მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
პარასკევი, 19.04.2024, 21:24
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » ივნისი » 2 » შენი გამოკვლევა მეზობელთგამოკვლევის საფუძველზე - (გურამ მეგრელიშვილი)
20:21
შენი გამოკვლევა მეზობელთგამოკვლევის საფუძველზე - (გურამ მეგრელიშვილი)

ცხრიანი. კომპიუტერის ჯოისტიკი. კაცი ასკინკილა ხტუნაობს. უცხო ბებო ველოსიპედით კატაობს. წვერიანი კაცი წევს, დიდი მკერდი აქვს. დილა მწვანდება. მთა. მთის იქეთ კიდევ მთა. იქეთ კიდევ მთა. ქართულის მასწავლებელი _ სახელი და გვარი არ მახსოვს. ჩემი პირველი შეყვარებული ბაღში. ბრინჯის ფაფა. სადარბაზოში ნარწყევია. ის კაცი ხტუნაობს და ხტუნაობს. ვიღაც ქალი მოდის და მეუბნება: _ იქ წაგიყვან, სადაც ღმერთი არ არის, ღმერთი არ არის, ღმერთი არ...

შენი პრობლემა

იმაშია, რომ სამყაროში არ ცხოვრობ. ნებისმიერ საკითხს უღრმავდები, მაგრამ არ განიცდი. ადამიანობა თუ გსურს, გარედან კი არ უნდა უთვალთვალო ცხოვრებას, შიგნით უნდა შეხვიდე. შეიძლება გეტკინოს, შეიძლება გეწყინოს, შეიძლება ატკინო, შეიძლება აწყენინო, მაგრამ ამით არ მთავრდება ცხოვრება.
სამყარო ბოროტია, ეს ფაქტია, მაგრამ სამყარო ბოროტია თვით შენში ისევე, როგორც თითოეულ ჩვენგანში. მთავარია მოიშორო დაძაბულობა, ბოლომდე გაიხსნა ყველაფრის მიმართ და დაკარგვის არ შეგეშინდეს. თუ დაკარგვის შეგეშინდება, მერე მთელი ცხოვრება ივლი შიშში.
მოკლედ, ეცადე და შიგნიდან ამოტრიალდი, რომ ახლა უფრო მგრძნობიარე გაგიხდეს კანი, თორემ სასაცილოა შენი თანაგრძნობა, როცა იმ სხვას მხოლოდ აკვირდები.
დახუჭე ერთხელ მაინც თვალი და ეცადე ყოველივე შეიგრძნო, კი არ გაიაზრო _ შეიგრძნო; ან ადექი და უკუნით სიბნელეში მიიღე შხაპი!


I თავი

შენმა მეზობელმა გამოაკრა განცხადება, სადაც წერია:

შაბათს, 19 ივლისს, 16 საათზე, კორპუსის ეზოში, ჩატარდება მობინადრეთა შეკრება. დღის წესრიგი:
1. ეზო;
2. სადარბაზო;
3. ლიფტი;
4. სახურავი;
5. სარდაფი;
6. ბავშვები;

დასწრება სავალდებულოა!

კორპუსის მოურავი

წინასწარ იცი, რომ ზემოთჩამოთვლილ განსახილველ საკითხებს მიემატება საერთო ფულით ცხვრის ყიდვა და სახელმწიფოს ავ-კარგიანობის განხილვა. და გეცინება, რადგან:
1. სულ ფეხებზე გკიდია სახელმწიფო წყობაც და მისი ავ-კარგიანობაც;
2. იცი, რომ თუკი იყიდიან კიდეც ცხვარს, შენ სუფრას არ დაესწრები;
3. კორპუსის მოურავი გძულს, რადგან:

კორპუსის მოურავი ვაჟა [1]
(წიგნის ბოლოს, დამატებებში, შეგიძლია უკეთ გაიცნო მონიშნული პერსონაჟი)

ათეისტია და შენი აზრით, ძალიან ცივსისხლიანი და ზედმეტად პრაგმატული. არ მოგწონს მისი აგდებული დამოკიდებულება რელიგიის მიმართ. სულ სურვილი გაქვს ისეთი რამე შეემთხვეს, რწმენა ჩაენერგოს. და ვითომ კარგია ურწმუნოების გამო რომ გეცოდება?
იცი თუ არა, რომ ვაჟა შენგან უდიდეს სიძულვილსა და ზიზღს გრძნობს, მაგრამ თავში აზრადაც კი არ მოსდის, რომ ამ სიძულვილის მიზეზი მისი ათეიზმია. ვაჟა ათასგვარ ვერსიას უშვებს, თუ რატომ შეიძლება ვერ იტანდე ასე:
1. რომ შელაპარაკება მოგივიდათ ერთხელ;
2. რომ კორპუსის მოურავი ისაა და არა შენ;
3. რომ ეჭვი შეგაქვს მის პატიოსნებაში;
4. რომ ის კარგად ცხოვრობს, შენზე კარგად.
ხედავ? უამრავი ვერსიაა, ოღონდ არცერთი მართალი და ამიტომ, რა თქმა უნდა, ვაჟა ინსტიქტურად თავდაცვის რეაქციებს ამჟღავნებს და ისე იქცევა შენი თანდასწრებით, უფრო და უფრო მეტ საბაბს აძლევს საეჭვიანოდ შენს მიერ დეტექტივად შერაცხულ ნათელას და ყველაფრის მოკრიტიკე ბადრის, რომელიც

(კრიტიკოსი ბადრი) [2]

ნებისმიერ საკითხში ეძებს ცუდ მხარეებს და მუდამ იმის ცდაშია, რამე ხინჯი უპოვოს და მიწასთან გაასწოროს. ლაპარაკი არ უნდა, ვერ იტან ბადრის, რადგან შენც ბევრჯერ მოუთხრიხარ თავისი გესლიანი ენით და უკვე დარწმუნებულიც ხარ, რომ თუკი ვინმე ცუდს იტყვის შენზე, წამომწყები ბადრია. თავისთავად, შენის მხრივ, ცდილობ დაასწრო ბადრის და საპასუხო დარტყმებს იმით აყენებ, რომ წინასწარგანზრახული ვითომშემთხვევითობით წამოიცდენ, თითქოს ბადრის გოგოსთან შენი ნაცნობის ნაცნობის მეზობელი საეჭვოდ მი-მოიარება. ცოტა სინდისი გქეჯნის, რა თქმა უნდა, როდესაც ბადრის გოგო

ალალი ნინო [3]

კორპუსთან გაჩერებული მანქანიდან გადმოდის და მეზობლები ათასგვარ საზიზღრობებს ჩურჩულებენ მასზე, მაგრამ თავს იმით იმშვიდებ, რომ ეს თავდაცვაა, ანუ სამაგიეროს გადახდა, მაგრამ ეს ასე არაა, რადგან:
1. რაც ნინოზე გაავრცელე, მტკნარი სიცრუეა (ნაწილობრივ მაინც), იმიტომ, რომ იმ შენი ნაცნობის ნაცნობის მეზობელი იმპოტენტია და თეორიულადაც ვერ ექნებოდა სიახლოვე ნინოსთან.
2. მანქანა, ნინო სადარბაზოსთან რომ მოიყვანა, შენ წარმოიდგინე და დედამისის ბიძაშვილისაა და არა საყვარლის...
რაც შეეხება დეტექტივ ნათელას,

დეტექტივი ნათელა [4]

არ მოგწონს იმიტომ, რომ ერთხელ შენი გადაგდებული, უფრო სწორად, ლიფტში დატოვებული ნაგავი გაქექა, შენი პატარა ძმის სკოლის რვეულები იპოვა, სახლში დაგადგა, გამოგლანძღა და მერე, კრებაზეც საჯაროდ დააფიქსირა ეს შემთხვევა. რა თქმა უნდა, შენ გსურდა არ ამოექექა ის შენი ნაგავი, ან თუ ამოქექავდა, ვერ ეპოვა შენი ძმის რვეულები, ან სულაც შენ ძმას არ ჩაედო ის რვეული, ან უკიდურეს შემთხვევაში ეპოვა, მაგრამ რადგან \"შენი\" იყო, გაჩუმებულიყო, ან კარგი, ნუ გაჩუმდებოდა, მარტო შენთვის ეთქვა _ ასე და ასე მოხდა და ბოდიში, რომ გეუბნები, მაგრამ ნუ დაყრი ამის მეტს ლიფტში ნაგავსო! და რადგანაც ასე არ მოხდა, გაბრაზებულ გულზე, მავნე კოკა და ნარკომან გუგასთან ნათელას პოლიციის \"კრუხობა\" დააბრალე, ნუ დააბრალე რა, შენი ვარაუდი გამოთქვი, მაგრამ ეს ვარაუდი უკვე მტკიცებულების ტოლფასი იყო, რადგან კოკასაც და გუგასაც ჰაერივით სჭირდებოდათ ადამიანი, ვისაც თავიანთ დაჭერას დააბრალებდნენ (არა-და, ორივე მართლა შემთხვევით დაიჭირა პოლიციამ, როცა სადარბაზოში "პლანს” ეწეოდნენ). ამიტომაც

მავნე კოკა [5]

ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადაწვავს ნათელას ჯიხურს. ამას ვერასოდეს ვერავინ შეიტყობს, მაგრამ უარყოფითი ენერგია ხომ არ იკარგება ბუნებაში? ეს ერთჯერადი აქტი ნათელას ნამდვილად ვერ მოაშლევინებს დეტექტივობის სურვილს, თუმცა შეიძლება სხვა რამ ნამდვილად მოხდეს: _ შესაძლოა ის მართლაც პოლიციის "კრუხი” გახდეს და მერე კი ცუდად წაუვა შენს უბნელებს საქმე! თუმცა, ალბათ, ეს ნაკლებად გადარდებს, რადგან ისედაც ვერ იტან ვერც კოკას და ვერც ბევრ სხვას.
შენ გგონია, რადგან კოკა მავნეა, _ დებილიცაა, მაგრამ ეს ასე არაა. ის კარგად ხვდება (ყოველ შემთხვევაში მიხვდება მაინც), რომ ნათელა სულაც არ არის (იყო) \"კრუხი\" და, ბუნებრივია, მთელი მისი აგრესია შენზე გადმოვა. არა, შესაძლოა პირადად არაფერი გაკადროს, მაგრამ ხომ შეიძლება ერთ დღესაც შენი როტვეილერი მოკვდეს? ან შენ მანქანას საიდანღაც აგური დაეცეს? ან... რა ვიცი, გააჩნია კოკას ფანტაზიას...

ნარკომანი გუგა [6]

კი, შანსს არ გაუშვებს ხელიდან არ გაგინოს უბნელებთან, ბოლოს კი, ალბათ მოხდება ისეც, რომ იჩხუბებთ. მშვიდობის მტრედი, დათო, გაგაშველებთ (შიგადაშიგ წაქეზებით), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევიან ჩხუბში გულგრილი თემო, სექტანტი კოტე და ქურთი თამაზი.

