მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ორშაბათი, 29.04.2024, 10:54
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » მასალის არქივი
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.

გულში მწუხარებამ ღამე გაათია…

მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,

რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,

მთელი შემოდგომა თავზე დამათია.

ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.

რომელი საათია? რომელი საათია?



სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 1279 | Добавил: Admin-Gio | Дата: 18.04.2011 | Комментарии (0)

1900 წლის 20 ნოემბერს ნიუ იორკში 19-ე საუკუნის კლუბში გამართულ სადილზე ბატონმა კლემენსმა წარმოთქვა სიტყვა "ლიტერატურის გაუჩინარება”. დოქტორმა გოულდმა კლემენსის წარდგენისას თქვა, რომ მან (სპიკერმა), გერმანიაში ყოფნისას მრავალჯერ მოიბოდიშა ერთი ლიტერატორის გამო, რომელიც გერმანელთა ენის გათავისუფლებას ახდენდა.
"სულ არ იყო აუცილებელი თქვენს თავჯმდომარეს ჩემს მაგივრად ბოდიში ეხადა გერმანიაში. სრულებით არ იყო საჭირო. ამის სანაცვლოდ მას უნდა დაეინტერესებინა საცოდავი ღამენათევი ტევტონელები იმ სამსახურის გამო, მათ რომ გავუწიე. მათ ენას მოწესრიგება ესაჭიროებოდა წლების მანძილზე. ამ საქმის კეთების სურვილი სხვას ვერავის შევატყე. ავდექი და ჩემს თავზე ავიღე ეს და ახლა საკუთარ თავს ვეპირფერები, რომ ამისაგან კარგი საქმეც გამომივიდა. გერმანელები თავიანთი ზმნების შეკვეცის არაჰუმანურ საშუალებას მიმართავენ. ახლა ამის გამო ზმნას საკმაოდ მძიმე დრო დაუდგა. ძალზე არაჰუმანურია მისი გახლეჩვა. მაგრამ ეს ისაა, რაც გერმანელებმა ჩაიდინეს. მათ აიღეს ზმნის ნაწილი და დადეს აქ, როგორც ფსონი, მერე აიღეს მეორე ნაწილი და მოაშორეს როგორც მეორე ფსონი, ხოლო ამ ორ ზღვარს შორის მათ უბრალოდ ჩატენეს გერმანული ენა. მე ვიმეორებ, რომ ბოდიში არ უნდა მოუხადო იმ ადამიანს, რომელიც დაეხმარა მათ ცოტათი მაინც შეეჩერებინა ასეთი დასახიჩრება.


სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 850 | Добавил: Admin-Gio | Дата: 18.04.2011 | Комментарии (0)

I თავი
 მამაჩემი სენბერნარია, მამა-კოლი, მე კი პრესვიტირიანელი ვარ.რა ვიცი, დედამ ასე მითხრა, მე კი მსგავს საკითხებში ვერ ვერკვევი. ჩემთვის ყველა ეს ლამაზი, გრძელი სიტყვებია, თანაც ყოველგვარ აზრს მოკლებული. დედა გიჟდებოდა ასეთ სიტყვებზე, სიამოვნებით წარმოთქვამდა ყველა მათგანს და დიდად ხარობდა როცა მისი განსწავლულობით გაოცებული სხვა ძაღლები რიდითა და შურით შეჰყურებდნენ. მაგრამ, აქ, მგონი განათლება არაფერ შუაში იყო, დედას უფრო თავის გამოჩენის სურვილი ამოძრავებდა: ასეთ სიტყვებს სასადილო და სასტუმრო ოთახებში კრებდა, და კიდევ საკვირაო სკოლაში, როდესაც თან ახლდა ჩვენი პატრონის შვილებს. ყოველთვის, როცა მორიგ გრძელ სიტყვას მოკრავდა ყურს, სულ ერთთავად იმეორებდა გულში, რათა ჩვენი უბნის ძაღლების „კონფერენციამდე" თავიდან არ ამოფრენოდა. დააგდებდა ხოლმე ასეთ სიტყვას და, პაწია ამუნიათი დაწყებული უზარმაზარი მასტიფით დამთვარებული, ყველა გაოცებას მოდიოდა. მოკლედ ჩიტი ბრდღვნად ღირდა.თუ ჩვენს შორის ვინმე უცხო, ანუ დამსწრე სტუმარი აღმოჩნდებოდა, ის უთუოდ დაეჭვდებოდა; პირველი შთაბეჭდილებით გაოგნებული მაშინვე მოითხოვდა, აეხსნათ მისთვის რთული სიტყვის მნიშვნელობა, და დედაჩემიც დაუფიქრებლად აკმაყოფილებდა მის ცნობისმოყვარეობას.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1105 | Добавил: Admin-Gio | Дата: 18.04.2011 | Комментарии (0)

