითქოს წყეული მამისმკვლელი ყოფილიყოს. ისინი, როგორც არისტენეტოსის ახლო მეგობრები, დაძახებულნი იყვნენ სადილზე, მათ შორის გრამატიკოსი ჰისტიაიოსი და რიტორი დიონისოდოროსიც.  
  7) სასიძო ქირევსის ხათრით მოწვეული იყო მისი მასწავლებელი, კეთილსახიერი პლატონიკოსი იონი, უაღრესად წყნარი, დიდებული და ღვთის სათანოდ გამომზირალი. ზოგი მას „განმკვეთს" ეძახის, გულისხმობს რა მისი აზრების პირდაპირობას. შემოვიდა თუ არა იონი, ყველა უკუდგა მის წინაშე და ისე დახვდნენ, როგორც თავიანთზე აღმატებულს. მოკლედ, ღვთის თანაობასა ჰგავდა საკვირველი იონის იქ ყოფნა.  
  8) ამასობაში იმის დროც დადგა, სუფრას ფეხმორთხმით შემომწკრივებოდნენ ირგვლივ. შემოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს სუფრის ერთი ფრთა არცთუ მცირერიცხოვანმა ქალთა ჯგუფმა დაიკავა. მათ შორის იჯდა საპატარძლოც, მთლად საბურველში გახვეული. შემოსასვლელის პირდაპირ კი ჭრელი ხალხი მოთავსდა. ცხადია, ყველა თავისი ღირსების შესატყვისად.  
  9) ადგილი ქალების წინ პირველმა ევკრიტოსმა დაიკავა, შემდეგ არისტენეტოსმა, შემდეგ კი გაჩნდა ეჭვი: ჯერ ხანშიშესულ ზენოთემისს უნდა დაეკავებინა ადგილი, თუ ეპიკურელ ჰერმონს, რომელიც დიოსკურების ტაძრის ქურუმი და ამასთანავე ქალაქში უცნობილესი ოჯახის წარმომადგენელია. ეს რთული საკითხი ზენოთემისმა გადაჭრა. მან თქვა: „არისტენეტოს, შენ თუ მე ამ ეპიკურელის გვერდით მომათავსებ, რაიმე ცუდი რომ არ დამცდეს, ახლავე დავტოვებ შენს ნადიმს". ამ სიტყვების თქმისთანავე მან თავის მსახურს დაუძახა, თითქოს მართლა აპირებდა წასვლას. ჰერმონმა კი უთხრა მას: „ზენოთემისს, დაიკავე პირველი ადგილი, თუმცა სხვა რომ არაფერი, ჩემთვის, როგორც ქურუმისათვის, უნდა დაგეთმო პირველი ადგილი, თუნდაც ეპიკურეს უგულებელჰყოფდე". „ეპიკურელი ქურუმი! – თქვა ზენოთემისმა – სიცილად არ მყოფნის". ამ სიტყვების შემდეგ ის წამოწვა, მის გვერდით კი მაინც ჰერმონი აღმოჩნდა. შემდეგი პერიპატელი კლეოდემოსი იყო. მას იონი მოსდევდა, იონის ცოტა ქვემოთ სასიძო იყო, შემდეგ – მე, ჩემ შემდეგ – დიფილოსი, დიფილოსის ქვემოთ - ზენონი, მისი მოწაფე, შემდეგ კი რიტორი დიონისოდოროსი და გრამატიკოსი ჰისტიაიოსი.  
  10) იფ-იფ! ლიკინოს, ეს პურობა, რომლის შესახებაც მიყვები, პირდაპირ მუზების ტაძარი ყოფილა, ბრძენთა კაცთაგან სავსე. მე კი, ჩემი მხრივ, ვაქებ არისტენეტოსს, რომელმაც თავის ოჯახში ესოდენ სანატრელი ზეიმის მოწყობისას უპირატესობა ბრძენთა გამასპინძლებას მიანიჭა, ამასთანავე, რაც მთავარია, ყველა ფილოსოფიური მიმდინარეობიდან ყოფილა წარმომადგენელი და არა ისე, ზოგი მოეწვია, ზოგი კი - არა. მოკლედ, ყველა შერეულად. 
ლიკინოსი. ასე იმიტომ მოხდა, მეგობარო, რომ არისტენეტოსი ბევრი მდიდრის მსგავსი კი არ არის, არამედ ზრუნავს სწავლა-აღზრდაზე და თავისი ცხოვრების დიდ ნაწილსაც ასეთ ადამიანებთან ატარებს.  
  11) მოკლედ, თავიდან მშვიდად გეახლებოდით, ფილონ, ჭამადიც ნაირნაირი იყო მომზადებული, მგონი, არც კი ღირს მათი ჩამოთვლა: სასმელები და ნამცხვრეულობა, სანელებლიანი კერძები – ყველაფერი ბლომად იყო. ამასობაში მომესმა იონისაკენ გადახრილმა კლეოდემოსმა როგორ თქვა: „შეხედე მოხუცს, – ზენოთემისზე ამბობდა, – როგორ იძეძგება მისაჭმელით, მოსასხამიც მთლად ჭამადით გამოუტენია, უკან მდგომ მსახურსაც რამდენს აჩეჩებს?! იმედოვნებს, რომ ვერავინ ხედავს, ის კი ავიწყდება, რომ სხვანი მის მიყოლებით ჩამწკრივებულან. იქნებ ლიკინოსს დაანახო, მოწმე იქნება!" თუმცა, მე იონის მითითება არად მჭირდებოდა, ვინაიდან ამ ყოველივეს ჩემი სათვალთვალოდან მათზე ადრე მოვკარი თვალი.  
  12) ამას რომ ამბობდა კლეოდემოსი, დარბაზში დაუპატიჟებელი კინიკოსი ალკიდამასი შემოიჭრა საყოველთაოდ ცნობილი ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით: „აი, გამოჩნდა მენელაოსიც, წვევის გარეშე". ასე განსაჯეთ, ბევრს მისი საქციელი სამარცხვინოდ მოეჩვენა და ასევე მზამზარეული ფრაზებით გაეპასუხა. მაგალითად, პირველი: „გონთ გადასულხარ, მენელაოს"; მეორე: „თუმც ვერ მოუხდა მართებულად საქმე ესე აგამენონს, ძეს ატრევსისას", ზოგნი კი სხვას, დრო-ჟამის შესაფერის გამონათქვამებს ბურტყუნებდნენ თავისთვის. ღიად თქმას კი ვერავინ ბედავდა, ვინაიდან ეშინოდათ ალკიდამასის, ამ მართლაც „შემართებული მყვირალასი", რომელსაც ყველა ძაღლზე უკეთ შეეძლო შემოყეფა და რის გამოც კინიკოსთა შორის ის ყველაზე საუკეთესოდ და ზარისამხდელად მიიჩნეოდა.  
  13) თვით არისტენეტოსმა შეაქო იგი და შესთავაზა პირველივე დანახული სავარძელი აეღო და ჰისტიაიოსისა და დიონისოდოროსის გვერდით დამჯდარიყო. მან კი მიუგო: „შორს ჩემგან, ქალი გგონივარ თუ ვინმე ნებიერი, სავარძელში რომ მოვკალათდე, ან საწოლზე გავიშხლართო თქვენსავით. ამ რბილ სავარძლებში ლამის გულაღმა მწოლარენი მიირთმევთ და თან ქვეშ ძოწისფერი ქსოვილიც შეგიფენიათ. მე კი ფეხზემდგომელასაც შემიძლია მივირთვა, ჭამა-ჭამით მივიდ-მოვიდე, ხოლო თუ დავიღლები, ჩემს მოსასხამს გავიშლი ძირს, წამოვწვები და თან იდაყვს დავეყრდნობი, ისე, როგორც ჰერაკლეს ხატავენ ხოლმე". ამის შემდეგ ალკიდამასი გარს უვლიდა სუფრას და თან საჭმელს შეექცეოდა სკვითთა მსგავსად, რომელნიც კარგი საბალახოს მიხედვით მომთაბარეობენ. აი, ასე დასდევდა იგი შეჭამანდთა ჩამომტარებელ მსახურებს.  
  14) მართალია, კარგად გამოსკდა ალკიდამასი, მაგრამ თავი მაინც მხნედ ეჭირა და სიქველეთა და მანკიერებათა შესახებ მიედ-მოედებოდა, ოქროსა და ვერცხლს დასცინოდა. მან ჰკითხა არისტენეტოსს, თუ რაში სჭირდებოდა ამდენი და ესოდენ ღირებული ჭიქა, როცა მის მაგივრობას თიხისგან დამზადებულიც გასწევდა. ალკიდამასი უკვე საშიში ხდებოდა, თუმცა, იმჯერად არისტენეტოსმა გააჩერა, რადგან მსახურს ანიშნა კინიკოსისთვის მოზრდილი ჭიქით ცეცხლი ღვინო მიერთმია. მას ეგონა, რომ ამით საუკეთესო გამოსავალს მიაგნო. თუმცა, აბა რას წარმოიდგენდა, რომ ეს გაგზავნილი ღვინით სავსე ფიალა ამდენი უბედურების სათავედ იქცეოდა. ალკიდამასმა აიღო თასი, პატარა ხანს დადუმდა, შემდეგ ძირს დავარდა და ნახევრად შიშველი გაიშხლართა – როგორც ადრე იმუქრებოდა – იდაყვს დაეყრდნო, მარჯვენა ხელით კი თასი დაიჭირა, სწორედ ისე, როგორც ჰერაკლე გამოისახება ხოლმე მხატვართა მიერ კენტავრ ფოლის გამოქვაბულში.  
