მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
პარასკევი, 19.04.2024, 02:26
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 20 » ყველაფერი კარგად იქნება - (ლელა კოდალაშვილი)
23:40
ყველაფერი კარგად იქნება - (ლელა კოდალაშვილი)

  როგორც პირველი მოცეკვავე შედგება და ელის, როდის ჩაამთავრებენ ცეკვას სხვები, როდის მიეფარება თვალს ბოლო მონაწილე, რათა თვითონ ჩაატაროს მასტერკლასი, სწორედ ასე იდგა ნაიარა გელაშვილი წლების მანძილზე, პერიოდულად ილეთებს ხვეწდა და ელოდა, სანამ გამომსვლელთა ერთი დიდი ნაკადი, ძირითადად ტანის დამსხვრეული მოძრაობებით, არ ჩაივლიდა. 

  საქართველოში ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობის წლებში შექმნილმა სოციალურმა ფონმა, გენდერულმა დისბალანსმა, მემკვიდრეობით მიღებულმა

ისტორიულმა სტატუსებმა: ,,მეოჯახე კაცი”, ,,ქალი დედა და ქალი ცოლი” და მრავალმა სხვა ფაქტორმა ადამიანის აქტივობის შემცირება გამოიწვია. ისიც მოერგო საკუთარი თავის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას - შვილების ყოლა და ოჯახის ერთგულება დაისახა ერთადერთ მიზნად. თუმცა, მამაკაცი გაცილებით სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ქართველმა ქალმა კი პირიქით, პროფესიული უნიათობით, პასიურობით დაიწყო თავის მოწონება და ამით განვითარების ადრეულ საფეხურზე დაბრუნდა. მისთვის სამზარეულოს ფენომენის განგრევა და სხვა საქმიანობით თავის წარმოჩენა ვულგარულობაა, ხოლო პარალელურ რეჟიმში შრომა - ზედმეტი ენერგიის ხარჯვა, ამიტომ აგდებს ფუნჯს, კალამს, წიგნს და სამაგიეროდ ხელში მტვერსასრუტსა და ჯაგრისს იღებს. თუმცა კი, დედის და ქალის ხატი სულ სხვაგვარად წარმოუდგენია მამაკაცსაც, შვილსაც, საზოგადოებასაც და პროფესიული, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი აქტივობის პრობლემა, რომელიც თანაბრად ნიშნეული უნდა იყოს ორივე სქესისთვის, რატომღაც მხოლოდ ქალების პრობლემად ქცეულა. ახლა გადავინაცვლოთ პრობლემის ზედაპირულ შრეზე და შევხდოთ, როგორ მოქმედებს ეს ფაქტორი ზოგადადამიანურ ფსიქიკაზე: ქალის მხრიდან ნებისმიერი საქმიანი გამონათება ჩათვლემილი მასისგან ერთის მხრივ მაღალი ქულებით ფასდება, მეორეს მხრივ კი დიდი ძალისხმევის ფასად ხდება მარტივი დამოკიდებულების მოპოვება – რომ ის საქმიანი ადამიანია. ირღვევა შეფასების კრიტერიუმები, უფასურდება გემოვნებისა და პროფესიონალიზმის ცნებები. სწორედ ასეთ დროს ხდება საჭირო გამოკვეთილი სახის არენაზე გამოჩენა, რომელიც დააბრუნებს მიჩქმალულ იდეურ ფასეულობებს, დაგვანახვებს, რომ არ არის საჭირო სქესთა შორის ჭიდილი ინტელექტუალურ პრიორიტეტებზე. ყველაფერი დღესავით ნათელია – ნიჭიერება, ინტელექტი, პასუხისმგებლობა პირველ რიგში საკუთარი თავის, ოჯახის და მერე საზოგადოების მიმართ არ იზომება სისხლში ესტროგენებისა და ტესტოსტერონის შემცველობით. 

