მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ხუთშაბათი, 25.04.2024, 17:39
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 20 » დაუმთავრებელი მოთხრობა – (ლალი ბრეგვაძე–კახიანი)
23:28
დაუმთავრებელი მოთხრობა – (ლალი ბრეგვაძე–კახიანი)
მორჩა, ამოიწურა სამსახურის საათები, ეს ერთი დღეც გადაგორდა.
წავა ახლა სახლში, ცოტა დაასვენებს გონებას, მოითქვამს სულს, მოიკრებს მთელი დღის ნაფლანგ ენერგიას და კვლავ შრომას შეუდგება, ოღონდ ნებაყოფლობითს და, ამდენად, ასატანს.
არ ხდება განა, რომ ადამიანი ისე ცხოვრობს, თითქოს სატანამ დასწყევლა უსაშინლესი, შემზარავი წყევლით? ვაი-ვიში რას შველის მაშინ? ვაი-ვიშით რა გამოვა? არაფერი. იცოდა ეს.
რამდენი უნდა იჯახიროს, რა განუზომლად უნდა დაიხარჯოს, რამდენჯერ უნდა დაიფლითოს სული და გული, რომ მიაღწიოს წარმატებას, რამ ფასოვანი შექმნას.
საშინლად ცივი შენობაა... მადლობა ღმერთს, გაზაფხულდა უკვე, საგრძნობლად დათბა. აქაური დერეფანი ყოველთვის ღრმა აკლდამაში შესასვლელ ყრუ და ბნელ ტალანს აგონებს, სამყოფელს, სადაც შეხვედი მოზეიმე ცხედარი და საიდანაც გზა აღარსაითაა, რადგან მტვერი არ ნიშნავს მარადისობას, არც უსასრულო დუმილი ცვლის სიმშვიდეს. მაინც რითი შეიძლება სიმშვიდის მოსყიდვა, ვინ აღმოაჩენს მის ტოლფას საუნჯეს? იქნებ... მაგრამ ეს ”იქნებ” მისთვის არაა ჩვეულებრივი, უწყინარ საუბარში გამოსარევი სიტყვა ან აზრიდან აზრზე მშვიდობიანად გადასასვლელი საფეხური, არამედ დამუხტული, ლამის მისტიურობამდე მისული ეჭვი, უთქმელ აღსარებასავით რომ უღრღნის გულს და წინ უძღვის საშინლად ადამიანურ, იმპულსურ აზრს - ეგებ ნიჭი არ მყოფნის, ტყუილად ვეწამებიო. ”ნიჭში” იგი მარტო საკუთარ უნარს როდი გულისხმობდა, არამედ უნართა კავშირს საგნების, ადამიანების, მოვლენებისადმი, მისეულ დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ, რაც გარს ერტყა.
მართლაც შესაძლებელი რომ ყოფილიყო კითხვებზე პასუხის გაცემა!.. ინტერვიუერმა საიდან მოიგონა ასეთი რთული კითხვა: როდის იბადება მწერალი? მან ბოლომდე მოისმინა თუ არა ესოდენ ჭირვეული ფრაზა, პირველი, რაც გაიფიქრა, ის იყო, რომ ამ ლამაზ ჟურნალისტ ქალიშვილს ჩემი გარდაცვალება დროზე ადრე სურს იხილოსო.
რაც გინდა მოეგონა, როგორ ლამაზადაც უნდა გაეწყო საგანგებოდ შერჩეული სიტყვები აზროვნების სიბრტყეზე, ვერასდროს იტყოდა იმ ჭეშმარიტ და ერთადერთ სიმართლეს, რომელიც მისთვის არ არსებობდა იმიტომ, რომ იგი იმათ რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც ლიტერატურაში - სიტყვის მაგიაზე დაფუძნებულ სამყაროში - ადამიანის ყელზე ყოფის სასტიკი ხელით შებმული ყულფის გამოხსნის როლს ხედავდა. 