გულგრილი თემო

მართლაც და გულგრილია. გულგრილი და ზე-ზედაპირული. სიმართლე რომ ვთქვათ, მას სულ ფეხებზე კიდიხართ შენც და შენთან მოჩხუბრებიც. შენ ყოველთვის გაღიზიანებდა თემოს ეს თვისება და მაგ დღეს უფრო მეტად შეგძულდება იგი. ერთი შეხედვით მართალი ხარ, რადგან ადამიანურად მარტო იქნები ჩხუბისას (მინიმუმ კოკა და ლეკო დაეხმარებიან გუგას და გჭირდება მხარდაჭერა, მაგრამ, მოდი, მეორე მხრიდან შევხედოთ ამ საკითხს: თავად შენც ყოველთვის ხუჭავ თვალს უსამართლობაზე, რომელიც უშუალოდ არ გეხება, ერთი თვის წინ, მაგალითად, ვითომ ვერ დაინახე როგორ გაასუფთავეს მეტროში შუახნის კაცი ჯიბგირებმა. ოთხი დღის წინ, არ ჩაერიე საუბარში, სადაც სექტანტი კოტე ადამიანური დამცირების ზღვარს იქეთ დაამცირეს. ორი კვირის წინ, გადაყლაპე როგორ თავხედურად ძალით კიდებდა შენს მიერ დასასვენებლად წაყვანილ მეზობელ ქალს შენი სოფლელი \"ძველი ბიჭი\" მკერდზე ხელს. მაშინ შენ უნდა ჩარეულიყავი (მითუმეტეს სტუმარს გიმცირებდნენ), რადგან ხვდებოდი, ქალი აშკარად თქვენს ოჯახს და პირადად შენ გინდობდა, ხმაურს რომ არ სტეხდა და მორჩილად არა, მაგრამ მოთმინებითა და ჩუმი წინააღმდეგობით იშორებდა უხეში მოძალადის ხელს ბარძაყებიდან.
ასე რომ, ნუ გწყდება გული თემოს გულგრილობაზე, რადგან თქვენ ერთადერთი სიტყვა გაკავშირებთ მხოლოდ _ მეზობლობა, თუმცა ეს ცოტაა.
(ძალიან ცოტა, რადგან ასევე შენი მეზობელია

სექტანტი კოტე [7]

რომელიც შენი შეცოდების გარეშეც ცოდოა და რომელსაც ყოველ შეხვედრაზე ამცირებ მზერით. რა თქმა უნდა, ვერ იტან მას იმიტომ, რომ ის სექტანტია, მაგრამ განა შენი რწმენა და რელიგია დამცირებას ქადაგებს?)
მოკლედ, იჩხუბებ. ალბათ მოგერევიან და გცემენ. [გუგა და კოკა ზედაც არ შემოგხედავენ მერე, ლეკოს კი ამის მერეც ვეღარ მოიშორებ.]

ქურთი თამაზი

კი მხოლოდ იმიტომ არ მოგწონს, რომ ქურთია... [აქ ავტორი მხრებს იჩეჩავს და შემდეგ მუხლზე გადადის].
გიმეორებ, შენი პრობლემა თავად შენშია და არც სამყაროა ისეთი ბოროტი გარეთ, როგორიც შიგნით გაქვს. ასე რომ არ იყოს, არ შეგეზიზღებოდა ამხელა ხარისხით

მცოდნე ნელი

რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაზე განათლებული თვითონ და მისი შვილები არიან. კი, შეიძლება თავი ყველაზე მცოდნე ჰგონია, მაგრამ განა შეიძლება ადამიანი ამიტომ შეიძულო? ეს იმას ჰგავს მავნე კოკას უთხრა: _ ინვალიდო, რატომ ხარ ინვალიდიო! ასეთია და რა ქნას, თავი მოიკლას, თუ პატიება გთხოვოს, რომ ცალი ფეხი მოკლე აქვს?
იცი, ადამიანი ყოველთვის ცდება, როცა რამეს სრულყოფილს უწოდებს, ამიტომ ნელი შესაძულებელი კი არა... არ არის რა, მოკლედ! არ შეიძლება ადამიანს ის ხუხულა დაუნგრიო, სადაც იმალება, უფრო სწორად კი, თუ დაუნგრევ, ბოლომდე უნდა გაუცამტვერო, რომ არაფრით დარჩეს და კარგად მი-მოიხედოს, შენ კი, შენ რას შვრები იცი? _ ხან აქედან მოუძრობ ფიცარს, ხან იქიდან და ამით უარესად აფუჭებ საქმეს. თუ, შენც თავი ყველაზე მცოდნე გგონია და... აა, მგონი ასეა, ასეა, კი! შენ წარმოიდგინე და ნებისმიერ ადამიანს ჰგონია ასე და შენ ამ ნებისმიერ მილიარდთაგან ერთ-ერთი ხარ.
ერთი კი რაც ცხადი და სასაცილოა, ესაა გიორგის დანახვისას როგორ იცვლები. ეს იმიტომ, რომ

მორწმუნე გიორგი [8]

ავტორიტეტია შენთვისაც და ბევრი სხვისთვისაც, თუმცა სადღაც გულის სიღრმეში გაგიელვებთ ხოლმე _ მაგის წარსულის მქონე ადამიანი ასე როგორ გამოსწორდებოდაო. მარხვა არა ისა, ნეტა შენა, ჭამე! ქალებს თუ არ შევხედავ, რა ჩემ ფეხებად მინდა!.. მღვდლის წვერებიც და მასთან მიმსვლელისაც!.. მაგას ის ვერ მოუნელებია... და ა.შ. ბევრჯერ ითქმის კორპუსში, ეზოშიც და ისეც, ვიწრო შეკრებებზე, მაგრამ ყველამ კარგად იცით, რომ გიორგის ერთადერთი დანაშაული შენთან (და თქვენთან) ისაა, რომ დილა-საღამოს ლოცვებს კითხულობს, თავისზე უმცროსებს ლუდის ბარში ეგზავნება, მართალიც რომაა _ თმობს, შაბათ-კვირას ეკლესიის ეზოს უსასყიდლოდ ალაგებს, უცხოური ავტომობილი ყავს (თუ მორწმუნეა, გაყიდოს და ღარიბებს დაურიგოს, აბა! _ შენი გამონათქ.), შვილი არ უჩნდება (ეგ ციხეში რომ აი, ის რა... იმის ბრალია _ სხვების გამონათქ.) და რომ რაღაცნაირი ჩაკეტილია და \"არც კარგს გეტყვის არც _ ცუდს!\"

II თავი

ჩემი მეგობრები დახოცილები ყრიან ვიტრინასთან შავი დრაკონი გადაიქცა თეთრ ცხენად ვიდეო გაფუჭდა სამას სამოცდათვრამეტი წადი შენი დედაც ჯეკ დამპალო ნაბიჭვარო ყელამდეც ქაქში ხარ სადარბაზოში ნარწყევია ვიღაცა ქალივით დიდმკერდიანი კაცი ლიფტში ფსავს რატომ ვანაგვიანებთ ეზოს მგელი და პიტბული ჩხუბობენ კირჩხიბი მკბენს მკბენს მკბენს ქალი უმაღლესი მატერიაა

_ იმ დღეს კიდევ, შენი დიდი ხათრი მაქვს ბადრი, მარა შენთან (თუ შენ გოგოსთან) რომ კაცი იყო, აი, ქალივით დიდი მკერდი რომ ჰქონდა, შიგ ლიფტში ფსავდა!
_ კარგი რა, ნათელა, შენ შენი ძაღლისათვის ვერ მიგიხედია, ყოველ დილით, კარის წინ, რომ ქაქებს მიხვედრებს!
_ იცით რა, ხალხო? ასე არაფერი გამოვა! მოდით ყველამ საკუთარი თავით დაიწყეთ!
ეზოში დგანან შენი მეზობლები და კრებობენ. მოურავი ჯერ არა ჩანს. ვაჟა პუნქტუალურია და არც დააგვიანებს და არც ადრე მივა, ამიტომ დგას სადარბაზოში საათს დასცქერის და ელოდება, როდის გადაიქცევა 15:55 _ 16:00-ად.
გულგრილი თემო ფანჯრიდან გადმოხედავს ხალხს, _ ცხვრები! _ ჩაილაპარაკებს და ტელევიზორთან შედის.
ნარკომანი გუგა ბალახს აშრობს: _ დავბოლდეთ და ვიკაიფოთ ჰა, ჩემო კოკა, ერთი რას იტყვიან, ეგ ჩემისები, არა? ჰა, ჰა!
წურბელა ლეკო თანამოაზრეებს აგროვებს, რომ კორპუსის საერთო ფულიდან ცხვრის ყიდვა მოითხოვონ.
ქურთი თამაზი ცხვირს იქექავს და ცალ ფეხს ეყრდნობა.
შენ ირონიულად იღიმი და ვითომ ეს ყველაფერი გკიდიააა!
ნინო სამსახურიდან მოდის, გზაშია!
ლევანი ჩანთით დგას და ვერ გადაუწყვეტია გაბედოს და ამოიღოს თავისი სექტის ჟურნალები და იქადაგოს, თუ არა, სანამ კრება დაიწყება.
ნიკა წვერს იპარსავს და ახალი ქალის აღსანიშნავ მელოდიას ღიღინებს.
გიორგი ეკლესიას ალაგებს.
მზე კირჩხიბის ზოდიაქოში დგას.
ჰაერის ტემპერატურა 280-ია.
დასავლეთიდან შავი ღრუბელი მოდის, წვიმას აპირებს.
ბავშვები კალათბურთს თამაშობენ.

III თავი

რას გადამეკიდა ეს 09? ტელეფონის ნომრებში ურევია. შემთხვევითობაა, ვითომ? ხელოვნურად გამოყვანილმა სიმინდებმა ბუნებრივები შეჭამეს.
ქალია და ელექტრო მკერდი აქვს. ვიღაც ბებო სავარძელში იფსავს. ჩუმად დადიან შავი კაცები, შავი ხელები აქვთ, შავად გვნომრავენ, მე სამასსამოცდათვრამეტი ვარ!