  15) სხვა სტუმრებს შორის კი წრიულად მოძრაობდა ფიალა მორიგი სადღეგრძელოებით და მეგობრული საუბარი გაიბა. შემოიტანეს ჩირაღდნებიც. სხვათა შორის, შევნიშნე, რომ კლეოდემოსისათვის მიჩენილი მსახური, ჭაბუკობას მიწევნილი თვალგულმისავალი ღვინის მწდე ქვეშ-ქვეშ იღიმებოდა. ჩემი აზრით, საჭიროა პურობის წვრილმანებზეც მოგითხროთ, უპირატესად კი ისეთებზე, დახვეწილის სფეროს რომ განეკუთვნებიან: ჰოდა, თვალი ყურადღებით მივადევნე მას, თუ რაზე იცინოდა. ხანი რომ გამოხდა, მსახური ბიჭი ფიალის გამოსართმევად მივიდა კლეოდემოსთან. მან კი მის თითებს ხელი მოუჭირა და მგონი, ფიალასთან ერთად ორი დრაქმაც მისცა. ბიჭმა თითების მოჭერაზე მყის შეჰღიმილა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ შენიშნა ხურდა ფული, ასე რომ, დაუჭერელი დრაქმები ძირს წკრიალით მიმოიფანტა და ორივე შესამჩნევად გაწითლდა. ახლომახლოს მყოფნი ვერ მიხვდნენ, რა ფული იყო ეს, ვინაიდან მსახური უარობდა მის დაყრას, ხოლო კლეოდემოსი, ვის ახლოსაც ეს ხმაური ატყდა, არ იმჩნევდა, რომ ხურდა მას დაუცვივდა. ამრიგად, ჩოჩქოლი შეწყდა და მომხდარს ყურადღება აღარავინ მიაქცია, მით უფრო, რომ ბევრს, ჩემი აზრით, არც არაფერი შეუნიშნავს, გარდა არისტენეტიოსისა, რომელმაც ცოტა ხანში მსახური შეცვალა და შეუმჩნევლად გასულის მაგივრად კლეოდემოსს იდუმალმინიშნებით უკვე ჭაბუკობის ასაკიდან გამოსული, მაგრამ ბრგე ჯორებისა თუ ცხენების მწყემსი მიუჩინა. ასე იყო თუ ისე, ეს ამბავი ჩაიფარცხა. თუმცა, ყველას რომ გაეგო, დიდი სირცხვილის მიზეზად შეიძლება ჰქცეოდა კლეოდემოსს, რომ არა არისტენეტოსი, რომელმაც მაშინათვე მარჯვედ მიაჩუმათა მომხდარი და ყველაფერი სიმთვრალეს დააბრალა.  
  16) ამასობაში, კინიკოსმა ალკიდამასმა, რომელიც უკვე დამთვრალიყო, გაიგო რა ერქვა საპატარძლოს, სრული სიჩუმე მოითხოვა და ქალებისაკენ მზერამიპყრობილმა მაღალი ხმით განაცხადა: „შენი კარგადყოფნისას ვსვამ, კლეანტის, ჰერაკლეს, ჩემი წინამძღვრის სახელით". როგორც კი ამაზე ხარხარი ატყდა, მან თქვა: „იმაზე იცინით უწმინდურნო, თუ როგორ ვსვამ საპატარძლოს სადღეგრძელოს ჩემი ღმერთის, ჰერაკლეს სახელით?" ნამდვილად უნდა იცოდეთ, რომ თუ იგი ჩემგან ამ სასმისს არ მიიღებს, არასოდეს შეეძინება ძე, ჩემი ბადალი: ქედუხრელი, აზრით თავისუფალი და სხეულით ესოდენ ძლიერი. ამ სიტყვებისთანავე მან თითქმის უსირცხვილობამდე შემოიძარცვა სამოსი, რაზეც კვლავ სიცილმა იფეთქა მონადიმეებს შორის. ალკიდამასი კი გაგულისდა, წამოდგა, გონგადასული და ბოღმიანი იმზირებოდა. ცხადი გახდა, რომ სიმშვიდეს ვეღარ შეინარჩუნებდა. იქნებ, ვინმესთვის კიდეც დაეშინა თავისი ჯოხი, ვეებერთელა ნამცხვარი დროზე რომ არ შემოეტანათ, რომლის შემხედვარეც მოთვინიერდა იგი, რისხვა დაიცხრო და ჭამა-ჭამით გამოედევნა ჩამოსარიგებელ ტკბილეულს.  
17) ამასობაში სტუმართა უმეტესობა დამთვრალიყო და სანადიმო დარბაზი ღრიანცელს მოეცვა: რიტორი დიონისოდოროსი თავისი ორატორული გამოსვლებიდან რჩეულ ნაწყვეტებს წარმოთქვამდა და მის უკან დაყუდებულ მოსამსახურეთაგან ქათინაურებს იმკიდა; გრამატიკოსი ჰისტიაიოსი კი, რომელიც მის ქვემოთ მოკალათებულიყო, რაფსოდობდა, თანაც ისე, რომ ერთმანეთში თხზავდა პინდარეს, ჰესიოდესა და ანაკრეონტს. ასე რომ, ყველაფრისგან ერთი, უაღრესად თავშესაქცევი სიმღერა გამოდიოდა, განსაკუთრებით სალაღობო კი ის იყო, რომ მან თითქოს იწინასწარმეტყველა, რაც უნდა მომხდარიყო მალე ფარები შეეჯახნენ ერთმანეთს, ან კიდევ ერთად ირეოდა მებრძოლთა კვნესა და ყიჟინა გამარჯვებისა.  
  18) ცოტა ხნის შემდეგ, როცა კერძების ჩამომტარებლებმა, როგორც მიღებული იყო, შეისვენეს, არისტენეტოსმა ასეთი რამ მოიფიქრა: დროს ფუჭად რომ არ ჩაევლო და სტუმრებსაც სიამოვნება არ დაჰკლებოდათ, მან უბრძანა ხუმარას, დარბაზში შესულიყო და ისეთი რამ ეთქვა, ან გაეკეთებინა, სასაცილო ყოფილიყო და ამით კიდევ უფრო გაეხალისებინა მონადიმენი. გამოჩნდა მართლაც ერთი უსახური ვინმე, თავკოტორა, რომელსაც კინკრიხოზე შერჩენილი ორიოდე ღერი თმა ყალყზე დასდგომოდა. ხუმარამ მართლაც დაიწყო ცეკვა, ხოლო უფრო სასაცილოდ გამოსაჩენად გრეხვასა და ხელ-ფეხის ქნევასაც მოჰყვა. ტაქტის გამოთვლით მან ეგვიპტურ კილოზე რამდენიმე ლექსიც კი თქვა და ბოლოს იქ მყოფნი სასაცილოდ აიგდო.  
  19) როგორც კი ვინმე გაქილიკების საგანი აღმოჩნდებოდა, სხვები იცინოდნენ, მაგრამ როცა ხუმარამ მსგავსი ზმა კინიკოს ალკიდამასს სტყორცნა და მას მალტური ძაღლი უწოდა, ის განაწყენდა – სხვათა შორის, უკვე კარგა ხანია ნათელი იყო, რომ მას შურდა წარმატება ხუმარასი, რომელსაც მთელი დარბაზი მოეხიბლა – მოიძრო მოსასხამი და ხუმარას ბრძოლაში გასვლად იწვევდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში აღუთქვა, რომ გაბრაზდებოდა და ჯოხს უთავაზებდა. ასე და ამგვარად, ბედკრულმა სატირიონმა – ასე ერქვა ხუმარას – საბრძოლო პოზიცია დაიკავა და მუშტების ქნევა დაიწყო. სანახაობა უაღრესად სიამოვნების მომგვრელი იყო: ხუმარას წინააღმდეგ აღმდგარი ფილოსოფოსი, სატირიონისაგან შეთავაზებული მუჯლუგუნები და თავის მხრივ ფილოსოფოსისაგან მიყენებული დარტყმები. დამსწრეთაგან ზოგს რცხვენოდა, ზოგი კი იცინოდა.  