ვის როდის ატყვევებს ძნელად სათქმელთან ჭიდილი? მაშინ ხომ არა, თმენის საზღვართან მისული გული დუმილის ჯებირებს რომ ანგრევს და სულის ვულკანური ამოფრქვევაც სახეზეა: ღმერთო, რამ შემაყვარა! ვის შეუძლია გაიგოს, რამდენი წვეთი ცრემლით აიკინძა, რამდენი სიტყვა დადუმდა და დაინაცრა, რომ ეს წუხილი გაჩენილიყო, რამდენჯერ ითქვა: მიყვარს! რამდენჯერ, ჰოი, რამდენჯერ! მერედა განა იმისთვის, რომ ბოლოს შენივე სურვილს წინ აღსდგომოდი ხმალივით ცივი და ბასრი პროტესტით - ღმერთო, რამ შემაყვარა!
ეს არაა ძლიერის წინაშე მუხლმოყრილის ლოცვა, არც სულმოკლე ვნებათა დასაცხრობი კრულვა, არამედ გულწრფელი ცდაა იმ გზის მისაგნებად, რომელზე ავლილი ბევრი უნახავთ, ჩამოვლილი კი იშვიათად. იშვიათობა გადარჩენას არ გამორიცხავს, და ვისაც მშვიდობით დაბრუნება უწერია!..
არა, არ უნდა დათრგუნოს აკლდამის სიცივემ, მადლობა ღმერთს, გაზაფხულდა. მალე გავა ამ შენობიდან. ყოველი მომავალი წუთი, ერთიმეორის მიყოლებით უჩუმრად რომ მოედინება დროის უსასრულო გზაზე, მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ აქაურობას მოაცილოს და შინ მიიყვანოს. იგი უნდა დაემორჩილოს ყოველგვარ აუცილებლობას, უნდა გადაურჩეს კიბე-კიბე შემხვდურ ზოგ-ზოგთა გესლიან მზერას. უნივერმაგის წინ, გზის გასაყართან არიალებულ ხალხის ტალღას, გადასასვლელი გვირაბის პარაპეტთან ჩაყუნცულ მათხოვრის მავედრებელ მზერას, საკომისიოს ვიტრინიდან აბრჭყვიალებულ ანტიკვარულ ნივთთა ხიბლს, მშენებარე მეტროს სადგურის კომპრესორთა გიჟურ ხმაურს, ლამაზმანთა მაგნეტიზმს, საკუთარი სახლის კიბეთა საქცევებზე გულდაგულ ნაყარ პაპიროსის ფერფლსა და ნამწვავებს, აივნიდან დანახულ გაღმითა გორაზე, დასავლეთით ცერად მდგარ საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრებში ცეცხლად ჩამდგარ საღამოხანის მზეს, რამდენ, რამდენ რამეს უნდა გადაურჩეს!
ჯერ კი აქ არის, მესამე სართულზე, დილის მერე, სამსახურის საათების დამთავრების მომლოდინეს, ფეხი არ მოუცვლია შენობიდან. დაბლა სართულზე ფოიეს მოპირდაპირე ოთახში უნდა შეევლო, ქალი ჰყავდა მოსანახულებელი. ხეირიანად არც იცნობდა, საქმე ის იყო, რომ ქალს ეს-ესაა ჟურნალში გამოქვეყნებული მისი მოთხრობა წაეკითხა, და როგორ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, ფაქტი იყო, დერეფანში შემთხვევით შეხვედრისას შესთავაზა, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ჩამოიარეთ, ვისაუბროთო. მისი აზრი აინტერესებდა თუ არა, ამაზე არც უფიქრია, ოღონდ მამაკაცური ღირსება ავალებდა, ხლებოდა ქალს, გარკვეული დრო გაეტარებინა მის გვერდით, თუმც არაფერს განსაკუთრებულს არ მოელოდა შეხვედრისგან. 
ამ აკლდამასავით ბნელ დერეფანში ჰყავდა იგი გაცნობილი. ქალმა მაშინ მოულოდნელად შეაჩერა და ერთ-ერთ თანამშრომელზე ჰკითხა რაღაც. აღმოჩნდა, რომ შეკითხვა გაცნობის საბაბი იყო, რადგან ქალმა, თავისი ქალური ბუნების გამო ვერ დამალა ის აღფრთოვანება, მასზე რომ სმენია შორიდან: მართალი ადამიანია, კარგ მოთხრობებს წერსო, ჰოდა სურვილი გასჩენია, მისთვის წაეკითხვინებინა ფრანს ელენსის რამდენიმე პატარა მოთხრობის თარგმანი, თუ, რა თქმა უნდა, ამით არ შეაწუხებდა, არ წაართმევდა დროს. სიამოვნებითო, დაჰპირდა და შეასრულა კიდეც. ერთი მოთხრობა არტურ რემბოზე იყო. განსაკუთრებით მისი თარგმანი შეუქო ქალს, თან ეჭვი არ ეპარებოდა, თარგმანის ეფექტს ორიგინალის მკაცრი, ფსიქოლოგიური ქარგა უწყობდა ხელს.