ეზო

სავსეა ნაგვით, ხალხო და არავინ ყურს არ იბერტყავთ. კრება და მიტინგი სჭირდება იმას, რომ ჩამოვიდეთ კვირაში ერთხელ და დავალაგოთ?
_ ვერ გავიგე, თამაზამ ზევიდან ყაროს ნაგავი და მე ვხვეტო? ან, შენი გოგო ჩამოვიდეს და იმან ხვეტოს, ჩემო ბადრი, სიტყვით რომ გამოდიხარ!
_ თამაზა რა შუაშია, ვის დაუნახია რო მე-ჩვენ ნაგავი გადმოგვეყარა? არ შეიძლება, იმ დღისა არ იყოს, ლიფტი თამაზას ბიჭმა გააფუჭაო და რაღაცა ეგეთები!
_ მე მომხრე ვარ ეზოდან აილაგმოს გარაჟები, ბაღები, ავტონაწილები, ბუტკა-ჯიხურები და გაკეთდეს ნორმალური სკვერი, სხვათა შორის, ევროპის...
_ რა ევროპა, რის ევროპა, ნაყიდი მაქვს მე ეს ადგილი და არაფერსაც არ ავიღებ. შენ რა, მანქანა არა გყავს და მიდიი!.. მე რა ვქნა, სადარბაზოში, კარის წინ დავიყენო მანქანა, თუ სპალნაში?
_ იმიტომაა რა, არ უნდა იყოს ქურდობა და...
_ ხალხო, ერთი რამე მინდა გითხრათ! ეზო, ისევე როგორც დანარჩენი რაღაცეები, ყველასია, ამიტომ... ეს კალათბურთის ფარი რაღა ჯანდაბაა, ვერ გავიგე?! დღე და ღამე თამაში, თამაში... მე ჩემს ძველ უბანში შუადღისით მეძინა ხოლმე, აქ კი... თქვენ რა, თქვენ ზევით სართულებზე ცხოვრობთ და მე კიდე... ბახ-ბუხ, აქედან-იქედან, შენი დედა, ჩემი დედა, იმის დედა, ყურები წაიღეს რა!
_ მართალია! იმ დღეს, უბანში რომ სვამდნენ ბიჭები, სახელს და გვარს არ დავასახელებ მარა (თვალს აპარებს კოკასკენ და გუგასკენ) ისეთ დღეში იყვნენ, ლამის...
_ ნათელ... ქალბატონო ნათელა, იცით რას გეტყვით? _ ახალგაზრდები ვართ და ეხლა გვაქვს მაგისი დრო, თორე თქვენხელა რომ გავხდებით, მერე...
_ მე რა ბებერი მნახე, ვერ გავიგე, ამას უყურე, ამ თავხედს!..
_ ქალო, იცი რას გეტყვი? _ ეს ეზო, როგორც შენია _ ისე ჩემია. მინდა ვიყვირებ, მინდა _ ვიგინებ!
_ ხო, მარა შვილო გუგა, ჩვენც ხომ უნდა გვცე პატივი?!
_ დიახ, ნელი დეიდა, მაგრამ ჩემს უბანში თუ არ შევიგინე, სხვაგან აბა სულ არ შემაგინებინებენ.
_ კარგი, ეს რაც შეეხება ეზოს, ახლა

ლიფტი:

ლიფტი, ყველას მოგეხსენებათ, როგორც გავაკეთეთ. ბევრმა ჩვენგანმა ფული არც დადო და ახლა პრეტენზიებს გამოთქვამს, რატომ ირთვება ღამეო, რატომ ფუჭდებაო, ფასიანი რატომ არისო და ასე შემდეგ. მე, ჩემო კარგებო, სულაც არ მეხალისება დილა-საღამოს ჩართვა-გამორთვა, ფულის ამოღება, ლიფტიორთან სირბილი, დენზე სირბილი და ასე შემდეგ, მაგრამ, რადგანაც საერთო საქმეა, რადგანაც ჩემ თავზე ავიღე, ვალდებულიც ვარ ბოლომდე მივიყვანო. ზოგ-ზოგიერთები ცილსაც მწამებენ, საერთო ფულიდან იპარავსო და რაღაცეები, მაგრამ ღმერთია მოწამე და... მე წინადადებას ვაყენებ, ვინმე სხვამ იტვირთოს ეს საქმე და...
ეს ერთი და რაც შეეხება თავად ლიფტს, ლიფტი, ჩვეულებრივი მექანიკაა, მანქანა და როგორც ყველა მანქანა, ისიც შეიძლება თავისით გაფუჭდეს მაგრამ სიმართლე თვალის სინათლეო, ჩვენც ვუწყობთ ხელს, კერძოდ, უკვე მერამდენე დღეა მეოთხე სართულზე იჭედება. აი, ნათელა, შენ გცოდნია ვინ ჭედავს ლიფტს და!..
ნათელა: _ დიახაც, ვიტყვი! სამი დღე ვუთვალთვალე და მაინც დავიჭირე ბოლოს. შენი შვილი იყო, ვაჟა, თემოს სტუმარი და ნელის შვილიშვილები. ერთი საათი იყვნენ ლიფტში და რომ დავადექი თავზე, რას აკეთებთ-მეთქი და გოგას ველოდებითო. კარებებსაც აწვალებდნენ და რაღაცეებიც!..
ნელი: _ მე არ ვიცი ჩემი შვილიშვილები მართლა იყვნენ თუ არა, მაგას ჯერ დაზუსტება სჭირდება...
ნათელა: _ მე არ მენდობი და ათი წლის ბავშვს ენდობი?
ნელი: _ მაგრამ ლიფტის კარებებს რომ ალუმინებს ხსნიან, ესეც ჩემი შვილიშვილები არიან? აგე თემოს დაუჭერია ფაქტზე, ვინც ხსნიდა, ჩვენი კორპუსელები ყოფილან და ჩამოვიდეს და დაასახელოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვიცოდეთ, ვინ იპარავს ალუმინებს, ვინ გვიტეხავს სარდაფებს, ვინ შარდავს სადარბაზოში და ასე შემდეგ.
ხალხი: _ თეემო! თემოო!
თემო: _ რა არის?
ხალხი: _ თემო, შენ დაგინახია ვინ მოიპარა ალუმინები იმ დღეს და... თქვი, რომ გავარკვიოთ რა!
თემო: (ხელს აიქნევს და შედის).
ხალხი:
_ ვითომ ეგ ჩვენი კორპუსელი არ იყოს, რა!
_ მეორეზე ცხოვრობს და რაში აინტერესებს ლიფტი?
_ ვაიძულოთ, რომ თქვას!
_ ადი, ერთი დაუძახე, ჩამოვიდეს, ვის აუქნია ხელი, მაგას ვიღაცა ხო არ ვგონივარ, ბიჭო?!
_ აი, აი, ასეთები ღუპავენ საქართველოს!
და ასე შემდეგ.

სადარბაზო

ნაგვით რომაა სავსე და ვიღაცეები პარკებს პირველ სართულზე რომ აყუდებენ და ვირთხები რომ მირბი-მორბიან და ნაშარდ-ნარწყევის სუნი რომ დგას, ამას რა ვუშველოთო, უთქვამთ კრებაზე.
რა ვუშველოთ და განცხადება გამოვაკრათ, ვინც ნაგავი დაყაროს, იმის დედაო, გამოუთქვამს ერთს აზრი და დაუცინიათსავით.
რიგ-რიგობით ვიყარაულოთ და ერთხელაც ვინმე როგორ არ დააგდებს და დავიჭერთო; დავიჭერთ რა, ვის დავიჭერთ ერთ-ერთი ჩვენთაგანი ყრის და საკუთარ თავს ხომ არ ჩავუსაფრდებითო; მაშინ ხომ ყველანი აქა ვართ და კაცურად, გინდაც ქალურად, თუ უბრალოდ ადამიანურად, გთხოვთ, ნუ დაყრით რა ამ ნაგავს, ისევ ჩვენ არ გვაწუხებსო? ეგ ნაგავი ისევ დაბალი სართულების დაყრილია, თორემ ვინც ზევიდან ჩამოვა და აქამდე ჩამოიტანს, ის ბარემ გადაყრის კიდეცო. ეგ რა შუაშიაო? იმ შუაშია, რომ თუ დაყრა მინდა, ზევიდან გადმოვყრი, აქ კი აღარ ჩამოვიტანო. იქნებ ბოროტი ხარო? ბოროტიც ხარ და მავნეც და ყველამ თავ-თავის ოჯახს მიხედოსო და ძლივას გაუშველებიათ.
მერე ვაჟას სარდაფის საკითხი დაუყენებია:

სარდაფი

წყლით ივსება, ხალხო! რა გვინდა, საძირკველი დაგვილპეს და წაგვექცეს ეს კორპუსი?
_ ”ვაი, რა ბოძი წაგვექცა, სახლ-კარი თავზე დაგვექცა” _ შეაშველა ნელიმ.
_ ჰო, დღეს შაბათია, ხვალ კვირა, ზეგ წავიდეთ ერთი ხუთი-ექვსი კაცი წყალკანალში, მოვიყვანოთ მუშები და ბოლო-ბოლო გავარკვიოთ საიდან დგება ამდენი წყალი.
_ წიგნები მქონდა, ხალხო, იმდენი წიგნები, სულ წყალმა დამილპო.
_ შე კაცო, პადვალში წიგნებს რა უნდა?
_ სახლში ვეღარ ვატევდი.
_ აა!
_ ჰო-და, იქნებ მოვუხერხოთ რამე?!
_ ვაჟა, რად უნდა მაგ საქმეს ხუთი-ექვსი კაცის წასვლა, წავიდეს ერთი და ის შეუთანხმდეს.
_ შენ წადი მაშინ!
_ მე ვმუშაობ!
_ რას ჰქვია მუშაობ? ჩვენც ვმუშაობთ! მოკლედ, სარდაფის საკითხიც გადაწყდა; დარჩა

სახურავი,

რომელიც რატომღაც ყველას არ მიაჩნია თავისად.
_ რა წაიღეთ ტვინი ამ სახურავით, მე სულაც არ მეხება მაგის გაკეთება, ადგეს და ბოლო სართულმა გააკეთოს.
_ აბა ვის ეხება, ვერ გავიგე? მაშინ გამოუშვებს ის ბოლო სართული წყალს და ნელ-ნელა ჩამოაღწევს შენამდეც.
_ ეგ-ღა მაკლია რემონტი გამიფუჭონ, გავაკეთებინებ თავიდან!
_ რანაირად ლაპარაკობ, ნელი? თავი შეგნებულ და განათლებულ ადამიანად მოგაქვს და რეებს ამბობ, ჰა?
_ თქვენ ცოტა სიტყვები მოზომეთ და უმჯობესია სხვისი ნაგვები ქექეთ!
_ მართალს გეუბნება, ქალო, მაშინ მოხსენი ის შენი ანტენა და დაიყენე სახლში!
_ სახლში არ აჩვენებს!
_ აი, დარდი!
_ ხალხო, საჩხუბარი რა არის, დაველოდოთ არჩევნებს და გააკეთებენ.
_ ვინ გაგიკეთებთ, ნეტაი თქვენ, რა!
_ მოკლედ, გადაწყდა. დარჩა

ბავშვები.

