მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
პარასკევი, 29.03.2024, 13:45
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » ივნისი » 5 » ნაბოკოვი კორნელის უნივერსიტეტში - (მორის ბიშოპი)
12:49
ნაბოკოვი კორნელის უნივერსიტეტში - (მორის ბიშოპი)

ორის ბიშოპი, კორნელის უნივერსიტეტის რომანულ ლიტერატურის პროფესორი, სწორედ ის პიროვნება გახლდათ, რომლის ინიციატივით საუნივერსიტეტო კომისიამ ვლადიმირ ნაბოკოვი რუსული ლიტერატურის პროფესორის თანამდებობაზე მოიწვია. აქედან დაიწყო ნაბოკოვისა და ბიშოპის მეგობრობა, რომელმაც ოცდახუთ წელს გასტანა. ქვემოთ გთავაზობთ ბიშოპის მოგონებებს ნაბოკოვის შესახებ, რომლებიც მწერლის სამოცდაათი წლისთავისთვის დაიწერა.

დაახლოებით 1941 წელს ნაბოკოვის (ჩემი ამერიკული წარმოთქმის გამო ოდნავ შეცვლილი) გვარი საკუთარი ცნობიერების ნაწილად ვაქციე. მის მიერ \\\"ატლანტიკ მანსლიში\\\" გამოქვეყნებულმა მოთხრობებმა (ახლა ეს უკვე კლასიკაა) მომაჯადოვა აღქმის უჩვეულო სიმძაფრითა და ბრწყინვალე სტილით. ნაბოკოვის ზოგიერთი ფრაზა ახლაც მანუგეშებს ხოლმე, როდესაც ღამღამობით ნათელხილვები ძილს მიფრთხობს. სწორედ იმ დროს ფილიპ მოზლიმ, რომელიც კორნელის უნივერსიტეტში რუსეთის ისტორიას ასწავლიდა, მირჩია, აუცილებლად მოგვეწვია უნივერსიტეტში ნაბოკოვი. აქ მის გვარს კარგად იცნობდნენ: ვლადიმირის ბიძაშვილი, ნიკოლაი (\\\"ბაგაჟის\\\" ავტორი) თანამშრომლობდა მახლობელ ველს-კოლეჯში, იგი მუსიკის შესანიშნავი პედაგოგი გახლდათ. ერთხელ (მგონი, 1944 თუ 1945 წელს) ითაკას თვით ნაბოკოვიც ეწვია და მოხსენებით წარდგა (დიდი წარმატებით) \\\"წიგნისა და თასის\\\" სტუდენტურ კლუბში (არ ვიცი, ვინ ითავა ამ შეხვედრის მოწყობა. იმხანად იქ არ ვიმყოფებოდი).
ომის დამთავრების შემდეგ დამნიშნეს იმ კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც დაევალა ღირსეული კანდიდატის შერჩევა სლავური ლიტერატურის პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად. კომისიამ \\\"ასპარეზს\\\" თვალი გადაავლო და \\\"შეამოწმა\\\" პრეტენდენტთა მონაცემები. არჩევანი შევაჩერეთ მაღალი სამეცნიერო ხარისხების მქონე რამდენიმე პიროვნებაზე. ერთ-ერთი კანდიდატი იყო ნაბოკოვი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში პეპლების კოლექციის მცველად მუშაობდა და, ამასთან, უელსლის კოლეჯში მიჰყავდა ლიტერატურული დაოსტატების კურსი. მის ერთადერთ ლიტერატურათმცოდნეობით ნაშრომს წარმოადგენდა მონოგრაფია გოგოლის შესახებ. ეს თხზულება გენიალურ, თუმცა - ექსცენტრიულ თხზულებად ითვლებოდა. სიტუაცია მართლაც რომ განსაკუთრებული იყო. ნაბოკოვს არც ასპირანტურა დაემთავრებინა, არც მაღალი სამეცნიერო ხარისხი ჰქონდა მოპოვებული. მიუხედავად ამისა, კომისიის წევრებმა ის ითაკაში მოიწვიეს და მოიხიბლნენ ნაბოკოვის ერუდიციითა და დახვეწილი მსჯელობით. კომისიაში შემავალი ცალკეული პიროვნებების ყოყმანის მიუხედავად, უნივერსიტეტმა მაინც შესთავაზა ნაბოკოვს სლავური ლიტერატურის ადიუნქტ-პროფესორის ადგილი. ის 1948 წელს შეუდგა მუშაობას და კორნელის უნივერსიტეტში დარჩა 1959 წლამდე.