  სწორედ ასეთი გამოკვეთილი სახეა ნაირა გელაშვილი ბოლო ათწლეულების (ამ შემთხვევაში ქალ) მწერალთა შორის, რომელთა უდიდესი ნაწილი ლიტერატურულ სცენაზე მხოლოდ საერთო სანახაობას ქმნიდა მაშინ, როცა მკითხველს კულისებში მყოფი ნაირა გელაშვილი ახსოვდა. ფსევდომწერლებს კი დღესაც აფიქრებინებს, რომ საყოველთაო ლიტერატურული განუკითხაობის ქარი საკმაოდ ძლიერად უბერავს და ერთ ტაფაში ყრის მწერალსაც და კალმის მწვალებელსაც. ალბათ ელიან, რომ მასის რატომღაც უარეს გზაზე დამდგარი ფსიქოლოგია სწორედ მათ აღიარებს და მიიღებს. იმედი აქვთ, რომ პრაგმატული საუკუნე, სულიერების გამარტივებული, სტანდარტულ-ზედაპირულ კლიშეში მოქცეული ხედვა საზოგადოების მოთხოვნას კი არ გაზრდის და გააღრმავებს, არამედ მცირედით დააკმაყოფილებს მას. ფსევდომწერალ ქალთა გუმანი ზუსტად გრძნობს ამ მომენტს (ეს პროცესი მამაკაც მწერლებთანაც იდენტურია, უბრალოდ ამჯერად არ გავამახვილებ ყურადღებას) და მათი რიცხვი ამიტომაც იზრდება. ზემოთაც ვახსენე და ახლაც დავძენ, მხოლოდ ერთი-ორია ისეთი, ვინც თავი დაგვამახსოვრა, ვინც საიმედო ჩანს... საერთოდ, შემოქმედთა სქესის მიხედვით დაყოფის იდეა არასწორი მგონია. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩემ მიერ ქალ მწერლებზე ყურადღების გამახვილება გამორჩევის ისეთივე ფორმაა, როგორიც, ვთქვათ, 21-ე საუკუნის მწერლები, ან 40 წლამდე ასაკის მწერლები, ან სათავგადასავლო ჟანრში მომუშავე მწერლები და ა.შ. ლიტერატურა არის ინტელექტუალურ- ფსიქოემოციური პროდუქტი, რომელიც ან მოგვწონს და ან არა, მიუხედავად იმისა, ვინ შექმნა იგი.

  მისი ახალი რომანი ,,პირველი ორი წრე და ყველა სხვა” ისე უჩუმრად, პრეზენტაციის გარეშე გავიდა მაღაზიათა ქსელში, მის არსებობას კარგა ხანს ვერ გავიგებდი, ავტორი ჩემი მეგობრის მეგობარი რომ არ ყოფილიყო. თავიდან დამეზარა 800 გვერდიან ტექსტთან შეჭიდება, მაგრამ როცა კითხვა დავამთავრე, დაქანცული და ბედნიერი ვიყავი – დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მეც ვიშრომე და ვიღვაწე, ამავდროულად დავტკბი სტილით, ენით, აზრით, სიბრძნით და სილამაზით. მართალია, რომანი უსაშველოდ განვრცობილია. თუმცა, თუკი ვინმე გეტყვით, ამოიღოთ იქიდან ნაწილი, ვერ შეელევით ვერც ერთ აბზაცს, გარდა ზოგიერთი პასაჟისა, რომელიც, ლამისაა, იდეას თუ არა, ქვეიდეას განსაზღვრავს და რომელზეც უფრო მოგვიანებით ვიტყვი. 