ბავშვები თქვენია, ხალხო! რაღაცა მოუხერხეთ ამ ბავშვებს, რაც ფუჭდება, ყველაფერი მაგათი ბრალია.
გუგა: "_ ყველაზე მეტს ახლა ის იყვირებს, ვისიც აფუჭებს!”
ვაჟა: "_ ბავშვები კარგია, მაგრამ წესრიგი ხომ არ უნდა დაირღვეს?”
ნინო (შემოესწრო): "_ ბავშვები! ოღონდ ეგენი იყვნენ და გააფუჭონ, რას გააფუჭებენ ისეთს?”
ნელი: "_ ჩემი შვილიშვილები არაფერ შუაში არიან, აგე, ნათელასი აფუჭებს და!..”
ნათელა: ”_ ერთი უნდა დავუდარაჯდე, ოღონდ წავასწრო მაგის შვილიშვილებს და მერე რაღას იტყვის, ეს გაბღენძილი, ყურებით რომ ავუთრევ იმ გადარეულებს!”
თემო: (არაფერს არ ფიქრობს, ტელევიზორს უყურებს!)
კოტე: "_ ბავშვების აღზრდაზე რა ლიტერატურა მაქვს?”
ნიკა: "_ ისე, ნინოს, მომენტ, არა უშავს. ნეტა, მართალია რასაც მაგაზე ამბობენ?”
კოკა: "_ ბავშვები იყო, ბადრის ნაცნობი ლიფტში რომ ფსავდა? მეც ეგრე მაბრალებდნენ ყველაფერს, ეს ახვრები!”
გიორგი (შემოესწრო): "_ გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ, მოვიდნენ, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი! მათე 19, თუ 20, თუ 18? ერთი ვნახავ სახლში!”
ბადრი: "_ ეხლა ყველა სხვის შვილზე დაიწყებს მსჯელობას; საკუთარ თვალში გვირაბს ვერ ამჩნევს ვერავინ.”
თამაზი: "_ ამ ჩემს შვილებს არც ცემა შველით, არც მოფერება, რო გამლანძღონ, აკი ვარ ღირსი?!”
ლეკო: "_ სანამ დაიშლებიან ცხვარზე ჩამოვაგდო ბაზარი, თორემ ესენი არც იფიქრებენ!”
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
იწერება სამოქმედო

გეგმა:

1: ეზო დასუფთავდეს ჩვენი ძალებით;
2: ლიფტი მოწესრიგდეს;
3: სადარბაზოდან ნაგვის გატანა 7 ლარი;
4: სადარბაზო 50 ლარი;
5: სახურავზე სექტემბერს დაველოდოთ და თუ არ გააკეთეს, მერე დავიწყოთ ნელ-ნელა!
მერე მიდის მსჯელობა სახელმწიფო წყობაზე, მთავრობაზე და როცა ლეკო ცხვარზე ჩამოაგდებს სიტყვას, კაცებს გამოცოცხლება ეტყობათ, მაგრამ წვიმის წვეთი ეცემა ერთ-ერთს. ჯერ ზევიდან გადმოფურთხებული ჰგონიათ და გინების ატეხვას აპირებენ, მაგრამ მერე უცბად დაუშვებს და დაუშვებს და ყველანი სადარბაზოსკენ გარბიან თავქუდმოგლეჯილები!

IV თავი

კლავიატურაზე ვაზები აწყვია. ნახატზე ტალახიანი თითების ანაბეჭდებია. სველი ხალხი წყლით მშრალდება. თოჯინები და ჯარისკაცები ომობანას თამაშობენ. სტრავინსკი უცხოპლანეტელებს იცნობდაო. რაც უფრო ცხელა, მით უფრო გრილა. მომავალი ქალები საქალწულე აპკის გარეშე დაიბადებიანო. თურმე ის უდედოდ უნდა იშვას. ვენტილატორს ვერ იტანენ ძაღლები. სერაფიმი ცოცხლდებაო და ცამეტივე ცოცხლები დადიან, მიდიან, მოდიან! ყველაზე პრესტიჟული მზეზე ცხოვრება ყოფილა. სულ თორმეტი პლანეტაა, მაგრამ ჯერ არ იციან!



[P.შ. _ ის მაგივრად გეტყვი, აგერ წუხელის ყურმოკრულ რაღაცას:
თურმე მეორედ მოსვლა, დედამიწაზე არ იქნება მანამ, სანამ თუნდაც ერთი ცოდვილი, ანუ უსიყვარულო ადამიანი დადის. იძულებით ხომ ეს არ ხდება და ჩვენი ნებით, ჩვენვე უნდა გამოვსწორდეთ რა! ჰო-და, მე კარგი ვარ, მე მიყვარს, ესენი კარგები არიან, მათ უყვართ, ისინიც კარგები არიან, მათაც უყვართ, დარჩი შენ, შენ-ღა დარჩი შენი სუროგატული სიყვარულით, შენი შეფასებებით, შენი სიყალბით. წარმოგიდგენია, შენც და... სამოთხეა აქ, ჩვენთან! იცი, თუ არა, რომ მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე, თურმე მზადაა ერთი ცოდვილის გამოც კი ხელახლა ეცვას ჯვარს და ეწამოს, წარმოგიდგენია, წარმოგიდგენია? შენ, შენ-ღა დარჩი ის ერთი ცოდვილი.
ეცადე რა რამეს ჩვენთვის!


მოკლე დანართი: _ ყოველგვარი განკითხვის გარეშე ვადასტურებ (გინდაც ვამოწმებ), რომ ზემოთდაწერილი ნაწარმები წარმოადგენს ფარისევლობის შესანიშნავ ნიმუშს, რადგან მე, როგორც ავტორი, თამამად ვდგები თავდებში, რომ ზემორეშეთხზული სხვა არფერია, თუ არა სიტყვების რახა-რუხი. გირჩევთ, თავად წარმოიდგინოთ ნაწარმოების ავტორის თვითკმაყოფილი, მენტორული სახე და გაიცინოთ!]




შენ, ანუ შენი გამოკვლევა მეზობელთგამოკვლევის საფუძველზე
[დამატებები]

ვაჟა [1]

როდესაც წითელი ყელსახვევი მისცეს, მასზე ბედნიერი არავინ იყო. ასწავლეს, რომ ღმერთი არ არსებობს და ეკლესია მხოლოდ ისტორიული ძეგლია.
დაბადებიდანვე ჩაუნერგეს ბელადის შიში და მეორის სიყვარული. უყვარდა წესრიგი და ქრთამის აღებისათვის შვილსაც კი დაასმენდა. იყო პატიოსანი იმიტომ, რომ არ იცოდა როგორ ყოფილიყო უპატიოსნო. მას ეგონა, რომ ყოველთვის იცხოვრებდა ისე, როგორც ცხოვრობდა, უფრო სწორად კი, მას არაფერი ეგონა, რადგან ამაზე არც ფიქრობდა. პირველი იმედგაცრუება, თუ შიში იგრძნო მაშინ, როდესაც შეამჩნია, რომ მისი საფოსტო ყუთიდან გაზეთებს იპარავდნენ. კაცმა არ იცის რა უფრო რთული იყო მისთვის _ წყობილების დანგრევა, თუ იმის გაცნობიერება, რომ შესაძლოა უსუსურად დარჩენილიყო დღევანდელობასთან, მაგრამ ფაქტია, რომ თანდათან, ფეხი აუწყო ახალ ცხოვრებას და თუმცა ჯერაც კი ვერ ბედავდა ელექტროენერგიის მოპარვას და გადმოყოლებულ ხურდასაც აბრუნებდა, მაინც აღარ ეშინოდა, რადგან მიხვდა, რომ გადარჩენის გამო, შესაძლოა ქარხნის მთავარი ინჟინრობიდან, ასე საძულველ ვაჭრობაშიც შეედგა ფეხი.
ყოველთვის აოცებდნენ ის ადამიანები, პირჯვრის წერით რომ იკლავდნენ თავს. პირველი გათახსირებულები ეგენი არიანო, ფიქრობდა მამაოებზე, თუმცა, ხანდახან, რცხვენოდა კიდეც საკუთარი უსაფუძვლო აგრესიის, მაგრამ, მერე, თავს გამართლებას მაინც უპოვიდა და ცარიზმის პირველი ჯაშუშები ეგენი იყვნენო, ამბობდა და მშვიდდებოდა.
ერიდებოდა ყოველგვარ კონფლიქტს, რაც ხშირად მშიშრობად კვალიფიცირდებოდა, თუმცა შეიძლება ასეც იყო, რადგან ვაჟას თქმით: "რითი განსხვავდება მორწმუნე ურწმუნოსაგან და ჯერ ერთი, აზროვნების სტილით. პირველი მიმნდობია, სუსტია და დასაყრდენს რწმენაში პოულობს, მეორე ძლიერია, კრიტიკულად უდგება ყველაფერს და დასაყრდენს საკუთარ თავში ეძიებს. რწმენა, ერთი მხრივ, კარგია, ცუდს არაფერს აკეთებს, ხალხი ცდილობს პატიოსნად იცხოვროს (რა თქმა უნდა ასე არავინ აკეთებს, მაგრამ ცდაც კარგია!), ეს კი, ჩემნაირებისათვის მისწრაფებაა, რადგან აღარ დამჭირდება მანქანის ავტოსადგომზე დაყენება, ეს გათახსირებული პარლამენტარებიც აღარ შეჭამენ ამ ხალხის ფულს და საერთოდ, ცოტა ავეწყობოდით; არა, რწმენა უდავოდ გამოსადეგარია! ცოტა მეტი ძალა რომ ჰქონოდა... მაგრამ შევხედოთ ყველაფერს მეორეს მხრივ: _ იმ მცნებებს არავინ იცავს, სამაგიეროდ, ხალხი მოიწამლა რწმენით. ეხლა მე სერიოზულად მეშინია ყოველგვარი დაძაბულობის, ომების, კონფლიქტების, რადგან სიცოცხლე უზომოდ მიყვარს. მირჩევნია დავთმო რამე, ვიდრე მოვკვდე. ყოველგვარ დაძაბულ სიტუაციაში სიკვდილის საშიშროება მინიმუმ 70%-ია, ეს კი ბევრია, ბევრი. ჰო-და, რას ვამბობდი, ის მორწმუნე ადამიანი, აი, ვთქვათ, გიორგი, ჩვენი მეზობელი, ფანატიკოსია უკვე. მას სიკვდილის კი ეშინია, მაგრამ არა ისე ძლიერ, როგორც მე. მე ვიცი, რომ ჩემს სიკვდილთან ერთად, ჩემი ყოველგვარი არსებობა დამთავრდება. დამაყრიან მიწას და სადღაც მესამე თაობის შემდეგ, ზევიდან ვინმეს დამასაფლავებენ. მე ეს ვიცი და ვცდილობ ვერიდო საშარო სიტუაციებს. არ ვიპარავ, რადგან დამიჭერენ და ციხეში საშიშია. ბოროტს არავის ვუკეთებ, რადგან შეიძლება სამაგიერო გადამიხადონ, ის კი, მორწმუნე, ისე შეეტაკება ვინმეს, ისე მოიპარავს, ისე გაამწარებს სხვას, გულშიაც კი არ გაუვლებს სიკვდილის შიში. არა, კი ეშინია, ოღონდ ღმერთის, რომელიც იცის, რომ (მათი რწმენით) მოწყალეა, თანაც, როცა მოკვდება, სამოთხეში თუ არა, ჯოჯოხეთში ხომ მაინც გააგრძელებს ცხოვრებას? მერე რა, რომ იტანჯები, ხომ ცხოვრობ, რაც მთავარია? მე რა, ეგრე არ ვიტანჯები აქვე?”