წარმოიდგინეთ, რომ სადილის შემდეგ ათი წუთით გაისეირნეთ ბროდვეიზე სიგარის მოსაწევად. სეირნობისას ფიქრობთ ცხოვრებაში მომხდარ ტრაგიკომიკურ ამბებზე, ან უფრო სერიოზულ ამბებზე ვოდევილის ჟანრში და უცებ თქვენს მხარეს ეხება ვიღაცის ხელი. მოტრიალდით და ხედავთ, რომ თქვენს წინაა სიასამურის ქურქში გამოწყობილი, ბრილიანტის თვლებიანი სამკაულებით მორთული ლამაზი ქალი. იგი სასწრაფოდ გჩრით ხელში უზომოდ ცხელ კარაქწასმულ პურის ნაჭერს, პაწაწკინტელა მაკრატლით სწრაფად გაჭრით პალტოს მეორე ღილს, მრავალმნიშვნელოვნად წამოიძახებს ერთადერთ სიტყვას ,,პარალელოგრამი”, შემდეგ კი გარბიშ და თან შეშინებული უკან იყურება.

აი, ეს იქნებოდა ნამდვილი თავგადასავალი. ჩათვლიდით ამ ამბავს ჩვეულებრივ მოვლენად? მე მგონი, არა. თუ თქვენ არ ეკუთვნით იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს, რომლებშიც ჯერ არ ჩამკვდარა თავგადასავალთა მაძიებლის სული, აღშფოთებისა და დაბნეულობისაგან წამოწითლდებოდით, მორცხვად გადააგდებდით პურის ნაჭერს და აწყვეტილი ღილის ადგილზე ხელის ფათურით განაგრძობდით ბროდვეიზე სეირნობას.



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 970 | Добавил: Admin-Gio | Дата: 18.04.2011 | Комментарии (0)

ძველად, ქართულ პრესაში, დიდი დავა ატყდა იმის შესახებ, თუ რატომ არ იწერება ქართული ცხოვრების რომანი. ამ კამათში, როგორც მახსოვს, ბევრი ჭკვიანიცა და ბევრი არამკითხეც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მე ყველაზე უფრო დამამახსოვრდა არჩილ ჯორჯაძის აზრი; ის ამტკიცებდა, რომ საამისოდ მასალას თვითონ ჩვენი სინამდვილე არ იძლევაო.

მე მგონია, რომ ეს მოსაზრება სრულ გაუგებრობაზე არის აშენებული. და ყველაზე უფრო საწყენია, რომ ამ აზრს ემხრობოდა არჩილ ჯორჯაძე, რომელმაც პირველმა დაიწყო წერა ქართული ინტელიგენციის ისტორიისა.

შეუძლებელია მოინახოს უფრო მეტი მასალები რომანისათვის, რასაც იძლევა საქართველო მე-19 საუკუნეში. ეს არის უდიდეს გარდატეხათა ეპოქა. განა ლევ ტოლსტოიმ ამ ეპოქას არ უძღვნა თავისი „ჰაჯი-მურატი” (აუარებელ მასალებს ამ რომანისათვის ტოლსტოის აწვდიდა სიმონ ესაძე). და განა პირველად არ არის აქ მწერლობაში გამოყვანილი მანანა ორბელიანი, რომელიც მარტო ერთი დაამშვენებდა ერთ რომანს!

