მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
შაბათი, 20.04.2024, 15:03
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 9 » მუნჯი ახმედი და სიცოცხლე – (გურამ რჩეულიშვილი)
16:42
მუნჯი ახმედი და სიცოცხლე – (გურამ რჩეულიშვილი)
ზღვაზე უმთვარო, მოწმენდილი ცა იყო. წყნარი, პატარა ტალღების ხმა ძლივს ისმოდა ქვიშიან ნაპირზე, წყალში ვარსკვლავების სინათლე იდგა; იქ მათ ბაც შუქში კატარღა მიცურავდა.იმ ნაპირის გასწვრივ, სადაც სიბნელეში მოჩანდა მკრთალი მბჟუტავი ნათურები. ზღვა წყნარი იყო, ნაპირზე სინათლეები ჩანდა და გემბანზე მშვიდად უკრავდა მეზღვაურის გარმონი. ასე იცურებდა კატარღა დილამდე, მერე შევიდოდა ნავსადგურში, აიღებდა სანოვაგეს; შუადღისთვის უკან დაბრუნდებოდა ზღვაში; ღამის სიწყნარეში ისევ გამოჩნდებოდნენ ნაპირის სინათლეები, ზოგი კაშკაშა, ზოგი მბჟუტავი; სხვა სინათლე კი სულაც არ ჩანდა კატარღიდან, არ ჩანდა სანაპიროდან მოშორებული შუქი, არ ჩანდა ფარდაჩამოფარებული სახლებიდან ის სინათლე, რომელიც ძლივსღა ბჟუტავდა კერაზე.
აქ, ნაპირზე, მიმქრალ ცეცხლთან იჯდა ბებერი მეთევზე. მუნჯი ახმედი გამხდარი, ჩამოყრილი მხრებით და უძლური სხეულით სიცოცხლეს უნარჩუნებდა კერას; ნახევრად დამწვარ ფიჩხს შეწევდა ღრმად, ალი მაღლა იწევდა, ამ დროს კატარღიდან ჩანდა ეს შუქი სხვა სინათლეებთან ერთად, მერე ისევ ეფარებოდა ნაცარი ალს, ნაცრის ქვეშ ძლივსღა ცოცხლობდა ცეცხლი. მიმქრალ ნაღვერდალს ხელახლა აღვივებდა ახმედი. ალი უნათებდა შეკრულ კრიჭას, დანაოჭებულ სახეს და ბერვის დროს წინ გაშვერილ ტუჩებს. ძაღლის ლეკვი იწვა ცეცხლის პირას, პატრონის შიშველ, ცივ ფეხზე ედო თავი და თვლემდა. ძაღლის სითბოს გრძნობდა პატრონი. ახმედი იყუდებდა თუნგს, დიდი, მძიმე ყლუპებით სვამდა წყალს. მერე შემოვიდოდა სედა, მოხუცებული ქალი, რომელიც სიბერისას შეიკედლა მეთევზემ, ისიც დაჯდებოდა ცეცხლის პირას და ყვინთავდა. არც ერთს არ აგონდებოდა არაფერი, შავი გადაჰფარებოდა ახმედის მეხსიერებას, არც ჰქონდა ბევრი რამე გასახსენებელი, მაგრამ რომ შესძლებოდა, მოიგონებდა თავის დიდ ბარკასს, წყლით გაბერილ სახეებს, რომელთაც თავისი სიცოცხლის ფასად გამოსტაცებდა ხოლმე აღელვებულ ზღვას. მოიგონებდა მამას, რომელმაც ასწავლა თევზაობა. მაინც ახსოვდა რაღაც ახმედს, ეს უფრო ტკივილს ჰგავდა, ვიდრე მოგონებას _ ეს იყო ლილი, `ზღვის საჩუქარი~, რომელიც შემდეგ მისი ცოლი გახდა.
ყველა ამ მოგონებიდან ახლა მხოლოდ ყრუ, უფერული შეგრძნება ჰქონდა მოხუცს გულში. წინათ, სულ წინათ, ამ ახმედისაგან შორს, რომელიც აქ იჯდა ბებერი და უძლური, იყო სხვა ახმედი, ღონიერი, ახალგაზრდა ახმედი, რომელსაც ჰყავდა ლილი.
ახმედი მიდიოდა ლილისთან ერთად ზღვის ნაპირზე, მერე მხარულით გაჭრიდა ტალღებს, ჩაყვინთავდა, დიდხანს არ ამოყოფდა თავს წყლიდან, შეშინებული გოგო მუხლამდე შედიოდა ზღვაში, ნაპირთან მიცურებული ახმედი ფეხში სტაცებდა ხელს, წყალში ითრევდა.
შემდეგ ისევ მიდიოდნენ ნაპირის გასწვრივ. ნახევრად შიშველ ახმედს მხოლოდ დაკერებული ძველმანი ეცვა. უზარმაზარ თითებს უხერხულად აქანავებდა, ხანდახან გოგოს დაადებდა მხარზე, მხარი ნებდებოდა ძალას და მორჩილად იხრებოდა მკლავის სიმძიმის ქვეშ. ქვიშიან ნაპირზე სხდებოდნენ, ორივენი უყურებდნენ ღელვის მატებას და ფიქრობდნენ ერთმანეთზე. ლილიმ იცოდა, რომ ახმედისთანა მეთევზე არავინ იყო, არც ამისთანა მძლავრი მკლავები ჰქონდა ვინმეს; ლილიმ იცოდა, რომ ახმედი თითქმის ნავში გაიზარდა. ზღვის წყლით დასველებული თმა დიდ გაშლილ კულულებად ეყარა შუბლზე და ძალიან სასიამოვნო იყო ხელის მოსაკიდებლად. ლილი ხუთი წლის წინ მიატოვა ვიღაც კაცმა, მიატოვა იმის შემდეგ, რაც ის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც დეიდა იულიას ეძახდა. დეიდა იულია ზღვაში მოკვდა, ღელვისას ბარკასს დაარტყა თავი. მაშინ ისინი შუა ზღვაში იყვნენ. იმ კაცმა ქალის ცხედარი ბრეზენტის ტომარაში შეახვია და ზღვაში ჩაუშვა. ბევრი იტირა ლილიმ, როცა ნაპირზე გამოვიდნენ. ხუთი დღის შემდეგ კაცი სწრაფად მიიმალა. შიმშილით გულშეწუხებული პატარა გოგო მარტო დარჩა ნავში. იმ ადგილებში თევზაობდა ახმედი მამასთან ერთად, მან პირველმა დაინახა ცარიელი ბარკასი, რომელიც ტალღებზე ქანაობდა; იქით გაცურა. ნავის ძირზე პატარა გოგოს უმოძრაო სხეული დახვდა. ნაპირზე ძლივს მოასულიერეს, ლილი ერქვა.