ნაბოკოვი კითხულობდა რუსული ლიტერატურის საშუალო სირთულის კურსს და, აგრეთვე, სპეცკურსს მის მიერ შერჩეულ თემაზე: \\\"პუშკინის შემოქმედება\\\" ან \\\"მოდერნიზმი რუსულ მწერლობაში\\\". ის თაყვანს სცემდა დიდებულ რუსულ ენას და უკმაყოფილებას გამოთქვამდა, როდესაც ცუდად მომზადებული სტუდენტები ამ ენას ამახინჯებდნენ. ამერიკელი სტუდენტების მიერ ოჯახებიდან შეთვისებულ პოლონურსა და უკრაინულ აქცენტებს, მათ აბნეულ ლუღლუღს ნაბოკოვი პირად შეურაცხყოფად ღებულობდა (ამასთან, ეს იყო სრულიად კანონზომიერი სიტუაცია: სტუდენტთა უმრავლესობა რუსულ ენას სწავლობდა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში და უფლება არა გვაქვს, გავაკრიტიკოთ პირველი სასწავლო წლის შესავალი კურსი მისი ელემენტარულობის გამო). ვლადიმირი არ მიმართავდა პედაგოგიურ სამყაროში ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას: თუ სტუდენტები ვერ ერევიან დავალებებს, პროფესორები მათ დატვირთვას უმცირებენ და საკუთარ ნერვებს ზოგავენ.
ბუნებრივია, რუსული ლიტერატურის კურსებს სტუდენტთა მცირერიცხოვანი რაოდენობა ესწრებოდა. ამიტომ ნაბოკოვს დაავალეს, ინგლისურ ენაზე წაეკითხა კურსი \\\"ევროპული პროზის ოსტატები\\\". ლექციათა პროგრამაში მან შეიტანა თავისი საყვარელი ავტორები - დიკენსი, ფლობერი, ტოლსტოი, ჯოისი - და მათი შემოქმედების ინტერპრეტაციისას ჭეშმარიტი ფილოლოგის გამჭრიახობასა და მხატვრული დიდოსტატის - შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილის ცოდნას ამჟღავნებდა. ამ ლექციებმა მალე გაითქვა სახელი. კეთილსინდისიერი სტუდენტები მოჯადოებულნი იყვნენ თავიანთი პროფესორით, რადგან საშუალება მიეცათ, ჩასწვდომოდნენ მწერლის პიროვნებას და დაკვირვებოდნენ ლიტერატურული შემოქმედების საიდუმლოებებს. ზოგიერთი მათგანი, რა თქმა უნდა, დააბნია ლექციების ნიადაგ ცვალებადმა ტემპმა, ნაბოკოვის ეპიგრამებმა და გონებამახვილურმა ინტერლუდიებმა. ფროიდის თაყვანისმცემელი სტუდენტები გაოგდნენ, როდესაც მათმა პროფესორმა ფსიქოანალიზის მამამთავარს \\\"ვენელი შარლატანი\\\" უწოდა.
კორნელის უნივერსიტეტში მოღვაწეობის განმავლობაში ვლადიმირს თავდაუზოგავად ეხმარებოდა მისი მეუღლე, ვერა - წარმოსადეგი, დიდებული შესახედაობის, უკვე ჭაღარაშერეული მანდილოსანი. ის ყოველთვის აცილებდა ლექციებზე მიმავალ ქმარს, ამოწმებდა საგამოცდო და საკურსო ნაშრომებს და, როგორც ამბობენ, აუცილებლობის შემთხვევაში ვლადიმირის ნაცვლად ლექციებსაც კითხულობდა. ვერა მანქანაზე ბეჭდავდა ნაბოკოვის ხელნაწერებსა და წერილებს, უძღვებოდა მეურნეობას, მართავდა ავტომობილს, ეწეოდა ყოფითი ცხოვრების ჭაპანს პროვინციულ ქალაქში, შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში. ის ყოველნაირად ხელს უწყობდა ქმრის შემოქმედებით მუშაობას. ამასთან, ვერა მხოლოდ მდივნისა და დიასახლისის მოვალეობებს როდი ასრულებდა. ის გახლდათ ნაბოკოვის მთავარი ლიტერატურული კონსულტანტი და, ალბათ, ერთადერთი მრჩეველი, რომლის შეხედულებებსაც მწერალი ანგარიშს უწევდა.