თუნდაც უბრალო მოხელე ბოროზდინი თავის მოგონებებში სამეგრელოსა და სვანეთის შესახებ იძლევა აუარებელ მასალებს: მარტო ერთი მენიკი შერვაშიძე რად ღირს მხატვრული პროზისათვის, ანდა გაგარინის მკვლელობა დადეშქელიანისაგან; და კიდევ ვინ მოსთვლის!

ყველა ამ მასალების ფონზე გადაიხსნებოდა ტოლსტოის „ომისა და მშვიდობის” შესადარი რომანი.



სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 1278 | Добавил: Admin-Gio | Дата: 17.04.2011 | Комментарии (0)

(1926 წ. მისი სურათების გამოფენის გამო)


ლადო გუდიაშვილი, საქართველოში ექვსი წლის არყოფნის შემდეგ პირველად მართავს თავისი სურათების გამოფენას. მე მგონია, რომ დღეს ის უფრო მეტი თრთოლვით და ჟრუანტელით მოელის თავის გამოფენაზე ხალხს, ვინემ ამ რვა-ცხრა წლის წინ, როდესაც ის ჯერ სრულიად ბავშვი, მოულოდნელად ეჩვენა თბილისს „NSa”-ში გამოფენაზე: ჩვენ ვიცოდით, რომ ის იყო მხატვართა ექსპედიციაში, რომელიც აგროვებდა ქართული ფრესკების კოლექციას - დანგრეული, დარღვეული ტაძრებიდან და კოშკებიდან მოვიდა ის თვითონ როგორც ნიამორი და როგორც ფრესკა გათანგული ზვიადი ჩვენებით უსახელო ოსტატობით მოხიბლული. რუსეთის პოეტი სერგეი გოროდეცკი წერდა ამ გამოფენის გამო ლადო გუდიაშვილზე: „მე ვხედავ აღფრთოვანებულ ყრმას, რომელსაც უნდა ხელმეორედ ააშენოს დანგრეული საქართველოო". ამბობენ, ას წელში ცა ერთხელ გაიხსნება ნატვრისათვისო და ამ ცის გაღებულ კარებს მიასწრო საქართველომ 1919 წელს, როცა გაიმართა პირველი ქართველი მხატვრების გამოფენა ყოფილ დიდების ტაძარში. და იმ ტაძარში, რომელიც მანამდე მხოლოდ ჩვენი მონობის დიდების ტაძარი იყო, სადაც ეკიდა საქართველოს დახეული დროშები, შამილის გამტყდარი ხმალი და ჰაჯიმურატის ტანზე შეხსნილი მუზარადები, რომელსაც გარს ერტყა რუსეთის ცარიზმის ზარბაზნები და იმპერატორის ალექსანდრე I მაცდური მანიფესტის თუჯის სიტყვები, გაიმართა ქართული მხატვრობის გამოფენა, რომელმაც შემდეგ საფუძველი დაუდო ეროვნულ გალერეას. ტფილისელებს არ უნდათ იმის მოგონება, რომ ამ გამოფენის რაინდები იყვნენ: ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე, რომელნიც შემდეგ, როგორც ლაურეატები გაიგზავნენ პარიზში. ცნობილია, რომ მხატვრებს ყველაზე უფრო უჭირთ მხატვრებზე კარგის თქმა - მაგრამ ბევრს ემახსოვრება ცნობილი მხატვრის, სერგეი სუდეიკინის მაშინდელი წერილი ქართულ გამოფენაზე. განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღნიშნავდა ის ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ტილოებს.



სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 1101 | Добавил: Admin-Gio | Дата: 17.04.2011 | Комментарии (0)

აპრილის პირველი შეხედვა 

რაც არ უნდა მოაბრუნოს ვალერიან გაფრინდაშვილმა უკუღმა პეიზაჟი, ვერავინ ვერ იტყვის, რომ იყოს მეტი სიხარული გარდა აპრილის სითეთრისა. ჩემთვის აქამდე აუხსნელი ფაქტია, აზიის პოეტებმა რატომ გააღმერთეს მაისი. გოლოვინის პროსპექტს მაშინ უკვე ერქვა რუსთაველის, როცა ერთმა მოსკოველმა ჟურნალისტმა და თეატრალმა ი. ლვოვმა პირველად გაგვაცნო სერგეი სუდეიკინი. ყველა იმ ხელოვანთაგან, რომელნიც რუსეთის სამოქალაქო ომმა ჩამოიყვანა საქართველოში, უთუოდ საინტერესო დარჩა ს. სუდეიკინი. სუდეიკინმა ჯერ რევოლუციამდე დასტოვა პეტერბურგი. ავადმყოფი და ნერვებგანადგურებული, ის მაინც მოხვდა მობილიზაციაში და მსახურობდა არმიაში, შემდეგ კი თითქმის ერთი წელიწადი იწვა ყირიმის სანატორიუმში. მისმა მეგობრებმა და ყველაზე უფრო თვითონ მან დაჰკარგა იმედი გადარჩენის. მე არასდროს არ მიგრძვნია სიკვდილის მეტაფიზიკა ისე დაჯერებით, როგორც სუდეიკინთან საუბარში. მისმა მეგობარმა, პეტერბურგელმა მხატვარმა საველი სორინმა, მისცა მას პირველად აზრი საქართველოში წამოსვლის. არის რაღაც აუხსნელი სუდეიკინის და სორინის მეგობრობაში - ეს შეუძლებელი შემთხვევაა მოცარტის და სალიერის დამეგობრების. სუდეიკინში ნამდვილი არტისტის სულია, რომელიც მხატვრის სახით დადის ქვეყანაზე - სორინი აძლევს მის ცხოვრებას მიწიერ აზრს, რაც საჭიროა, რომ შიმშილით არ მოკვდეს არტისტი. არ ვიცი, დარჩა თუ არა ვისმეს აწერილი რუსეთი სამი წლის წინ: იყო რაღაც ფანტასმაგორია, მართლა ასტრალური მტვერი გაყინული სიცივით თოვდა მაშინ რუსეთში, იყო სამოქალაქო ომი, ჩრდილო პოლუსის ოკეანის სიცივე და შიმშილი მისტერიამდე. 



სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 1008 | Добавил: Admin-Gio | Дата: 17.04.2011 | Комментарии (0)

ყველას და, მათ შორის, მეც მიყვარს მაღალი, მწვანით, ყვავილებით მორთული მთა; გაზაფხულის სუნი, ახლად ამომავალი ბალახი, ახლად დამდნარის ყინულისათვის რომ უჯობნია, უცოდველად, უვნებლად ამოუჩენია თავი და შეჰყურებს მზეს, ქვეყანას, იჩქმალება, ინაბება, მაგრამ ნაზს, მიბნედილს სახეზე გამოუთქმელი ტრფიალება გადაჰფენია: - გავცოცხლდი, მადლი ჩემს გამჩენსაო, - თითქოს დუდუნებს. საამურია, გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან. მიბუნდებულს, უღრანს, ბნელს, დაბურულს ტყეს ხომ არა შეედრება!.. 