  20) აი, სწორედ მაშინ, როცა შეხლა-შემოხლიდან არცთუ დიდი დრო იყო გასული, მოვიდა ექიმი დიონიკოსიც და როგორც თვითონ თქვა, ფლეიტის დამკვრელ პოლიპრეპონის მიზეზით შეყოვნებულიყო, რომელსაც ციებ-ცხელების გამო მკურნალობდა. ამის შესახებ ექიმი რაღაც სასაცილოს ყვებოდა: თურმე ის იმ დროს მისულა სნეულთან, როცა მას შეტევა დასწყებია, მან კი ეს არ იცოდა. შესულა თუ არა დიონიკოსი ავადმყოფ ფლეიტისტთან, ის მსწრაფლ წამოვარდნილა საწოლიდან, ჩაუკეტავს კარი, დაუძვრია დანა, თავისი ფლეიტა დიონიკოსისთვის მიუჩეჩებია და დაკვრა უბრძანებია. ხოლო როცა მიმხვდარა, რომ ექიმს ეს არ შეეძლო, მისთვის ხელისგულებზე მათრახი დაურტყამს. ბოლოს, ასეთ დიდ განსაცდელში დიონიკოსს ასეთი რამღა მოუფიქრებია: ფლეიტისტი შეჯიბრში გამოუწვევია და რამდენიმე დარტყმაზე დანიძლავებია. პირველს თვითონ დაუკრავს ფლეიტაზე, თანაც ცუდად, რის შემდეგაც საკრავი მისთვის გადაუცია. გამოუთრმევია დანა, მათრახი და გარეთგამავალი სარკმლიდან ღია ცის ქვეშ გადაუყრია, შემდეგ უსაფრთხოდ უგრძვნია თუ არა თავი, სცემია ფლეიტისტს და თან მეზობლები უხმია საშველად, რომელთაც კარი შეუმტვრევიათ და გადაურჩენიათ ექიმი, რომელიც ახლა მათრახის ნაკვალევსა და სახეზე ნაკაწრებს უჩვენებდა პურობის მონაწილეთ. შემდეგ დიონიკოსმა, რომლის მონაყოლსაც უფრო მეტი მოწონება ხვდა წილად, ვიდრე ხუმარასას, მაგიდასთან ახლოს მოიკალათა და რაც დარჩენილიყო, იმით დანაყრდა. ცხადია, რომელიმე ღმერთმა გამოგზავნა ჩვენთან, რადგან ცოტა ხნის შემდეგ ის უაღრესად საჭირო აღმოჩნდა.
  21) მალე სეფე დარბაზის შუაგულში მსახური შემოვიდა, რომელიც ამბობდა, რომ სტოიკოს ჰეტემოკლესის გამოგზავნილი იყო, თან წერილი ჰქონდა და ისიც დაამატა, რომ ბატონისაგან მისი ყველას გასაგონად, საჯაროდ წაკითხვა და მყისვე უკან გაბრუნება ჰქონდა ნაბრძანები. მიიღო თუ არა არისტენეტოსისაგან თანხმობა, ის ჩირაღდანს მიუახლოვდა და კითხვას შეუდგა. 
ფილონი. მაინც რას წარმოადგენდა ეს წერილი, ლიკინოს? საპატარძლოს შესხმა იყო თუ საქორწინო მისალოცი ლექსი, როგორსაც უმეტესად თხზავენ ხოლმე? ლიკინოსი. ცხადია, ჩვენც ასე გვეგონა, მაგრამ თურმე ოდნავადაც ვერ მივხვდით. წერილში ეწერა:  
  22) „ფილოსოფოსი ჰეტემოკლესი – არისტენეტოსს. ნადიმებისადმი როგორია ჩემი დამოკიდებულება, ამის მოწმედ ჩემი ყოველივესაგან თავისუფალი ცხოვრება გამოდგებოდა, ყოველდღე ბევრთა მიპატიჟებებისაგან გადატვირთული, ისეთების, შენ რომ აღგემატებიან სიმდიდრით, მაგრამ არასოდეს მდომებია მათი მიღება, რადგან ვიცი, რა ხმაური და აურზაურია ხოლმე ამ ნადიმებზე. ცხადზე ცხადია, მხოლოდ შენზე უნდა გავბრაზდე, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში, ჩემგან დიდად პატივნაცემმა, ღირსად არ ჩამთვალე, შენი სხვა მეგობრების რიცხვში შეგეყვანე. მხოლოდ მე აღმოვჩნდი უწილკერძო, თუმცა შენს მეზობლად ვსახლობ. ამრიგად, მე უფრო შენზე ვდარდობ, როგორც ესოდენ უმადურზე, თორემ ჩემთვის ბედნიერება არც ერთ ჩიჩქა გარეული ტახის, ან კურდღლის ხორცშია და არც ერთ ნაჭერ ნამცხვარში, რაც სხვებთან, ზრდილობის წესების დამცველებთან, ჩემს გემოზე შემიძლია მივირთვა. აი, დღესაც შემეძლო ჩემს მოწაფე პამენესთან, ასე რომ ვთქვათ, მსუყე სადილი მიმერთვა, მაგრამ არ დავთანხმდი მის ხვეწნა-მუდარას, ვინაიდან მე, სულელი, თავს შენი ნადიმისთვის ვინახავდი.  
  23) შენ კი, ჩემი უგულებელმყოფელი, სხვათ მასპინძლობ. ვინაიდან ჩანს, ჯერ კიდევ ვერ ანსხვავებ საუკეთესოს და ვერც საგნის არსს წვდები გონებით. თუმცა მე მაინც ვხვდები, საიდან მოდის ეს – განსაცვიფრებელი ფილოსოფოსების ზენოთემისისა და ლაბირინთოსისგან, რომელთაც – შორს ჩემგან ადრასტეას რისხვა – მგონი, ერთი სილოგიზმითაც შემიძლია პირი ცქაფად მოვაკუმინო. აბა, მაგათგან ვინმემ განმარტოს, რა არის ფილოსოფია, ან თუნდაც, რაც პირველი გაგვახსენდება: მაგალითად, რა განასხვავებს თვისებას მდგომარეობისაგან. აღარაფერს ვამბობ ძნელ საკითხთაგან ისეთებზე, როგორიცაა: „რქები", „გროვა" და „მომმკელები". მაშ, დატკბი მაგათით, მე კი, სიკეთედმიმჩნევი მხოლოდ მშვენიერისა, უპატიურობას იოლად დავითმენ.  
  24) თუმცა შემდგომში შენ რომ როგორმე თავის მართლებას არ შეეცადო, თითქოს ამ ხლაფორთსა და გაწამაწიაში გადაგავიწყდი, გეტყვი, რომ დღეს ორჯერ მოგესალმე: დილით სახლთან, მოგვიანებით კი - დიოსკურების ტაძარში, როცა მსხვერპლი შესწირე. ამ ყოველივეს კი მანდმყოფთა წინაშე თავისდასაცავად გეუბნები.  
  25) თუ შენ ჩათვლი, თითქოს მე შენი სადილის გამო ვბრაზობ, გაიხსენე ოინევსის ამბავი და ნახავ, რომ არტემიდეც კი განრისხდა, როცა გმირმა სხვა ღმერთებისთვის პატივმიმგებმა, იგი გამოტოვა მხოლოდ. აი, რას ბრძანებს ამის შესახებ ჰომეროსი: ორივ შემთხვევაში არის სულით ბრმა დაავიწყდა თუ ვერ გაიხსენა.  
  ეპრიპიდე: ეს ქვეყანაა კალიდონისა. პელოპის მიწაზე კი ხვავრიელი ხოდაბუნები გადაჭიმულან.  
  სოფოკლე: ხოდაბუნებს ოინევსისას მოუვლინა ტახი საშინელი ლეტოს ასულმა, ისართმტყორცნელმა.  
  26) მრავლისაგან მცირედი მაგალითი მოგიყვანე, რათა მიხვდე, როგორი კაცი უგულებელმყავი, მაშინ როცა დიფილოსს მასპინძლობ და ვაჟიც მას მიაბარე. ნათელია, მასწავლებელი მოსწონს მოწაფეს და ისიც ღებულობს მისგან სარგებელს. ჩემთვის სამარცხვინო რომ არ იყოს ამდაგვარ საკითხებზე ლაპარაკი, კიდევ დავამატებდი რამეს. ხოლო შენ თუ მოისურვებ, ჩემ მიერ თქმულის ჭეშმარიტებაში დარწმუნდე, ჰკითხე პედაგოგ ზოფიროსს. თუმც არ შეჰფერის საქორწინო ლხინს, ბრალი დასდო სხვებს, მით უმეტეს, ამდაგვარ სამარცხვინო საქმეებში, მაგრამ დიფილოსი ამის ღირსია. მან ჩემი ორი მოწაფე გადაიბირა, მე კი ახლა მხოლოდ ფილოსოფიის გამო დავიდუმებ გულს.  
  27) ჩემს მსახურს კი ვუბრძანე – თუ შენ მას ტახის, შვლის, ან ქუნჯუტის ნამცხვრის ნაჭრებს მისცემ ჩემთვის წამოსაღებად სადილის სანაცვლოდ და იმისთვის, რომ თავი იმართლო – არ წამოიღოს, რათა არ იფიქრონ, თითქოს ამისთვის გამოვგზავნე.  