ნაბოკოვების ოჯახი საკმაოდ მძიმე მატერიალურ პირობებში ცხოვრობდა. უნივერსიტეტის პროფესურის უმეტესი ნაწილი გამოსული იყო წვრილბურჟუაზიული წრეებიდან. ჩვენი ცხოვრების წესის განუყოფელი ნიშანია მცირე საოჯახო მეურნეობა: ჩვენ თვითონ ვთიბავთ ბალახს ჩვენს ნაკვეთებზე, თვითონ ვარემონტებთ ჩვენს სარეცხ მანქანებს, თვითონ ვღებავთ იატაკებს ჩვენს სახლებში. ამერიკაში ჩამოსვლამდე ნაბოკოვები ჯერ ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი - ბერლინის იაფფასიან სასტუმროებში - უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდნენ. ისინი არ იცნობდნენ საშუალო სოციალური ფენის ცხოვრებას. ტიპური ამერიკელი პროფესორი და მისი ცოლი მემკვიდრეობით ღებულობენ ხოლმე ავეჯის გარკვეულ ნაწილს, შემდგომ კი თავიანთ არსენალს ავსებენ ახალი შენაძენების ხარჯზე. მაგრამ ნაბოკოვებს, რომლებიც ჯერ რუსეთიდან ევროპაში გადასახლდნენ, ხოლო შემდეგ ამერიკაში აღმოჩნდნენ, არავითარი ქონება არ შეუძენიათ. ისინი იძულებულნი იყვნენ, ეცხოვრათ შვებულებაში მყოფი ან სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებით ითაკიდან წასული პროფესორების სახლებში. ამიტომ ვლადიმირი და მისი მეუღლე თითქმის ყოველ წელიწადს, ზოგჯერ კი - ყოველ სემესტრში იცვლიდნენ ადგილსამყოფელს. ისინი სულაც არ დრტვინავდნენ, პირიქით, ადვილად ეგუებოდნენ ახალ გარემოცვას და სიამოვნებით წარმოიდგენდნენ ხოლმე სახლის უცნობი მფლობლის ხასიათს - ხელოვნების ქმნილებების, წიგნების, ტექნიკის, პრეტენციოზული და მერყევი გემოვნების გამოვლინებათა საფუძველზე. ვლადიმირის მიერ ამ საოჯახო არქეოლოგიაში გაწაფვის შედეგებმა თავი იჩინა \\\"პნინსა\\\" და \\\"ლოლიტაში\\\".
მაოცებდა არა მარტო მწერლის ცოდნის მასშტაბურობა და სიღრმე, არამედ - ისიც, რომ მას სულაც არ იტაცებდა პოლიტიკური ან ეკონომიკური პრობლემები. ის გულგრილად ეკიდებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საცხოვრებელი სახლების გაუფასურება, კონსოლიდაცია სკოლებში, ჩამდინარე წყლების დამმუშავებელი ფაბრიკების ობლიგაციათა ემისია. ახალ ამბებს ვლადიმირი \\\"ნიუ-იორკ ტაიმსიდან\\\" კი არ გებულობდა, არამედ - \\\"დეილი ნიუსიდან\\\", ეს უკანასკნელი კი აქვეყნებდა მხოლოდ სულისშემძვრელ ცნობებს ყოველგვარი სისაძაგლეების, ავხორცობისა და სისხლიანი ბოროტმოქმედებების შესახებ. გარკვეული დროის განმავლობაში ნაბოკოვი იწერდა საღვთისმეტყველო ჟურნალს, რომელიც ამხელდა ავბედითსა და ეგზალტირებულ სამყაროს. მწერალს აინტერესებდა ადამიანის ქცევა და არა - ამა ქვეყნის ძლიერთა ფუჭსიტყვაობა.
