მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 19.03.2024, 13:11
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » რელიგია
თავიანთი კავშირის პირველი თვეები წმინდა წყვილმა მშვიდობიანად და ღვთისმოსაურად გაატარა. მათ მოკრძალებულ სამყოფელში ღვთის მადლი გამეფებულიყო. დრო გადიოდა შრომასა და ლოცვაში, რაც მათ ყველა მოქმედებას ნათელს ჰფენდა. მართალი იოსები თავისი წინაპრების სიმდიდრით და დიდებულებით არ გამოირჩეოდა, მათგან ხომ ბევრი მეფე და წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ მათ შორის საუკეთესოთაგან სათნოებათა საგანძური მიიღო.

ძველი ჩვეულების თანახმად, იოსები ხეს სახლში კი არ ამუშავებდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, არამედ მისგან განცალკევებულ სახელოსნოში. ის შორს არ იყო მართალი ანნას სახლიდან და ერთი ვიწრო თახისაგან შედგებოდა, რომელიც ცხრა ან თორმეტი კვადრატული მეტრი თუ იქნებოდა. სახლის წინა მხარეს ქვის სკამი იდგა, - დაღლილ მგზავრთა მოსასვენებლად, რომელსაც შუადღის მზის მწველი სხივებისაგან პალმის ტოტებით გაკეთებული ჩერო იცავდა. უდრტვინველი და გულმოდგინე იყო მართალი იოსების უმძიმესი შრომა.

თავისი დამწინდველის სახლში ქალწულ მარიამს წმიდათა წმიდაში შეთვისებული ცხოვრების წესი არ შეუცვლია. ის განმარტოებით უშფოთველად ცხოვრობდა, გამუდმებულ შრომაში იყო; ლოცვა, წმინდა წიგნების კითხვა, ხელსაქმე და შინაური საზრუნავი მთლიანად ავსებდა მის მორჩილ და წყნარ ცხოვრებას: ადამიანთა შორის ის მხოლოდ ღმერთისთვის არსებობდა და იოსების ოჯახი მისთვის იგივე იყო, რაც სამლოცველო სახლი. ის ძველებურად ართავდა, საეკლესიო შესამოსლებს ქსოვდა და მისი ყველა ნამუშევარი ხელოვნების ნიმუში იყო.

ბოლოს უფლის წელიწადის სანატრელი დროც დადგა: მოაღწია დღემ, რომელსაც ადამიანთა მოდგმა 5000-ზე მეტ წელს ელოდა. წმიდა მამათა თქმით, ქალწულმა მარიამმა საღვთო და საწინასწარმეტყველო წიგნებიდან იცოდა, რომ აღთქმული მესიის მოსვლის ჟამი მოიწია და დანიელის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო: „აჰა, ქალწული მიუდგეს და შვას ძე და უწოდონ მას სახელი ემანუელ" და თავის წარმოსახვაში ხშირად ვარაუდობდა, რომ ეს კურთხეული ქალწული ამქვეყნად უკვე არსებობდა. მისი სული მხოლოდ ნანატრი მესიის სიყვარულით კი არ იწვოდა, არამედ იმ ქალწულისადმი თაყვანისცემით, რომელიც მესიის დედა უნდა გამხდარიყო. ცრემლით იმეორებდა თავის ლოცვებში, რომ ღირსეყო უფალს, აღთქმული მესიის დედა საკუთარი თვალით ენახა და მომსახურებოდა მას, თუნდაც მისი უკანასკნელი მხევალი გამხდარიყო.

გადმოცემა გვიამბობს, რომ ჯერ კიდევ ტაძარში ყოფნისას ქალწულმა მარიამმა მიიღო საიდუმლო ნიშანი, რომ მისგან სიტყვა ღვთისა შეისხამდა ხორცს. ერთხელ ღამით, როდესაც ჩვეულებისამებრ მეორე კრეტსაბმელის მიღმა ლოცულობდა, მაღლიდან სხივი დაეცა მას და მოესმა ხმა: „შენ შობ ჩემს ძეს".



სრულად ნახვა
Категория: რელიგია | Просмотров: 905 | Добавил: Admin-Gio | Дата: 03.06.2011 | Комментарии (0)

ქალწულებრივი სიწმინდე - იესო ქრისტეს მიერ სათნოყოფილი და ქრისტიანების მიერ პატივცემული, ებრაელთათვის სათნოებად არ მიიჩნეოდა. ყველა ქალწული, ვინც კი ტაძარში იზრდებოდა, გარკვეულ ასაკში უნდა გათხოვილიყო. მით უმეტეს, ყველა ნორჩი, მოზარდი გოგონა დავითის სამეფო შტოდან მოვალე იყო, დაქორწინებულიყო იმ იმედით, რომ მეფე-მესიას წინასწარმეტყველი დავითის ტომიდან მოელოდნენ.