მაშინაც იმ ოთახში ისაუბრეს, სადაც ახლა უნდა ჩაევლო. მერე ქალმა სათარგმნელად შეგულვებული იგივე ავტორის რამდენიმე მოთხრობის სიუჟეტი უამბო რჩევის მიზნით, ღირდა თუ არა რომელიმეს თარგმნა. მიხვდა, მთარგმნელი ყურადღებას ნაწარმოებში გადმოცემულ ამბავზე ამახვილებდა, რისთვისაც იგი უმალვე მკითხველთა იმ კატეგორიას მიაკუთვნა, ვინც მწერლის სულის პულსაციას კი არ აყურადებს, მის მანჟეტს აკვირდება, თუ რა ხარისხის საკინძით აქვს შეკრული, ან ჰალსტუხზე ოქროს ქინძისთავის დაბნევა ხომ არ დავიწყებია. რას იზამ, მკითხველთა კატეგორიაც ისევე მრავალგვარია, როგორც მწერალთა. აქ განსჯა არ შეიძლება. არც განუსჯია. პირიქით, თანაგრძნობითაც კი განეწყო მისდამი, რადგან ქალი სიუჟეტს ეძებდა მასალაში, ელენსი კი სულ სხვა რეგისტრზე ღიღინებდა, ამპლუიდან აგდებდა მთარგმნელს, აეჭვებდა, მოკლედ, აპამპულებდა. ადამიანს მუშაობა ეწადა, თარგმნის ჟინს აეტანა იგი, ხოლო ”მომგებიანი” სიუჟეტისთვის ვერა და ვერ მიეგნო.


ქალი მარტო დახვდა ოთახში, ფანჯარასთან იდგა, უკაცრიელ ხიდს გასცქეროდა. როცა მობრუნდა, მწერალმა გაიფიქრა, კარგი ვქენი, რომ შემოვიარე ამ მარტოსულთან, მის მოწყენილ ცხოვრებას იქნებ ადამიანური სიკეთის ხანმოკლე ნათელი მაინც მოეფინოსო. იფიქრა, ამ ვიზიტით სიამოვნებას მოჰგვრიდა მას, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი უდაბნოს ვგავართ და მიუხედავად იმისა, მგზავრის ნაფეხური ოაზისად ვერ გვაქცევს, მაინც მოუთმენლად ველით ქარავანს.
 ქალი უცნაურად დაიბნა, სახე წამოენთო, ძლივს მოახერხა ეთქვა, მობრძანდითო. მანაც ყველაფერ ამაში თავისი განაფიქრის კიდევ ერთხელ გამართლება დაინახა. თან პატივმოყვარეობას ვერ უღალატა და, ცოდვა გამხელილი სჯობს, გულის კუნჭულში ჩიტივით აუჟღურტულდა იმედი - ალბათ, მართლა მოსწონს ჩემი მოთხრობებიო. თავით ფეხამდე ერთი თვალის შევლებით შეათვალიერა ქალი, რომელიც მყის სამუშაო მაგიდას მიუჯდა, წარმოუდგენელი მზრუნველობაც გამოიჩინა.
- იქნებ აქეთ ჯობდეს დაბრძანდეთ, სარკმლიდან უბერავს, არ გაცივდეთ.
გულიანად გაეცინა. არა, არ მეშინიაო.
- ჰო, რა ვიცი, - სათქმელს თავი ვერ მოაბა მან, თან შოკოლადის ფილის ნაჭერი გადმოუდო, - იქნებ გესიამოვნოთ...  
ახლაღა მიხვდა, ფანჯარასთან, თურმე, შოკოლადს შეექცეოდა ქალი.