  28) მეგობარო, სანამ ამ წერილს კითხულობდნენ, მე სირცხვილისაგან ოფლი მასხამდა. მერჩივნა, როგორც ამბობენ ხოლმე, მიწა გამსკდომოდა, დამნახველს იმისას, თუ როგორ ქირქილებდნენ იქ მყოფნი ყოველ სიტყვაზე, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც პირადად იცნობდა ჰეტემოკლესს. ამ ჭაღარა და სანდომიან კაცს და კვირვობდნენ, ვითომც მისი წვერითა და პირქუში გამომეტყველებით მოღორებულნი, როგორ შეცდნენ. არისტენეტოსმა კი, ჩემი აზრით, უპატივცემულობის გამო როდი აუარა გვერდი მას. არამედ იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო, ჰეტემოკლესს რომც მიეღო მოსაწვევი, არასგზით დასთანხმდებოდა ამდაგვარ რაიმეს. აი, ამიტომ აღარ ჩათვალა საჭიროდ თუნდ საქმის წამოწყებაც კი.  
  29) ამრიგად, როგორც კი მსახურმა კითხვა დაასრულა, მთელმა სუფრამ ორთავეს, ზენონსა და დიფილოსს, მიაპყრო მზერა. ისინი კი დამფრთხალნი და ფერფურწასულნი, შემცბარი სახით ჰეტემოკლესის ბრალდებებს ადასტურებდნენ, ხოლო არისტენეტოსმა, რომელიც დრტვინავდა და მრისხანებას მოეცვა, მაინც მიგვიწვია ჩვენ დასალევად. ის ცდილობდა თავი ისე დაეჭირა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ასე რომ, ღიმილ-ღიმილით გაისტუმრა მან ჰეტემოკლესის მსახური და უთხრა, რომ ყველაფერზე თვითონ იზრუნებდა. პატარა ხანი გამოხდა თუ არა, ზენონი შეუმჩნევლად წამოდგა, ვინაიდან აღმზრდელმა – როგორც ჩანს, მამის ბრძანებით – ანიშნა, გარეთ გასულიყო.  
  30) ამასობაში კი პერიპატელ კლეოდემოსს, რომელიც კარგა ხანია საბაბს ეძებდა სტოიკოსებს შეჰბმოდა და ლამის გამსკდარიყო, რამეთუ შეტაკების დასაწყებად ხეირიან საბაბს ვერ პოულობდა, ახლა წერილმა სასურველი შემთხვევა მისცა, მან დაიძახა: აი, სრულყოფილებამდე აყვანილი მოძღვრება ბრწყინვალე ქრისიპოსისა. საკვირველი ზენონისა და კლეანთესისა. ამათ კი მარტო მჭლე-მჭლე ფრაზები, შეკითხვები და შესახედაობა აქვთ ფილოსოფოსისა, დანარჩენში ბევრი მაგათგან ჰეტემოკლესია. ნახეთ, როგორი ძველმოდური მინიშნებებია, თანაც როგორი დანასკვით: ოინევსი ეს არისტენეტოსია, ჰეტემოკლესი კი – არტემიდე. ჰერაკლევ! ყველა ეს გამონათქვამი ნამდვილად ზეიმის შესატყვისია.  
  31) ვფიცავ ზევსს! – თქვა იქვე მხართეძოზე წამოგორებულმა ეპიკურელმა ჰერმონმა, ცხადია, ჰეტემოკლესმა ყური მოჰკრა, რომ არისტენეტოსს ნადიმზე ღორის ხორცი ექნებოდა, ჰოდა, გადაწყვიტა, ალბათ არ იქნებაო უდროო კალიდონის ტახის ხსენება. ასე რომ, არისტენეტოს, ჰესტიას მადლმა, გაუგზავნე მას სასწრაფოდ ხორცის საუკეთესო ნაჭრები, მეალეაგრესავით არ ჩამოხმეს შიმშილით ბერიკაცი. თუმცა ამაში მისთვის საშიში არაფერი იქნება, ქრისიპოსი ხომ ამდაგვარ საქმეთ უმნიშვნელოს უწოდებდა.  
  32) რაო? – ქრისიპოსი ახსენეთ? – მთელი ძალით დაიღრიალა ძილბურანიდან გამოსულმა ზენოთემისმა. განა თითოეული თქვენგანი უკანონოდ არ იჩემებს ფილოსოფოსობას და თავს ჰეტემოკლესს არ აბრიყვებინებს? ნუთუ თქვენ განსჯით ბრძენ კაცებს: კლეანთესსა და ზენონს? თქვენ თვითონ ვინ ბრძანდებით, ამეებს რომ მიედ-მოედებით? ჰერმონ, განა შენ არ მოაჭერი დიოსკურების სტატუას ოქროს კულულები? ჯალათის ხელში ჩავარდები და მოგიწევს ამაზე პასუხისგება! შენ კი, კლეოდემოს, შენი მოწაფის ცოლთან მრუშობდი და გამოაშკარავებულმა დიდი სირცხვილი ჭამე. ნუთუ დუმილი არ გიჯობთ საკუთარ თავზე ასეთი ამბების მცოდნეთ? „სამაგიეროდ, მე საკუთარი ცოლის მაჭანკალი არა ვარ შენსავით, – გაეპასუხა მას კლეოდემოსი, – არც ჩამოსული მოწაფისათვის გამომირთმევია უკან დასაბრუნებელი გზის ფული და მერე არც ქალაქის მფარველი ღმერთი დამიფიცავს ტყუილად, თითქოს არაფერი ამეღოს, არც მევახშეობას მივდევ თვეში ოთხ დრაქმად, არც მოწაფეებს ვახრჩობ, თუ დროზე ვერ მომცემენ გასამრჯელოს". „მაგრამ, – უთხრა ზენოთემისმა, – იმას მაინც ვერ იუარებ, კლეოდემოს, თითქოს შენ არ მიგეცეს საწამლავი კატონისათვის, რაც მამამისისთვის იყო განკუთვნილი".  
  33) ამ სიტყვების თქმისთანავე ზენოთემისმა ხელი დაავლო ჭიქას, რომლიდანაც სვამდა და რომელშიც თითქმის ნახევარიღა იყო დარჩენილი და თავის ორივე მოწინააღმდეგეს შეასხა. შხეფებს იქვე მჯდომმა იონმაც გაუსინჯა გემო, თანაც არცთუ დაუმსახურებლად. ჰერმონი კი დახრილიყო და თავზე შესხმულ გაუზავებელ ღვინოს იმშრალებდა, თან იქ მყოფთ, ვითარცა შეურაცხყოფილი, მოწმეობას სთხოვდა. ხოლო კლეოდემოსი, რომელსაც ჭიქა არ ჰქონდა, შემობრუნდა, შეანერწყვა ზენოთემისს და მარცხენათი წვერში სწვდა, მისი საფეთქლით ძირს დანარცხება სურდა. შემოაკვდებოდა კიდეც მოხუცი, არისტენეტოსს ხელი რომ არ გაეკავებინა მისთვის და ზენოთემისზე გადალაჯების შემდეგ მათ შორის არ წამოწოლილიყო, რათა საკუთარი სხეულით, ვითარცა კედლით დაეშორიშორებინა ისინი და მოშუღართ შორის მშვიდობა ჩამოეგდო.  
  34) ამასობაში, სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, მე ჭრელა-ჭრულა აზრები მომდიოდა თავში, ისეთი, ყველას რომ დაებადება: მეცნიერებათა შესწავლაში სარგებელი არა ყრია რა, თუკი ადამიანი თავის ცხოვრებას უკეთესად ვერ გარდაქმნის. ეს სიტყვიერებაში უზომოდ განსწავლულნი, საქმეში დასაცინნი ხდებიან ხოლმე. შემდეგ კი გავიფიქრე: იქნებ არც იყოს მცდარი ბევრთაგან თქმული, რომ ვინც მხოლოდ წიგნებსა და მათში მოთავსებულ აზრებზე ფიქრობს და განუწყვეტლივ მათ განჭვრეტს, განათლება მართებული აზრებისაგან განდრეკსო. მართლაც, რამდენი ფილოსოფოსი იყო საქორწინო პურობაზე, მაგრამ ბედად ერთიც არ აღმოჩნდა თვინიერ ცოდვისა: ერთნი სამარცხვინოდ იქცეოდნენ, მეორეთა საუბარი იყო უფრო სამარცხვინო. მომხდარს მე უკვე ვეღარ გადავაბრალებდი ღვინოს, ვინაიდან ვითვალისწინებდი ჰეტემოკლესის წერილს, რომელიც მან უსმელ-უჭმელმა დაწერა.  