მაგრამ ამჟამად ყველაფერი მავიწყდება და თვალთ-წინ მიდგება მხოლოდ ერთი ხმელი წიფელი. ისიც უღრანს ტყეში დგას, ერთის კლდის თავზედ. ამ კლდესაც ხავერდივით მწვანე ხავსი გადაჰკვრია. ხმელს წიფელს სხვა ხეები შორს უდგანან, თითქოს განგებ გაჰშორებიან და ამაყად დასჩერებიან თავზე. ხმელის წიფლის ახლო რამდენიმე ჟოლის ფეხია მოსული, შველისა და ირმის ნაკვნეტის ფოთლებით. ისინი გადმოძაბულან და გადმოსცქერიან დაბლა მდინარეს, მის ფესვებში რამდენიმე ფეხი ძირტკბილა მოდის, ზამთარ-ზაფხულ მწვანე, დაკბილულ-ფოთლებიანი. ხმელს წიფელს წასვლია სიცოცხლის ნიშანწყალი: სამი ტოტი-ღა შერჩენია შუა წელს ქვევით, ზედა ტანი მოტეხილია და ხევში ჩაჩხატულა, გახიდულა. ამ სამს ტოტში წელიწადში მარტო ერთს გამოუვა ხოლმე სამი თუ ოთხი ფოთოლი, ისიც ფერწასული, დამჭკნარი, გაყვითლებული. სხვა ხეებს-კი რომ უყუროთ, დატვირთულნი დგანან ბუნების მინიჭებულის სარჩოთი. არაფრად აგდებენ ხმელს წიფელს, ყურადღებას არ აქცევენ, მხოლოდ ზამთრობით, როცა თითონაც შემოეძარცვებათ ხოლმე საპატარძლო ტანისამოსი და, ცოტად თუ ბევრად, დაუახლოვდებიან სიხმელეს და დაემსგავსებიან ხმელს წიფელს, მაშინ თუ შეაცქერდებიან, ისიც გაკვრით... ეს მოხდება სწორედ მაშინ, როდესაც პირბადრი, სახენათელი, თმაგაშლილი "ადგილის დედა” ბუნების სანუგეშოდ სიყვარულზე, სიწმინდეზე და სიცოცხლეზე ზღაპარს უამბობს. მაშინ შეუბუზღუნებენ ხმელს წიფელს: "რას გაშტერებულხარ, საწყალო? ყური დაუგდე, დედა რას ამბობსო!”. 


საბრალო წიფელი! ერთი დრო იყო, რომ ესეც ამაყად გაბარჯღული იდგა, სხვა ხეებს ბევრით მაღლა ასცილებოდა და თავის დიდრონ ტოტებითა და ფოთლებით ქოხივით ეხურებოდა თავს მთელს ტყეს. მთიდამ ბარად მომდინარი არწივი მის კენწეროზე ისვენებდა, მოჰყვებოდა ამაყად ყეფას. ეხლა კი სულთმაბრძოლს დაჰფერებია. წაქცევ-წაქცევაზეა მიმზადული. ტანზე რამდენსამე ადგილს საცოდავს გამხმარი ქერქი ასძრობია და ტიტველი გვერდები უჩანს. ერთს ალაგს უფრო გრძლად აჰყრია ქერქი და დედამიწისკენ გრძლად გადმოშვერილა; გეგონებათ, ხანჯალი დაუციათ და ნაწლევები გადმოუყრევინებიათო. ჭიაც ბევრი თუ აქვს ამ წიფელს, რომ რამდენჯერაც მის ახლო გავლა მომიხდება, ზედ მუდამ კოდალასა ვხედავ. ეს დასაქცევი ერთთავად ზედ აზის და, რაც ძალი და ღონე აქვს, ურახუნებს იმ გასახმობს, გასავერანებელს ნისკარტს; თან კიდეც დასჭყივის, დაჰკივის, თითქოს ნიშნს უგებსო. აგერ რამდენს ადგილას ამოუღრუტნია წიფელი გულამდის. საცაა გულსაც ფქვას დაუწყებს. წიფელი დგას, დგას შეუშფოთრად, წარბშეუხრელად; არც ავს ამბობს, არც კარგსა. 






სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1805 | Добавил: Admin-Gio | Дата: 10.04.2011 | Комментарии (0)


პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია. 

გზადაკარგული დავდივარ. აი დახედეთ ჩემს სისხლიან ფეხსა, - ეს წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე... გული მიწუხს... გული... საბრალო დედაჩემი! მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავ დილით და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები... ღმერ-თო, რამდენი მტერი გვყავს! 



