მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ხუთშაბათი, 18.04.2024, 20:05
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 9 » ლილი - (გურამ მეგრელიშვილი)
10:39
ლილი - (გურამ მეგრელიშვილი)
ვარიაცია ჯ. ჯოისის თემაზე


სააბაზანოში წვეთავდა? _ არაა! ახსოვდა, ონკანი კარგად რომ დაკეტა, მაგრამ ხმა ხომ აშკარად იქიდან ისმოდა?!
ადგა. ჩუსტები ვერ იპოვა და ფეხშიშველამ გაირბინა ცივ იატაკზე. ონკანი ხელების ფათურით შეამოწმა და მშრალი იყო. ცერა თითები აამოძრავა და შეაჟრჟოლა. სააბაზანოში უფრო ბნელოდა და შეშინებული, კანკალით გაიქცა საწოლისაკენ. ლოგინი ოდნავ გაციებულიყო, საბანი გადაწეული დარჩა და გაციებულიყო. ჩახტა თუ არა, მოიკუნტა და თავი შიგნით ჩაყო. ორ წუთში გათბა და ნელ-ნელა ფეხების გაშლაც დაიწყო.
"შუქი ხომ არ ამენთო?!”
მაგრამ დაეზარა. რა იყო საშიში, კარი ურდულითაც დაკეტა, უბრალოდ...
ისევ წვეთავდა?
მთელი ძალით დაძაბა ყურადღება და... ისევ წვეთავდა!
_ წვეთავს და წვეთავდეს, რა ვქნა?! _ გაიფიქრა და მეორე მხარეს გადაბრუნდა, მაგრამ ვერც იქ მოისვენა, ბუზღუნით ადგა და ისევ გავიდა.
ონკანი მშრალი იყო.
_ ხვალ მოძღვარს მოვუყვები ყველაფერს! _ გადაწყვიტა და გამობრუნდა.
მოძღვარი ისეთი სათნო კაცი იყო, მასთან ყოველივე ავიწყდებოდა ლილის. რამდენჯერ მისულა უბრალოდ სალაპარაკოდ და ხმა ვეღარ ამოუღია, მაგრამ მამაო გვერდით მოისვამდა, რაღაცას ეტყოდა, გააცინებდა და ქალიც კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ.
თავდაპირველად, ცოტა მორცხვობდა, დაბნეული შედიოდა ტაძარში. ბევრ რამეს (განსაკუთრებით ინტიმურ ფიქრებს) მალავდა, მაგრამ მერე თანდათან შეეჩვია და დღეს, უკვე სრული სინანულითა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ენდობოდა მამა სოკრატეს:
_ წუხელისაც ვნახე, მამაო!.. ვითომ ტყეში ვიყავი; უზარმაზარი, უშველებელი ხეები იდგნენ იქ, მამაო! ხე რა გასაკვირია, მაგრამ თითქოს პირველად ვხედავდი. ეს რანაირი ყოფილა-მეთქი, ვამბობდი და ხელით ვეხებოდი.
მერე ის კაცი, არა სხვა კაცი მოვიდა და... ისევ ისე... იქ, მინდორში... მე... იმასმიქნა!..
და შენდობილი, თუმცა ოდნავ დატუქსული, მშვიდად გამოდიოდა ტაძრიდან.
_ მართალია რა! _ ფიქრობდა _ აღარა ვარ იმ ასაკის, მსგავსი სიზმრები რომ ვნახო; რაღა დროს ჩემი ეგეთებია?!
მაგრამ უეცრად აცნობიერებდა, რომ თავს იტყუებდა, რომ სიამოვნებდა, რომ კმაყოფილი იღვიძებდა. ამის აღიარება და გაწითლება ერთი იყო. აღელვებული გადაისვამდა შეღებილ თმაზე ხელს და ჩქარი ნაბიჯით გარბოდა ეკლესიის ეზოდან.
ორმოცდაათი წლისა გახლდათ; შვილი არა ჰყავდა კი არა, კაცის კოცნაც არ იცოდა.