  35) ამრიგად, თავდაყირა დადგა ყველაფერი. აშკარა იყო: უბრალო ადამიანები მშვიდად პურობდნენ, არც წესრიგს არღვევდნენ და არც სამარცხვინოს სჩადიოდნენ რამეს. ჩემი აზრით, მხოლოდ დასცინოდნენ და კიცხავდნენ იმათ, ვისითაც აქამდე აღტაცებაში მოდიოდნენ და ვისაც მხოლოდ გარეგნული შესახედაობისა გამო მიიჩნევდნენ განსაკუთრებულებად. ბრძენნი კი თავხედობდნენ, ილანძღებოდნენ, უზომოდ ძღებოდნენ, ყვიროდნენ და ხელჩართულ ჩხუბში ებმებოდნენ. საკვირველ ალკიდამასს მარცხიც კი მოუვიდა შიგ შუაგულ დარბაზში, მაგრამ ქალებისაც არ შერცხვენია. მე ვფიქრობდი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი ვინმე იმას, რაც ნადიმზე ხდებოდა, პოეტების მიერ მოთხრობილ ერისის რისხვას შეადარებდა. დაუპატიჟებელმა ქალღმერთმა პელეასის ქორწილში მონადიმეებს ვაშლი შეუგდო, რის გამოც ილიონთან ასეთი ხანგრძლივი ომი გაჩაღდა. ჰეტემოკლესმაც სწორედ ვაშლივით შემოუგდო სტუმრებს თავისი წერილი შუა დარბაზში და არცთუ იმაზე ნაკლები უბედურება დაატრიალა, ვიდრე ჩვენ „ილიადიდან" ვიცით.  
  36) ჩხუბი არც მაშინ შეწყდა, როცა ორ მოწინააღმდეგეს შორის არისტენეტოსმა მოიკალათა, პირიქით. „ახლა კი, – აგრძელებდა თავისას პერიპატელი კლეოდემოსი, – ისიც მეყოფა, თუკი თქვენს უმეცრებას გამოვააშკარავებ, ხვალ კი, როგორც საჭიროა, ისეთ სამაგიეროს გადაგიხდით. მაშ, მიპასუხე ზენოთემის, თუგინდ შენ, თუ გინდა უსათნოესმა დიფილოსმა: რატომ მიაკუთვნებთ ფულის მოქონიებას უმნიშვნელოს სფეროს, მაშინ როცა ყველაფერზე მეტად იმას აქცევთ ყურადღებას, რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭოთ და ამის გამო ორივენი მდიდრებს ეტმასნებით მუდამ, მევახშეობთ, სულ სარგებელს ეძებთ და სწავლებაშიც კი ფულს იღებთ. მეორე მხრივ, სიამოვნების მოძულენი ეპიკურელთ ლანძღავთ, არადა, ამავე სიამოვნების გულისათვის უსამარცხვინოეს რამე-რუმეებს სჩადიხართ, უპატიურობას ითმენთ და გოდებთ, თუკი ვინმე ნადიმად არ მიგიწვევთ, ხოლო თუ მიგიწვიათ, იმდენს ჭამთ და მსახურებსაც მალულად იმდენს გადასცემთ!.. ამ სიტყვებისთანავე ის დიდი გულმოდგინებით სწვდა გამოსატაცებლად თხელი ტილოს ხელსახოცს, რომელიც სავსე იყო ნაირნაირი ხორციანი კერძების ნაჭრებით და რომელიც სტოიკოს ზენოთემისის მსახურს ეჭირა. კლეოდემოსს უნდოდა ტილო გაეხსნა და შიგთავსი ძირს გადმოეყარა, მაგრამ მსახური ბიჭი არ ანებებდა და უფრო ძლიერ ბღუჯავდა მას.  
  37) ამ დროს ეპიკურელმა ჰერმონმაც დაიძახა: მართალს ამბობს კლეოდემოსი, მართალს. თქვან ერთი, რისი გულისათვის აძაგებენ სიამოვნებას, თუკი თვითონ მას სხვებზე მეტად ეძალებიან. „მე კი არა, შენ თვითონ თქვი, კლეოდემოს, – შეეპასუხა ზენოთემისი, – რის თანახმად უგულებელყოფ სიმდიდრეს?" „არა, შენ თვითონ თქვი", – იყო პასუხად და ასე გაგრძელდა ეს პაექრობა მანამ, სანამ პლატონიკოსმა იონმა ორ მოჩხუბარს შორის არ გამოიჭყიტა და არ წარმოთქვა: „შეწყვიტეთ, მე კი, თუ მოისურვებთ, ყველასთვის მნიშვნელოვან სასაუბნაროს შემოგთავაზებთ, ამ ღირსეული ზეიმისისათვის შესაფერს, თქვენ კი კამათის გარეშე ილაპარაკებთ და მოისმენთ, რათა დრო ისევე უზრუნველად გავიდეს სჯა-ბაასში, როგორც ეს ჩვენი მასწავლებლის, პლატონის დროს ხდებოდა". ყველა დამსწრემ მოიწონა ეს. განსაკუთრებით კი – ორმა: არისტენეტოსმა და ევკრიტოსმა, რადგან იმედოვნებდნენ, რომ ამით ბოლოს მოუღებდნენ უსიამოვნებებს. არისტენეტოსი თავის ადგილსაც კი დაუბრუნდა, დაიმედებული იმით, რომ სიმშვიდემ დაისადგურა.  
  38) ამასობაში ჩვენთვის, ეგრეთ წოდებული, ნადიმის დამაგვირგვინებელი კერძიც შემოიტანეს: თითოეულისათვის დედალი მრგვლად, ღორისა და კურდღლის ხორცის ნაჭრები, შემწვარი თევზი, ქუნჯუტის ნამცხვარი და სხვა დასაყოლებელიც, რომელთა სახლში წაღება შეიძლებოდა. მაგრამ კერძი ყველას სათითაოდ როდი ედგა, მაგალითად: არისტენეტოსსა და ევკრიტოსს, რომელთაც ერთი სუფრის ირგვლივ მოერთხათ ფეხი, ერთი ლანგარი მიართვეს, თანაც ისე, რომ თითოეულ მათგანს თავის მხარეს მოხვედრილი ნახევარი აეღო. ასევე საზიარო ლანგარი ერგოთ სტოიკოს ზენოთემისსა და ეპიკურელ ჰერმონს, პერიპატელ კლეოდემოსსა და პლატონიკოს იონს, სასიძოსა და მე. დიფილოსს კი ორი წილი ერგო, ვინაიდან ზენონი სუფრაზე აღარ იყო. ფილონ! დაიმახსოვრე ეს წყვილი, ვინაიდან კიდევ მომიწევს რაღაცის თქმა მათზე. 
 ფილონი. რაღა თქმა უნდა, დავიმახსოვრებ!  
 39) ლიკინოსი. შემდეგ ბრძანა იონმა: „ამრიგად, მე პირველი დავიწყებ, თუკი ისურვებთ, – აქ მან ცოტა შეისვენა და განაგრძო, – იქნებ ღირდეს ამგვარ კაცთა წინაშე იდეათა შესახებ, უსხეულო არსებობასა და სულის უკვდავებაზე გვესაუბრა, მაგრამ რომ არ შემოგვეკამათონ ისინი, ვინც ამგვარ საკითხებზე სხვაგვარად სიბრძნისმეტყველებენ, ქორწინების შესახებ ვიტყვი რაიმეს შესაფერისს. თუმცა უკეთესი იქნებოდა, ქორწინებას კი არ ვსაჭიროებდეთ, არამედ როგორც სოკრატესა და პლატონის მიმდევართ, ბიჭუნები გვიყვარდეს. ვინაიდან მხოლოდ მათნაირთ ხელეწიფებოდათ სრულყოფილ სათნოებამდე ამაღლება და თუ მაინცდამაინც ქალზე დაქორწინებაა საჭირო, როგორც პლატონი ფიქრობდა, ემჯობინებოდა საერთო ცოლები გვყოლოდა, რათა თვინიერ შურისა გვეცხოვრაო.  
  40) უდროოდ ნათქვამი სიტყვების გამო ყველას სიცილი წასკდა, რიტორმა დიონისოდოროსმა კი წამოიძახა: „შეწყვიტე ჩვენი ბარბაროსული სიტყვით დამოძღვრა, ნეტავი რომელ პოეტთან აღმოვაჩენთ სიტყვა „შურს", ნაცვლად „ეჭვისა"? „აბა, შენც ჩამოერიე რა ლაპარაკში, საცოდავო, – შესძახა იონმა. თავის მხრივ, დიონისოდოროსმაც გამოლანძღა შესაფერისად იონი. ამ დროს კამათში გრამატიკოსი ჰისტიაიოსიც ჩაერთო და თქვა: „შეწყვიტეთ, ვინაიდან მსურს საქორწინო ლექსი წაგიკითხოთ".  
  41) და დაიწყო. აი, თუ მეხსიერება არა მღალატობს, ეს ელეგიური მრჩობლედი:
  მართლაც, რაოდენ მშვენიერია ღვთიური დედოფალი კლეანთისი,
  არისტენეტოსის ჭერქვეშ ზრდილი სათუთობითა, 
  აღმატებული სხვათა ქალწულთა, ელენეს მჯობი,
  თვით კითერაზეც (აფროდიტეზე) უსათნოესი.  
   
  შენც გაგიმარჯოს, სიძევ ბატონო, დამჩრდილავო თანააღზრდილთა,
  ულამაზესო ნერევსსა და თეტიდას ძეზე (აქილევსზე).  
  ჩვენ შევთხზეთ ახლა ჰიმნი ესე, საქორწინო  
  და ორთავეს ერთად მრავალჯერ გიმღერთ.  