ახმედი გოგოზე სამი-ოთხი წლით იყო უფროსი. მის პოვნამდე მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ჰყავდა მამა, ჰქონდა ქოხი და ზღვა. ზღვას მაშინ ეძახდა კარგს, როცა ბევრი თევზის დაჭერას შეძლებდა. ადრე დავაჟკაცდა ფიზიკურად. თხუთმეტი წლისა ზღვაში ღრმად შესული ათენებდა ღამეს. მისთვის წყალი იგივე იყო, რაც მიწა, უფრო მეტიც: ის აძლევდა თევზს, რითაც ცხოვრობდა. ზღვა მისთვის არც ლამაზი იყო და არც უშნო. ზღვა იყო ის, ურომლისოდაც ცხოვრება ვერ წარმოედგინა ახმედს. მისი სწორები ზღვისპირა ჯაგებში თამაშობდნენ, ის კი, თუ თევზაობის დრო არ იყო, შეცურდებოდა ნავით შორს, დაწვებოდა ძირზე, მზე უწვავდა დაკუნთულ ბეჭებს, სიამოვნებისაგან ინაბებოდა ბიჭი.
წინა შემოდგომის მიწურულს, სანამ ლილის იპოვიდნენ, ზღვაში ღელვამ მათი ბადეები დაწყვიტა, დაუმსხვრია ნავიც. გრძელი ზამთრის ღამეებში იჯდა ცეცხლის პირას ახმედი და ახალ ბადეებსა ქსოვდა. მოიწყინა უზღვოდ, უნავოდ კი წყალი არ უყვარდა. საათობით დადიოდა ქსოვის შემდეგ ქვიშიან ნაპირზე მარტო, მოწყენილი. ერთხელ ზღვამ დამტვრეული ნავი გამორიყა. ახმედმა ის სეზონის დაწყებამდე შეაკეთა, მერე მარტო შეცურდა ზღვაში ბადეების დასაგებად. ამდენი ხნის დაშორების შემდეგ წყალში შესვლას არ გამოუწვევია მის გულში დიდი სიხარული. ეს ამბავი მისმა სხეულმა მიიღო როგორც აუცილებელი, ურომლისოდაც წარმოუდგენელი იყო მისი არსებობა: პირველივე ბადეები თევზით სავსე ამოვიდა, სანაპიროზე კი თევზი იშვიათი საშოვნელი იყო. კარგ ფასში გაყიდეს ნანადირევი. ახმედის გულში იმედი შეიპარა, რომ მეორე სეზონისათვის ახალ, დიდ, იალქნიან ნავს იყიდდა. მას სჯეროდა ზღვის. ზღვა აძლევდა საჭმელს, ზღვამ მისცა ძველი ნავი, იქ დაიჭირა ყველაზე მეტი თევზი და ისევ აყიდვინებდა ახალ, დიდაფრებიან ნავს. ერთ დღეს, როდესაც ბადეები სავსე იყო თევზით, ზღვამ მოუტანა ახმედს ლილი. ის სუსტი იყო, სიცოცხლე ოდნავ ცხოვრობდა მის სხეულში და ახმედმა გააღვიძა იგი. თბილად დააწვინა თავის ქოხში, შენახული ფულით საჭმელი მოჰქონდა, ძირითადად _ თევზი, რადგან სწამდა, რომ ზღვისა ყველაფერი კარგი და მარგებელი იქნებოდა: ლილიც ხომ ზღვამ მოუტანა ახმედს. გოგო ჩქარა წამოდგა ფეხზე, ის პატარა იყო, _ სულ თორმეტი წლის. დახეული კაბა ეცვა, მხრებზე ხშირი კულულები ეყარა. დააბიჯებდა ახმედის გვერდით ზღვის ნაპირას. ბიჭის ფართო ნაფეხურები ღრმად აჩნდებოდა ქვიშას, გოგო კი თითქოს ფეხსაც არ აკარებდა მიწას, ისეთი მკრთალი იყო მისი ნატერფალი. ახმედთან ერთად დაიწყო ლილიმ თევზაობა; დაჯდებოდა ნავში, შიშველ ფეხებს წყალში ჩაყრიდა და მღეროდა. სიმღერა სულ ბუნდოვნად ახსოვდა, სადღაც გაგონილი. ხმა ზღვის ჰაერისაგან გაუუხეშდა, მღეროდა უსწოროდ, უსმენოდ. ახმედი უსვამდა ნიჩბებს, ზორბა მკლავებზე კუნთები ბორცვებად აჯდებოდა და თვითონაც ჰყვებოდა სიმღერას სახის მოძრაობით. მერე გოგო ბადის ამოღებაში ეშველებოდა, ნაპირზე გამოტანილი ნადავლი ბაზარზე მიჰქონდა გასაყიდად. ახმედი კი იჯდა ზღვის პირას და ძირს უცვლიდა ბარკასს, რომელმაც გამორიყა ლილი. იჯდა მარტო, უყურებდა ზღვას, ზღვა არც უყვარდა, არც ეჯავრებოდა; ზღვა იყო აუცილებელი მისი არსებობისათვის, აძლევდა ყველაფერს, რაც სჭირდებოდა, ზღვამ მისცა პატარა ამხანაგი ლილი, რომელიც თევზაობაში ეშველებოდა, მღეროდა და დაჭერილ `სტავრიდკას~ ყიდდა ბაზარში.
გადიოდა დრო და ახმედი გრძნობდა, რომ ზღვამ უფრო მეტი მისცა მას, ვიდრე თევზაობაში მომხმარებელი. ამას სულ ბუნდოვნად გრძნობდა და არ იცოდა, ამ საჩუქრისათვის რა სახელი დაერქმია.