შემთხვევა ვაჟას ცხოვრებიდან:

ცამეტი წლის ვაჟას გულზე დაკიდებული ჯვარი დაუნახა თანაკლასელმა და დამრიგებელთან დააბეზღა. ვაჟა ჩაიყვანეს დირექტორის კაბინეტში და ჰკითხეს რატომ ატარებდა ჯვარს. ვაჟა ელოდა რომ გაუწყრებოდნენ, გაგდებით დაემუქრებოდნენ, ან რაღაც ამგვარი და თავის შესაცოდებლად მოემზადა, მაგრამ დირექტორმა ფრთხილად მოუსინჯა ჯვარი, მერე ფრთხილადვე გააქანავა და თითით, ზედ გულის მხარეს გააჩერა. ვაჟა შეშინებული უყურებდა დირექტორსაც და ზიზღით მოცქერალ მასწავლებელსაც.
_ შენ არავინ დაგსჯის, არავინ გაგრიცხავს პიონერთა რიგებიდან, მაგრამ იცოდე: _ შენ ღირსი არა ხარ მაგ ყელსახვევის და დიდი ბელადიც ნამდვილაც არ იამაყებდა შენით. ადი კლასში და სწავლა გააგრძელე! _ დირექტორი მშვიდად ლაპარაკობდა.
ვაჟა აჭარხლებული გამოვარდა გარეთ, იქვე კაბინეტის კართან მოიგლიჯა ჯვარი, ძირს დააგდო და ფეხებით შედგა. იმ წუთას, ისეთ ზიზღს და შიშს განიცდიდა, გული ერეოდა. ზიზღით, ის ჯვარცმული ეზიზღებოდა, ბებიის ოთახში რომ ეკიდა, შიშით კი იმის ეშინოდა, შემოსასვლელის კედლიდან ულვაშებში რომ იღიმოდა. მერე დაშიშჩემდა სიზმრად ულვაშებიანის ხილვა, რომელიც ყოველთვის ზურგს აქცევდა.
და გახდა საუკეთესო პარტიული მუშაკი, საუკეთესო ინჟინერი, საუკეთესო ამხანაგი, რომელიც ტყუილს არ ამბობდა.
ერთხელ კი, სოხუმის პარკში, მერხზე, საფულე იპოვა. სურდა ამოეღო ფული და უხმოდ წასულიყო, მაგრამ ვერ გაბედა. არავინ უყურებდა, მარტო იყო, მაგრამ ვერ გაბედა, იწრიალა, იწრიალა, უკან დადო და იქაურობას გაეცალა.
ბადრი [2]

შენ, რა თქმა უნდა, უარყოფითი აზრი გაქვს ჩემზე შექმნილი, რადგან ამ ნოველის დამწერმა, დასაწყისში, ცოტა არ იყოს ორაზროვნად დამახასიათა, მაგრამ დამიჯერე, მთლად ისეთი არა ვარ, როგორიც გგონივარ.
ალბათ უდავოა, რომ მწერალი ყოველთვის ცდილობს ფაქტები დაამძიმოს და თავისი მხატრული ხერხებით ისე შეალამაზოს, რომ მკითხველი დააინტერესოს. ჩემს შემთხვევაში, სწორედ ასეთ რამესთან გვაქვს საქმე.
მე არ ვაკრიტიკებ ზემხას, რადგან მისი მოვალეობაა წეროს და რათა წეროს, აუცილებელიცაა პროტოტიპი იპოვნოს, მაგრამ თუ ადამიანურად გამიგებ, გეტყვი, რომ სადღაც გულის სიღრმეში არ მესიამოვნა, როცა ჩემზე დაწერა თითქოს ნებისმიერი ბინძური ჭორების გამავრცელებელი (და მეტიც _ შემთხზველი) ვიყო. ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე და არა იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ვლაპარაკობ, მაგრამ მართალი ვარ. იმაში აბსოლუტურად ვეთანხმები ზემხას, რომ ბუნებით კრიტიკოსი, ცუდ რაღაცეებს უფრო ვამჩნევ, მაგრამ განა მე ვამაყობ ამ თვისებით? სამაგიეროდ, განა ის დასაფასებელი არაა, მუდამ სიმართლის მხარეს რომ ვიჭერ? დიახ, სიმართლე მიყვარს და ამიტომაც არ დაგიმალავ და გეტყვი, რომ თუკი ვინმეს ვაკრიტიკებ, სიმორცხვით მომდის. შენ შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ მე მართლა მორცხვი ვარ. დღემდე არ შემიძლია საერთო აბანოში წასვლა, არ შემიძლია ქალს კომპლიმენტი ვუთხრა, ან სულაც ვწითლდები, როცა მაქებენ. შენ წარმოდგენა არა გაქვს, რაოდენ რთულია ახლა ჩემთვის ყოველივე ამის აღიარება, მაგრამ რაკი სიმართლე დავიწყეთ...
არ ვიცი რატომ გავიზარდე ასეთი, იქნებ იმიტომ რომ მშობლები მაშინებდნენ ხალხის აზრით?! ან იქნებ უბრალოდ ეს ჩემი ბუნებაა?
გესლიანი ენა მაქვს, მაგრამ როგორ აგიხსნა, რომ ეს გესლიც მხოლოდ-და-მხოლოდ იმის შედეგია, რომ ცოლის სიკვდილის მერე, მთელი რვა წელია სიახლოვე არ მქონია არც ერთ ქალთან, თუმცა არა, ვტყუივარ _ მანამდეც ყოველთვის ვიცოდი მწარე ლაპარაკი... მაგრამ... აწი შევცვლი ვითომ რამეს?
მაგრამ, მე ისევ იმაზე მეფიქრება, რატომ დაწერა ჩემზე ასეთი რაღაც, ნუთუ ასეთად ვჩანვარ? ნუთუ ასეთი ბოროტი ვგონივარ სხვებსაც? იცი, ხან ვცდილობ აღარც ვიდარდო, რაც არის _ არის-მეთქი, ვთქვა და დავრჩე ისეთად, როგორიც ვარ, მაგრამ შენი აზრი... შენი აზრი ჩემთვის სულ ერთი არ არის. ამიტომ გთხოვ, თუ შეგიძლია, ნუ შემხედავ, როგორც მხოლოდ პერსონაჟს და ნურც მხოლოდ ერთი კუთხით. იქნებ შენ მაინც დაინახო ჩემში რამე ისეთი კარგი, რაც მე თვითონაც არ ვიცი და იქნებ ამან იმოქმედოს, თუმცა რას გთხოვ, როცა თვითონ ვერ ვხედავ ამ კარგს ვერც სხვაში და ვერც საკუთარ თავში, მაგრამ...
ხანდახან მძულს ეს სამყარო, მძულხართ ყველა, მძულს საკუთარი თავი _ რატომ არა გვაქვს ერთმანეთის სიყვარული, რატომ?
ნეტავი ეს ქვეყანა ისე იყოს მოწყობილი, რომ არავინ არავის აკრიტიკებდეს, პირიქით _ ამხნევებდეს და არც ერთმანეთის ცუდი უხაროდეთ...
თუმცა შენ რას გერჩი, არა?


ნინო [3]