  42) ამ მრჩობლედსაც, ცხადია, სიცილი მოჰყვა. ამასობაში ლანგრით მორთმეული კერძების განაწილების დროც დადგა. არისტენეტოსმა და ევკრიტოსმა აიღეს თავ-თავის მხარეს მოხვედრილი ნაწილი, მეც ჩემი ავიღე, სასიძო ქირევსმაც თავისი. მსგავსადვე მოიქცნენ პლატონიკოსი იონი და პერიპატელი კლეოდემოსი. დიფილოსს კი სამართლიანად მიაჩნდა, უკვე წასული ზენონის წილიც მიეთვისებინა. ის ირწმუნებოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი. ამის გამო დიფილოსი, ზენონის მასწავლებელი, მოსამსახურეებთან ჩხუბში ჩაება. ისინი ჩააფრინდნენ დედალს, თავ-თავის მხარეს ეწეოდნენ, თითქოს პატროკლეს ცხედარი ყოფილიყოს და ერთმანეთს სტაცებდნენ. დიფილოსი დამარცხდა და ხელი უშვა დედალს. მომხდარმა მონადიმეებში ხარხარი გამოიწვია, უფრო კი იმიტომ, რომ დიფილოსი ისე გმინავდა, თითქოს უდიდეს უსამართლობასთან ჭიდილში დამარცხებულიყოს.  
  43) ხოლო ორნი: ეპიკურელი ჰერმონი და სტოიკოსი ზენოთემისი გვერდიგვერდ იყვნენ მხართეძოზე წამოწოლილნი, როგორც ითქვა, ზემოთ – ზენოთემისი, ქვემოთ კი – ჰერმონი. მათ ლანგარზე ყველაფერი ტოლ-ტოლად იდო და მშვიდობიანადაც გაინაწილეს. თუმცა, ჰერმონის წინ დადებული დედალი უფრო მსუქანი აღმოჩნდა, რაც, ჩემი აზრით, შემთხვევით მოხდა. ყველას კი თავისი წილი უნდა აეღო. ამ დროს ზენოთემისმა – ჩემი აზრით, ფილონ, ახლა მთელი შენი გონება უნდა მოიკრიბო, ვინაიდან უკვე ახლოს ვართ მომხდართაგან უმთავრესთან – მაშასადამე, როგორც გიყვებოდი, ზენოთემისმა მის წინ დადებული ქათამი დატოვა და ჰერმონის წინ დადებულს, როგორც წეღან აღვნიშნე, უფრო ნასუქს სწვდა. თავის მხრივ, ჰერმონიც დაებღვრია დედალს და თავისი კუთვნილის დათმობა არ ისურვა. ისინი ყვირილით დაენარცხნენ ძირს, ერთმანეთს დედლებს სახეში ურტყამდნენ, შემდეგ წვერებშიც ჩააფრინდნენ ერთიმეორეს და თან ყვირილით უხმობდნენ მშველელს: ჰერმონი კლეოდემოსს, ზენოთემისი ალკიდამასსა და დიფილოსს. ფილოსოფოსთაგან ზოგმა ერთის მხარე დაიკავა, ზოგმა მეორესი. გამონაკლისი მხოლოდ იონი იყო, რომელიც შუა კაცის ადგილს სიფრთხილით იცავდა.  
  44) ერთ გუნდად ქცეული ჰერმონი და ზენოთემისი კი კვლავ იბრძოდნენ. ზენოთემისმა არისტენეტოსის წინ მდგარ თასს დაავლო ხელი და ჰერმონს დაუშვა თავში. „ნაკრავი გაუცუდდა, ისრებმა იცვალეს გეზი" და სასიძოს თავი გაუპეს ორად. ჭრილობა საკმაოდ გვარიანი და ღრმა აღმოჩნდა, რის გამოც ქალებში წივილ-კივილი ატყდა. იმათგან ბევრნი ფეხზე წამოცვივდნენ და ბრძოლის შუაგულს მიაშურეს, უფრო კი სასიძოს დედამ, რომელმაც შვილის სისხლი დაინახა. მისკენ გაიქცა საქმროს მდგომარეობით შეშფოთებული საპატარძლოც. ამ გაწევ-გამოწევაში დიდი მხნეობა კინიკოსმა ალკიდამასმა გამოავლინა. ზენოთემისის მოკავშირემ კლეოდემოსს კვერთხი უხეთქნა თავში, ჰერმონს ყბანი შეუმუსრა, ხოლო მსახურები, რომელთაც სურდათ ჰერმონსა და კლეოდემოსს მიშველებოდნენ, დაჭრა. თუმცა ჰერმონი და კლეოდემოსი უკან დახევას სულაც არ აპირებდნენ, პირიქით: კლეოდემოსმა საჩვენებელი თითით თვალი გამოსთხარა ზენოთემისს და კბილებით ცხვირიც კი მოაჭამა, ხოლო ჰერმონმა ზენოთემისის მისაშველებლად მისულ დიფილოსს ჩაარტყა თავში.  
  45) დაიჭრა გრამატიკოსი ჰისტიაიოსიც, რომელსაც ხელჩართული ბრძოლის მონაწილეთა დაშორიშორება უნდოდა. მას კბილებში მოხვდა წიხლი, მგონი კლეოდემოსისაგან, რადგან მან დიფილოსად მიიჩნია იგი. საცოდავი ჰისტიაიოსი კი იწვა ძირს და საყვარელი ჰომეროსის სიტყვებს იმეორებდა: სისხლს ანთხევდა ის. გარდა ამისა, შფოთსა და ცრემლს მოეცვა ყოველივე: ქალები, რომლებიც ქირევსს შემოსჯარვოდნენ, ტიროდნენ, კაცები კი კვლავ მოჩხუბართა გაშველებას ცდილობდნენ. უდიდეს უბედურებას კინიკოსი ალკიდამასი წარმოადგენდა. მან ყველა ხელის ერთი მოქნევით გააქცია, ურტყამდა ყველას, ვინც მოხვდებოდა. მერწმუნე, ბევრი დაეცემოდა, ჯოხი რომ არ გადასტყდომოდა მოულოდნელად. მე კი, კედელსაკრული, ვხედავდი ყველაფერს და გრამატიკოს ჰისტიაიოსის გამოცდილებით ჭკუანასწავლი – თუ რაოდენ საშიშია ასეთი ცემა-ტყეპის შეჩერება – არაფერში ვერეოდი. თითქოს ფილოსოფოსებს კი არა, ლაპითებსა და კენტავრებს ვხედავდი. მაგიდები ამოეყირავებინათ ჩემ წინ, სისხლი დიოდა, თასები მიმოქროდა.  
  46) ბოლოს კი ალკიდამასმა ჩირაღდანიც გადააბრუნა. უკუნი სიბნელე ჩამოწვა და ცხადია, ვითარებაც უფრო დაიძაბა. სხვა სინათლის მოტანა იოლი არ აღმოჩნდა. ამასობაში კი სიბნელეში საქმენი საგმირონი დატრიალდა. ხოლო როცა ჩირაღდანი კვლავ შემოიტანეს, ალკიდამასს იმაში წაასწრეს, რომ მას ფლეიტაზე დამკვრელი ქალი გაეშიშვლებინა და ბეჯითად ცდილობდა მის დამორჩილებას. რიტორი დიონისოდოროსი კი სხვა საქმეში გამოიჭირეს: მას იღლიიდან თასი ჩამოუცურდა, თავი კი იმით იმართლა, რომ თქვა: ეს თასი უწესრიგობისას პლატონიკოსმა იონმა იპოვა და მე გადმომცა შესანახად, რათა არ გამტყდარიყოო. იონმაც კვერი დაუკრა, რომ ასე გულშემატკივრობისა გამო მოიქცა.  
  47) ამაზე დაიშალნენ მონადიმენი და ცრემლი მყის ალკიდამასზე, დიონისოდოროსსა და იონზე სიცილად ექცათ. ცუდ დღეში მყოფი დაჭრილნი კი საკაცით გაიყვანეს. ორჯერ შავ დღეში კი მაინც მოხუცი სტოიკოსი ზენოთემისი იყო. მას ერთი ხელი ცხვირზე წაევლო, მეორე თვალზე მიეფარებინა და თან ყვიროდა, რომ ტკივილები მოუღებდა ბოლოს. ეპიკურელმა ჰერმონმა კი – თუმცა ისიც საშინელ დღეში იყო – ორი კბილი ჩაემტვრიათ მისთვის – ზენოთემისის საწინააღმდეგოდ თქვა: „იქნებ დაიმახსოვრო, ზენოთემის, რომ არ არის დღევანდელი ტკივილი შენთვის უმნიშვნელო". ხოლო სასიძო მას შემდეგ, რაც ექიმმა დიონიკოსმა ჭრილობები დაუმუშავა, სახლში თავშეხვეული იმ ეტლით წაიყვანეს, რომლითაც მას თავისი საცოლე უნდა წაეყვანა. საცოდავმა მწარე ქორწილი გადაიხადა. დიონიკოსი სხვებსაც დაეხმარა, ცხადია, რამდენადაც შეეძლო. ასე რომ, დაშავებულნი დასაძინებლად წაიყვანეს. ბევრს გზაში აღებინებდა კიდეც. ადგილზე ალკიდამასიღა დარჩა, ვინაიდან ვერავინ შეძლო ამ გმირის დაძვრა მას შემდეგ, რაც ის საწოლზე გარდიგარდმო დაენარცხა და ჩაეძინა.  