ახლა კი ისხდნენ ორივენი წყლის პირას. ღელვა მატულობდა. ახმედი მალულად უყურებდა ლილის მუცელს, უკვირდა, რომ ასე უცბად მოხდა ყველაფერი. ეს უცებ მოხდა, ერთი წლის წინ, წინა სეზონში. ლილი მღეროდა, შიშველი ფეხები წყალში ჰქონდა ჩაშვებული, ახმედი ბადეს ეზიდებოდა, მერე ლილიც ეზიდებოდა მასთან ერთად, გოგოს მკერდი ხვდებოდა ვაჟის მკლავს ბადის ქაჩვისას და სასიამოვნო სითბო ეღვრებოდა სხეულში. ახმედი დიდხანს აჭიანურებდა ბადის ამოღებას, თევზი გარბოდა, მაგრამ ამას აღარ აქცევდა ყურადღებას. უნდოდა, ბადე ძალიან გაგრძელებულიყო. ლილიც უფრო ახლოს იწევდა ნახევრად შიშველი ამობურცული მკერდით. თევზი კი გარბოდა. წინათაც ხდებოდა ასე, მაგრამ ახმედი ძლევდა თავს, ლილიც აშორებდა ხოლმე მკერდს მის მკლავს, ეზიდებოდა თევზით სავსე ბადეს და ქალიც მხოლოდ მის დამხმარედ რჩებოდა.
ლილი დამხმარეზე მეტი იყო ახმედის გულში, მაგრამ არ იცოდა ვაჟმა, იმ მეტისათვის რა სახელი დაერქმია.
ახლა განსაკუთრებით ნელა ქაჩავდნენ ბადეს, მერე ახმედმა ხელი შეუშვა, ბადე წყება-წყებად ჩაიშალა წყალში და თევზი გაიქცა. `ოჰ, თევზი~, _ დაიძახა ლილიმ და უკან გადაიწია, დაძონძილ კაბაში მზისგან დამწვარი კანჭები გამოჩნდა. ახმედმა ბარძაყში მოჰკიდა ხელი, მაღლა აიყვანა და მიიკრა. გოგო თმებში ჩაეჭიდა, მაგრად მოქაჩა, მერე ძალაგამოლეულმა ჩატოვა შიგ სუსტი თითები: ნავი ქანაობდა და შეიძლებოდა ორივე წყალში გადაეყარა. ახმედმა ფრთხილად დააწვინა ლილი ნავის ძირზე. დიდხანს იწვნენ ასე, ზევიდან ღრუბლებში გაჩხერილი მზე აცხუნებდათ, ნავი ირხეოდა ტალღებზე. როცა ლილი სკამზე დაჯდა, თვალები ცრემლიანი, მაგრამ მხიარული ჰქონდა და ზურგზე ნავის ძირს დაგებული სწორი, დატიხრული ფიცრის ანაბეჭდები ეტყობოდა. ახმედი მძიმედ უსვამდა ნიჩბებს, ახლა მან იცოდა, რომ ზღვამ თევზის ჭერაში დამხმარესთან ერთად აჩუქა ცოლი.
ყველაფერი ეს მოხდა ერთი წლის წინ.
ახლა იჯდა ახმედი ლილის გვერდზე, ზღვის ღელვას უყურებდა, რომელიც სულ უფრო მატულობდა. უყურებდა დიდ, დატეხილ ტალღებს, ჰორიზონტზე გაწოლილ შავ ღრუბლებს, ზოგ ადგილას სხივებისაგან გაწითლებულ წყალს და ძალიან უნდოდა ეთქვა რამე ლილისთვის: მას უყვარდა ზღვა, ზღვაზე მეტად მისი საჩუქარი _ თავისი ცოლი, მაგრამ არ იცოდა, როგორ გამოეხატა ეს გრძნობა. მან არც ის იცოდა, რა ერქვა იმას, როცა რაიმე სიამოვნებდა, თანაც ყველაზე ძალიან. ყრუ ტკივილი იგრძნო, რომ ვერ გააგებინა ცოლს თავისი ფიქრი, წამოდგა, მძლავრი ბიძგით შეაცურა ნავი წყალში, პირველივე ნიჩბის მოსმით გადაახტუნა ერთ ტალღას, მერე მეორეს. ლილი ნაპირზე იდგა და ხელს უქნევდა, ის ხმამაღლა კისკისებდა, ახმედმა მარცხენა მაღლა ასწია, თეთრი, მსხვილი კბილები გამოაჩინა გაცინების მაგიერ. ის ბედნიერი იყო, ზღვაში შესული ახმედისა ესმოდა ცოლს.
საღამოს ლილი მარტო იჯდა ქოხში. შუა ცეცხლზე წყალი დუღდა; აკერებდა ახმედის წითელ ხალათს, რომლის ჩაცმის დროსაც მისი ქმარი ყოველთვის კმაყოფილ სახეს იღებდა და კუნთებს ბერავდა.
შებინდებისას ბადეების დაგებას მორჩა მამა-შვილი, ახლა დიდხანს ზღვაში დარჩენა აღარ სიამოვნებდა ახმედს, თუ ლილი თან არა ჰყავდა წაყვანილი, თევზაობის მერე გამალებული უსვამდა ნიჩბებს ნაპირისაკენ. ამ დროს თვალები ებერებოდა, შეკრული კრიჭა უხრჭიალებდა, დაბერილი ნესტოებიდან მძიმედ უშვებდა ჰაერს. ძალიან ეჩქარებოდა უკან დაბრუნება ყოველთვის, როცა ლილი მარტო იყო სახლში. შიში რა იყო, არ იცოდა, არც ის იცოდა, თუ რა იყო უშიშრობა, მაგრამ მისთვის გამოუცნობი ძალა ეუბნებოდა, რომ საჩუქარი, რომელიც ზღვამ მოუტანა, შეიძლებოდა ისევ უკან წაეღო რამეს.
მძლავრად შეაგდო ნავი ნაპირზე. ლილი ქოხის კარებში იდგა. ახმედმა თავი ასწია, კბილები გამოაჩინა, მერე ზურგი შეაქცია და ნელა დაიწყო ნავის ნაპირზე გამოთრევა: ასაღელვებელი უკვე აღარ იყო არაფერი. ახმედის მამამ ჯანბეგმა გამოტოპა წყალში, მერე ქოხში შევიდა და ბადეები დაყარა.
_ ნახე რა დიდი და ხორციანია, _ თქვა მან და თევზი დაანახვა ლილის.
_ ეგ ვიცი, რა თევზიც არის, ახანში მოხვდა, ალბათ, _ გაიცინა ქალმა.
_ არა, ახმედმა დაიჭირა ანკესით, აჰა, ბიჭო, ტყავი გააცალე, _ გადაუგდო მამამ თევზი. ახმედმა დაიჭირა, ქამარზე ჩამოკიდებული პატარა დანა გაიძრო და თევზი მუცლიდან აფატრა.
