–სული ცხენზე–
გადააფურთხე თხის სისხლი, ირბინე ნაპირზე პირში ქვებით, ირბინე ქვებზე პირში ქვებით, ირბინე ქვებზე მხრებზე ჩემით – ეს მე ვარ ნაცარქექია, ჩემს ცოლს მივაჭენებ და ჩავძახი: დაგახრჩობს ჩაბრუნებული წამწამი – ცრემლის ჩატეხილი ბეწვის ხიდი, დაგახრჩობს ჩაბრუნებული დარდი – ცრემლის ჩატეხილი ბეწვის ხიდი, დაგახრჩობს ჩაბრუნებული ცრემლი – ამოაფურთხე, ამოაფურთხე ცრემლი – თხის სისხლი და უთხარი – ამწიონ.
–ცხენი–
როგორც ოკეანის წყალს აქვს ერთი გემო ბუდა
ჩემი გვამი აქვე გდია, ცოლის მხრებიდან ვუყურებ – სამი ჭია ეპარება, სანამ შეჭამენ, თვითონ სიზმრის ნარჩენებს ჭამს და ვეღარ ყვება, მე ვიცი მისი სიზმარი, სიზმრის თავი ვიცი მე დავუტოვე: მოდიოდა შავი წყალი, შავ წყალზე თეთრი ტივები და ტივზე ნისლი ტივტივებდა, ღამეც შავი იყო – შავი, როგორც მზის ძვლები – ოდესმე მზე როცა მოკვდება. სადღაც, მეორე ნაპირის ნაპირზე, სახლების წინ კოცონი ენთო – მოცეკვავე საფრთხობელა ავი ბნელისთვის. მოდიოდა შავი წყალი, წყალს ნაფოტიც ჩამოჰქონდა.
–ცხენი ნომერი 2–
ნაფოტი მეგონა და მტრის გვამი ყოფილა, გვამი მეგონა და ცოცხალი ყოფილა, ცოცხალი მეგონა და სიზმარი ყოფილა, ოღონდ ბოლომე ვეღარ ვნახე, კისერი მეტკინა.
დაგახრჩობს ჩაბრუნებული ცრემლი – ამოაფურთხე, ამოაფურთხე ცრემლი – თხის სისხლი და უთხარი – ამწიონ.
ან იქით გამიშვი, ამ ტყეს გადაღმა ჩემი სახლია – თავზე ხავსით, თხელი, წლობით განაცვენი ცამ ცივი ოფლივით რომ დაასხა. ამ ტყის გადაღმა მკვდარი სახლია ერთ დღესაც ანუ ჭაღები კბილებივით აწაკწაკდნენ, წვიმა მოცახცახე ბოძებიდან მიწისკენ შარდივით გაეპარა და მერე ნელ–ნელა ჭრილობებზე შეეხსნა ჭუჭყიანი ფიცრები და სითბოსგან სისხლივით დაიცალა, ტანში გასაყინი წამალივით, აგვისტოს მკვდრებს რომ ინახავენ – ნოემბრის ცივი ქარი ჩადგა. ...ცოტა ხანს კარზე ჯიუტ მაჯასავით, მეზობლის მიკიდული ნალი ცემდა , მერე კი მოხამხამე ფანჯრებიც ჩამოვარდნენ ანუ ღია დარჩა თვალი. ამ ტყის გადაღმა ჩემი სახლია, მივალ და მის გვამში დავიძინებ.
–მათრახი–
„მატლი მოუკლებელი და ცეცხლი დაუშრეტელი" (მარკ. 9,44)
იღიმის ჩემი ცოლი, ამომცინის და დარბის.
|