  48) აი, ასეთი ბოლო ჰქონდა, ჩემო კარგო ფილონ, ამ ლხინს, თუმცა, იქნებ უკეთესი იყოს, მას ტრაგედიის სიტყვები დავურთოთ:  
  წერამწერალი ბევრ საკვირველს გვიგზავნის რამეს,  
  ბევრ უცაბედსაც თვით ღმერთები აღასრულებენ  
  და არ ახდება მათგან მრავალი,რაც მოიფიქრე და გადაწყვიტე –  
  ეს ამბავი მართლაც გაუთვალისწინებლად დასრულდა. თუმცა ის მაინც გავიგე, თუ რაოდენ სახიფათოა გამოუცდელი კაცისთვის ესოდენ განბრძობილებთან ნადიმი. 




  შენიშვნები თავების მიხედვით: 
   
1) ფილონი და ლიკინოსი – ფილონი ისტორიული პიროვნებაა, რომელსაც მწერალმა მიუძღვნა ტრაქტატი „როგორ უნდა იწერებოდეს ისტორია". ლიკინოსს კი მიიჩნევენ ბერძნულ ფორმად ლათ. ლუკიანესი Lუციანუს  2) სიტყვა, უტკბილესი ნუგბარი – სიტყვასთან მსაზღვრელად სასიამოვნოს, ტკბილის, საამურის, თაფლის… გამოყენება ჩვეულებრივია ძვ. ბერძნ. მწერლობაში, მაგრამ სიტყვის საკვებთან გაიგივება და მისი ჭამის პროცესთან დაკავშირება მაინც პლატონისთვის არის დამახასიათებელი. სიტყვაში სასიამოვნოსა და სასარგებლოს შეთავსება – ეს ძვ. წ.-ით მე-4 საუკუნეში რაციონალური კულტურის მოთხოვნაა ლიტერატურისადმი. ლუკიანე ამ შემთხვევაში პლატონის გამონათქვამის – ჰჟ ტწ`ნ ლოვგწნ ეჯსტივასი~ - სიტყვით დანაყრება – (გავიხსენოთ „მასპინძელ ექმენით სიტყვათა ჩემთა" საბანისძე) ირონიულ ალუზიას მიმართავს.  
  3) მისტერიები – ეზოთერული (დახურული) საზოგადოების წევრებისათვის სავალდებულო საიდუმლო წესები, რომელთა შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეძღვნებოდა დემეტრას, დიონისეს, იზიდას, ატისს, კიბელას, მითრას, ნიშანდობლივი იყო ბევრი გნოსტიკური მიმდინარეობისთვისაც და ფართოდ გავრცელებული ელინისტური ცივილიზაციის ყველა ქვეყანაში, ბევრი არაფერი ვიცით. მოცემულ შემთხვევაში მთავარია ავტორის სარკაზმი, რომელსაც ბაკქური მისტერიები უბრალოდ ღვინის სმამდე დაჰყავს.  
  6) ა. „დანა" თუ „მახვილი" – ძვ. ბერძნ. ენაში სიტყვა- კოპივ~- ნიშნავს დანას, მახვილს, ხმალს, ხოლო -კოვპი~– მოლაყბეს.  
  ბ. ეპიკურელი – აქ ლუკიანე ხაზს უსვამს მისი თანამედროვე სწავლულთა წრის ერთი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას ეპიკურეს მოძღვრებისა და მისი მიმდევრებისადმი. ეპიკურეს განმაქიქებელთ მიაჩნდათ, რომ მან ადამიანებს ყველაზე უხეში მატერიალიზმი შესთავაზა გადასარჩენად. მატერიალიზმი მუცლისა, ღმერთების ზიზღი, რომ მან სამყაროს აჩუქა „ღორების სკოლა". თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არც მადიდებელნი მოჰკლებია მის პიროვნებასა და სწავლებას, მაგ. ლუკრეციუსი („საგანთა ბუნებისათვის").  
  9) ეპიკურელი ქურუმი – რომის იმპერიისთვის ნიშანდობლივი იყო სინკრეტიზმისა და შეუთავსებელთა შეთავსებისაკენ სწრაფვა. ეპიკურელი ქურუმი სწორედ ამ შეუთავსებელთა შეთავსების მშვენიერი მაგალითია.  
  10) მუზათა ტაძარი – როგორც ხატოვანი თქმა, ეკუთვნის პლატონს. შემდგომ იყენებდნენ ზოგადად ხელოვნების სკოლის აღსანიშნავად. ესეც ირონიაა, ვინაიდან ლუკიანე ამ გამოთქმით გულისხმობს არა ჰელიკონის მუზათა ტაძარს ბეოტიაში, არამედ „მუსაიონს", ეგვიპტის ალექსანდრიაში პტოლემაიოსთა მიერ დაარსებულს.
  12) ა. აი, გამოჩნდა მენელაოსიც… „ილიადა" (II, 408). ამ სიტყვებს პლატონის „ნადიმში" ამბობს სოკრატე, როცა ის მეგობარს სტუმრად ვახშამზე წასვლას დაუპატიჟებლად სთავაზობს. კინიკოსი ამ შემთხვევაში სხვის მახვილსიტყვაობას მიმართავს.  

  ბ. „თუმც ვერ მოუხდა მართებულად", „ილიადა" (I, 24).  
  13) წისფერი ქსოვილი – ფინიკიელთა მიერ მიღებული ძოწისფერი საღებავის წარმოების უფლება რომის იმპერიაში სახელმწიფოს მონოპოლია იყო. ამ ფერისა და მისი ტონალობების მატერიათა მომხმარებელიც ძირითადად საიმპერატორო კარი გახლდათ. ნერონის განაწესის მიხედვით, ძოწისფერითა და, ამასთან, ოქროსფერი სამოსით შემოსვა არასაიმპერატორო პერსონას ეკრძალებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაისჯებოდა როგორც შეთქმული. ნერონის ეს განაწესი ქრისტიანობის მიღების შემდეგაც ნორმად დარჩა. გავიხსენოთ კონსტანციუსისა და იუსტინიანეს საიმპერატორო კარის სქემატიზება, „ძოწითშობილობის" პრესტიჟი; „ვეფხისტყაოსნიდან" კი – „ძოწეულით მოსილი" და „პირ-ოქრო რიდეთი" დამშვენებული ავთანდილი (სტრ. 74). ავტორი მკითხველში აცოცხლებს სახელმწიფოში პლატონის ფილოსოფოსი-მმართველის იდეასა და ნერონის განაწესს და დასცინის მათ. 
  იდაყვს დაყრდნობილი ჰერაკლე – გმირის გამოხატვის ეს უძველესი ფორმა ქართველ მკითხველს, ალბათ უცხო მოყმესა და ბარათაშვილის საკაცობრიო ფიქრებით გულშეძრულ ლირიკულ გმირს გაახსენებს, რომელიც მტკვრის დუდუნს იდაყვდაყრდნობილი უგდებს ყურს.  
  14) ოქრო და ვერცხლი – რომის იმპერიის პერიოდში ამ ძვირფასი მეტალების გამოყენებამ ყოფით ცხოვრებაში არნახულ მასშტაბს მიაღწია. ასე რომ, კინიკოს ალკიდამასის პოზიცია ემთხვევა ამავე პერიოდის ისტორიკოსთა წუხილს ამ მეტალების ბოროტად გამოყენებისა გამო.  
  15) ორი დრაქმა – ინტიმური მომსახურების გასამრჯელო, მაშინდელი ნიხრით 
. 17) ჰესიოდე (ძვ. წ. მე-8 საუკუნე) – უსიუჟეტო, სამოძღვრებო ეპოსის ფუძემდებელი; 
  ანაკრეონტი (ძვ. წ. 570-478) – ლირიკოსი, მოღვაწეობდა ტირანების კარზე. სიყვარულის, ღვინისა და ნადიმების პოეტი (მისი გავლენის კვალს ხედავენ ხოლმე ალ. ჭავჭავაძის პოეზიაში, ალექსანდრეს ლექსიც კი აქვს სახელწოდებით "ანაკრეონული”); 
  პინდარე (ძვ. წ. 522-446) – სპორტულ ასპარეზობებში გამარჯვებულ არისტოკრატთა მეხოტბე, მითოლოგიური თხრობისა და აფორისტული სიბრძნის შემაერთებელი პოეზიაში. ამ შემთხვევაშიც ხაზგასმულია შეუთავსებელთა შეთავსება. ციტატები „ილიადადან" (IV, 447, 450).  