ყვავილებს წყალი დაუსხა და ტელევიზორი ჩართო. გვერდით ოთახიდან მამამისმა დაუძახა გამორთეო და გამორთო. მერე ფანჯარასთან დაჯდა და რაფაზე დადგმულ ვარცლში ხელები ჩაჰყო. სიამოვნებდა ხოლმე მზის წყლიდან შეგრძნება და რაღაცნაირად ითენთებოდა.
დიდხანს ვერ იყო ასე. ადგა და სარკეში ყურება დაიწყო. სულ სურდა თავი ერთხელ მინც მოსწონებოდა, მაგრამ არ შეეძლო. მერე გვერდით ოთახში გავიდა და მამას ჰკითხა: _ მამა, ლამაზი ვარ?
მამამ გაზეთი დაკეცა, სათვალის ზევიდან შეხედა და ჩაიბურტყუნა: _ ყველაფერი ფარდობითია, ძვირფასო!
ნინო შებრუნდა და კვლავ სარკეს დაუდგა. ორი დღეა გიაზე ფიქრობს: _ "ნეტავი ხომ არ შევზიზღდი? რატომ არ მირეკავს? ის ქალი როგორ არის?”
ორი დღის წინ, პაემანზე მიდიოდა გიასთან. გზაში გამვლელი მოხუცი ქალი გახდა ცუდად და ტალახში დაეცა. არავინ მიეკარა, ტალახს ერიდებოდნენ და ისევ ნინო მივარდა, თავი მუხლზე დაადებინა და მოასულიერა. ქალს გული აერია და კაბა დაუსვარა ნინოს, მერე კი ვიღაცის გამოძახებულ სასწრაფოს მიაბარა და გამოეცალა. სულ ტალახში და ნარწყევში იყო ამოგანგლული და ლამის თავადაც გული აერია. იდგა შუა გზაში და ვერ გადაეწყვიტა სად წასულიყო; სახლში რომ მიბრუნებულიყო და გამოეცვალა, გიასთან ძალიან დააგვიანდებოდა. შეიძლება, გია ისეთი კაცი ყოფილიყო, ასეთ რაღაცეებს რომ ვერე იტანენ და შეიძლება ნინოსთან კონტაქტი გაეწყვიტა. ამის გაფიქრებამ შეაშინა ქალი და გადაწყვიტა ასევე წასულიყო, ასეთივე მოთხვრილი. ავუხსნი და თუ გაიგებს, ხომ გაიგებს, თუ არა-და მე გავიგებ ჩემი შესაფერისია, თუ არაო და წავიდა.
გია არ მოვიდა და ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი ნინომ, არ მოვიდა, თუ შორიდან დამინახა, შევზიზღდი და უკან გაბრუნდაო.
ორი დღეა შინიდან არ გასულა, ზის და ვერც კითხულობს, ვერც საქმეს აკეთებს, გია არ რეკავს და თვითონ კი ნომერი არ იცის. სამაგიეროდ, უკვე მერამდენედ დარეკა ელენეს ძმამ. ნინომ სთხოვა ცუდად ვარ და ვერ მოვალო, მაგრამ ელენეს ძმამ იტირა, თავი შეაცოდა, დაემუქრა ძილის წამალს დავლევო და ახლა იძულებულია ჩაიცვას და მიაკითხოს.
ელენეს ძმა ინვალიდია, არ ვიცი რა ჰქვია მაგ დაავადებას _ ტანი ერთი წლის ბავშვის დარჩა, გაეზარდა მხოლოდ თავი. ერთი ხანობა, ძალიან აგრესიული იყო, ყვიროდა და რომ შეძლებოდა, დაამტვრევდა კიდეც რამეს, მაგრამ ნინოს მეშვეობით დაწყნარდა.
ნინო ყოველ დღე გადადის ელენესთან და სადარბაზოს აივანზე, სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გამოყვანილ, ეტლში მჯდარ ბიჭს ეფერება. ბიჭი ინაბება ხოლმე და აღარ ყვირის. ელენე ხვდება თავისი ძმის დაწყნარების მიზეზს, რადგან ერთხელ შორიდან დაინახა, როგორ ეფერებოდა ნინო მის ძმას. ნინომაც დაინახა, ელენემ რომ დაინახა და ამიტომაც, ახლა ელენე ქვეცნობიერი უპირატესობით ამცირებს ნინოს, რომელიც ქვეცნობიერი დარცხვინებით იმცირებს თავს.
ნინო ყოველ დღე გადაწყვეტს ხოლმე აღარ იაროს ელენეს ძმასთან მოსაფერებლად, მაგრამ როგორც კი ბიჭი დაურეკავს და თავს შეაცოდებს, ან თვითმკვლელობით დაემუქრება, გადადის.
ნინო ჯერ ვერ ხვდება თავის სიალალეს, მაგრამ გუმანობს, რომ ეს შეიძლება არცთუ ისე კარგ საქციელად აღიქვან, ამიტომ ცდილობს აღარ გაამართლოს თავისი უარის თქმის უუნარობა ზოდიაქოს ნიშნის გავლენით და ცდილობს ისწავლოს გაბრაზებაც. ის, ვითომ პურის ქარხანაში მუშაობს (სადაც დედამისის ბიძაშვილმა უშოვა ადგილი), სინამდვილეში კი, ვიღაც გავლენიან პირებს (მათ შორის ვიღაც ღარიბ მწერალს) საღამოობით ფეხებს ბანს (მწერალს უსასყიდლოდ). რა თქმა უნდა, პურის ქარხანაში მუშაობა სჯობს ფეხების ბანვას, მაგრამ თავისი ადგილი ერთ მრავალშვილიან დედას დაუთმო.
ერთი ხანობა, დედამისის ბიძაშვილს მოჰყავდა მანქანით კორპუსთან და კორპუსელები ათასგვარ ჭორს უვრცელებდნენ: _ ხან სუტენიორიაო, ხან საყვარელიაო და ხან ორივეო, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, ნინო არც ცდილობდა თავის გამართლებას, თითქოს სიამოვნებს როდესაც მასზე ჭორაობენო. ვინ აღარ იბრალებდა ნინოს საყვარლობას და ეს უკანასკნელიც, იფერებდა გარყვნილი ქალის სახელს მაშინ, როდესაც ჯერაც ქალიშვილი იყო.
მამამისი ვერ იტანდა ვერავის, ვინც კი ნინოსთან მოდიოდა, რადგან ყველაში რაღაცა ნაკლს ხედავდა და ყველას პოტენციურ ჭორიკანად მიიჩნევდა, ყველას, გარდა ერთისა, რომელიც რატომღაც თავიდანვე განსაკუთრებით მოეწონა და აიკვიატა _ თუ გათხოვდები, გიგას გაყევიო.
გიგა მამა აბრამის ბატკანივით იქცეოდა ბადრის თანდასწრებით, ხოლო როცა მარტო რჩებოდნენ ნინოს ჩქმეტავდა, ჩქმეტავდა და მეტი არაფერი, რადგან ერთხელ, როცა ნინომ გადაწყვიტა მამის ხათრით ჯერ დანებებოდა, ხოლო შემდეგ მისთხოვებოდა გიგას, ამ უკანასკნელმა სასტიკი უარი განაცხადა. თავიდან, მიყვარხარ და არ მსურს შენი გრძნობები შეურაცხვყო ისეთი მდაბალი ურთიერთობით, როგორიც სექსიაო, მერე, როცა ნინომ დაიჟინა: _ არ შეურაცხმყოფ, მეც მინდაო, აიჩემა _ ქორწილამდე მოვითმინოთო და ასე შემდეგ და რაკი მიხვდა, რომ ნინოც მიხვდა მისი უარის თქმის ჭეშმარიტ მიზეზს, დაიბოღმა და ათასგვარი სიბინძურეების გავრცელება დაიწყო. ყვებოდა არარსებულ ურთიერთობებს, რომლებიც ვითომდა ქალთან ჰქონდა და ყვებოდა საკუთარ ძალაზე, რითაც ”მრავალნახული” ნინო გააოცა. თავის მხრივ კი, ნინოს უყვებოდა რაღაც შეთხზულ ისტორიებს, რომლებიც გუშინ ერთ და დღეს მეორე ქალთან ჰქონდა. ნინო გაკვირვებით ეკითხებოდა: _ თუ გიყვარვარ, ეგეთ რაღაცეებს რატომ მიყვებიო, ან სულაც არაფერს ეკითხებოდა და თავდახრილი უსმენდა. გიგა ხვდებოდა თავისი სიტყვების ამაოებას და იმასაც, რომ ქალი არ იჯერებდა მის ფანტაზიებს და გამწარებული, მოფერების დროს, ვითომ სიყვარულით, ჩქმეტავდა. ნინო ითმენდა ამ ტკივილს და იმასაც, რომ იმპოტენტი კაცის საყვარლად ითვლებოდა. ერთხელ კი, მოულოდნელად, სულაც იძულებული გახდა ტყუილი ეთქვა, რითაც სათაყვანო მამას უზარმაზარი ტკივილი მიაყენა, მაგრამ ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ უარესად არ ტკენოდა კაცს გული.
საქმე რაში იყო და:
გიგა მოულოდნელად შეიცვალა და აღარ აკითხავდა. ნინო ხვდებოდა რაღაც რომ მზადდებოდა, მაგრამ რა, ამას კი _ ვერა. და ერთ დღესაც, როცა მორიგი ცრუსიახლოვე უნდა ჰქონოდათ, გიგამ უთხრა _ უნდა დაგშორდე მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარხარო. თურმე სიყვარულის ეს თავისებური გამოხატულება იმით აიხსნებოდა, რომ გიგას ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს ექიმებმა და რომ არ უნდა თავისი უდროო სიკვდილით გული მოუკლას საყვარელ ადამიანს. ნინო ჯერ უმტკიცებდა, ტყუილია ეგ დასკვნა, რა სიმსივნე უნდა გჭირდესო, მერე ჯანდაბას, გჭირდეს, სანამ იქნები, ჩემს გვერდით იყავიო, მერე კი, რაკი მიხვდა, რომ გიგა სულ უფრო აგრესიული და საცოდავი ხდებოდა, ნება მისცა მისგან წასულიყო.
ბადრიმ, ცოტა არ იყოს, გვიან შენიშნა მათი დაშორება და უნდა ითქვას, მძიმედ განიცადა; გრძნობდა, რომ მისი შვილი არ იყო ამ განშორების არც მიზეზი, არც მოთავე და არც მტყუანი მხარე და ეს უფრო უკლავდა გულს, რადგან ადამიანების მისეული შეფასების უნარი ცუდი, ხოლო მისი სანაქებო კრიტიკული თვალი და დაკვირვებულობა _ ქიმერა აღმოჩნდა. ნინოც გრძნობდა, თუ რას განიცდიდა მამამისი და ამიტომაც და მხოლოდ ამიტომ იცრუა _ გიგა მართალია, ჩემი ბრალია რომ დავშორდით, რადგან ერთი პატიების მიუხედავად, მეორედაც ვუღალატეო. ბადრი ისე გაოგნდა, ვეღარც გაბრაზდა, ნინომ კი იტირა, მაგრამ თავიანთ ოთახებში დაბრუნებულები, ორივენი კმაყოფილები იყვნენ სადღაც გულის კუნჭულის რომელიღაც კუნჭულში. ბადრი საკუთარი ანალიზისა და შეფასების ასპროცენტიანობის დადასტურებით, ნინო დამდასტურებლად ყოფნით.
მერე კი გამოჩნდა გია, რომელიც მართლა გამოჩნდა და რომელიც სიახლოვის შიშს ავიწყებინებდა ნინოს. გია წმინდა სისხლის ინტელექტუალი იყო, ისეთი, როგორიც მამამისს აუცილებლად მოეწონებოდა. ნინო ვერ ტყდებოდა, თორემ გია უყვარდა უკვე, მიუხედავად იმისა, მოუვიდოდა თუ არა ის ბადრის თვალში. ოღონდ, ახლა მთავარი იყო, გიას არ შეზიზღებოდა იგი (თუკი საბოლოოდ დაინახა მაინც ასეთი _ ტალახში ამოგანგლული და ვიღაც ბებრის ნარწყევში ამოთხვრილი) და დაერეკა, დაერეკა და...
აშკარად გამტყდარი იყო ნინო და ახლა ისეთი უღონოც, გიას ხმა რომ გაეგო, ელენეს ძმასთან აღარ წავიდოდა და უკვე სულ ერთი იქნებოდა, მართლა მოიკლავდა თუ არა ბიჭი თავს, მაგრამ...
მერე ელენე თვითონ გადმოვიდა და შორისდებულებითA და ენის ბორძიკით სთხოვა ნინოს ჩვენთან გადმოდიო. სინამდვილეში, ორივემ იცოდა ეს ჩვენთან _ "ჩემს ძმასთან”-ს რომ ნიშნავდა, მაგრამ ნინოს აზრადაც არ მოსვლია ქვეცნობიერი უპირატესობით დაემცირებინა ელენე, რომელიც რატომღაც ქვეცნობიერი დარცხვინებით ხრიდა თავს.
და ისინი ელოდნენ ლიფტს და რატომღაც პირველად ნანობდა ნინო იმ სიამაყეს, რომელსაც მასზე გავრცელებული ჭორები ჰგვრიდნენ აქამდე. ვაი და გიამ მათ ყურადღება მიაქციოს და მართლა დაიჯეროს და პირველ ღამეს, ქალიშვილი რომ ვიქნები, სხვანაირად იფიქროს, ვითომ მე...

შენ კი ხვდები ნინოს ლიფტში, აათვალიერ-ჩაათვალიერებ და ბრაზდები ჯერ საკუთარ თავზე, რომ ვერ გაგიბედია ამ ”ბოზ-ქალას” სიახლოვე შესთავაზო, მერე კი ნინოზე, რომ ასეთი ”ბოზ-ქალაა” და შენ საბაბსაც კი არ გაძლევს, რომ სიახლოვე შესთავაზო და გესლად ქცეული, მოგვიანებით ესალმები:
_ როგორა ხარ, ალალო ქალბატონო?
ის ხვდება შენს ქვე-ტექსტს და სევდიანად გიღიმის და თავდახრილი გარბის ლიფტიდან, შენ კი ამაყად დამცირებული ფეხს ითრევ...