მერე ქალმა თქვა:
- ძლივს დათბა, როგორც იქნა გვეღირსა..
მუდამ ისევე აღიზიანებდა ორ მოსაუბრეს შორის ამინდის პრობლემებზე მსჯელობა, სათქმელის უქონლობის გამო მილიონჯერ გამეორებული ერთი და იგივე ფრაზების ტკეპნა, როგორც ოთახში მფრინავი ბუზი, მუშაობისას ფიქრის უნარს რომ უსპობდა. მაინც რისი მომასწავებელი უნდა ყოფილიყო ეს ტრაფარეტული, არაფრისმთქმელი შესავალი? ის ხომ შთაბეჭდილების გასაზიარებლად მოიწვიეს. ცოტა არ იყოს, გაუფუჭდა გუნება.იქნებ სჯობდა, აქვე შეეწყვიტა ვიზიტი და თავის გზას გასდგომოდა, არც ქალი დაეტანჯა, არც საკუთარი თავი. თითქმის ყველაფერი უსიტყვოდ იყო ნათქვამი, დადებით ემოციას ამხელა შესავალი რაში სჭირდებოდა.
მაინც მოთმინებით იჯდა. შეჭამა ფილა შოკოლადი, ჩაიგემრიელა პირი, თან ქალის მექანიკურ მოძრაობებს ადევნებდა თვალს. იგი მარცხენა ხელის არათითზე წამოცმულ ვარდისფერ, წვრილ-წვრილ საფირონის ბაღჩიან ბეჭედს იმავე ხელის ცერათითით აწვალებდა. ამინდზე სიტყვის ჩამოგდებამ, როგორც ჩანს, ვერა უშველა მის საფიქრალს. ნეტავ თვალები ყოველთვის ასე ამომჯდარი ჰქონდა, თუ ზედმეტად მოძალებული ფიქრის ბრალი იყო? კედელზე აკრულ რაღაც სიურეალისტურ ნახატს მიაშტერდა მწერალი. გაახსენდა დიალოგი, რამდენიმე საათის წინ ორი თანამშრომელი მანდილოსნის საუბრისას რომ მოისმინა თავის სამუშაო ოთახში.
- იცი, რა დამართნიათ მერცხლებს? გზად ტაიფუნში მოყვნენ თურმე, ძალიან ბევრი დახოცილა, - თქვა ერთმა.
- როგორ, მაშ ჩვენ რაღა გვეშველება, უმერცხლებოდ უნდა ვოყოთ? - სრული სერიოზულობით იკითხა მეორემ.
ამის გახსენებაზე თავი ვერ შეიკავა, ცეტმა ღიმილმა გაურბინა თვალებში. ჯიუტად მდუმარ ქალს სწორედ ამ დროს შეხედა მრავალმნიშვნელოვნად, გაიფიქრა, ”რა მოსაწყენი ვინმეა, ჯოჯოხეთურად მოსაწყენი”. მერე ასე უთხრა: ზედმიწევნით მყუდროა თქვენი ოთახი, აქ დაუსრულებლად შეიძლება ფიქრი.
- დიახ, - თქვა ქალმა, - იქნებ მართლაც ასეა, მაგრამ რაზეც არ უნდა გადავიტანოთ საუბარი, ორივე ხომ ერთსა და იმავეზე ვფიქრობთ, ანუ ვფიქრობთ ერთმანეთის ფიქრზე. სათქმელს კი გავურბივართ. ამჯერად მე მეკუთვნის სიტყვა. თქვენ გსურთ მოისმინოთ ჩემი აზრი მოთხრობის შესახებ, ასე არაა?
- რა ვიცი... - შეცბუნდა, - ჰო, რასაკვირველია, მაგრამ, რაც შეეხება სურვილს, ეგ თქვენი ახირებაა... ეს ბოლო ფრაზა მხოლოდ გაიფიქრა. მამაკაცურმა სულგრძელობამ უფლებ არ მისცა, პირში მიეხალა.  