მთელი სიცოცხლე სწავლასა და მუშაობას შეალია და ვეღარც შეამჩნია, როგორ გახდა ოცდათხუთმეტის. მერე დაიწყო ნათესავების მოყვანილი სასიძოების დაწუნება და ამასობაში, ორმოცდახუთსაც გადააბიჯა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, საყვარელს მაინც გავიჩენო და სანამ შესაფერის კაცს იპოვნიდა, რძალმა ეკლესიაში მიიყვანა თავის მოძღვართან.
ტაძარში სიმშვიდე იყო, სხვანაირი სიმშვიდე, არა ისეთი, როგორიც სახლში. შინ სიმარტოვე და სიცივე იდგა. და დაიწყო მამა სოკრატესთან სიარული, საყვარლის იდეამ კი სრული კრახი განიცადა; ხოლო, როცა მოძღვართან აღიარა, ამას და ამას ვაპირებდიო, მამაომ დაამშვიდა და უთხრა: თუ ღმერთს ნებავს მოგივლენს ქმარს, ცოდვაში კი არ ჩადგეო.
და ფიქრადაც კი აღარ გაუვლია (?) მსგავსი რამ, ის კი არადა, თუკი კაცი მოეწონებოდა, ცდილობდა, შიშველი აღარ წარმოედგინა, როგორც ადრე; მაგრამ რამდენადაც ცხადში თოკავდა გრძნობებს, იმდენად სიზმრებში იყო სურვილების მონა, თუმცა, წლების მატებასთან ერთად, იქაც ისწავლა თავის კონტროლი: _ უკვე თვითონ კი აღარ ნებდებოდა მამაკაცებს, არამედ ისინი ხმარობდნენ ძალას და იმორჩილებდნენ!
მოძღვარი კი ამშვიდებდა: _ მეტი ილოცე, მეტი იმარხულე, არ იჭორაო და ეგ ეშმაკეული სიზმრებიც მოგშორდებაო.
ყველა ლოცვას კითხულობდა, რაც ლოცვანის წიგნში იყო. მეტროშიც, "გონება რომ არ დაფანტვოდა უაზროდ”, თავდახრილი ლოცულობდა. ცდილობდა დამთმობი, კეთილი ყოფილიყო, მაგრამ უეცარი აფეთქებები მაინც იცოდა. შეიძლება ისე გაელანძღა მეზობელი, მერე ორი დღე სანანებლად ჰქონოდა _ ეს რა მომივიდაო, სამაგიეროდ, რაც ეკლესიაში სიარული დაიწყო, ყველა მარხვას ინახავდა. მართალია, თავიდან ცოტა არ იყოს უჭირდა, განსაკუთრებით შობის მარხვაზე, მაგრამ მერე და მერე შეეჩვია, შეეჩვია კი არადა, მთელი სიმკაცრით ეპყრობოდა თავსაც და ჯემალისაც და თუმცა მოძღვარმა უთხრა, საჭირო არაა ჯემალმაც იმარხულოსო, ამ ერთხელ არ დაუჯერა სულიერ მამას და თავისი გაიტანა.
გაზაფხულზე სამი წელი ხდებოდა, რაც ჯემალი ლილისთან ცხოვრობდა. ერთი ბეწო იყო, როცა მოიყვანა, ახლა კი ისე გაიზარდა და გალამაზდა, კაცი თვალს ვეღარ მოსწყვეტდა. სადარბაზოს წინ, კუთხეში, გაწუწული და აკნავლებული იპოვნა ლილიმ და სახლში წაიყვანა; დაბანა, დაასუფთავა და რადგან ყველა ნაცნობმა უარი თქვა უჯიშო კატის მოვლაზე, თავადვე დაიტოვა. კაცმა არ იცის რატომ დაარქვა ჯემალი, მითუმეტეს, რომ კატა დედალი იყო, მაგრამ ამას არცა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარი ისაა, რომ ადამიანივით შეიყვარა და აკი ადამიანივით აშიმშილებდა კიდეც!