კორნელის უნივერსიტეტში ნაბოკოვმა მეტად ნაყოფიერი წლები გაატარა. \\\"ნიუ-იორკერში\\\" გამოქვეყნებული მოთხრობებისა და ლექსების გარდა, მან დაწერა \\\"პნინი\\\", \\\"ლოლიტა\\\", \\\"სარწმუნო მტკიცებულება\\\", ენტომოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი სტატიები, თარგმნა \\\"ამბავი იგორის ლაშქრობისა\\\" და \\\"ევგენი ონეგინი\\\". ის წერდა ლაღად, ზოგჯერ - აღტაცებით, მაგრამ შემოქმედების პროცესი მისთვის ხშირად დამთრგუნველი და დამღლელი იყო. ნაბოკოვი დიდხანს უსაფრდებოდა, ბოლოს კი - ჩოგანბადის ძლევამოსილი დარტყმით ატყვევებდა გასაოცარ შედარებებსა და მოელვარე ეპითეტებს. ზოგჯერ დაღლილობისგან მოთენთილი ვლადიმირი სამასწავლებლო ოთახში შემოდიოდა და აღიარებდა, რომ ღამე თეთრად გაათენა. სიტყვებსა და ფრაზებს იერიში მიჰქონდათ მის ცნობიერებაზე და დილამდე დემონური ცეკვების ასპარეზად აქცევდნენ. შეგონებები მუშაობის შეწყვეტის ან მტანჯველი განცდებისგან თავის შეკავების შესახებ, შეგონებებად რჩებოდა. შემოქმედება ადამიანებს მარტვილებად აქცევს, ხშირად კი მსხვერპლად იწირავს.
ნაბოკოვზე, როგორც მწერალზე, პედაგოგსა და მეცნიერზე, ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, მაგრამ ნაბოკოვი - ლიტერატურული კრიტიკოსი, ჯერჯერობით სათანადოდ არაა შეფასებული. მისთვის ძალზე ძვირფასი პუშკინის პოემის თარგმნას, სწორებასა და ანოტირებას ეთმობოდა შედარებით უშფოთველი საათები, როდესაც მუზა მორცხვობდა, გარეთ ავდარი იყო, პეპლები კი თვლემდნენ. ნაბოკოვი აღგზნებით მსჯელობდა თავისი ვრცელი ნაშრომის შესახებ; ამასთან, თანდაყოლილი თავმდაბლობის გამო ის არ ახსენებდა ხოლმე იმ პროზასა და ლექსებს, რომლებზეც მაშინ მუშაობდა. ის უსასრულოდ იკვლევდა პუშკინის შემოქმედების ლიტერატურულსა და პიროვნულ სათავეებს, კითხულობდა დავიწყებულ ფრანგ კრიტიკოსთა (მაგალითად, ლაგარპის) ნაშრომებსა და XVIII ს. მეორეხარისხოვანი პოეტების ქმნილებებს, წერდა ვრცელ კომენტარებს რუსული პროსოდიის, პუშკინის აბისინიელი წინაპრის და რუსული დუელის ფორმალობათა შესახებ. ხელნაწერი სულ უფრო იზრდებოდა. საბოლოო სახით ის შეიცავდა დაახლოებით 650 000 სიტყვას რუსულ, ფრანგულსა და ინგლისურ ენებზე. ვლადიმირმა მიიტანა ხელნაწერი კორნელის უნივერსიტეტის გამომცემლობაში, რომლის დირექტორმა, ვიქტორ რეინოლდსმა გამოითვალა წიგნის ღირებულება და თავზარი დაეცა. მან მწერალს შესთავაზა წიგნის დასტამბვა იმ პირობით, რომ გამომცემლობას ექნებოდა ტექსტის თარგმანის ცალკე გამოქვეყნების უფლება, ავტორისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე. ვლადიმირი ღრმად შეურაცხჰყო იმ გარემოებამ, რომ არ მიიღებდა დახარჯული შრომის ფინანსურ კომპენსაციას. მან ხელნაწერი უკან წამოიღო. შეიძლება თანავუგრძნოთ ორივე მხარეს, კერძოდ, როგორც გამომცემლობის სურვილს, ცოტათი მაინც აენაზღაურებინა სავარაუდო გიგანტური ზარალი, ასევე - სიჯიუტეს ვლადიმირისა, რომელიც თავის ფინანსურ ინტერესებს იცავდა. ბოლოს და ბოლოს \\\"ევგენი ონეგინის\\\" თარგმანი - ოთხი სიმპათიური ტომი - გამოაქვეყნა გამომცემლობა \\\"ბოლინგენმა\\\", რომელსაც ზარალი, ჩვეულებრივ, საგანგებო სიამოვნებას ანიჭებს.