_ შენ დაიჭირე, არა, ახმედ? _ მივიდა მასთან ლილი. ახმედმა თეთრი კბილები გამოაჩინა, ლილიმ თმაში ჩასჭიდა ხელი, თავისკენ მოიწია.
_ გიყვარვარ, ახმედ?
_ უყვარხარ, მერე როგორ, _ გაიშხლართა ჯანბეგი ტახტზე და კედლისაკენ გადაბრუნდა, _ წინათ სულ მოღუშული იყო. ახლა დაავიწყდა კიდეც, რომ ლაპარაკი არ შეუძლია.
ახმედი იღიმებოდა. თევზის ქერცლები ცეცხლის პირას ცვიოდა, ზოგ ახალდაცემულს ალი იტაცებდა, ატკაცუნებდა. მან ჯოხის შამფური გამოთალა, თევზი წამოაცვა, მერე ლილის დაანახვა.
_ ჰო, შეწვი, _ თქვა ქალმა.
ახმედი ჩაცუცქდა, ცეცხლი გაქექა და შამფური ნაკვერჩხალზე დადო, თან მხიარულად გაიქნია თავი.
_ იცი რა გემრიელია შემწვარი, უ, რამდენი მიჭამია ეგ წინათ, _ თქვა კედლისაკენ გადაბრუნებულმა ჯანბეგმა.
_ ეტყობა, ახმედსაც უყვარს, _ ლილიმ ისევ მოჰკიდა ქმარს თმაში ხელი.
_ უყვარს, მაშ, მაგ თევზით გავზარდე, იმიტომ არის ეგეთი ღონიერი.
_ ღონიერი ხარ, ახმედ? _ მოქაჩა ქალმა თმა.
_ ეგეთი ღონიერი, ტყუილია.
_ ღონიერია, მაგრამ... ხო, ახმედ? _ ისევ მოქაჩა თმა.
ახმედმა შამფური გადააბრუნა.
_ ვერ ლაპარაკობს, არა? _ თქვა ლილიმ, თითქოს პირველად გაიგო და თმაზე ხელი შეუშვა.
ჯანბეგს ხმა არ ამოუღია, ახმედმა იგრძნო, რომ ლილი შეიცვალა, დანაღვლიანდა, მორცხვი ღიმილით ახედა, ქალი დაიხარა და თავისი პატარა ცხვირი მოუსვა ლოყაზე.
_ უნდა გაიპარსო, _ თქვა მან.
_ ხვალ მივცემ ფულს და წავყვები, _ წამოჯდა ჯანბეგი ტახტზე და მუგუზლებზე დამსკდარ თევზს დააშტერდა, მერე მზერა ლილის წამოსულ მუცელზე გადაიტანა, _ თევზის ფულებიც ასაღები გვაქვს, თორემ ჩქარა სტუმარი გვეყოლება, არა?
ახმედმა თავი ასწია, ლილი კიდობნისკენ წავიდა, პატარა, წითელი პერანგი ამოიღო და ქმარს დაანახვა. ახმედს თვალები აუპრიალდა, ჯანბეგმა კმაყოფილებით ჩაიბუზღუნა:
_ შენ შეკერე? ძალიან კარგია, ახლა შარვალი შეუკერე, ხო იცი, ბიჭი იქნება!
ლილიმ სკივრიდან მწვანე შარვალი ამოიღო.
_ აი, _ თქვა მან, _ ესეც...
ახმედს სიამოვნებისაგან ტუჩები აეხა, გაუბედავად დაადო ლილის მუცელზე თითი.
_ ჰო, ჰო, _ თავი დაუქნია ცოლმა.
ღამდებოდა და თენდებოდა.
კმაყოფილების რიტმით ივსებოდა ახმედის გული. გრძნობდა ჭარბ ძალას ხელებში, რომლითაც უსვამდა ნიჩბებს და რომლითაც ბავშვივით აყვანილი ეჭირა ლილი. ახლა მისი ასე ტარება ყველაზე ძალიან შეუყვარდა ახმედს. დადიოდა ქვიშიან ნაპირზე. მკლავებზე გადაწვენილ ცოლს არწევდა, თან მის წამოსულ მუცელს უყურებდა. ახალი ძალა იღვრებოდა მის გულში. ებერებოდა ბიცეფსებიც. ფიქრობდა, რომ ის თევზი, რომელსაც აქამდე იჭერდა, აღარ იქნებოდა საკმარისი, ის ქოხი, სადაც ის ცხოვრობდა, გაცილებით პატარა და უშნო იყო, ვიდრე მათი ქოხები, ვინც სოფელში ცხოვრობდნენ; იმ ქოხებში ყველგან დარბოდნენ პატარა ბავშვები, რომელთაც ლილის შეკერილის მსგავსი პერანგები ეცვათ. ლილის სიარული აღარ შეეძლო, ის იწვა და ძალიან შეწუხებული სახე ჰქონდა. ახმედის გული ვერ იტანდა ცოლის ტანჯვას. საღამო ხანს თვითონვე მიდიოდა ბაზარში.
მიდიოდა ბაზრისაკენ, რომელიც ამ დროისთვის უკვე დაკეტილი იყო. გზადაგზა გრძელ ხის ფეხებზე შესკუპულ ქოხებს ათვალიერებდა. ერთხელ, ასეთი სეირნობის დროს, დიდი ბარკასის უფროსმა მეთევზემ შეიპატიჟა, მაგიდასთან დასვა. აქ ღვინო დალია ახმედმა, სასმელი თბილ სითხედ ჩაიღვარა მის სხეულში, მგრძნობიარე და რბილი გახდა. შეუჩვეველი ჩქარა დაითრო. თვალები გაუფართოვდა, ხარბად უყურებდა კედელზე ჩამოკიდებულ დიდ, ჭრელ ფარდაგს და არშიებიან, თეთრ პირსახოცს, მერე მზერა კარადაზე გადაიტანა, საიდანაც საჭმელი გამოიღო დიასახლისმა. მასპინძელი იცინოდა, მხარზე ხელს ურტყამდა, რაღაცას უსურვებდა. ახმედმა იცოდა, რომ სურვილი ეკუთვნოდა ლილის კარგად ყოფნას, რომელიც იწვა მის ძველ ტახტზე და ბავშვს ელოდებოდა. უცებ დაეპატრონა ახმედის გონებას ცოლის სახე. ავადმყოფურად მოუნდა მისი ნახვა, წამოდგა და გამოუმშვიდობებლად დაეშვა კიბეზე. მასპინძელი გარეთ გამოჰყვა.