ნათელა [4]

1: როგორ დაარქვეს ნათელას ნათელა:

ერთ ჩვეულებრივ სოფელში, ჩვეულებრივ სახლში, ჩვეულებრივ 1955 წლის 8 მაისს დაიბადა ჩვეულებრივი ბავშვი, სიგრძით 47 სმ, 3 კგ და 100 გრ. მამა არ იყო სახლში, თუმცა, სახლში არც არავინ იყო და რადგან დედისათვის ეს მეშვიდე შვილი იყო, ქალს მაინცა-და-მაინც არც გასჭირვებია მშობიარობა. როდესაც მამა შინ დაბრუნდა, ცოლმა სიამაყით უჩვენა ნანატრი გოგო. კაცმა ჩვეულებისამებრ ივახშმა ლობიოთი, მწნილით და პრასით, ჩვეულებრივზე სამი ჭიქით მეტი დალია, ბავშვს (ცხონებული ბებიამისის) სახელი ნათელა დაარქვა და დაიძინა.
მამა ჩუმი კაცი იყო, დღე-და-ღამე მუშაობდა და სოფელში უჟმურის რეპუტაციით სარგებლობდა. ექვსი ბიჭიდან, ცოცხალი სამი დაურჩა. ერთი რუსეთში წავიდა ჯარში და იქვე დასახლდა. დანარჩენი ორი მამასთან ერთად ებრძოდნენ მიწას.
მამა წარმატებით ხნავდა, რადგან მდიდარი ოჯახი ჰქონდათ (სოფლის კვალობაზე) და ასეთივე წარმატებით ხნავდა შინაც, რადგან დედას მუდამ კმაყოფილი სახე და მშვიდი, დაწმენდილი თვალები ჰქონდა. ნათელას მოსწონდა მამამისის უზარმაზარი დაკოჟრილი ხელები, დაბღვერილი სახე და ის, რომ მთელი ცხოვრება პატიოსნად შრომობდა.
სოფელში ლაპარაკობდნენ, თითქოს მამას ხანდახან მეზობლის ქვრივი გადაჰყავდა ყანაში და შარვალჩაუხდელად თანაცხოვრობდა მასთან. დედას ესმოდა ეს ჭორები, მაგრამ ყურსაც არ იბერტყავდა, ნათელა კი ეჭვისაგან სკდებოდა და მეზობლის ქალის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდა.
ძმებმა ნაადრევად მოიყვანეს ცოლები. უფროსი სიდედრ-სიმამრთან გადავიდა საცხოვრებლად და მიუხედავად იმისა, რომ მამას სიტყვაც კი არ უთქვამს მასზე ცუდი, ყველა მიხვდა, რომ ის ამ ოჯახიდან სამუდამოდ ამოიკვეთა.
უმცროსი ძმა მამამისივით უთქმელი იყო, ოღონდ უფრო მეტად უჟმური და ბრაზიანი. ბავშვობაში ბაყაყებს ბერავდა და ქვებით ხეთქავდა, მერე ბარტყების თონეში ჩაყრა დაიწყო, ხოლო როცა მეზობლის ძაღლის მოკვლისათვის ლავიწის ძვალი გაუტეხეს, დამშვიდდა და უარესად პირქუში გახდა.
გარდატეხის ასაკში მუწუკებიანი სახე ჰქონდა. საშინელი სანახავი იყო მისი დაჩირქებული პირისკანის დანახვა; სოფელში ამბობდნენ, ცხვრებთან თანაცხოვრობსო და ალბათ ამიტომაც უთხრა სოფლელმა გლეხმა შვილის მითხოვებაზე უარი.
კაცმა არ იცის მართალი იყო ეს ამბავი, თუ გამონაგონი, მაგრამ ფაქტია, ძმა გაბოროტდა და როცა თვრებოდა, სწორედ იმ გლეხის ჭიშკართან დგებოდა და სისხლიანი თვალებით იყურებოდა ეზოში.
გლეხი ერთი-ორჯერ თოფით გამოუვარდა, მაგრამ ამას არც უფიქრია გაქცევა, დინჯად მიტრიალდა და წავიდა.
მთელი წელი გაგრძელდა ასე, ბოლოს კი ძმამ ვეღარ გაძლო და მამას სთხოვა დახმარება, ოღონდ ასეთი ფორმით:
წარმოიდგინეთ, ყანაში მუშაობს მამა-შვილი. მთელი დღე მუშაობენ, მუშაობენ, მუშაობენ, ბოლოს ბინდდება, სახლში აპირებენ წამოსვლას. შვილი ოდნავ გაასწრებს კაცს, წინ გადაუდგება და უყურებს. კაციც უყურებს _ ერთმანეთს უყურებენ; ბოლოს შვილი თავს დახრის, მაგრამ ფეხებგაჩაჩხული და დოინჯშემოყრილი ადგილიდან ფეხს არ იცვლის. მამა ეტყვის: _ ხვალისათვის გაემზადე! გვერდს აუქცევს და სახლისაკენ მიდიან.
მამა მივიდა გლეხის სახლში და ისევე, როგორც მისმა შვილმა, ისევე უტყვად მდგომმა გაატარა მთელი ათი წუთი გლეხის წინ. გლეხი დაიბნა. საერთოდაც, მამა ავტორიტეტით სარგებლობდა, თან უჟმური იყო და გლეხმაც, უკანასკნელ იმედს მობღაუჭებულმა _ მე რა, მთავარია გოგო რას იტყვისო.
გოგომ, ყველასათვის მოულოდნელად, თანხმობა განაცხადა. მამამ კაცის თვალით აათვალიერ-ჩაათვალიერა მომავალი რძლის თეძოები, უზარმაზარი ძუძუები და ჩათქვირული ტანი და ქორწილის დღე დათქვეს.
ძმა არც სვამდა, არც ჭამდა იმ დღეს, ხოლო როცა ხალხი დაიშალა, პატარძალთან ერთად განმარტოვდა და შარვალჩაუხდელად შეეუღლა.
ისინი ბედნიერები იყვნენ. არც ერთს არ ეტყობოდა ეს ბედნიერება, მაგრამ ბედნიერები იყვნენ... და ნათელასაც მოუნდა გათხოვება.
სოფელში ავსიტყვას სახელი ჰქონდა, მაგრამ მის ენაზე უფრო მამამისს უფრთხოდნენ თანატოლები. ერთხელ იყო, მეზობლის ბიჭმა სცადა ყანაში მისი ბურჯგვნა (ნათელას უსიტყვო თანხმობით) და მამა წაადგათ თავს და მერე ამბობდნენ, ის ბიჭი საავადმყოფოდან პირდაპირ ქალაქში გადასულა საცხოვრებლადო.
არა-და ნათელა სიზმარში ხედავდა, რაც ასე ძლიერ უნდოდა ცხადში, თანაც, ამას ისიც დაერთო, რომ ქალური პერიოდები საშინლად გაურთულდა. აუტანელი ტკივილებისაგან ხელებს იჭამდა და დედას უთხრა, თუ არ გავთხოვდი, ამ ტკივილებს ვეღარ გადავიტანო.
არავინ იცის, რა უთხრა დედამ მამას, რადგან მათ სოფელში დასასვენებლად ჩასულ კარენას მიათხოვეს. თუმცა მანამდე, კარენა და ნათელა სასიმინდეში შეუშვა მამამ და როცა ვნებიანი ხვნეშა და ქალის ჩქარი სუნთქვა მიჩუმდა, მაშინ დაადგა თავს, ქეჩოში ხელი ჩაავლო და ისე ჩამოიყვანა ძირს და კარენამ ცუდი არაფერი იფიქროთ, ნათელა ჩემი ცოლი უნდა გახდესო.
მამამ ჩვეულებრივი ქორწილი გადაუხადა და მესამე დღეს, როცა სიძე ნაბახუსევზე ადგა და აივანზე გამოვიდა, ავტობუსის ორი ბილეთი მისცა და ყანაში წავიდა.
ისინი იმ დღესვე გადავიდნენ ქალაქში და კარენას მოხუც დედასთან ერთად დაიწყეს ცხოვრება.
კარენა პურის ქარხანაში მუშაობდა. ნათელამ კერვა იცოდა და სამკერვალოში მოეწყო, სადაც ქალაქელი გოგოები გაიცნო და

2. როგორ იქცა ნათელა ნათიად:

არავინ იცის როდის და როგორ, მაგრამ მოულოდნელად, ნათელა ნათიად იქცა. კარენა დიდად არ გაგიჟებულა ამ ტრანსფორმაციით, რადგან ერთადერთი სურვილი, რაც მას ამოძრავებდა, ფულის დაგროვება და მანქანის ყიდვა იყო.
მანქანა კი იყიდა, მაგრამ ნათელა გაექცა და გაუთხოვდა.
ნათიას გოგო ჰყავდა კარენასთან, მეორე ქმართანაც გოგო შეეძინა, მაგრამ იმას, რასაც პირველისაგან გაექცა, ვერც მეორესთან ასცდა _ ნათია სიახლოვისაგან სიამოვნებას ვერ იღებდა.
გადიოდა წლები. ნათიას სულაც არ ჰქონდა ხოლმე დედამისივით კმაყოფილი სახე და დაწმენდილი თვალები. გამუდმებით რაღაცას ჩხუბობდა, სულ რაღაცას აკრიტიკებდა და სულ ვიღაცის განსჯაში იყო. ერთი პერიოდი (როცა ასაკობრივი სიმწიფის ზღვარზე იყო) ამოჩემებულად შესძულდნენ მეძავები და მოღალატე ცოლები. საკმარისი იყო ვინმეზე ეჭვი აეღო, რომ ამ საქმეს გამოიძიებდა და იმდენს იზამდა, სანამ საკუთარ ეჭვს არ დაამტკიცებდა, მერე კი ერთხანს მშვიდად იყო და კვლავ რამე საეჭვიანოს ეძებდა. უნდა ითქვას, რომ ამით სიამოვნებას იღებდა, თუმცა თავად ალბათ ვერც ხვდებოდა ამას.
მიხაილ ლეჟეპეკოვი (საზოგადების "ადამიანის ეკოლოგია” ფუძემდებელი, ფილოსოფოსი, მკურნალი, ფსიქოლოგი):
"ეჭვი, შიში, შურისძიების წყურვილი, თვალთვალი _ ეს ენერგიის საკმაოდ დიდი წყაროა. იმდენად დიდი, რომ თითქმის (და არა სრულად) უტოლდება სექსუალურს (ორგაზმს), ამდენად ადამიანები, ვისაც ეს უკანასკნელი არ განუცდიათ (და ამას თავისი ცალკე მიზეზები აქვს), კომპენსირებას აკეთებენ ზემოთხსენებული ეჭვით, შიშით, თვალთვალით და ა.შ. საერთოდ, ადამიანი ემოციომანია. თუკი ერთხელ რამე ემოციამ თქვენზე ძლიერი ზემოქმედება მოახდინა, ანუ უკეთ ვთქვათ, თუკი როდესმე თქვენმა შიშმა იმდენი ჰორმონი მოგგვარათ, რომ სიამოვნება მიიღეთ, თქვენ დამოკიდებული ხდებით ამ შიშზე, ისევე როგორც ნარკომანი ნარკოტიკზე.
შეუძლებელია, ადამიანმა განიცადოს ორგაზმი და მერე ამ სიამოვნებაზე უარი თქვას [ანუ არ ესწრაფვოს მის ხელახლა განცდას (საეჭვო დებულებაა _ ავტ. შენ.)], ასევე, ხშირად ეჭვიანი, მოკრიტიკე, მოთვალთვალე ადამიანები ამას აკეთებენ არა იმდენად ინტერესის, რამდენადაც სიამოვნების გამო.”