  მანამდე კი, როცა პირველ გვერდებს ფურცლავ და ღრმად ეცნობი მთარგმნელთა საქმიანობის სამზარეულოს, ამ ფონზე კი გასული საუკუნის 80-იანი წლების ინტელიგენციის ერთი ნაწილის ფსიქოლოგიას, სადაც ჯერ მინიშნებების დონეზე შემოდის გარე სამყაროს დისონანსური ბგერები, ფიქრობ, ეს არის ახალი ნაირა გელაშვილი, რომელიც სრულიად განსხვავებული საშუალებებით მოგვითხრობს ამ ამბებს. კითხულობ და გგონია, რომ ამაზე უფრო საინტერესოს ვერაფერს წაიკითხავ, მაგრამ, მეორეს მხრივ, გული გეთანაღრება, რადგან არ ჩანს ის ავტორი, რომელიც ამდენი წელია გიყვარს, რომელმაც თავის დროზე არა ლექსებში, არამედ პროზაში შექმნა საუკეთესო პოეზია. მაგრამ სულსწრაფობას ბოლო ეღება, როგორც კი რომანში სხვა რომანის პირველი თავი იწყება. აქ ნაირა-პოეტი იღებს ხელში კალამს და პირველ წინადადებებს აჟღერებს... მშვიდდები, ხვდები რომ კარგად ნაცნობ, მყუდრო ადგილს დაუბრუნდი. ამ ,,შიდა” რომანის პარალელურად ,,გარე” რომანის ,,სხვა” ნაირა გელაშვილ-ავტორები იბრძვიან, თარგმნიან, ტექსტებს წერენ, კორექტურას კითხულობენ, მსჯელობენ და კამათობენ. ის ,,ნაირა გელაშვილები” მხატვრულ ღირებულებებს კი არ წარმოაჩენენ. მათ სხვა რამ ევალებათ – წარმოაჩინონ პრინციპები, მსოფლხედველობა, ბრძოლის უნარი. 

  ავტორი ვერ ფარავს იდეოლოგის ამპლუას. ცდილობს, მოაზროვნე ადამიანის დიდაქტიკა მასისგან გამიჯნოს და დაგვანახვოს, მერე ეს ყველაფერი ისე შეფუთოს, რომ თავი მოწაფედ კი არა, თანამდგომად და მეგობრად წარმოიდგინო იმისათვის, რომ შენც შეუერთდე იმ ბრძოლაში, რასაც ინტელექტუალური იარაღით ცნობიერების პროგრესი ჰქვია. ნაწარმოების მთავრი ღირსება ისაა, რომ მისი წაკითხვის მერე ორი თავით მაღალი, უფრო ფაქიზი და კეთილი ხარ. ხედავ, რომ ქვეყნად შენში არსებული კარგი თვისებების მხარდამჭერი და წამქეზებელი არსებულა. და რომ არა ანგარიშსწორების დამწვარი სურნელი, რომელიც ნაწარმოების ფინალისკენ სულ უფრო ძლიერად იგრძნობა, ალბათ ეს იქნებოდა ბოლო ათწლეულებში დაწერილი ყველაზე ეპოქალური რომანი, მაგრამ ამაზე ქვემოთ...

  ნაწარმოების ენა - ეს ის თხრობაა, ის ლექსიკა და სიტყვათწყობებია, რომელიც სწორედ 90-იანი წლების თბილისს უხდება, იმ სფეროს, რომელსაც აღწერს, იმ პერსონაჟებს, რომელთაც აცოცხლებს. დღეისათვის ესაა ნაწილობრივ აკადემიური სტილი, რომელსაც, ჩემი აზრით, სულ ოდნავი გამსუბუქება ესაჭიროება და ისიც ტექსტის მცირე ნაწილში. ეს ნაწარმოებიდან არქაულობის ძალიან მკრთალ სურნელს განდევნიდა და უფრო თამამად ჩაწერდა მას ახალი საუკუნის ღირსშესანიშნაობათა სიაში. უფრო მარტივად რომ ვთქვა სათქმელი, რომანის ენა ძველი საზომით შეიძლება ასე შეფასდეს - ფრიადი მინუსით. 

  არსებობს სხვადასხვა ტიპის იუმორი. ამ რომანში საქმე გვაქვს ე.წ. საყოველთაო იუმორთან, როცა ავტორი ახერხებს, ერთი და იგივე მონათხრობით თანაბრად გააცინოს უწიგნურიც და წიგნიერიც, კეთილშობილიც და ბოროტიც, ჭკვიანიც და მოსულელოც. ვფიქრობ, რომ ეს ცალკე ნიჭია, რომელიც ნაირა გელაშვილის სხვა ნაწარმოებებში თითქმის არ გამოვლენილა, თუ არ ჩავთვლით ასევე ახალ რომანს ,,ჩვენი გრძელი ამბავი”, სადაც იუმორისტული თხრობის ვრცელი ნიმუშებია.