_ წავიდა? _ ხმამაღლა იკითხა მეორე ოთახიდან მასპინძლის ცოლმა, როცა კაცი უკან შებრუნდა.
_ წავიდა, ზღვასთან ყოფნა მოუნდა მუნჯს, _ თქვა ღიმილით ქმარმა.
ახმედი მირბოდა ზღვის გასწვრივ. წვრილი ქვიშა იფრქვეოდა გვერდებზე, ხრაშუნობდა. ზღვის გულში მთვარის შუქი იყო ჩაღვრილი. გარეშემო ტალღებზე ღრუბლის ჩრდილები დადიოდნენ, მერე მთვარე დაიმალა და შორს ზღვაში ნაპირისაკენ მომავალი გემის სინათლე გამოჩნდა. ახმედმა ზღვას გახედა და მოუმატა სირბილს. მის ქოხში სიბნელე იყო, შიგ შევარდნილ ახმედს ღრუბლებიდან გამოსული მთვარის სინათლე დაეცა ზურგზე. ლილის თავი უკან ჰქონდა გადავარდნილი, სხივები მის მოდუნებულ სახეს კიდევ უფრო აფერმკრთალებდა, ახმედი ჩამოჯდომას აპირებდა ტახტზე, მაგრამ ქალი უცებ გაიმართა, ხელი უღონოდ ჰკრა და საბნის ნაგლეჯში გახვეული რაღაც მიიხუტა. ახმედი სიბნელეში იდგა. მთვარე ანათებდა ლილის გრძელ, ჩამოყრილ თმებს, გაშტერებულ, უცრემლო თვალებს და იმ ნაგლეჯში გახვეულ რაღაცას, რომლისაც მხოლოდ დამანჭული სახე მოჩანდა. დიდხანს იჯდა ასე ქალი. თვალები უფართოვდებოდა. გაშტერებული უყურებდა მრგვალ, წითელ დისკოს. ახმედი მიყუჟული იდგა. მისი სხეული გრძნობდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა. ზღვა კი ხმაურობდა, შავი ღრუბლები დადიოდნენ აჭრილ წყალზე, მერე ღრუბლებმა მთვარე დაფარეს და ახმედის ქოხში მთლიანად დაბნელდა. სიბნელეში ქვითინის ხმა გაისმა. ქვითინებდა ბავშვზე დამხობილი დედა, მერე საბანი გადააცალა, თავს უსვამდა მის სხეულს, თმით ფარავდა ახალგაჩენილის ერთიბეწო ტანს. ახმედმა თავისდა უნებურად დაანთო ცეცხლი. ჯერ ცოტათი მოუკიდა ხეწაწს, მერე ალმა იმატა, ნელა გაანათა ოთახი. დედის სხეულის ქვეშ იწვა უმოძრაო ბავშვი კისერზე დახვეული ჭიპით, რომელსაც ის დაბადებამდე დაეხრჩო.
გვიან შევიდა ქოხში მოხუცი ჯანბეგი, მდუმარედ მივიდა ცეცხლთან, რომლის ალიც ძლივსღა ბჟუტავდა, უმოძრაოდ მჯდარ ახმედს დაადო მხარზე ხელი. მას მამის შემოსვლა არ გაუგია. ოდნავ შეაკრთო ხელის შეხებამ. მოხუცი მის გვერდზე ჩამოჯდა, ლილი აღარ ქვითინებდა, ის ბავშვზე დამხობილი უმოძრაოდ იწვა.
_ ჯერ ახალგაზრდები ხართ, _ ყრუდ თქვა ჯანბეგმა. ლილიმ ამოისლუკუნა, ახმედმა სიბნელეში გაარჩია, როგორ შეირხა მისი მხრები და გული შეეკუმშა. მისი სხეული ჰაერში სიკვდილის, სიმარტოვის სუნსა გრძნობდა; პირველად თავის სიცოცხლეში მოუნდა ტირილი, მაგრამ არც ლილისთან მისვლა შეეძლო, რომ მოფერებოდა.
_ ჯერ... _ დაიწყო ისევ ჯანბეგმა, _ რას იზამ, შვილო, ახალგაზრდები ხართ.
ქალი ნერვიულად იქნევდა თავს, დიდ კურცხლებად ჩამოსდიოდა ცრემლები.
_ ახმედ, ასეთი გაჩნდა, იცი? მკვდარი! _ ქვითინებდა ლილი. ახლა, როგორც არასდროს, უნდოდა, რომ ქმარი მისულიყო და მოალერსებოდა. ახმედი უმოძრაოდ იჯდა, ვერ აიძულა თავი, მიახლოებოდა იმ ადგილს, სადაც იწვა სიკვდილი _ პატარა, მაგრამ საშიში და უცნობი.
მეორე დღეს დაასაფლავეს ბავშვი ქოხის გვერდზე, ახმედმა ყვავილები დაკრიფა, ლილიმ მიიტანა და დააწყო. გადიოდა დრო.
აღარავინ არ იგონებდა იმ სიკვდილს, მაგრამ ის ჩანდა ყველაფერში. ჩუმი გახდა ლილი, ახმედი უფრო მეტ ხანს რჩებოდა ზღვაში და თავის ცოლს დამნაშავესავით მორიდებულად უყურებდა. მხოლოდ ჯანბეგის ლაპარაკს შეჰქონდა პატარა სიცოცხლე ოჯახში. იტანჯებოდა ახმედის გული, მაგრამ არაფრის თქმა არ შეეძლო, მხოლოდ კუნთები ჰქონდა ძველებურად ძლიერი, უსვამდა ნიჩბებს, ექაჩებოდა უზარმაზარ ბადეებს. ღამით ძველ ტახტზე იწვა, ზორბა მკლავებში მოქცეულ ლილის კოცნიდა თვალებზე, აწყნარებდა. ახმედს უნდოდა, რომ ცოლთან ერთად გატარებული ყოველი ღამე უსასრულო გამხდარიყო. დილა კი აბოლოებდა ამ უსასრულობას, ტოვებდა მას უცოლოდ. მთელი დღე მის გონებაში იდგა ის დრო, როცა ლილი დაწვებოდა მასთან, წინათ არ იცოდა ახმედმა, ეს დრო თუ უსასრულო არ იყო, ახლა კი ხვდებოდა და ეშინოდა შეუცნობლად. ამ აღმოჩენამ ააფორიაქა ის, აქამდე ეგონა, რომ დარდის მიზეზი მარტო ბავშვის სიკვდილიდან იწყებოდა, ნაწილობრივ ეს სწორიც იყო, მისი სიკვდილის შემდეგ დაებადა შეუგრძნობელი შიშის გრძნობა, რომლითაც ხვდებოდა ყოველ დილას.