  18) თავკოტორა – ადრიანეს დროიდან კონსტანტინე დიდამდე (მცირე დროითი მონაკვეთების გამოკლებით (კარაკალა, ჰელიოგაბალის მმართველობის პერიოდი) მოდაში იყო მოკლედ შეჭრილი, დახვეული თმა და გრძელი წვერი. მე-5 საუკუნის ლექსიკოგრაფის, ჰესისიას ალექსანდრიელის განმარტებით, სამართებლით თავგადაპარსულ ვარცხნილობას სპარსეთში გააზიზებული ადამიანები ატარებდნენ. მას „ბაღი" ერქვა.  
  19) ა. მალტური ძაღლი – კუნძულ მალტაზე საგანგებოდ მაღალი წრის ქალბატონთა გასართობად გამოყვანილი მომცრო ტანის ჯიშის ძაღლი 
  ბ. ადრასტეას რისხვა ნუ მომეცემა – ადრასტეა – „გარდაუვალი", „უცილობელი" – ამ ფრიგიული წარმოშობის ღვთაებას ორფიკოსები, პლატონი და მოგვიანო პერიოდის ეპიკოსები შურისძიების ქალღმერთ ნემეზიდასთან აიგივებდნენ. ადრასტეა განაგებდა აგრეთვე სულთა მიმოქცევის მიზანდასახულობას.  
  გ. რა არის ფილოსოფია? ამ საკითხის შესახებ არ იყო ერთიანი აზრი არც ძველბერძენ და არც რომის იმპერიის დროს მოღვაწე სწავლულთა შორის. ერთნი ფილოსოფიაში სამყაროს მოწყობის თეორიულ გეგმას ხედავდნენ, მეორენი კი – პრაქტიკული ცხოველქმედების საყოველთაო წესს. პითაგორადან არისტოტელეს ჩათვლით და შემდგომ შუა საუკუნეებშიც ცოდნის უმაღლეს და უკეთილშობილეს იდეალად მაინც გონების მჭვრეტელობითი უნარია აღიარებული. ადამიანის მოღვაწეობის ეს ორი გზა ქრისტიანობამ ხატოვან-ალეგორიულად ასე გადაიაზრა: მარიამი – მართა (ლუკა, 10, 41-42), რაქელი – ლია (დანტე, „ღვთაებრივი კომედია", სალხინებელი, XXVII, 97-108), სანთელი – თაფლი (დანტე „ნადიმი", IV: XVII, 10-12).  
  დ. სილოგიზმები – ლოგიკური დასკვნები, რომელნიც დედუქციის გზით ზოგადიდან კერძოს გამოყვანის შესაძლებლობას იძლევიან. სილოგისტიკის ფუძემდებლად ითვლება არისტოტელე. ზემოხსენებული სოფიზმები უაღრესად პოპულარული იყო მაშინდელ საზოგადოებაში. რქები – რაც არ დაგიკარგავს, ის გაქვს. რქები არ დაგიკარგავს, მაშასადამე, შენ ისინი გაქვს. გროვა – შენ თუ ყორედან სათითაოდ აიღებ ქვას, მაშინ ყორე აღარ იქნება ყორე. მომმკელი – ფილოსოფოსი ეუბნება მომმკელს, რომ მას არ შეუძლია მომკას თავისი ყანა. მომმკელის შეცბუნებულ კითხვას ფილოსოფოსი პასუხობს: „შენ შეგიძლია მომკა, ან არ მომკა შენი ყანა. თუ მომკი, მაშინ ვეღარ შეძლებ მომკა, ან არ მომკა ზუსტად ასევე იქნება, თუკი მეორეს აირჩევ და არ მომკი, შენ ვეღარ შეძლებ მომკა, ან არ მომკა, ასე რომ, შენ საერთოდ ვერ მომკი ყანას". პასუხის მაგივრად მომმკელი იღებს ნამგალს და მკის ყანას. ე. მშვენიერების სიკეთედ მიჩნევა – ლუკიანე მიანიშნებს კვლავ პლატონის მოსაზრებაზე, რომ მშვენიერება სიკეთის ნაირსახეობაა, რასაც სტოიკოსებიც იზიარებდნენ.  
  25) ოინევსის ამბავი, გაიხსენე „ილიადა", IX, 538. ქვეყანა კალიდონისა – ფრაგმენტი ევრიპიდეს მოუღწეველი ტრაგედიიდან „მელეაგრე". ურჩხული ტახი – ფრაგმენტი სოფოკლეს მოუღწეველი ტრაგედიიდან „მელეაგრე".  
  26) მრავლისაგან მცირედი, ფრიადისაგან მცირედი - აჯპო; პოლლწ`ნ ოჯლივგა ძველბერძნული რიტორიკის ერთ-ერთი ხერხია, რომელსაც ქართველი ჰაგიოგრაფებიც ახსენებენ და იყენებენ კიდეც. მაგ. გიორგი მერჩულე, ბასილი ზარზმელი, გიორგი მთაწმინდელი, გიორგი მცირე.  
  30) ა. ქრისიპოსი (ძვ. წ. 280-240) – სტოიკოსი. მან შექმნა ბუნებასთან ჰარმონიაში მცხოვრები უაფექტო, სულიერად გაწონასწორებული და ბედნიერი ბრძენის მოდელი. უმთავრეს ფილოსოფიურ დისციპლინად თვლიდა ეთიკას. 
. ბ. კლეანთესი (ძვ. წ. 330-230) – ზენონ კიტიონელის მოწაფე. ზენონის შემდეგ ის ჩაუდგა სტოიკოსთა სკოლას სათავეში. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა თეოლოგიას.  
  გ. ზენონ კიტიონელი კუნძულ კვიპროსიდან (ძვ. წ. 335-262) – კრატეტ თებელის ნამოწაფარი, რომლის ფილოსოფიური სისტემა დამყარებული იყო როგორც სოკრატულ-კინიკურ შეხედულებებზე, ასევე ჰერაკლიტეს ფიზიკასა და არისტოტელეს ლოგიკაზე.  
  დ. ჰესტია – კრონოსისა და რეას ასული. მარადიული ცეცხლის, დასაბამის მფარველი, ღმერთთა სამყაროს, ადამიანთა საზოგადოებისა და თითოეული ოჯახის გამამთლიანებელი, ურყევი წესრიგის სიმბოლო.  
  32) სწავლებაში გასამრჯელოს აღება პირველად პირველი სოფისტიკის წარმომადგენლებმა შემოიღეს.  
  34) ა. საკუთარი ცხოვრების უკეთესად მოწყობა – ესეც სოფისტური იდეაა. ძველბერძნულ სამყაროში ისინი პირველნი შეეცადნენ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ცხოვრებასთან მორგებას და წუთისოფლისაგან პირადი სარგებლის გამოწურვას. ადამიანთა მთელი საზოგადოების უკეთესად გარდაქმნა ფილოსოფოსის მიერ და ღვთის სათნოდ ცხოვრება კი გახლავთ პლატონის იდეა. 
  ბ. მხოლოდ წიგნების კითხვა –გავიხსენოთ ილიას სიტყვები” "უწიგნოდ თვალთა ხედვის ისარი მოკლეა, მაგრამ არც მარტო წიგნით არის გრძელი.
  39) სულის უკვდავება – ძველბერძნულ ფილოსოფიურ სისტემებში სულს მატერიიდან არ განაცალკევებდნენ. ადამიანის სულის რაობა გაიგივებული იყო მსოფლიო მამოძრავებელ ძალასთან (ცეცხლთან – ჰერაკლიტე, ლევკიპე; ჰაერთან – ანაქსიმენე). პითაგორელებს სული რიცხვად მიაჩნდათ და მას მატერიისაგან გამოყოფდნენ. პლატონის თანახმად კი, სულს უკავია შუალედური პოზიცია იდეების სამყაროსა და ქვემორე ცვალებად სამყაროს შორის. მას აქვს გონი, გრძნობა და არის უკვდავი. არისტოტელეს მიხედვით კი, სული სისხლში აღწევს განმაცხოველებელი მობერვით და მის სპეციფიკურ ფორმას წარმოადგენს გონება. ასე რომ, მართალია, ძველბერძნული სამყარო იცნობდა ინდივიდუალური სულის უკვდავების იდეას, მაგრამ საყოველთაო სულის უკვდავების იდეა უცხო იყო მისთვის.  
  44) ციტატა „ილიადადან" (XI, 233).  
  45) საყვარელი ჰომეროსის სიტყვები, „ილიადა" (XV, 11). 48) წერამწერალი ბევრს საკვირველს გვიგზავნის რამეს – გუნდის ამ სიტყვებით მთავრდება ევრიპიდეს ტრაგედიები: „ალკესტიდა", „ანდრომაქე", „ბაქხი ქალები" და სხვა. ქართულად გვაქვს „ბაქხი ქალების" შესანიშნავი თარგმანი, შესრულებული ბატონების გ. სარიშვილისა და ზ. კიკნაძის მიერ. მაგრამ ვინაიდან ჩვენთვის საინტერესო ნაწყვეტის ქართულ ვარიანტში მოხსნილია წინააღმდეგობა ღმერთსა და დემონებს შორის, ჩვენ უპირატესობა ჩვენეულ თარგმანს მივანიჭეთ.
კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 1689 | დაამატა: varse9788 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024