  მე არ ვიცი, თავად ავტორი რა ჟანრს მიაკუთვნებს თავის ტექსტს, მაგრამ ,,პირველი ორი წრე და ყველა სხვა” მხატვრულ-დოკუმენტური რომანია, სადაც იგი ყოველგვარი დანდობის, მაამებლობისა და გულისაჩუყების გარეშე აწნავს სილას ქართველ ერს და ამსხვრევს კულტს მისი საუკეთესოობის, გამორჩეულობის შესახებ და ესაა ერის სამართლიანი, ობიექტური ხედვის რაკურსი.

  რომანში ამოიცნობთ არაერთ პროტოტიპ მწერალს, ზოგს კეთილად და ზოგს ირონიით რომ იხსენიებს ავტორი. იხატება უამრავი საინტერესო ფსიქო ტიპი თავისი ნიუანსებამდე დაწმენდილი აღწერილობით, რომელსაც გელაშვილი ხანდახან ერთი-ორი წინადადების მეშვეობით ახერხებს. აქვე უნდა ითქვას, რომ რომანის მთავარი პერსონაჟის, დალი კანაშვილის და სანდრო დარჩიაშვილის სასიყვარულო სცენა არადამაჯერებელი და ერთგვარად ზერელეა. რჩება შთაბეჭდილება, რომ აქამდე ესოდენ სოლიდური ქცევის და იმიჯის ავტორმა და მთავარმა პერსონაჟმა ქალმა თავიანთი სერიოზულობის პიკს მიაღწიეს და რატომღაც ამ სცენისას უმტყუნათ ნერვებმა. 

  ბოლოსთვის მოვიტოვე სათქმელი, რომელზე ყურადღების გამახვილებასაც ჯერ კიდევ საუბრის დასაწყისში დავპირდი მკითხველს, როცა რომანის ,,ქვე იდეა” და ,,ანგარიშსწორების დამწვარი სურნელი” ვახსენე. თითქოს თავიდანვე იგრძნობა ავტორის ანტიპათია გასული საუკუნის 80–იანი წლების მიწურულს განვითარებული ეროვნული მოძრაობის და მისი ლიდერის მიმართ. გამახსენდა, სტუდენტობისას, როცა გაზეთ ,,საქართველოში” ვმუშაობდი, რამდენჯერმე გვესტუმრა ქალბატონი ნაიარა , უფრო სწორად გაზეთის რედაქტორს, ნოდარ გრიგალაშვილს ესტუმრა და ცხარედ მსჯელობდა რაღაც მასალის დაბეჭდვაზე, რომელიც ხელისუფლებაში ახლადმოსული გამსახურდიას პოლიტიკას აკრიტიკებდა. მე მაშინ ვერ გავიგე ,,დედის ოთახის” ავტორის მხრიდან ამგვარი პოლიტიკური აქტივობა. დღეს ამ რომანში ავტორი თითქოს მაშინდელ იმ ჩემს კითხვაზე იძლევა პასუხს და ავითარებს მოვლენათა ისეთ ანალიზს, შეუძლებელია, არ დაეთანხმო. ესაა მოაზროვნე ადამიანის მსოფლმხედველობა, რომელსაც ახალი ქვეყნის სწორად განვითარება აქვს მიზნად დასახული საკუთარი საქმის პროფესიონალურად კეთების გზით. მაგრამ ნ.გელაშვილი აქ არ წყვეტს და თანდათან მისი მსჯელობა უფრო მკაცრი ხდება. მრავალი ჩვენგანისთვის იმთავითვე ცხადად ჩანდა ეროვნული მოძრაობის როგორც დადებითი, ასევე სავალალო მხარეები, მაგრამ შეუძლებელი იყო, არ დათანხმებოდი მთავარ იდეას და მისთვის ბრძოლას. ამიტომ ავტორის მხრიდან იმის თქმა, რომ ეს იყო მხოლოდ აჟიტირებული ბრბო, ,,გაუმარჯოს” ძახილით, ვფიქრობ, ყველა იმ ადამიანის გაბიაბრუებაა, ვინც შეგნებით, გულწრფელად და კორექტულად იდგა ეროვნული, ან, თუ გნებავთ, ე.წ. ეროვნული მოძრაობის გვერდით. 