სწორედ დილით ებადებოდა, ტახტიდან ადგომისას, ეს აზრები, როდესაც მარტო რჩებოდა ლილი. ეს აზრები მიჰყვებოდნენ მთელი დღე, თევზაობის თუ ბადეების ქსოვის დროს, და კვდებოდნენ დაღამებასთან ერთად, როცა ცოლს თავის მძლავრ მკლავებში გრძნობდა.
მარტო ჯანბეგი იყო თავისთვის, შეუმჩნევლად, როცა ლილის ახმედთან ლაპარაკი უნდოდა; გაგებინებით ისინი აგებინებდნენ ერთმანეთს, მაგრამ როცა ხმის გაცემა უნდოდა, მაშინ ელაპარაკებოდა მოხუცს, ისიც შეეჩვია ამ როლს. მათი საუბარი ნაწყვეტ-ნაწყვეტი იყო, ის გრძელდებოდა ვახშმობისას, იმის მერეც, როცა ლილი ახმედის გვერდზე იწვა, ჯანბეგი კი თვლემდა კუთხეში დაგდებულ ტყავებზე. ამ დროს ახმედი თავს კარგად გრძნობდა, მათ საუბარს თავის კუთვნილებად იღებდა. ლაპარაკი ქალს უქრობდა შიშს, რომელიც სიჩუმეში იბადებოდა მეთევზის ფარღალალა ქოხში. შიში მოდიოდა ზღვიდან და ხმელეთის იქით გადაჭიმული შრიალა ტყეებიდან. ასეთი შიშის დროს ღამე ჭუჭრუტანებიდან შემოდიოდნენ ეშმაკები ან ორთავა დევები ხარხარით, ცეცხლი ღვივდებოდა კერაში, ნაკვერცხლდებოდა. მოჩვენებები ცეკვავდნენ ცეცხლის ენების გარშემო და ყელზე ჭიპშემოხვეული ბავშვის ხორცსა ჭამდნენ. შეშინებული ახელდა თვალებს ქალი, ახმედის მკლავები მაგრად უჭერდა მის ტანს, მაგრამ მოჩვენებები უფრო გათამამებული ახტებოდნენ ნიჩბებს, არღვევდნენ ზღვას, მოათრევდნენ ნავებს, ძვირფას განძეულს და იტაცებდნენ მას ახმედის მკლავებიდან: კანკალებდა ლილი.
_ ჯანბეგ, ჯანბეგ, თენდება არა?! _ იძახდა ის.
_ ჩქარა, ჩქარა ამოვა, _ ბოხი, ჩახრეწილი ხმით პასუხობდა ბებერი მეთევზე.
ადამიანის ხმების ეშინოდათ სულებს და გარბოდნენ. ცარიელდებოდა ოთახი, გარეთ ზღვა ხმაურობდა, ხმელეთიდან ისმოდა ხეების შრიალი, ძაღლები ყეფდნენ, ალიონზე ყიოდა მამალი. ახმედის მკლავები, რომლებიც ისევ მაგრად შემოხვეოდნენ მის სხეულს, კვლავ საიმედო საფარველი ხდებოდა.
ავად გახდა ზამთარში ჯანბეგი. იწვა სიცხიანი და ბოდავდა. ბოდვის ხმები მთელი ღამე ებრძოდნენ სულებს, ბოლოს ხმები იმარჯვებდნენ, ცარიელდებოდა ოთახი მოჩვენებებისაგან. ისვენებდა ლილი.
მომდევნო ღამეებში ხმები მისუსტდა; ერთხელ, როცა მთვარეს ღრუბლები აეფარა, სულ მისუსტდა ჯანბეგი.
სულებს აღარ ეშინოდათ მისი უაზრო ბგერების და მოჩვენებებით აივსო ოთახი. ლილის ძახილზე მოხუცი იწვა ჩუმად, აღარ აწუხებდა შვილიშვილის მკვდრად დაბადება და მუნჯი შვილის მარტო დატოვება ამ ქვეყანაზე.
დილითაც იწვა მოხუცი, მერე მთელი დღე იწვა კიდევ. ცხედრის დასაფლავება მესამე დღეს გადაწყვიტეს, როცა ახმედი ძველი ნავის ფიცრებით კუბოს გააკეთებდა. საღამომდის მორჩა დურგლობას, კუბო ქოხის კუთხეში ააყუდა. ლილი ტახტზე იჯდა მიყუჟული, მერე ფეხაკრეფით ადგა, მივიდა შუაცეცხლთან, რომელიც ოდნავ ბჟუტავდა, გძელი ალმოდებული ფიჩხი აიღო და ჭრაქს მოუკიდა; ჭრაქმა ჯერ ლიცლიცი დაიწყო, მერე აინთო. ძველი ქოხის კედლები გამოაჩინა. ჭერში თოკზე ასხმული გამომხმარი თევზები ეკიდა მძიმე ბადეების გვერდზე. ისინი საცობებით იყო მოკაზმული წყალზე სატივტივოდ, კოჭებში ორი მთელი ნიჩაბი ჩანდა პირდაპირ გარჭობილი, რომელზედაც მეთევზის ფარცხები და დამტვრეული ნიჩბები ეყარა. პირდაპირ ეკიდა ახმედის დაკერებული ტანისამოსი. ახმედი კართან იჯდა, ხის ურდულის ქვეშ. დროდადრო თავმომწვარ ფიჩხს უნთებდა ცეცხლს, ალი ცოტა ხნით ნელდებოდა ახალი შეშის მიმატებამდე.