როდესაც ქალწულ მარიამს 14 წელი და 11 დღე შეუსრულდა, მღვდელმთავარმა მას განუცხადა, რომ წესის მიხედვით, რომელსაც კანონის ძალა ჰქონდა, ტაძარი უნდა დაეტოვებინა, გათხოვილიყო და საკუთარ სახლში დასახლებულიყო. ყოვლადწმიდა ქალწულმა მორჩილად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა, რომ იგი დაბადებიდან მშობლების მიერ ღვთისთვის იყო შეწირული, შემდეგ, როდესაც ასაკი შეუსრულდა, თვითონ დადო აღთქმა, რომ ქალწულებას სამუდამოდ დაიცავდა და ამ აღთქმის დარღვევა არ სურდა.

მღვდელმთავარი ასეთმა მტკიცე გადაწყვეტილებამ მეტად განაცვიფრა, ღვთისმსახურებიც შეცბუნდნენ. მათ არ შეეძლოთ, არად ჩაეგდოთ კანონი და ასევე არ შეეძლოთ, ქალწული იძულებული გაეხადათ, რომ აღთქმა დაერღვია. ყველა ტაძარში შეიკრიბა და მხურვალედ ლოცულობდა, რომ ღმერთს მათთვის თავისი ნება გამოეცხადებინა. მღვდელმთავარი წმიდა შესამოსელით შემოსილი შევიდა კრეტსაბმელის მიღმა და ღირს იქმნა, რომ ღვთის ნება შეეტყო. მას მოევლინა უფლის ანგელოზი და უთხრა: „ზაქარია, შეკრიბე იუდას ტომის, დავითის სახლის უცოლო მამაკაცები და უბრძანე, რომ ყველამ თავისი კვერთხი მოგიტანოს, ვისზედაც უფალი გარდამოავლენს ნიშანს, მიეცი მას ქალწული, რათა დაიცვას ქალწულება მისი". მაშინ იუდეის შემოგარენში მაუწყებლები დაგზავნეს და მათი მოწოდების თანახმად, მამაკაცების დიდი სიმრავლე შეიკრიბა. მღვდელმთავარმა თორმეტი ღვთისმოსავი და მოხუცებული კაცი აირჩია დავითის ტომიდან, ყველას გამოართვა კვერთხი, ტაძარში შევიდა და ლოცვა დაიწყო, რათა თვით უფალს გამოერჩია კაცი, რომელიც ქალწულზე დაწინდვის ღირსი იქნებოდა. კვერთხები მთელი ღამით დატოვეს ტაძარში. როდესაც მეორე დღეს მღვდელთმთავარი ეკლესიის მსახურებთან და თორმეტ მოხუცებულთან ერთად ტაძარში კვლავ შევიდა, ნახეს, რომ იოსების კვერთხი განედლებულიყო, ხოლო, როცა მღვდელთმთავარმა ყველას დაუბრუნა კვერთხი და უკანასკნელი იოსებს გაუწოდა, დაინახეს, რომ ზეციდან მტრედი ჩამოფრინდა და კვერთხზე ჩამოჯდა. იოსები, რომელიც ქალწულ მარიამს ნათესავად ერგებოდა, მართალი იყო და მესიის მოსვლას მოუთმენლად ელოდა. მან ღრმა სიბერეს მიაღწია, ამ დროისათვის ის 80 წელზე მეტისა იყო, უკვე დიდი ხნის განმავლობაში, - თავისი ცოლის სალომეას სიკვდილის შემდეგ, ქვრივად ცხოვრობდა და ექვსი მოზრდილი შვილი ჰყავდა, ოთხი ვაჟი: იაკობი, იოსია, სიმეონი და იუდა და ორი ქალიშვილი: მარიამი და სალომეა (ზოგიერთი საეკლესიო ისტორიკოსი მათ თამარს და ესთერს უწოდებს. იოსებ დამწინდველის შვილებლი იესო ქრისტეს დებად და ძმებად იხსენიებიან; სალომეას ვაჟები - იაკობ და იოანე ზებედეს ძენი კი მის დისშვილებად). მღვდელთმთავრის სიტყვებზე, რომ მან დასაცავად უნდა მიიღოს საღვთო ქალწული, იოსებმა უპასუხა, რომ უკვე მოხუცი იყო, მოზრდილი შვილები ჰყავდა, მარიამი კი ისე ახალგაზრდა, რომ თვითონ ებრაელთა დასაცინი გახდებოდა. ამაზე მღვდელთმთავარმა მას დათანის, აბირონის და კორეას ხვედრი შეახსენა, როდესაც უფალთან შეწინააღმდეგების გამო მიწა განიპო და შთანთქა ისინი: „გეშინოდეს, რომ შენს სახლსაც იგივე არ შეემთხვეს".