- კეთილი, ვისაუბროთ, - დაიწყო ქალმა, - ოღონდ, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ, რომ არ მოგეფერებით, ამიტომ იძულებული ვარ, გისაყვედუროთ, დიახ, გისაყვედუროთ, სხვა სიტყვა ვერ მომიძებნია. ზედმეტად იხარჯებით წერისას, გაღიზიანებამდე ზედმეტად. მაინც როგორ ახერხებთ, ასე უტრიალოთ სათქმელს, რა ნერვები გიძლებთ, კატა რომ თაგვს ეპარება, დაახლოებით ისე. მე კი არ მყოფნის მოთმინება, არ შემიძლია! თუ წყალში შევდივარ, ნელ-ნელა ხომ ვერ დავსველდები, ნაწილ-ნაწილ, ერთბაშად უნდა შევტოპო.
- ორივე ფეხი ერთდროულად ჩადგათ, არა?
- რატომ, - როლში შეიჭრა იგი, - თუმც, დიახ, ერთბაშად უნდა გადავეშვა, არ მინდა შესამზადებელი სიტუაცია, ნიაღვარივით უნდა მოდიოდეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ვამბობ ფოლკნერივით-მეთქი, მაგრამ ერთბაშად მთავარი მაინტერესებს. თქვენ კი მეორეხარისხოვანსაც იმდენ მნიშვნელობას ანიჭებთ, იმდენ საღებავს ხარჯავთ, რომ...
- თქვენი აზრით, მეორეხარისხოვანი მთავარს არ ემსახურება?
- არა, - თქვა ქალმა, - სულაც არა.
- ან რა მიგაჩნიათ მთავრად? უცებ წერტილივით დაისვა კითხვა. ისე წარიმართა დიალოგი, რომ ამაზე პასუხის გაცემა ჩაითვლებოდა გადამწყვეტ მომენტად. ისროლა, ნიშანში დასვა კიდეც.
ახლა მონანიე გრიმასა მიიღო ქალმა, აშკარად მისი სქესისთვის დამახასიათებელმა ინტუიციამ იჩინა თავი, უდავოდ შეხვედრის დასასრულზე ზრუნავდა, როცა თქვა:
- ძალიან ცუდად ვიქცევი, არა?
- რატომ?
- ხომ გამინაწყენდებით, ვინ იცის, რას ფიქრობთ ჩემზე... უნდა გამოგიტყდეთ, მეც ვწერ ლექსებს. ისე, ჩემთვის, არ ვაქვეყნებ, არც არასდროს გამოვაქვეყნებ. არ შემიძლია, ვინმემ თავისი აზრი მომახვიოს, ამის უპირატესობას არავის მივცემ, არ დავუშვებ, ჯიჯგნონ ჩემი ნაფიქრი და შექმნილი, არავითარ შემთხვევაში!.. გაშტერებული შესცქეროდა ქალს, უსიტყვოდ ამბობდა: წარმოუდგენელია! თქვენ ლექსებს წერთ?! ნუთუ?
- ის კი განაგრძობდა, ნამდვილი ჩხუბის ექსტაზში შესული, არ ეხსნებოდა თავის სათქმელს. ხელებს იქნევდა, თვალებს კარკლავდა, ყველა პირობას ქმნიდა, რომ მისთვის აღარ ესმინათ.
ლამის თავბედი დაეწყევლა. რამ მოიყვანა, საქმე შემოელია თუ რა? არჩევანის უფლება ჰქონდა და არ გამოიყენა. საშინლად აუტანელი ეჩვენა ამ ქალის თვალით დანახული სამყარო, ამიტომ სულ სხვაგან გადართო გონება. ერთი ნაცნობი გაიხსენა. შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მოიკითხავდნენ, იტყოდნენ ამ მთისას, იმ მთისას, დამშვიდობების ხანს კი ნაცნობი დაიმედებდა: ჩემს ნათლულთან შევხვდებით! გაიღიმებდა მომავალი შეხვედრით წინასწარ ნასიამოვნები
- ვეცვლები ვიღაცაში, - გაიფიქრებდა გაოცებული, თან რამდენადმე შეურაცხყოფილიც, - ან მე მაგიჟებს, ან თავს ისულელებს, ორში ერთია. აბა ვინ ნათლული, რა ნათლული.
- მერე ისე შეეჩვია შეხვედრის ორიგინალურ დასასრულს, ერთი სული ჰქონდა, როდის დადგებოდა გამომშვიდობების წუთი, რომ კვლავ მოესმინა ის ამოუხსნელი, მაგრამ მიჩვეული ნივთივით გათავისებული - ჩემს ნათლულთან შევხვდებით!..