ლილი გარეთ გავიდა. კარი ჭრიალით გაიღო. როცა შემოვიდა, კარმა ისევ დაიჭრიალა. ლილიმ ქვაბით წყალი შემოიტანა, შუაცეცხლის თავზე დაკიდებულ კავში ჩაკიდა, ახლა მან მიუმარჯვა ფიჩხი. ალმა ქოხის ძველი, სუფთა კედლები გაანათა. ლილიმ ცოცხს მოჰკიდა ხელი, სინათლეზე გამოჩენილი აბლაბუდა ჩამოწმინდა, შემდეგ თევზი გამოშიგნა, დაღლილი მიუჯდა ახმედს გვერდით. ცეცხლმა იკლო. ახმედმა ხელი გადახვია. ქალი სუსტი მხრებით მიეკრა მის მკერდს. ის კანკალებდა, ეშინოდა ქოხის სიჩუმის და ცდილობდა ჭრაქის მხარეზე არ გაეხედა. იქ, ჭრაქის ქვეშ, ახმედის მკვდარი მამა იწვა საბანგადაფარებული. ერთხანს ასე ისხდნენ, შემდეგ ახმედი წამოდგა, ცულს დაავლო ხელი, თაროდან ლურსმნები ჩამოიღო. დილიდან დამზადებული ფიცრებით კუბოს თავსახურის კეთება დაიწყო. კაკუნის ხმამ ლილი გაამხნევა. მოუნდა ვინმეს დალაპარაკებოდა, მაგრამ ჯანბეგი უკვე მკვდარი იყო, ნიშნებით კი არ შეეძლო ახმედისათვის ყველაფერი ეთქვა, თან ასეთი ლაპარაკი ღამით უფრო აშინებდა.
ახმედმა კუბოს თავი გააკეთა, ისევ მიუჯდა ლილის და ხელი გადახვია. კერაში ცეცხლი სულ მიქრა, ქვაბში ჩაყრილი თევზი მოიხარშა, აღარავის შეუკეთებია ფიჩხი, მარტო თაროზე მდგარი ჭრაქი ბჟუტავდა, რომლის ქვევითაც საბანგადაფარებული ცხედარი იყო. ქოხს შიში და სიცარიელე პატრონობდა. ახმედის მკლავები მას მანამდე იფარავდნენ, სანამ სინათლე ენთო. ჭრაქში კი საწვავი თავდებოდა. ახმედისათვის ამ წუთში არ იყო არც შიში, არც სიცარიელე. იყო მხოლოდ ლილი, რომლისთვისაც ხელი ჰქონდა გადახვეული და რომელიც თრთოდა მის მკლავებში.
მთელი ღამე მოდიოდნენ სულები. ახლა დევები უფრო დიდები იყვნენ. პატარა ეშმაკებმა დაიკავეს ყველა კუნჭული ქოხში. ხითხითებდნენ, ენას ყოფდნენ, იმანჭებოდნენ. კუთხეში შავად მდგარი კუბოდან გამომძვრალი ვიღაც ასფეხა ცეცხლის ენებში ცეკვავდა, გრძელი ხელები იგრიხებოდნენ, თითქმის ხვდებოდნენ ქალის სახეს, მერე ჯოჯოებმა ზურგით შემოათრიეს კიდობანი.
_ ჯანბეგ, ჯანბეგ! _ ყვიროდა ლილი.
ჯანბეგი დუმდა, დევები იქვე იყვნენ. მარტო ქალის ხმის არ ეშინოდათ. უპასუხოდ დარჩენილი ძახილისაგან უფრო გათამამებული დარბოდნენ ეშმაკები.
_ ჯანბეგ, ჯანბეგ! _ ისევ ყვიროდა მთელი ხმით ის.
გაღვიძებული ახმედი კუნთებს ბერავდა, კბილებს ახრჭიალებდა. ახლა ისიც დევს ჰგავდა, ქალს გადახტომა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო, მკლავები არ უშვებდნენ.
_ მიშველეთ, მიშველეთ! _ განწირულად დაიწივლა მან და უცებ გაქრნენ სულები. თვალებდაჭყეტილი ლილი საწოლზე იჯდა, ახმედს კეტისათვის დაევლო ხელი. ღია კარში ცოცხალი კაცის სილუეტი ჩანდა, მის უკან კი ზღვა იყო, წყნარი, თეთრი.
_ მე ვარ, ახმედ, _ თქვა სილუეტმა. ახმედმა იცნო ახალგაზრდა მეთევზე, _ აქეთ მოვდიოდი და შენი ყვირილი შემომესმა...
ახმედმა ზურგი შეაქცია და ტახტზე დაწვა. ის კაცი წავიდა. ადამიანის ხმისაგან დამფრთხალი სულები ღამე იმალებოდნენ.
დილა წყნარი იყო და მზიანი.
აფორიაქდა ახმედის გული. გათავდა ღამე, გათავდა ლილისთან ერთად წოლის კიდევ ერთი დღე. საღამომდე ვერ ნახავდა მას. უსვამდა ნიჩბებს ზღვის სიღრმისკენ. ის არ ფიქრობდა არც შიშზე, არც ლილიზე, მხოლოდ შეუცნობელი, ცუდის რიტმი იყო მის გულში. გათავდა ღამე, რომელიც გაატარა ცოლთან ერთად და არ იცოდა, მეორე ღამეს გაატარებდა თუ არა მასთან, რადგან გრძნობდა, რომ ისევე როგორც ცვლიდა ღამეს განშორების დილა, შეიძლებოდა შეცვლილიყო ასეთი ცხოვრება ცოლთან ერთად სხვა ცხოვრებით.
მამის დასაფლავების შემდეგ უფრო დაეპატრონა ეს განცდა. ის ნაწილი, რასაც ავსებდა ჯანბეგი თავისი ლაპარაკით ლილისთან, ცარიელი იყო. ამ სიცარიელისა ეშინოდა ახმედს. ეს სიცარიელე ხელს უშლიდა, რომ ძველებურად ყოფილიყო ცოლთან. პირველად ეს სიმყუდროვე დაარღვია სიკვდილმა _ ის სიკვდილი ეკუთვნოდა ბავშვს, მეორედ სიმყუდროვე ისევ სიკვდილმა დაარღვია _ ქოხის უკან დაასაფლავეს ჯანბეგი.
ამ ამბების მერე მოიწყინა ლილიმ, აღარ იყო მხიარული, აღარ ეალერსებოდა ახმედს, ღამე საშინელ სიზმრებს ხედავდა, თრთოდა, ყვიროდა.
ერთხელ თევზაობიდან დაბრუნებულ ახმედს სახლი ცარიელი დაუხვდა. აღარ იყო იქ ლილი. იჯდა ახმედი მარტო ცივ, პატარა ქოხში და გრძნობდა, რომ ის, ვინც უკითხავად წავიდა, აღარასოდეს დაბრუნდებოდა. მხოლოდ ზღვა დარჩა მისი ერთგული. ღამე, დიდი ქარისა და ტალღების ხმაურის დროს, ეჩვენებოდა ქალის ყვირილი, დაფეთებული გარბოდა გარეთ, მერე ცურვით შედიოდა წყალში. თავისი სიცოცხლის საფრთხის ფასად გამოჰყავდა წყლით გაბერილი ადამიანი, წყალს წურავდა მისი სხეულიდან და სიცოცხლეს უბრუნებდა.