სრულად ნახვა
Категория: რელიგია | Просмотров: 1095 | Добавил: Admin-Gio | Дата: 03.06.2011 | Комментарии (0)

ყრმა მარიამი ღვთის მადლით ცხებული და მშობლების მზრუნველობით გარემოცული იზრდებოდა და განმტკიცდებოდა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც იგი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა, სურდა გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ მასთან დაბრუნდა, მაშინ მართალმა ანნამ ის ხელში აიტაცა და შესძახა: „ცხოველი არს ღმერთი ჩემი, შენ მიწას ფეხს არ დააკარებ მანამ, სანამდის უფლის ტაძარში არ მიხვალ". ამის შემდეგ ანნამ თავის საძინებელ ადგილას განსაკუთრებული სამყოფელი მოაწყო, სადაც არანაირი უწმინდურობა არ დაიშვებოდა, შეკრიბა უზაკველი ცხოვრების მქონე ებრაელი ასულები, რათა მათ ეზრუნათ ღვთივრჩეულ ყრმაზე.

როდესაც მარიამს ერთი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ მოიწვია ღვთისმსახურები, მწიგნობრები, მოხუცებულები და მეგობრები, სადღესასწაულო ნადიმი გადაიხადა, ამ შეკრებაზე მან მარიამიც მიიყვანა და ყველას სთხოვა, რომ იგი დაელოცათ. „ღმერთო მამათა ჩუენთაო, აკურთხე ყრმა ესე და განადიდე სახელი მისი ყოველთა ტომთა ზედა". ამგვარი კურთხევა წარმოსთქვეს ღვთისმსახურებმა მარიამის მიმართ, ხოლო დამსწრეთ უპასუხეს: „ამინ, იქნას ესრეთ".

მარიამს ორი წელი შეუსრულდა. გარშემომყოფნი განცვიფრებულნი იყვნენ მისი გულისა და გონების არაჩვეულებრივი განვითარებულობით, რომელიც ასაკს დიდად აღემატებოდა. მისი ბავშვური სიბრძნე კეთილისმყოფელ მზის შუქს ედრებოდა, მარიამი თავისი ასაკის სხვა ბევშვებს არ ჰგავდა და მართალი იოაკიმე ჩქარობდა, იგი აღთქმისამებრ ღვთის ტაძარში მიეყვანა, მაგრამ ანნამ, რომელსაც დედური გული ამოქმედებდა, სთხოვა, რომ კიდევ ერთი წელი გადაედოთ. ბრძენი მშობლები ასულს უფლის სამსახურისთვის ამზადებდნენ და მასში აყალიბებდნენ აზრს, რომ იგი ღვთისთვის ჰყავდათ აღთქმული, რომ ღმერთთან ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მშობლებთან, რომ მშობლები ვერ მისცემენ იმას, რასაც ღმერთი მიჰმადლებს. „ისმინე ასულო და მოჰყავ ყური შენი და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ". - ამბობს დავით მეფე ფსალმუნში და აი, დადგა ღვთის წინაგანგებულების საიდუმლოს აღსრულების დრო. წმინდა ყრმა შედის წმიდათა წმიდათაში, რითაც დასაბამს იღებს ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო, ის ხომ აურაცხელ ცოდვათა გამო აქამდე მოკლებული იყო სასუფეველს.



სრულად ნახვა
Категория: რელიგია | Просмотров: 841 | Добавил: Admin-Gio | Дата: 03.06.2011 | Комментарии (0)

ყოვლადწმიდა დედა ღვთისა იშვა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისაგან - ქალაქ ნაზარეთში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი და იერუსალიმს სამი დღის სავალი აშორებდა. „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?" - ამბობდნენ ებრაელები, როდესაც შეიტყვეს, რომ დიდი წინასწარმეტყველი იესო აქედან გამოვიდა.