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1543 | Добавил: Admin-Gio | Дата: 10.04.2011 | Комментарии (4)



- ბალღები სადღა არიან? - იკითხა იოთამმა, როცა სახლში შევიდა, - ისრით იღლიაგაგმირული, ტყავგაუხდელი არჩვი კერაზე დააგდო ისე დაუდევრად, რომ ნადირის წვერმოკაუჭებულმა რქებმა მიწაც კი მოჩიჩქნა. ვერ იყო იოთამი კარგს გუნებაზე: თავიდან ფეხებამდის წურწურით წყალი გასდიოდა, ავდარს დაესველებინა; მშვილდი და კაპარჭი (საისრე) დედაბოძზე წნელით მიმაგრებულს ირმის რქაზე ჩამოჰკიდა და აჩქარებით კერაზე გახურებულს ცეცხლს მიაშურა; გასათბობად ხელები მიუპყრო; ტანზე გარექცევ ნაცვამი ჯიხვის ტყავის კალთებიდან ორთქლმა დაუწყო პირისახეზე ადენა; თბებოდა ცეცხლზე და თანაც ცოლისაგან პასუხს ელოდა, რომელიც იქვე, კერის შორი-ახლოს იწვა არხეინად, ძუ ვეფხვსა ჰგვანდა. გველ-ხოკერასავით სქელი, შავი ნაწნავები ზოგი უკან ბეჭებზე ჰქონდა გადაყრილი, ზოგიც წინ, გულ-მკერდზე ელაგა. პირისახე მოსინულ სპილენძს მიუგავდა. პატარა ბიჭს, იოთამთან ნაყოლს, ძუძუს აწოვებდა. ბავშვი ორის ხელით ჩაჰბღაუჭებოდა და გაშმაგებით სწოვდა ტუჩების ტკბარუნით. ვეფხვის ლეკვი ვეფხვის რძეს შაექცეოდა. დედა-შვილნი განცხრომაში იყვნენ. ლოგინად არჩვებისა, ირმისა და მგლის ტყავები ეგოთ, ხავსსა და ლელზე დაფენილი. 

ეს მეორე ცოლი იყო იოთამისა, მოტაცებული, ნანადირევი. ტყეში შეხვდა, სანადიროდ ნამყოფი, სტაცა ხელი, არც აცივა, არც აცხელა, პირდაპირ თავის ქოხში ამოაყოფინა თავი. შენ ჩემი ცოლი ხარ, ჩემი მონა-მორჩილიო. მდევრად წამოსული ცოლის ძმები ისრით დახოცა, სიმამრს ქვით გაუტეხა თავი, კინაღამ ისიც საიქიოს გაისტუმრა. იოთამი ძალიან მძლავრი, მამაცი ადამიანი იყო. 

ქმრის გამოხმაურებაზე ცოლმა მხოლოდ გადმოიხედა და ცეცხლივით შავი თვალები გადმოანათა. ოდნავაც არ შენძრეულა. 

- ბალღები სად არიან-მეთქი, შენ გეკითხები? - განუმეორა იოთამმა. 

მოუხეშავს, ბრიყვს, სასტიკს იოთამს ძალიან უყვარდა პირველ ცოლიდან დარჩენილი შვილები, ქალ-ვაჟი, მზია და ვეფხვია. 

- ძროხები დაუკარგიათ, იმათ საძებნელად დავგზავნე, - უპასუხა ცოლმა. 

- ოჰ, ოჰ, ჩამწარდა წუთისოფელი, სიცოცხლე შხამი გახდა შენს ხელში, დედაკაცო! ხუთი-ექვსი წლის ბალღები ამ უკუმეთს ღამეში რა ძროხებს მოგიძებნიან?! ვინ იცის, რა დაემართებათ ამ უკუმეთს ღამეში? გინდა ისინიც ნადირს დააჭამო? ამდენს ჩემს სულით ტანჯვას და ჩემი შვილების წვალებას ბარემ ერთხელ თავები დასჭერ, მორჩი და გაათავე, შენც დაისვენე და მეც დამასვენე, - სთქვა გაჯავრებულმა იოთამმა. 

- შენ გააჭირე საქმე და შენმა შვილებმა!.. რა გახდა შენი შვილები, გველის წიწილები ცოტაა ქვეყანაზე? - უპასუხა გარისხებულმა ცოლმა. 

გაშტერებული იოთამი დიდხანს უცქეროდა ცოლსა. 

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1058 | Добавил: varse9788 | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

« 1 2 ... 7 8 9 10 11 12 »

  Findout.Com - © 2024