თევზაობის შემდეგ ხშირად ეგდო ნახევრად შიშველი ზღვის ნაპირას და ელოდა დამტვრეული ბარკასის პოვნას, რომლის ძირზეც იწვებოდა ზღვის საჩუქარი. ყოველ ღამე ტკივილით ევსებოდა გული. იწვა მარტო და იმედად მხოლოდ დილა ჰქონდა. დილას შეეძლო მოეტანა ნავი, დაებრუნებინა ლილი. მზის ამოსვლამდე ჯდებოდა ახმედი ნავში. უსვამდა ნიჩბებს, შორს გადიოდა ზღვაში. ერთადერთი, რაც დარჩა მას, იყო ძალა. ძალა უნაზღაურებდა ყველაფერს და უძალოდ ცხოვრება ვერ წარმოედგინა მის სხეულს.
გადიოდა დრო.
ახმედის ძალა ეხმარებოდა თევზით ღარიბებს, იკედლებდა ღამის გასათევად მგზავრებს, არჩენდა ზღვის ტალღებიდან სხვის სიცოცხლეს. მისთვის სიცოცხლის გადასარჩენად არ არსებობდა წინააღმდეგობა. მან, მარტო დარჩენილმა, ყველაზე კარგად იცოდა, რა იყო სიკვდილი. მას ხომ სიკვდილმა წაართვა ლილიც _ ასე ფიქრობდა ის.
კიდევ გადიოდა დრო.
და დაბერდა ახმედი. ზღვის წყალმა მხედველობის ნაწილი დაუკარგა. ახლა კარგის და ცუდის შეგრძნება აღარ იღვიძებდა ისე ძლიერად მის გულში. მოდუნდა. დაივიწყა წინანდელი დარდი, დაივიწყა ის სიხარული, რასაც იწვევდა სხვისი შველა.
კიდევ გადიოდა დრო და ახმედმა დაკარგა ძალა _ თავისი ერთადერთი იმედი. მაშინ შეიკედლა მოხუცი სედა, ნახევრად გიჟი მოხუცი ბაზრის ქალი და გადაგდებული ძაღლის ლეკვი.
ღამე ძაღლის ლეკვი კართან წკმუტუნებდა, მერე გულზე მოსული უყეფდა ლანდებს სიბნელეში. ახმედი იჯდა წელში მოხრილი ცეცხლის პირას, ფიჩხს ქექავდა, უბერავდა ნაღვერდალს. დასუსტებულ ძვლებზე დამჭკნარ ხორცად დაკიდებული ერთ დროს ძლიერი ბიცეფსები ჟანგისფრად მოჩანდა ალზე. ბრუ ეხვეოდა, მაგრამ მიუძლურებულს რატომღაც არ სწყინდა თავისი უმწეობა, ვეღარცა გრძნობდა.
გარეთ ლეკვი ყეფდა, მერე შევარდა ქოხში კუდის ქიცინით და ისევ გაიქცა. ახმედმა იცოდა, რომ ახლა ბებერი სედა შემოვიდოდა. ბებერმა სედამ წყლიანი თუნგი დაუდგა გვერდზე ბებერ მეთევზეს. იქვე დაჯდა თვითონაც ცეცხლთან, მიმჭკნარ მკერდს უნათებდა ალი. ის იჯდა თავდახრილი, ყვინთავდა, მერე თბილ მიწაზე მიწვა და მიეძინა. ახმედმა ისევ გაქექა ცეცხლი. სედას მკერდი ჩახსნილი გულისპირიდან თეთრ-წითლად გამოჩნდა. ახმედის ფეხთან ლეკვი წკმუტუნებდა, ცხელი ენით ულოკავდა ხელისგულს, ბუნდოვნად იღვიძებდა მიბერებული ვნება მეთევზის გულში. ის ქალი, ვინც პირველად ვნება გაუღვიძა, ისე შორს იყო, რომ გახსენება აღარ შეეძლო, გრძნობა დიდი ხანია ჩაუქრა. დარჩა მხოლოდ ის ინსტინქტი, რომელსაც ოდესღაც იწვევდა ლილის შიშველი სხეულის დანახვა. ეს ახლა თითქმის გაუფერულებული განცდა შეინარჩუნა მისმა გულმა იმ ძველი ამბებიდან სიყვარულის, იმედის გაცრუების და სიკვდილის სიძულვილის ყრუ ტკივილთან ერთად.
სადღაც გაიქექა მისი შეგრძნება, მას შემდეგ აღარ ენახა ასე ახლოს ქალის სხეული. ახლა უყურებდა და ოდესღაც განცდილი მკრთალად უფორიაქებდა მიბერებულ სხეულს, ძაღლი კი ულოკავდა მლაშე ხელისგულს, სასიამოვნოდ უთბობდა. ნელა წამოდგა, ჩოჩვით გადაჯდა მოხუცი ქალის გვერდზე. ისევ გაქექა ცეცხლი, დიდხანს უყურა, მერე დამჭკნარი ხელი დაადო ქალის მკერდს. სადღაც გაქრა გაღვიძებული შეგრძნება, მკერდი ცივი, უგრძნობელი იყო. გარეთ გავარდნილი ლეკვი ისევ უღრენდა ლანდებს. წელათრევით გადმოჯდა თავის ადგილას ახმედი; ახლა სიშიშვლეს ვეღარ ხედავდა; მხოლოდ გრძნობდა, რომ სწყუროდა წყალი. თუნგი მოიყუდა. სვამდა დიდი, მძიმე ყლუპებით და უფორმო სიცოცხლე იპყრობდა მის სხეულს. ცივი წყალი გადადიოდა ყელში, ეღვრებოდა გულზე. სხეული გრძნობდა, რომ ის ცოცხალი იყო; ეს სიცოცხლე იჯდა დანგრეულ ქოხში, ნახევრად მიმქრალ ცეცხლთან, რომლის პირასაც იწვა ბებერი ქალი, ეს სიცოცხლე გრძნობდა, რომ ლეკვი, რომელიც გარეთ ყეფდა, შემოვიდოდა და ხელისგულს აულოკავდა, ცეცხლი, რომელიც ქრებოდა, ფიჩხის შეკეთებისას ისევ დაიწყებდა თამაშს, ისევ გაანათებდა შიშველ მკერდს, ლეკვის ენას და კედელზე ჩამოკიდებულ ბადეებს.
კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 1425 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024