ამჯერად ბოლო შეხვედრა ახსენდებოდა, თვალწინ ედგა იღლიაში საქაღალდეამოჩრილი ნაცნობი. იგი კიბერნეტიკოსი იყო. ამტკიცებდა, რომ დაპროგრამებულ მანქანაზე შესრულებული ”ჯოკონდას ღიმილი” ორიგინალს არაფრით ჩამოუვარდებაო. იმდენი ასეთი ღიმილის დაგროვება შეგვიძლია, სამყაროში მეორე მზე აენთოსო. ესაა, ბატონო, ჩვენი კიბერნეტიკა, შემოქმედი ხალხი ალმაცერად რომ უცქერითო. დამშვიდობებისას კი ის აკვიატებული - ჩემს ნათლულთან შევხვდებით!.. - არ უთქვამს, ისე გაემზადა წასასვლელად. 
ალბათ, დააზუსტა ჩემი ვინაობა, - გაიფიქრა მაშინ, კიბერნეტიკოსს მკლავში წაეტანა, საგანგებოდ ჰკითხა: შენს ნათლულთან არ შევხვდებით?
ის ნათლულის ხსენებაზე ოდნავ შეცბა, წამით ჩაფიქრდა, მერე თავი გააქნია და გულმოკლულად თქვა: აღარ ვნახულობ. იცი, რა გააკეთა? ჩემს დაუკითხავად გათხოვდა, თანაც ვის წაჰყვა, აღარ იტყვი? ოპერეტის მსახიობს. მე ჩემს სიდედრს ვეძახდი ოპერეტის თეატრს, იცი თუ არა!
ადრე უნდოდა, რომ ყველაფერ ამაზე დაეწერა, კიბერნეტიკოსს შესანიშნავ პროტოტიპად თვლიდა, მაგრამ მან თვით გააკეთა ისეთი ფინალი, უკეთესს მწერალიც ვერ ინატრებდა. ამიტომ ვეღარ შეჰბედა მხატვრული ხერხებით, შიშობდა, წმინდა ნატურალიზმი გამომივა, ამდენად, ნაკლებ საინტერესოო.
ოღონდ ეს კია, არასასიამოვნო გარემოცვაში აღმოჩენილი, გუნების გამოსაკეთებლად, საგანგებოდ გაიხსენებდა ხოლმე კიბერნეტიკოსს. მულატივით ჩაბურღული თმა რომ ჰქონდა, მის ზედა ბაგეზე თვალშისაცემი ნაიარევი კი იმას ადასტურებდა, კურდღლის ტუჩიანი დაბადებულიყო. მთელი სიცოცხლე მათემატიკით იტენა ტვინი და ახლა დახე, ” ჯოკონდას ღიმილით” უნდა ჩვენი პლანეტა დაფერფლოს. ჭკვიანი! მოდი და ბრავოს ძახილით ნუ დაასაჩუქრებ.
ქალი თურმე კვლავ ლაპარაკობს, აჭარხლებულ სახეზე ეტყობა, პაუზაც არ გაუკეთებია. აბა, წუთით, მხოლოდ წუთით მიაპყარ ყური:
- რასაც ვკარგავ, რაზეც უარს ვამბობ, მისგან მისხალიც არაფერი მინდა. საკუთარი ქმრისგან არ დავიტოვე სახსოვარი, აი, ჯვრისწერის რგოლიც მოვიძრე.
აუჰ! საკმარისია!
ისევ დაიხშო სმენა. ღია ნაცრისფერ კედელზე ქალის პორტრეტის აბსტრაქტულად წარმოდგენა სცადა. ყველაფერი ძალზე მარტივადაა. მოქმედებს რკინისებური ლოგიკა - სრული თავისუფლებაა. გინდ გაიგე, გინდ არა. შეკითხვა დასაშვებია. შეკითხვაზე შეიძლება გიპასუხონ.