ნაბოკოვის ბიოგრაფიაში ითაკა ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ლოლიტას დაბადების ადგილი. ვაღიარებ, რომ ამაღელვა ამავე სახელწოდების წიგნის გამოცემის თანმხლებმა გარემოებებმა. ვიცოდი ნაწარმოების შინაარსი. ვიცოდი ისიც, რომ ზოგიერთმა გამომცემელმა უარი განაცხადა წიგნის პუბლიკაციაზე, რასაც, მათი აზრით, მოჰყვებოდა სასამართლო პროცესი, საჯარო გაკილვა და, შესაძლოა, პიროვნული თავისუფლების შეზღუდვაც. როდესაც 1955 წ. \\\"ლოლიტა\\\" გამოაქვეყნა პარიზის პორნოგრაფიულმა გამომცემლობამ (ხოლო საფრანგეთის დამფრთხალმა ხელისუფლებამ წიგნი მაშინვე აკრძალა), კიდევ უფრო შევშფოთდი. წარმოვიდგინე უნივერსიტეტის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი, რისხვით აღსავსე წერილების ნაკადი: \\\"ის სალახანა ხომ არ ასწავლის ჩემს ქალიშვილს? დაუყოვნებლივ გამოვიყვან გოგონას უნივერსიტეტიდან და შევწყვეტ შეწირულობების შეტანას კურსდამთავრებულთა ფონდში\\\". საბედნიეროდ, მხოლოდ რამდენიმე კურსდამთავრებულმა უწყოდა პარიზის ლიტერატურული ცხოვრების ახალი ამბები, ხოლო 1958 წლისათვის, როდესაც \\\"ლოლიტა\\\" ამერიკაში გამოქვეყნდა, დაიბეჭდა კიდევ რამდენიმე გაბედული წიგნი და აზრის გამოხატვის თავისუფლებისათვის ბრძოლამ სხვა სარბიელზე გადაინაცვლა. ახლა \\\"ლოლიტა\\\" აღიქმებოდა, როგორც მხატვრული ქმნილება, და არა როგორც ობოლი სულის სათაკილო შემწე. კორნელის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დინ მალოტმა ყველა უკმაყოფილო ადამიანს დამამშვიდებელი წერილები დაუგზავნა, ხოლო მათი რჩევა-დარიგებები არქივს ჩააბარა. აფეთქება, რომლისაც მეშინოდა, არ მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ 1955 წ. მას თავიდან ვერ ავიცილებდით. ამერიკაში წიგნის გამოცემის სამწლიანმა გადავადებამ იხსნა ვლადიმირი, უნივერსიტეტი და თვით მეც აურზაურისა და დამღუპველი კონფრონტაციისგან.
საზოგადოდ, ჩემი აზრით, კორნელის უნივერსიტეტში გატარებულმა წლებმა სარგებლობა მოუტანა ნაბოკოვს, როგორც ხელოვანს. მან მოიპოვა დამოუკიდებლობა, აგრეთვე - თავის მრავალრიცხოვან ქმნილებებზე მუშაობისთვის საჭირო დრო. ის გაეცნო ამერიკულ ცხოვრებას, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა. მწერალმა გაითავისა და შეისწავლა ბურჟუაზიული კულტურა. კორნელის უნივერსიტეტმა სასიკეთო ზეგავლენა მოახდინა ნაბოკოვზე, ხოლო ნაბოკოვმა წარუშლელი კვალი დააჩნია კორნელს


კატეგორია: ესე | ნანახია: 984 | დაამატა: varse9788 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024