წინასწარმეტყველთა უწყების მიხედვით, ქვეყნიერების აღთქმული მხსნელი დავითის სამეფო ტომიდან უნდა წარმომდგარიყო, მაგრამ ბაბილონის ტყვეობის შემდგომ დავით მეფის შთამომავლები ნელ-ნელა უფლებებს კარგავდნენ და როდესაც მაკაბელთა გვარი გაძლიერდა, სამეფო შტოს ყოველგვარი გამორჩეულობა გაქრა და ის სხვა ხალხს გაუთანაბრა.

როდესაც წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებული დრო დადგა და სკიპტრა უცხოტომელ ჰეროდეს გადაეცა, როცა რომაელთა ყოვლისდამარღვეველი ხელმწიფება დაიწყო, როცა ზნეობრიობა და რელიგია სრულიად დათრგუნული აღმოჩნდა - მაშინ იუდეველებმა გააცნობიერეს, რომ დანიელის მიერ დათქმული ჟამი იწურებოდა და მოუთმენლად დაუწყეს ლოდინი მესიას, რომელიც მათ უცხოტომელთა უღლისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე ბატონობას მიანიჭებდა.



სრულად ნახვა
Категория: რელიგია | Просмотров: 1068 | Добавил: Admin-Gio | Дата: 03.06.2011 | Комментарии (0)

ნუ ვიქნებით უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები

სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში მოდური გახდა ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს რისი თანაზიარი ხდება.

ჰელოუინი (ინგლ. Helloween) - ძველი კელტების წარმართული ზეიმია. იგი 31 ოქტომბრის ღამეს იწყება და 1 ნოემბერსაც გრძელდება. მისი წარმომავლობა ინგლისში, ირლანდიასა და ჩრდილოეთ საფრანგეთში (გალიაში) მცხოვრებ ხალხთა წარმართულ წარმოდგენებს უკავშირდება.

მიუხედავად ევროპული წარმოშობისა, ეს დღე ფართოდ აღინიშნება აშშ-ში და მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ევროპაში.

ძველ კელტებს სწამდათ სიცოცხლის სიკვდილისაგან წარმოშობისა. 31 ოქტომბერს ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ და მიაჩნდათ, რომ 1 ნოემბერს იწყებოდა ჟამი სიცივისა, წყვდიადისა და სიკვდილისა.

ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმართ ღვთაებას - სამჰეინს (Samhain). კელტური ახალი წლის დამდეგს დრიუდები (კელტი ქურუმები) აქრობდნენ ყოველგვარ ცეცხლს და ასე წყვდიადში ეგებებოდნენ „დღესასწაულს". მომდევნო დღის საღამოს დიდ კოცონს აჩაღებდნენ და სიკვდილისა და წყვდიადის მბრძანებელს, ბნელეთის ბოროტ სულს (იგივე სატანას) მსხვერპლს სწირავდნენ. დრუიდებს სწამდათ, რომ თუკი სამჰეინი მათი მსხვერპლშეწირვით კმაყოფილი დარჩებოდა, გარდაცვლილთა სულებს „ნებას დართავდა" ამ დღეს თავიანთ სახლებში „ესტუმრათ". ჰელოუინის წარმართულ დღესასწაულზე ჯადოქრებისა და ბოროტი სულების კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანების ქუჩებში ხეტიალი - მიღმიურ სამყაროსთან და ბილწ სულებთან ურთიერთობას განასახიერებს.

დღესასწაულის ძირითადი ატრიბუტია „ჯეკის ფარანი" (ინგლ. jack-o'-lantern), იგი გოგრისგანაა დამზადებული; აქვს ადამიანის თავის ფორმა, მასში ამოჭრილი თვალებითა და პირით, შიგნიდან განათებულია სანთლით. ეს სიმბოლო უკავშირდება უძველეს ირლანდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკზე, რომელიც აზარტული თამაშების მოყვარული და ალკოჰოლიკი იყო. ლეგენდის თანახმად მან ორჯერ გააბრიყვა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ კი ვერ მოხვდა ვერც სამოთხეში (თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო) და ვეღარც ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტმა სულმა შეჰფიცა, რომ არ წაიყვანდა ჯოჯოხეთში. ამიტომ მისი სული სამყაროში დახეტიალობს გოგრის თავითა და მასში ბჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ჯოჯოხეთიდან მოიპარა. სწორედ ამ ლეგენდის გამოა ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტიკის შეფერილობა ნარინჯისფერი და შავი.


სრულად ნახვა
Категория: რელიგია | Просмотров: 1091 | Добавил: varse9788 | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)


  Findout.Com - © 2024