სად მივიდა ფიქრთა თამაშით? ერთი დაუმთავრებელი მოთხრობის გაგრძელებასთან. აქ შეკითხვა იყო საჭირო. მოთხრობა სწორედ იქ ჰქონდა შეწყვეტილი, როცა პანსიონატის სასადილოში სავახშმოდ გვერდიგვერდ მსხდარი შორეული ცურვის ყოფილი კაპიტნისა და მღვდლის დიალოგი უნდა გაიმართოს. მღვდელი ბივშტექსს შეექცევა. თან, დროდადრო უკან მიტრიალებული, ეშმასეულ მზერას შეავლებს ხოლმე ვახშმობით გართულ მანდილოსნებს.
აშკარად ხედავს მათ, თავის მივიწყებულ გმირებს, მდუმარედ დატოვებულებს, უპატრონო მიცვალებულებივით, ღვთის ანაბარად დარჩენილთ. ახლავე ამოადგმევინებს ენას, ახლავე გააცოცხლებს. ცოტაც და, აი, გაგრძელებაც. შორეული ცურვის ყოფილი კაპიტანი უცებ შეუთამამდება მღვდელს, ანგლობის გუნებაზე დგება.
- მამაო, - ეუბნება, - პოკერი თუ გითამაშია?
მღვდელი, რასაკვირველია, არ ელოდება მსგავს შეკითხვას, წამიერად ყოყმანობს, ვთქვა, თუ არაო, ფიქრობს. მერე ისეთი აზარტული ჟინით პასუხობს, - კი, ოხრად!.. რომ სუფრის დანარჩენ წევრებს ხარხარი აუტყდებათ.
აჰა, მიაგნო, საქმე წინ წავა. უკვე იცის, ამის შემდეგ რაც მოხდება. სათაურიც არ უნდა იყოს ცუდად შერჩეული. დასრულდება! მოთხრობა დასრულდება!
ისევ ქალის ხმამ გამოარკვია:
- მართლაც, ვინ იცის, რას ფიქრობთ ახლა ჩემზე, - შედარებით ჩამცხრალი, საკუთარი თავის უკმაყოფილო ამბობდა იგი, რადგან მწერლის სახეზე ოდნავი შეშფოთების კვალსაც ვერ ამჩნევდა. ერთბაშად ამოუცნობ, შეუღწევ საიდუმლოდ გამოეცხადა მისი სიმშვიდე, - მაინტერესებს, რას ფიქრობთ.
- ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშნავი მოსაუბრე ხართ, არაჩვეულებრივი მთხრობელი. ადრე საინტერესოდ მიამბეთ ელენსის მოთხრობათა სიუჟეტები, განა ეს ცოტას ნიშნავს?
- რას ბრძანებთ! ხუმრობის გარეშე?..
- რა თქმა უნდა.
- წარმოიდგინეთ, უკვე მრცხვენია. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ნამდვილად მრცხვენია. და კიდევ, იცით რა? ამ რამდენიმე წუთის წინ, როცა ჩემს მწუხარე თავგადასავალს გიამბობდით...
- მწუხარე თავგადასავალს?
- დიახ, საქმეც ეგაა. მეგონა, მისმენდით. ისიც მაკვირვებდა, რომ ნაცვლად თანაგრძნობისა...
- თანაგრძნობისა?
- დიახ, თქვენ ხომ მწერალი ხართ და, ალბათ, არაფერი გიკვირთ.
მშვიდად გაიღიმა. შეეცოდა ქალი. ეცადა, აღარ გაეფიქრა, მოსაბეზრებელი ვინმეაო. მანაც გაშტერებულმა უცქირა ერთხანს, მერე გაოცებით თქვა: ისევ, ისევ იგივე... არც ვიცი, როგორ გავიგო, რა სახელი დავარქვა. თითქოს მისმენთ, სინამდვილეში კი, საკუთარ თავთან დარჩენილი, საიდუმლოსავით გაუმხელ ბედნიერებას ეზიარებით. დიახ, ასე იყო წეღანაც. თქვენ თანამოსაუბრის სრული იგნორირება გეხერხებათ, მხოლოდ საკუთარ თავთან ხართ და ამით კმაყოფილდებით. რა ხდება? ვერასოდეს ამოვხსნი, როგორც გინდა ვეცადო.
- მღვდლის ბრალია ყველაფერი, - გაეცინა მწერალს.
- მღვდლის?
- ჰო, ნათამაშები ჰქონდა პოკერი. 
- ?
კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 1145 | დაამატა: kela | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024