  თუ თავიდან ზომიერად კრიტიკულია ავტორი ეროვნული მოძრაობის ფორმების, მეთოდების და, რაც მთავარია, მისი ლიდერის, გამსახურდიას მიმართ, მერე და მერე, განსაკუთრებით კი რომანის ბოლოს, აღშფოთებას ვერ ფარავს. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ავტორს გარდა საქმიანი დაპირისპირებულობებისა, რაღაც კონკრეტული საყვედური ამოძრავებს მის მიმართ. მაშინაც კი, როცა უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მოვლენაზე, კერძოდ კი სოხუმის დაკარგვაზე საუბრობს, მხოლოდ გაკვრით ახსენებს მთავარ დამნაშავეს და კვლავ აგრესიის საყვარელ ადრესატს, გამსახურდიას უბრუნდება. იგი ბოლომდე ჩქმალავს ბოლო ოცწლეულის ტრაგედიათა სხვა მოქმედ გმირებს და ანგარიშსწორებას კვლავ ეროვნული მოძრაობის ლიდერზე ახდენს. ეს კი იგივეა, რაც მტაცებლების მავნებლობაზე საუბრისას მგლის მიერ მიყენებულ ზარალზე, დაგლეჯილ ათასობით ადამიანზე, მათ დაღვრილ სისხლზე და აწიოკებულ სოფელზე არაფერი თქვა და ვრცლად ისაუბრო იმაზე, თუ როგორი საშინელი და მავნებელი ცხოველია ტურა და რა დაუნდობლად იპარავს ქათმებს. 

  ამ რომანის კიდევ ერთი დიდი მსხვერპლია პერსონაჟი დევიდ ბარქაძე, პოეტი და მთარგმნელი, რომლის პროტოტიპსაც იოლად იცნობს ყველა ლიტერატურისმოყვარული. ალბათ ვრცელი სია შეიძლება დაიდოს იმ მთარგმნელებისა, რომლებიც არაკომპეტენტურად და ხშირად დანაშაულებრივი უზუსტობით თარგმნიდნენ სხვადასხვა ტექსტებს. მაშ რა ამოძრავებდა ავტორს მაინცდამაინც დევიდ ბარქაძის პროტოტიპის მიმართ (გამოწვლილვით დაგვაზეპირებინა მკითხველებს ის შეცდომები, რომელთაც იგი გერმანელ პოეტთა ლექსების თარგმნისას უშვებდა, ეს ყველაფერი დაწერა ხაზგასმული ცინიზმით, განმაქიქებელი ტონით), თუ არა ისევ რაღაც ჩვენთვის უცნობი მიზეზით ანგარიშსწორების სურვილი?

  აი, სწორედ ეს მომენტებია, რის გამოც ავტორის მიმართ უდიდეს მოწიწებას ემატება იმის შეგრძნება, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი ძლიერებით და სისუსტით, ზომიერების სიბრძნით და იქვე უმართავი აფექტურობით, შენდობის თვისებით და რაღაც ღრმად დამარხულის ბოლომდე ვერპატიებით... ამ შეგრძნებით კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით იმ რეალობას, რასაც ადამიანის მრავალგვარი, საინტერესო სამყარო ჰქვია. მთავარი ისაა, რომ ყოველი შემდეგი ჩვენთაგანი აღმოჩნდეს ცოტათი უფრო დიდსულოვანი და ყველაფერი კარგად იქნება... 
 
 
კატეგორია: რომანი | ნანახია: 1106 | დაამატა: kela | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024