_ მთელს ჩემს სამეზობლოს და სანათესაოს მირჩევნიხარო, ეფერებოდა კნუტს და ისე ანებივრებდა, როგორც აყვანილ შვილს, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვდა, სჯიდა კიდეც.
ხსნილობისას, თევზს და საუკეთესო რამეებს ყიდულობდა და სერვიზის თეფშით მიართმევდა ხოლმე ჯემალის, რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ დიდად არ აფასებდა პატრონის ეკლესიურობას. პატრონი კი ათივე მცნებას იცავდა (ცდილობდა ყოველ შემთხვევაში) და მთელი გულმოდგინებით ინანიებდა უნებლიე შეცოდებებს.
რაც შეეხება ჭორაობას, ვისთან უნდა ეჭორავა? _ ნათესავებთან იშვიათად დადიოდა, მეგობრები არ ჰყავდა, მეზობლებთან კი თითქმის არ ჰქონდა ურთიერთობა. ერთადერთი ადგილი, სადაც მეტ-ნაკლებად დაიარებოდა, ძმის ოჯახი იყო. რძალი მორწმუნე გახლდათ და თუ შემთხვევით რომელიმე წამოიწყებდა ლაქლაქს, მეორე მთელი სერიოზულობით აჩერებდა: _ არ გვინდა, ღმერთია მოწამე, არ გვინდაო და ჩერდებოდნენ.
მხოლოდ ძმიშვილებთან იყო შედარებით თავისუფალი. ისინი შესვლისთანავე კისერზე ეკიდებოდნენ და მამიდა მოვიდა, მამიდა მოვიდას ძახილით უკან დასდევდნენ. ლილის გული უჩუყდებოდა ამ სცენის დანახვისას და ცრემლმორეული, მალიმალ კოცნიდა ბავშვებს, ბავშვები კი კანფეტებს თხოვდნენ და ზოგი ჯიბეში უძვრებოდა, ზოგიც _ ჩანთაში. და ლილიც, საზეიმო სახით იღებდა ჩანთიდან შოკოლადს, ან ბურბუშელას და ანაწილებდა.
ხანდახან უფიქრია, ნეტავ საჩუქრები რომ არ მიმქონდეს, თუ ვეყვარებიო, მაგრამ არასოდეს შეუმოწმებია ეს!
რძალი კი: _ რად გინდოდა, გიჭირს შენც! _ ეუბნებოდა ცალყბად და ოთახში შეჰყავდა.
მაგრამ ძმიშვილები ძმის სახლში იყვნენ კარგები, ხოლო იმ იშვიათ დღეებში, როცა მასთან მოდიოდნენ სტუმრად, პირდაპირ აუტანლები ხდებოდნენ. ერთი საწოლზე ხტუნაობდა, მეორე ჯემალის დასდევდა, მესამე წიგნებს ყრიდა თაროდან და გაბრაზებული ლილი, ბოლო-ბოლო იყვირებდა: _ გაჩერდით! რძალს სწყინდა ეს "გაჩერდით” და დასარჩენად მოსულები მიდიოდნენ. მერე მთელი ორი კვირა გაბუტულები იქნებოდნენ და ბოლოს ისევ ლილის აღარ მოუთმენდა გული, "დაიტვირთებოდა” და ესტუმრებოდა. რძალი ჩვეულებრივად ხვდებოდა, ის კი არადა _ უკეთესადაც, იმის ნიშნად, რომ მოგიტევეო. და ლილიც, ყოველ დღე მიდიოდა ძმასთან, სანამ ერთხელაც რძალი, ოდნავ ცივად (შეიძლება ლილის ეჩვენებოდა) არ დახვდებოდა. მერე მთელი ორი კვირა დაიკარგებოდა და წესისამებრ, ყოველ მეხუთე დღეს დაიწყებდა სიარულს.
და იმ დილითაც ადრე ადგა. ჩაიცვა, ისაუზმა და ეკლესიაში გაიქცა. მამაოს ბევრი ხალხი ჰყავდა, თანც ნიშნობა იყო და საუბარი ხვალისთვის გადადო.