3. როგორ იქცა ნათია კვლავ ნათელად:

ერთ მშვენიერ დღესაც, ნათიამ სარკეში ჩაიხედა და მიხვდა, რომ ასაკში იყო. მერე ეზოში ბავშვმა ნათია ბებია დაუძახა, მერე ტრანსპორტში ქალბატონოთი მიმართეს და ასე შემდეგ.
მერე კი, როდესაც სოფელში ჩავიდა და თანასოფლელებმა ძველებურად ნათელა დაუძახეს რაღაცნაირად კვლავ მოეწონა ეს სახელი და ქალაქში დაბრუნებულმა, მეზობლები გააფრთხილა ნათელა დაეძახათ მისთვის, რადგან უფრო სერიოზულად და მკაცრად ჟღერდა.
ქმარი ლოთი ჰყავს, გოგო ორჯერ განათხოვარი, თვითონ სადარბაზოში დაგდებულ ნაგავს ქექავს და დამგდების პიროვნებას ადგენს. ეზოში გააშენა პატარა ბაღი და დილიდან-საღამომდე იმ ბაღში მუშაობს, რათა კარგად დაიღალოს და მეორე დილას უარესი სახე არ ჰქონდეს. ქმართან სიახლოვე პრაქტიკულად აღარც აქვს, რადგან აზრს ვერ ხედავს ამ სიახლოვეში. ღალატზე არც ფიქრობს კი არა-და, მეზობელი კაცი სცემა, რაღაცა გადაკრული რომ შესთავაზა.


კოკა [5]

_ მავნე ვარ, დიახაც, მავნე ვარ, თქვენი დედა! ვისაც არ სიამოვნებს, ჩამოვიდეს და პირში მითხრას, გამოვღადრავ ყელს და აი, ასე, აი _ მწუუ, აი, _ დავლევ, დედას... არა, ჩემი ხმა არა გსიამოვნებთ, არა? ვისაც ჩემი ხმა არ სიამოვნებს, იმის ოჯახის ქალბატონებს ვასიამოვნებ მე, პირადად! კაცები არა გყავთ სახლში? გამოუშვით, ყველას უნდა ვეომო, მე ბრძოლისთვის ვარ დაბადებული, თქვე... ეეჰ, რატომ არ არის ომი?! დაგერიოთ ერთი ყველას, ყველას არა, ამ კორპუსიდან ერთი, ორი, ოთხი, ხუთი _ ექვსი ოჯახის გარდა, ყველას დედა... ვინც არ ეთანხმება ამ აზრს, ჩამობრძანდეს, აი, აქა ვდგევარ!
ავოიეე!.. მე ამ ღამეს დიდხანს ველოდიი!.. ფუჰ, რა ბანძი სიმღერაა, არა, შატილიის ასულოო,... პატარა გოგოო დამეკარგაა, ცისფერთვალებაა!.. ნინიკოო! ბატონო ბადრი, ბაადურ, ბადრიჯან, შე, ჰეყ, პროჭო, რატო გყავს ეგეთი კარგი გოგო?! არა, დედას ვფიცავარ, თუ ცუდი გულით მე _ რამე!.. ვინც ნინოზე ცუდს იტყვის, იმის ოჯახს ამოვხოცავ. მაპატიეთ, ყველამ მაპატიეთ, თუ რამეს ვაშავებ, მაგრამ მე მავნე არა ვარ, არა ვარ მავნე, ეგრე დამაბრალეს, თორე აი, ამ კორპუსშიი და იქით კორპუსშიც და აქეთ-იქით, ყველა მიყვარს, ყველანი მიყვარხართ თქვე დედა... ჰეყ!
ვაა, ზემხოჯან, შემოგევლე, მოდი გაკოცო, შე ძმაკაცო. ბიჭო, ხო ვარ მართალი კაცი ამ ახვრებთან, ჰა? არა, ტყუილად ნუ მეთანხმები, გულითა თქვი _ ვარ თუ არა ვარ? თუ არა ვარ, დავიჩოქებ და მოვუბოდიშებ. არა, გინება ჰო _ კარგი, გინება არ შეიძლება, მაგრამ ამ დედა... ამ ცუდ ხალხს რანაირად ვუთხრა, რომ მავნე არა ვარ?! ანუუ, ცოტათი ვარ და არა ისე, როგორადაც მახასიათებენ. შენ ხო რაღაც-რაღაცეებს წერ ხოლმე, ძმაო? ჰო-და, ადექი და ჩემზე დაწერე! ჩემზე კარგზე, ვიზე დაწერ წიგნს? მე რო ჩემი ამბები მოგიყვე... რას დალევ ამასობაში? არა, ეგრე არა, დღეს მე გეპატიჟებით და ამ დედა... ენაცუდ ხალხსაც ვეპატიჟები. მიდით, რაც გინდათ აიღეთ მაღაზიაში, მე ვისტუმრებ, ბოზინშლაიზერ! ჰო, რას ვამბობდით, ძმაკაც? ჰო, ჰო-და, არ არიან ეხლა ესენი ნაგვები? კაი, მე ჯანდაბას, ხო, ითქვა რაღაცეები, რაც იყო _ იყო, მაგრამ ამ ნინოს? რომელი ერთი ჯობია, რომელი ერთია ნინოზე უკეთესი? ეს გაბერილი ნელი, თუ მაგისი გოგოები? მერე რა, რო გაზეთში, თუ სადღაცეებში მუშაობენ, რა, ვინ ჩემი ფეხები არიან?! ბარე ორი ჟურნალისტი შემედაროს აგერ! ხო არ დაგღალე? და დაწერე, ძმაო ჩემზე და ეს ბოზ... მეძავები გამოიყვანე ცუდად კი არა-და ისეთებად, რომ შერცხვეთ. მე, ვითომ ცნობილი ვინმე მსახიობი ვარ და რამე, ესენი _ ჟურნალისტები, ან რამე-რუმეები. ეს შრამი და მოკლე ფეხი და ეგეთები არ გვინდა, ვითომ ძაან სიმპატიჩნი ბიჭი ვარ; კაროჩე, ეგენი შენ არ შეგეშლება, მა რისი მწერალი ხარ, ჰო-და, ვითომ მე ჯერ ამაყი ტიპი ვარ, ამათ ინტერვიუს არ ვაძლევ და არავის ვკადრულობ და მერე, ვითომ... ვითომ რა, ცვეტში ეგრე არ იყო, რო?! ჩავვარდი მეცხრე სართულიდან ლიფტში, ოღონდ ის კი არ დაწერო, ალუმინებს იპარავდაო, ვითომ ჩავვარდი ვთქვათ, სადმე მეტეხი-პალასში, ან რაღაცა. კარი გაიღო, ლიფტი არ მოვიდა და ბრახ! და ვითომ სიკვდილს ძლივს გადავურჩი, ოღონდ ეს დამოკლებული ფეხი და შრამები არ გინდა, არ ახსენო, ვითომ ისევ ისეთივე ლამაზი რა, ქალი კი არა ვარ, სიმპათიური დავრჩი, ოღონდ, მივხვდი, რომ ამაყი და ისეთი კი არ უნდა ვიყო, რა ქვია იმას, აი, რო არიან რა, არამედ, ამათ ინტერვიუსაც ვაძლევ, თბილად ვესაუბრები და ერთმანეთთან სულ კარგი ატნაშენიები გვიჭირავს! ჰო კარგი რომანი გამოვა? მიდი, მიდი, შენ დაწერე, მე ამათ ცოტას დავაშინებ, რომ აააიტ! მე და ზემხა ვისაც არ ვუყვარვართ, იმის... ის იყოს... იმის დედას კი არა-და, იმას სულ ძღრენიანი წკეპლით ვცემ, დედას...

P.შ. _ კოკას არაფერი უნდა, ეს იმ დღეს, სიმთვრალეში თქვა. უნდა რომ ერთი ჩვეულებრივი კოკა იყოს, რომ მარშუტკაში თვალი არ გააყოლონ, რომ ცოლზე არ ეჭვიანობდეს _ ჩემი სიმახინჯის გამო მიღალატებსო, რომ მეზობლებმა აპატიონ მავნეობა და კორპუსის საერთო სუფრაზე თავისით კი არ მივიდეს _ ჩანგალისტად, დაუძახონ, როგორც ერთ-ერთ რიგით კორპუსელს.


იმ მღდელ-პატიმარმა კი ლიტერატურა აჩუქა და უკვე საუბრობდნენ. გიორგი აღარ იმალებოდა, მთელ დღეს ხატებიან ოთახში ატარებდა და ლოცულობდა. იმ პატიმარს ერთი კი უთხრეს, მაგ წაბილწულს როგორ უშვებ შენთანო, მაგრამ კაცმა რაკი შეუბღვირა, შეეშვნენ. გიორგი კი ხატებს არასოდეს ემთხვეოდა. თვითონაც იცოდა წაბილწული რომ იყო და რცხვენოდა. ახლა უკვე ლოცვასაც აღარ კითხულობდა უაზროდ, გრძნობდა კიდეც და აზრიც ესმოდა, თუმცა არ შორდებოდა ის საშინელი განცდა _ არა ზიზღისა, არა სირცხვილისა, არამედ სამაგიეროს გადახდისა. კი, იტანდა ამ დამცირებებს, მაგრამ ეს ხომ იძულებით იყო?! და თანაც, ყოველ ღამე, ძილის წინ, იმ სამეულსაც კი იხსენებდა ლოცვებში, მერე რიგრიგობით რომ მოიხმარდნენ, მაგრამ გული? გულში ხომ ყველანი სძულდა?!
მაგრამ იმ მღვდელ-პატიმარმა უთხრა: _ ღმერთს მადლობა უთხარი მეტი უბედურება რომ არ მოგივლინა და კარგს ელოდეო და კარგიც მოხდა:
ზონაზე გადმოიყვანეს ერთი ავტორიტეტი, საშინელი წარსულის მქონე ადამიანი, რომლის სახელიც კი ზარს სცემდა ყველას. ავტორიტეტი თითქმის არ საუბრობდა, არც იცინოდა, არც არავის ამცირებდა, მაგრამ მას მაინც ყველა უფრთხოდა.
გადმოყვანიდან მესამე დღეს, პატიმარი ხატებიანი ოთახიდან, მივიდა ავტორიტეტთან, რაღაც ელაპარაკა და ორ დღეში, ზონის ეზოში, იქ, სადაც პატიმრები სეირნობენ, სასწაული მოხდა:
ავტორიტეტმა მოატანინა ვარცლი, პირსახოცი, საპონი, სკამი, მოაყვანინა გიორგი, დასვა სკამზე, ფეხზე გახადა, ვარცლში ჩააყოფინა და დაბანა. ხმას ვინ ამოიღებდა? ავტორიტეტმა კი, როცა ფეხს უმშრალებდა, ავად მი-მოატარა ირგვლივ მზერა და დაადე ხელი რომელიო, თქვა, ანუ რომელი მოვკლაო, თქვა.
გიორგი უკვე დამცირებული იყო კი არა-და, ყველამ დაივიწყა მისი გუშინდელობა და განა არ იყო სამაგიეროს გადახდის დრო? და ის სამეული რა გასაკვირია პირველი რომ გაახსენდა? მაგრამ როცა მათ ფერდაკარგულ სახეებს და ჩაცვენილ, ნატანჯ თვალებს შეხედა, განა შეეცოდა _ არა, არ შეეცოდა, ისე თქვა, სიყვარულით: _ რა-ვი, არც ერთი!
მერე კი, რაღა აზრი აქვს ის დარჩენილი სამი წელი როგორ გაატარა, არა?

კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 1216 | დაამატა: varse9788 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024