დღეს რა დღეა? _ შაბათი, არა? ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი! _ თითზე დაითვალა და მაღაზიაში შევიდა. მაღაზიაში მარტო ძვირიანი ნუგა ჰქონდათ და ორასი გრამი აიღო.
მეტრომდე ფეხით ჩავალ! _ გაიფიქრა და მოკლეზე წავიდა. გზაში წუხანდელზე ფიქრობდა. სიზმარი არ უნახავს, მარა ის აკვიატებული ხმა რა იყო ნეტავ?!
მოლანდებები ხომ არ დამეწყო, რა ვქნა?! _ გაიფიქრა და წამით შედგა. მერე პირჯვარი გადაისახა და ერთი "მამაო ჩვენოც” თქვა.
როცა ჟეტონს უშვებდა, ციალას მოყვანილი სასიძო გაახსენდა რატომღაც _ მაღალი, ტლანქი კაცი! სოფლიდან იყო და ხელები ტლანქად ეწყო მუხლებზე. მაშინ ლილის მის ფრჩხილებში დაგროვილი ჭუჭყი შეძაგდა, მაგრამ უარი სხვა მიზეზით თქვა.
რატომ გაახსენდა და რაღა მაინცადამაინც ის და აქ?
იმ ჭუჭყს მე თვითონ ამოვუწმენდდიო, გაიფიქრა და ესკალატორზე
შედგა.
ვაგონში ბევრი ხალხი იყო. უკნიდან ვიღაც სქელი კაცი ისე მიაწვა, ლამის მიაჭყლიტა. უნდოდა უხეშად ეთქვა რამე, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა. კაცი თვალს არ აშორებდა, ავხორცულად უყურებდა და ტუჩებს აწკლაპუნებდა.
თავხედია! _ გაიფიქრა და გვერდით გაიხედა, მაგრამ თვალი მაინც გაურბოდა. ფიქრებში თავი დასაჯა და იქეთ რომ აღარ გაეხედა, ერთ წერტილს ჩააშტერდა უაზროდ.
ორ გაჩერებაში კაციც ჩავიდა და დაისვენა.
"მგონი, ცოტა ნასვამიც უნდა ყოფილიყო!”
როცა ხალხი შეთხელდა, ვიღაც შუახნის მამაკაცმა ადგილი დაუთმო. ლილი დაიბნა. ჯერ არ ჯდებოდა, მაგრამ კაცმა ხელი ნიდაყვს ზემოთ ფრთხილად მოკიდა ხელი და ესეც დაჯდა.
"ისევ ჩვენს თაობას შემორჩა ზრდილობა, თორემ აბა ახლანდელი ახალგაზრდობა დაგითმობს ადგილს?” _ გაიფიქრა ოფიციალური ტონით და იმ წამსვე დაფეთდა: _ ამ კაცმაც ასაკის გამო ხომ არ?!.
Aარაა! მასზე უფროსიც იქნებოდა. "უბრალოდ, ზრდილობიანია და მორჩა!”
როცა მის გვერდით ადგილი გათავისუფლდა, კაცი მიუჯდა. ლილი შეიშმუშნა. როდესაც წინ ედგა არა უშავდა, ახლა კი გახედვაც კი ეუხერხულებოდა.
ვაიმე, მგონი მადლობაც არ მითქვამს! _ გაიფიქრა და უცბად მიუბრუნდა: _ გმადლობთ ბატონო... წეღან რომ...
და კაციც გამოელაპარაკა, მაგრამ ორ გაჩერებაში ჩადიოდა ლილი.
და წინასწარ ადგა, დაემშვიდობა და კართან დადგა იმედით, რომ... რაღაცის იმედით.
და როცა ზურგს უკან კარი დაიკეტა, მობრუნდა და დაინახა კაცი, ხელს რომ უქნევდა, მაგრამ ვაგონი წავიდა და თვითონაც წავიდა.
როდესაც ზარი დარეკა, სცადა გაეღიმა. ტანსაცმელი გაისწორა და ჩანთა...
ჩანთა!
ჩანთა ვაგონში დარჩენოდა!
კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 976 | დაამატა: varse9788 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024